პრობლემური სესხები - რა გზები არსებობს "შავი სიიდან თავის დასაღწევად"

პრობლემური სესხები - რა გზები არსებობს "შავი სიიდან თავის დასაღწევად"

პრობლემური სესხების კრიზისის გავლენა საქართველოზე სულ უფრო საგრძნობი ხდება.  გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ვერ ფარავენ, ან დაგვიანებით, ეტაპობრივად ფარავენ კრედიტებს.

არსებობს თუ არა პრობლემის მოგვარების გზები და ვის მივმართოთ მის გადასაჭრელად. კითხვებს ადვოკატი, შალვა ნადირაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლაშა:

ვარ 22 წლის. 20 წლის ასაკში ტაო ბანკმა, საქართველოს ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მომცეს საკრედიტო ბარათები და ტექნიკა განვადებით. თუმცა რეალურად არ ვმუშაობდი. ვიხდიდი პერიოდულად. ეხლა ვმუშაობ და ყველა კრედიტი განულებული მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სესხი დავფარე დავრჩი შავ სიაში. თუ არის რამე გზა პრობლემის მოსაგვარებლად ბანკების ნდობის ხელახლა მოსაპოვებლად?

-კრედიტის გაცემა არის ბანკის უფლება და არა ვალდებულება. ბანკი თვითონ აფასებს კლიენტის ისტორიიდან გამომდინარე გასცეს თუ არა კრედიტი. გარდა ამისა არსებობს ე.წ "შავი სია", ეს არის სააქციო საზოგადოება "კრედიტ ინფო საქართველო " რომელთანაც დადებულია მემორანდუმი, რომელიც არის ცალმხრივი. ამ მემორანუმს საქართველოს ეროვნული ბანკი , სააქციო საზოგადოება "კრედიტ ინფო საქართველო" , დანარჩენი კომერციული ბანკები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები აწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად თითოეული მონაწილე ვალდებულია კლიენტების ისტორია გადაუგზავნოს შესანახად ამ ორგანიზაციას. ორგანიზაციის დებულებით, მემორანდუმითაც და შიდა ბრძანებითაც წესრიგდება რომ ეს ინფორმაცია შენახულ უნდა იქნას 5 წელი. 5 წლის განმავლობაში კლიენტის ისტორია შენახული იქნება ბაზაში და 5 წლის შემდეგ იგი ავტომატურად იქნება წაშლილი. მაგრამ გასათვალისწინებელია რომ მიუხედავად ამისა ბანკმა შეიძლება ისტორიას მაინც მიაქციოს ყურადღება და ამას ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ იურიდიულად და სამართლებრივად. ეს მისი უფლებაა და შეუძლია მომავალ კონკრეტულ შემთხვევებში გაითვალისწინოს გარკვეული პირობები. ამ შემთხვევაში მე ვურჩევდი ლაშას, რომ ახალი კრედიტების დაფარვით გამოასწოროს თავისი მდგომარეობა. ამ ყველაფრის შემდეგ კი შეიძლება ბანკმა მას სოლიდური სესხებიც მისცეს.

ლაურა ხალვაში:

რატომ არ არის შესაძლებელი შავი სია გაუქმდეს?

-შავი სიის გაუქმება შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე . თავის დროზე მხარეებმა მოაწერეს ხელი ამ მემორანდუმს და მათ შეუძლიათ ისევ გააუქმონ, მაგრამ ეს ზოგადად სჭირდება საკრედიტო სისტემას მდგრადი რომ იყოს და არ შეიქმნას ქაოსი სისტემაში. საჭიროა იცოდნენ ამ სისტემის მონაწილეებმა ვისზე უნდა გასცენ კრედიტი და ვისზე არა. ამიტომაც შეიქმნა ბაზის შექმნის აუცილებლობა. ეს განსაზღვრავს ვინ არის გადახდის უნარიანი და ვინ უუნარო. რაც შეეხება შავ სიას თითეულ ხელშეკრულებაში რომელსაც კლიენტი აწერს ბანკთან ,იქ არის დებულება რომელსაც სამწუხაროდ ყურადღებას არ აქცევენ. ამ ხელშეკრულების დებულებაში წერია, რომ ბანკი კლიენტის თანხმობას წინასწარ იღებს იმაზე, რომ განათავსოს ინფორმაცია ამ მონაცემთა ბაზაში. კლიენტს შეუძლია არ დაეთანხმოს ამ დებულებას, თუმცა მეორე საკითხია ბანკი რამდენად ამოიღებს ხელშეკრულებიდან ამ პირობებს. კლიენტის უფლება არის, სცადოს მოლაპარაკება მიუხედავად ყველაფრისა.

მკითხველი ხათუთი:

ჩემს ახლობელს საქართველოს ბანკიდან გამოტანილი აქვს 200 ლარიანი სესხი. დღევანდელი

მდგომარეობით გადასახდელი თანხა არის დაახლოეებით 500 ლარი. გთხოვთ მიპასუხოთ, აღნიშნული დავალიანების დაფარვის შემდგომ ხომ არ დაიბლოკება ეს პიროვნება საელჩოში გასაუბრების დროს.

-სამართლებრივად არანაირი კავშირი არ არსებობს გადაუხდელ სესხს და ვიზის გაცემას შორის. ვიზის გაცემის პირობებში არანაირი მითითება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით აქვს თუ არა რაიმე ვალი პიროვნებას. მაგრამ კლიენტმა უნდა იცოდეს რომ ამ შემთხვევაში საელჩოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. მხოლოდ ამ მიზეზით თუ არ გასცა საელჩომ ვიზა , ამ შემთხვევაში შესაძლებელია დავა ამ საკითხზე და წარმატებითაც შეიძლება დასრულება.

მზია:

ვარ თიბისი მბანკის კლიენტი,ბანკის დაარსების დღიდან.ვისარგებლე სესხით. ვიყავი კარგი გადამხდელი, მაგრამ მოხდა ისე რომ სამი თვე ვერ შევიტანე თანხა,ამისათვის მივმართე ბანკის საკრედიტო განყოფილებას. გავიარე რესტრუქტურიზაცია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მოვხვდი "შავ სიაში". პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობისას ბანკთან მქონდა ძალიან კარგი ისტორია. მას შემდეგ რაც აღმოვჩნდი "შავ სიაში" გადახდა მიდის ნორმალურად, ისედაც დიდი დროა გასული. მაინტერესებს შევძლებ თუ არა თავის დაღწევას შავი სიიდან?

-აქ ალბათ გადაცილება დიდი ხნის მანძილზე ხდებოდა, იმიტომ, რომ როგორც წესი 30 დღემდე გადაცილების შემთხვევაში ბანკი არ ადგენს "შავ სიას", არ გადასცემს კლიენტის შესახებ ინფორმაციას "შავ სიაში". 30 დღეზე მეტი თუა გადაცილება შემდეგ უკვე ავტომატურად ხდება მიწოდება ინფორმაციის. თავის დაღწევის საშუალება ისევ იგივეა რაზეც უკვე ვისაუბრე, ანუ 5 წლის ვადით ინახება ეს მონაცემები. ამ პერიოდის განმავლობაში ისევ კარგი ისტორიის შექმნით მიუხედავად "შავი სიისა" ბანკმა მაინც გასცეს სესხი. ბანკს არ აქვს უფლება მხოლოდ "შავ სიას "დაეყრდნოს. ბანკი უნდა დაეყრდნოს კლიენტის სხვა მონაცემებსაც, რადგან შეიძლება ის გადახდის უნარიანი გახდა ამ სიაში შესვლის შემდეგ. შეიძინა ქონება , გამოასწორა ისტორია და შეიძლება საერთოდ არ მიექცეს ყურადღება "შავ სიაში " არსებობის ფაქტს.

ლელა ნადიბაიძე:

ჩემს თანამშრომელს აქვს სახელფასო სესხი ბანკში. რამოდენიმე თვით უნდა წასვლა საფრანგეთში მიწვევით. თუ შეუშლის ეს სესხი ხელს მის წასვლას. ან თუ შეიძლება მის მაგივრად ჩემი ხელფასიდან ჩამოიჭრას სესხი. მეც პედაგოგი ვარ და ერთ სკოლაში ვმუშაობთ.

-ამ შემთხვევაში მის წასვლას არანაირად არ უშლის ხელს სესხის არსებობა, შეუძლია თავისუფლად წავიდეს. აქ საუბარია სასხესო ხელშეკრულების პირობების დროულად შესრულებაზე. თუ ემთხვევა მისი გადახდის ვადა აქ არყოფნის პერიოდს , მას გადახდა შეუძლია აწარმოოს იგივე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით , ან შეუძლია ნებისმიერ მესამე პირს დაუტოვოს მინდობილობა და მისი სახელით შეავსოს სესხი. ამ შემთხვევაში მის თანამშრომელ პედაგოგს შეუძლია მისცეს მინდობილობა და დაფაროს სესხი. ასევე არსებობს კიდევ უფრო გამარტივებული გზაც ბანკებს აქვთ ბანკომატები, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ფიზიკურ პირს შუძლია ბანკომატის მეშვეობით ჩარიცხოს თანხა და შეავსოს სესხი.

ნია ნოზაძე:

2008 წელს აღებული მაქვს სესხი, ნაწილი დაფარული მქონდა. შემდეგ ომის გამოც და ეკონომიური კრიზისის გამო დავრჩი უმუშევარი. სესხები ვეღარ გადავიხადე, თანაც ვარ მარტოხელა დედა, და ვცხოვრობ ქირით, 3 წელი ვიყავი უმუშევარი და საქმე გადასცეს აღმასრულებელ სასამართლოს და რადგან ქონება არაფერი არ მაქვს, ვერაფერი გადავიხადე. ამის შემდეგ ვარ "შავ სიაში", ახლა ვიწყებ მუშაობას,  ხელფასი არასაკმარისია, რომ ქირაც ვიხადო, ბავშვიც ვარჩინო და ბანკის სესხიც ვიხადო.  ბავშვი არის მე–5 –ე კლასში,რა გავაკეთო, თუ არსებობს გამოსავალი, თუ შეიძლება რომ სასამართლოს მივმართო და მომიხსნან "შავი სია". მოგახსენებთ რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მქვს, ალბათ არც მომცემენ, რადგან მაშინ ქუჩაში უნდა ვცხოვრობდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ  სტატუსს, იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო, ამდენ თანხას ვერანაირად ვერ გადავიხდი, მაშინ ვერც ვიარსებებ ან ბანკებისთვის უნდა ვიარსებო. (ვალის მოცულობა სავარაუდოდ 4000–მდე იყო ძირი).

-აქ მხარეს წაგებული აქვს სასამართლო დავა და საქმე აღსრულებაშია. საკითხი დგას შემდეგნაირად, საქმე ხანდაზმული ვერ იქნება , რადგან მისულია აღსრულებამდე და სააღსრულებო ფურცელს 10 წელი აქვს ვადა. 10 წლის განმავლობაში მის მეორე მხარეს კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს ეს დავალიანება. რაც შეეხება მის მძიმე პირობებს , სამწუხაროდ როდესაც არსებობს დავალიანება მძიმე პირობებს ნაკლებ შემთხვევაში ითვალისწინებენ, რადგან ეს დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე. აქ გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ მივიდეს, დაელაპარაკოს მეორე მხარეს , სთხოვოს განწილვადება , ანუ ნაწილნაწილ გადახდა. შემცირება მთლიანი თანხის და სხვა თანხაზე შეთანხმება. ეს მთლიანად დამოკიდებულია მეორე მხარის ნებაზე.

რაც შეეხება მის ხელფასს, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას რომ მისი ხელფასის მხოლოდ 50% დაიქვითოს. 50% მეტს ფიზიკურად ვერ დაუქვითავს აღმასრულებელი,. რასაც გამოიმუშავებს თანხის ამოღება მოხდება მისი ხელფასიდან, დანარჩენი ნახევარი კი მას შეუძლია მოიხმაროს თავისი დანიშნულებისამებრ.

მკითხველი ინგა:

ვარ 35 წლის. სამი წლის წინ ტაო ბანკმა მომცა საკრედიტო ბარათი, დაგანვადებით ტექნიკა. ვიხდიდი კარგად სანამ არ დავრჩი უმუშევარი. ეს თანხა გაიზარდა და 2500 ლარზე მეტია. ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ მოვხვდი სიაში სადაც 500 ლარამდე დაიწია ამ ვალმა, მაგრამ ახლა ისევ მთხოვენ იმ გაზრდილ თანხას არ მაქვს სახლი და არც სტაბილური შემოსავალი, ამიტომ დავწერე განცხადება და ვთხოვე რომ შეძლებისდაგვარად გადავიხდი ცოტ-ცოტას, მაგრამ მთხოვენ მთლიანად დაფარვას, რაც მე არ შემიძლია. როგორ უნდა მოვიქცე ვის უნდა მივმართო, რომ ნელ-ნელა გადავიხადო ეს ვალი და ისევ ჩამომაჭრან ამხელა პროცენტი (ძირი 100 ლარი მქონდა დარჩენილი).

-ძალიან ცუდია რომ კლიენტმა რაღაცას ხელი მოაწერა მოგვიანებით, რადგან შესაძლებელი იყო გვესაუბრა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან სესხი მოსათხოვი იყო 2008 წელს და გასულია 3 წლიანი ვადა. ამ შემთხვევაში რადგან კლიენტმა აღიარა სესხი, ხანდაზმულობა აითვლება იქიდან. ეს ბანკების კარგად ცნობილი ტექნიკაა, როდესაც შეცდომაში შეყავთ მომხმარებელი რომლებიც კარგად არ იცნობენ კანონმდებლობას და ვითომ შეღავათიანი პირობის სანაცვლოდ რაღაცეებზე ხელს აწერინებენ რაც ფაქტიურად ვალის ხელახალი აღიარებაა და ხანდაზმულოობას უხეშად რომ ვთქვათ ამით შველიან. ამ შემთხვევაში საუბარი არის ვალის დაფარვაზე, რომელსაც ძირი აქვს ძალიან ცოტა, მაგრამ დარიცხულია ჯარიმები. საამისოდ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას რომ მიმართოს სასამართლოს და მას შეამცირებინოს დაკისრებული ჯარიმა. სასამართლოს აქვს ის უფლება-მოსილება, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამციროს კლიენტის სასარგებლოდ. აქვე ავღნიშნავ იმასაც , რომ ( ეს არ ნიშნავს იმას რომ სასამართლო აუცილებლად შეამცირებს თანხას), რადგან სასამართლო სუბიექტურად წყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში რა არის შეუსაბამოდ მაღალი. არსებობს ორი გზა: ან დაფარვა , ან სასამართლოს მიმართოს და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი დავა.

ნინო, ქ. ფოთი:

2007 წელს "ბანკი ქართუ"-მ დამიმტკიცა 5 წლიანი სესხი 600 000$, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით. ერთი წელი მხოლოდ ძირითადი თანხის პროცენტი უნდა გადამეხადა(ამ ერთ წელიწადში უნდა დამემთავრებინა ობიექტის მშენებლობა). სესხი მჭირდებოდა 4000კვ.მ. სავაჭრო ცნტრის ასაშენებლად(მშენებლობის 30% უკვე შესრულებული იყო), რომლის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ იქედან მიღებული ამონაგები თანხით უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვა ყოველთვიურად, სხვა რესურსი საკმარისი შემოსავალი არ არსებობდა(რაც ბანკმაც კარგად იცოდა), გარდა ჩემი პირადი უძრავი ქონებებისა, რომელიც ამ "ბანკი ქართუ"-ს მიერ იქნა იპოთეკით დატვირთული. 2008 წლის აგვოსტოს ომის შემდეგ "ბანკი ქართუ"-მ ვადაზე ადრე დაფინანსება შემიწყვიტა და თანხის უკან დაბრუნება ,მომთხოვა ომის გამო. ბანკმა პროექტი ბოლომდე არ მიიყვანა. მშენებლობა გათვლილი გრაფიკით მიმდინარეობდა. მაგრამ დარჩენილი 200 000$ ბანკმა არ გამომიყო, დარჩენილი იყო მოსაპირკეთებელი სამოშაოები. ამის გამო სესხი გახდა პრობლემური. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ამ ზემოთ აღნიშნული ობიექტის ამუშავების შემთხვევაში და იქედან შემოსული მოგებით. ახლა ამ დროისთვის ბანკმა წაიღო უკვე 2000 000$ აუდიტის მიერ შეფასებული უძრავი ქონება იძულებითი აუქციონის გზით და კიდევ მედავება 200 000$-ს. ბანკიდან ავითვისე მშენებლობაზე მხოლოდ 480 000$ ცოცხალი ფული, დანარჩენი გაბერეს საურავებით, პროცენტის პროცენტიც მიანგარიშეს და 480 000$ გახადეს 950 000$(თითქმის ორჯერ მეტს), რასაც მედავებიან ახლა. ქუჩაშიმტოვებენ ლუკმა-პურის გარეშე. ბანკმა მომცა 480 000$ და მართევს 3000 000$ უძრავ ქონებას, რომელიც საშინელი ტანჯვა-წამებით მაქვს ნაშოვი 20 წლის წინ-შევარდნაძის დროს.თურქეთში დავათრევდი ჩანთებს და წვეთ-წვეთობით მაქვს ეს ყველაფერი მოპოვებული.მე რა ვიცოდი ომი რომ დაიწყებოდა 2008 წელს რუსეთთან? ბანკს რომ სცოდნოდა ომი იქნებოდა, მომცემდა კრედიტს? რა გზას დავადგე, გთხოვთ მირჩიოთ?

-პრობლემატური საკითხია, რადგან ბევრი რამე ჩვენთვის უცნობია. არვიცით იგივე ხელშეკრულებით რა იყო მოწესრიგებული. იყო თუ არა ბანკი ხელშეკრულებით უფლება მოსილი ვადაზე ადრე მოეთხოვა კრედიტი, ან რა შემთხვევაში ჰქონდა ეს უფლებამოსილება. რამდენად იქონია ამ ხელშეკრულებაზე 2008 წლის ომმა გავლენა და რამდენად შეიძლება მიეწეროს ის საფუძველს რომ უკან მოვითხოვოთ სესხის დაბრუნება. ხშირად ბანკს ხელშეკრულებაში უდევს ისეთი პირობაც, რომ თუ იგი აშკარად ხედავს რომ გადახდის უუნარო ხდება კლიენტი, ამ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს დაბრუნება. ამ შემთხვევაში მე არ ვიცნობ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა ვურჩევდი მას, რომ ადვოკატის კონსულტაციები გაიაროს თავისი საბუთებით და ის დაეხმარება აუცილებლად. რაც შეეხება თანხებს, რომელზეც იგი საუბრობს და თუ ამხელა სხვაობასთან გვაქვს საქმე შემიძლია ვთქვა რომ გაბერილია პირგასამტეხლოებით. სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია პირგასამტეხლოს შემცირება . აქვე ვიტყვი რომ შესაძლებელია ძირითად ნაწილშიც დავა, თუმცა მას შემდეგ რომ გავარკვევთ რა წერია ხელშეკრულებაში და რა პირობები იყო შეთანხმებული მხარეებს შორის.

ბექა:

ვარ თავდები პირი პრობლემურ სესხზე, თუმცა ჩემს გარდა არიან კიდევ ორი პირი, მაგრამ ხელფასი მერიცხება მარტო მე. დანარჩენ ორს არ აქვს ამჟამად არანაირი შემოსავალი და ერთი თვის ხელფასის 50% უკვე ჩამომაჭრა საღსრულებლომ. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში მარტო მე უნდა დავფარო ეს კრედიტი? დანარჩენ ორ პირს არ აქვთ მიმდინარე შემოსავალი უბრალოდ იყვნენ ინდმეწარმეები და ეხლა არ საქმიანობენ არაფერს.  თუ არის შესაძლებელი მე მარტო ერთ-მესამედზე ავიღო ვალდებულება, როგორც ერთ-ერთმა თავდებმა? თან მეც მაქვს მიმდინარე სესხები. ანგარიშები დაყადაღებულია. ანუ მე ფაქტიურად ჩემს სესხის გადახდის მერე აღარფარი მრჩება არადა მყავს ოჯახი. როგორ მიცავს კანონი ?

-აქ გასარკვევია თავდებობით რა პასუხისმგებლობა იკისრა. მე ვვარაუდობ, რომ ალბათ მთლიან თანხაზე აქვს თავდებობა ნაკისრი. ამ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც კი ძირითადი მოვალის მიმართ მიმართოს მის თავდებ პირებს. აქ კი კონკრეტულად მიმართა ამ ადამიანს . ამ თანხის ამოღების ერთადერთი გზა ალბათ დაინახა ამ ადამიანში, დანარჩენებს ალბათ არ ჰქონდათ არც ქონება და არც შემოსავალი. ამ შემთხვევაში სამართლებრივად სწორად იქნა ეს ქმედება განხორციელებული. ამ ადამიანს კი, ვინც დაფარა ძირითადი მოვალის ვალდებულება ბუნებრივია უჩნდება თავის მხრივ მოთხოვნა სხვა თავდები პირების მიმართაც, როგორც თანა სოლიდარული პირების მიმართ. თვითონ რა თანხასაც დაფარავს მას შეუძლია მოითხოვოს სხვა პირებისგან თავიანთი წილების მიხედვით აუნაზღაურონ ზიანი რაც მას მიადგა .

ნიკა:

ერთ-ერთ ბანკში ავიღე სესხი. ხელშეკრულების დადების დროს ბანკის თანამშრომელს არ ქონდა არანაირი ბანკის ატრიბუტიკა, არც გულსაბნევი სადაც სახელი გვარია ამოტვირფლული. არც ბანკის დიზაინით გაფორმებული მაგიდა. სესხი მქონდა ერთწლიანი ვადით აღებული. დავფარე ხუთ თვეში და შემდგომ სესხზე განმიცხადეს, რომ ბანკის კლიენტად არ ითვლებით ექვს თვეში რომ დაგეფარათ სხვა საკითხიაო. მაგრამ 6 თვეზე ადრე სესხის დაფარვა კლიენტზე სასიკეთოდ არ მოქმედებსო. მაინტერესებს, ეს უნდა განემარტათ თავიდან, როცა ხელშეკრულებას ვდებდი თუ არა? და ასევე არც ხელშეკრულებაში წერია არსად, რომ კლიენტისთვის არ არის სასიკეთო ნაადრევი სესხის დაფარვა რა დროსაც კეთილსინდისიერი ზარალდება და ამ ყველაფერს იგებს გვიან. და შემიძლია თუ არა მივმართო სასამართლოს?

-როგორც ვხვდები მას ახალი სესხის გამოტანა სურს და არ აძლევენ იმ მიზეზით, რომ წინა სესხი ვადაზე ადრე დაფარა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ სესხის გაცემა ბანკის ვალდებულება არ არის , ეს ბანკის უფლებაა და მას ნებისმიერი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს , კლიენტს არ მისცეს სესხი. რაც შეეხება წინასწარ დაფარვას ალბათ ყველაფერს ხელშეკრულება არეგულირებდა. აქ შეიძლება ჯარიმაც გადაეხადა წინასწარ დაფარვაზე, მაგრამ გავიმეორებ რომ ლოგიკიდან გამომდინარე ეს არ უნ და გახდეს მიზეზი ახალი სესხის არ მიცემის. ჩემი აზრით პირიქით წინასწარ გადახდა ადასტურებს იმას რომ ეს ადამიანი გადახდის უნარიანია. თუმცა ბანკი თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად სუბიექტურად წყვეტს როდის გასცეს სესხი და როდის არა. ბანკს როგორც სჩანს ამ ადამიანზე არ სურს სესხის გაცემა და მიზეზად მოჰყავს სრულიად უსაფუძვლო რამ.

ნონა:

ვარ პრობლემური სესხის თავდებში, შეუძლია თუ არა სააღმსრულებოს ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა დამიყადაღოს ან გამიყიდოს თუ სესხი არ დაფარა იმ პირმა, ვისაც თავდებში დავუდექი....ან რა უფლებები აქვს ამ დროს სააღმსრულებოს?

-თუკი დავა დასრულებულია და უკვე სააღმსრულებოს წარმოებაშია და მოვალეს არაფერი არ გააჩნია, სავსებით შესაძლებელია, რომ თავდებს მიაკითხონ და მისი ქონებიდან მოხდეს ამ თანხის ამოღება. რაც შეეხება თავდებს მას გაუჩნდება უკვე მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ და ის რასაც მას დააკისრებენ შეუძლია მოთხოვოს ძირითად მოვალეს.

ივანე:

პიროვნება, რომელსაც ვუდგევარ კრედიტის თავდებში, იმყოფება პატიმრობაში. ბანკი მე მიკავებს ყოველთვიურ გადასახადს 130 ლარის ოდნებობით. სულ კრედიტის ოდენობაა 4400 ლარი, რომელიც უნდა დაიფაროს 4 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 6223 ლარი. მაქვს თუ არა უფლება წინმსწრებად დავფარო მთლიანი თანხა პროცენტის გარეშე, ანუ მხოლოდ ძირი. ბანკში მითხრეს, რომ ამისთვის სესხი უნდა გადმოვიდეს ჩემს სახელზე. თუ სესხი ჩემს სახელზე გადმოვიტანე და ასე დავფარე მთლიანი თანხა, მრჩება თუ არა უფლება ძირითადი მოვალის მიმართ დავიკმაყოფილო ჩემი მოთხოვნა სასამართლოს მეშვეობით? კანონით მაქვს თუ არა უფლება, რომ ძირითადი მოვალის თანხმობის გარეშე თავდებმა გადავიხადო წინმსწრებად მთლიანი თანხა, მხოლოდ ძირი?

-რა თქმა უნდა შესაძლებელია სესხის წინასწარ დაფარვა. ამ შემთხვევაში თუკი ეს ადამიანი სხვის სესხს დაფარავს, მას გაუჩნდება ბუნებრივია ანალოგიური მოთხოვნა იმის მიმართ, ვისი სესხიც დაფარა. აქ იგივე შეიძლება ითქვას, რაც წინა კითხვებში თავდებობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.

გოჩა:

საქართველოს ბანკში 2007 წელს ავიღე ხელფასიდან სესხი, რომელსაც ვიხდიდი შეუფერხებლივ 2008 წლამდე, შემდეგ სამსახურში მოვხვდი შემცირებაში და შესაბამისად გადახდის წყაროც აღარ მქონდა. 2008 წელს მომაკითხა კრედიტ ოფიცერმა და თავდების დახმარებით რესტრუქტურიზაცია გამაკეთებინა, რომელსაც ვიხდიდი 2009 წლის მარტის ჩათვლით, ლტოლვილთა შემწეობიდან. ვარ აფხაზეთიდან დევნილი. 2009 წელს შემეძინა შვილი და ვეღარ შევძელი გადახდა. 2009 წლიდან დღემდე არავინ შემხმიანებია ბანკიდან, არც მე და არც თავმდებს. 2013 წლის სექტემბერში სასამართლოდან მომივიდა შეტყობინება აღნიშნულ საკითხზე, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება სასამართლო საქართველოს ბანკსა და ჩემს შორის. თანხა შეადგენს ამჟამად 17000 ლარს, გამოტანილი მქონდა 3100 ლარი. არის თუ არა ხანდაზმული ეს სესხი და როგორ შეიძლება ამ პრობლების გადაჭრა?

-ხანდაზმულობა ითვლება უკანასკნელი შესრულებიდან ან აღიარებიდან . როდესაც გაჩნდა პირველი მოთხოვნა იქედან ითვლებოდა სამი წელი ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ 2009 წლის მარტში მოხდა ახალი შეთანხმება რომლითაც ხელახლა აღიარა ეს ვალდებულება ამ ადამიანმა და ბუნებრივია ხანდაზმულობა აითვალა ახლიდან. აქ გასარკვევია სარჩელი როდის შეიტანა ბანკმა . თუკი 2012წლის 1 მარტამდე გადიოდა ეს 3 წელი, თუკი მანამდე აქვს სარჩელი წარმოდგენილი მაშინ ვადის დაცვითაა სარჩელი, თუკი მის შემდეგაა , მაშინ უკვე ხანდაზმულობა გასულია ძირითად მოთხოვნაზე და მოთხოვნა შეუძლებელია. აქ დეტალები გასარკვევია და ვურჩევ, რომ კონსულტაცია გაიაროს ადვოკატთან და კვალიფიციურად დააკვალიანებს მას, როგორ შეიძლება ამ საქმის მოგება.

მკითხველი ანი-მანო:

6 წლის წინ ჩემს თანამშრომელს საქართველოს ბანკიდან განვადებით გამოვუტანე მობილური ტელეფონი, 3 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს თეთრი არ არის შემოტანილიო. ვნახე ჩემი თანამშრომელი და შემპირდა რომ დაფარავდა განვადებას მას შემდეგ აღარავინ შემხმიანებია, ერთი წლის წინ ბანკში დამჭირდა სესხი და რომ მივედი აღმოჩნდა, რომ გაშავებული ვიყავი და ჩემს თანამშრომელს თეთრი არ ჰქონია გადახდილი. ჩემს თანამშრომელს ვეღარსად მივაგენი რადგან 4 წლისწინ წამოვედი სამსახურიდან და აღმოჩნდა, რომ აღარც ის მუშაობს იქ. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ჩემს თანამშრომელს ვერსად მივაგენი. ვმუშაობ ხელფასი ბანკში მერიცხება და ეხლა როცა უცებ მე მჭირდება ბანკის მომსახურება, სესხის გაფორმება მინდოდა უარს ვიღებ არსებობს თუ არა იმის შანსი რომ შავი სიიდან როდისმე ამომიღონ?

-როგორც ჩანს სესხი თავის თავზე ჰქონდა გაფორმებული და არა თავის თანამშრომელზე , აქედან გამომდინარე დაუფარაობის გამო წარმოიქმნა დარღვევა. დარღვევის შედეგად კი როგორც ჩანს შეიტანეს "შავ სიაში". იგივე პირობები მოქმედებს რაზეც წინაზე ვისაუბრეთ. ერთადერთი რაც შემიძლია ვუთხრა, არის ის, რომ მას რადგან ზიანი მიადგა, წარმოიქმნება მოთხოვნის უფლება იმ ადამიანზე, ვის გამოც დაზარალდა. იმ ადამიანი პირად ნომერი მაინც თუ იცის სარჩელის აღძვრაა შესაძლებელია და იმ თანხის მოთხოვნა რა თანხებშიც დააზარალეს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას