როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს

როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს

შემოდგომის დადგომასთან ერთად, იმატა ვირუსების გავრცელების რისკმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, წელს ვირუსის ახალი შტამი მოსალოდნელი არ არის და გასული წლების მსგავსად, ღორის გრიპის H1N1 და H3N2 შტამების ნაირსახეობებია მოსალოდნელი.

როგორ დავაღწიოთ თავი გრიპისა და გაციების სიპტომებს?– თქვენს კითხვებს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

არის თუ არა მოსალოდნელი ზამთარში ღორის გრიპის H1N1 და H3N2 შტამების ნაირსახეობები და როგორ დავიცვათ თავი?

-ზამთრის საზონზე გრიპი გარდაუვალია, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყოველ ზამთრის სეზონზე აქვს ადგილი. ევროპის რეგიონისთვის ითვლება, რომ ყოველი წლის მეორმოცე კვირიდან მომდევნო წლის მეოცე კვირამდე მატულობს გრიპით ავადობა. ეს არის უფრო ხანმოკლე პერიოდი ვიდრე მე დავასახელე, მაგრამ წინასწარ ზუსტი განსაზღვრა რომელ პერიოდში იქნება შეუძლებელია, თუმცა ამ პერიოდს არ ცდება. ამ დროს მოსახლეობის 15-20% მოიავადმყოფებს გრიპის რომელიმე ვირუსით, შემდგომ გადაივლის კიდეც გრიპის სეზონი. მიმდინარე წელს გრიპის რომელი ქვეტიპი გავრცელდება და რომელი შტამი, ამის წინასწარ ვარაუდი შეუძლებელია, თუმცა ეს იქნება აუცილებლად სეზონური გრიპის ვირუსები - ანუ H1n1, h3N2 ან B გრიპის რომელიმე ქვესახეობა. თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სეზონური ვაქცინაცია. ეს ტარდება წელიწადში ერთხელ, იმ კონკრეტული შტამების წანააღმდეგ, რომელთა გავრცელებაც ნავარაუდებია ევროპის რეგიონისთვის. როგორ წესი ეს არის ტრივაქცინა, რომელიც სამ ქვეტიპს შეიცავს. წელს რეკომენდირებულია ასევე ოთხ კომპონენტიანი ვაქცინები, სადაც გარდა 2 A და 1B სახეობისა კიდე დამატებითაა შეტანილი ერთ-ერთ B გრიპის სახეობა.

ნაზიბროლა:

ძალიან ხშირად ვცივდები,ზამთარში თითქმის სულ გაციებული ვარ, რა წამალი შეიძლება მივიღო რომ ასე ხშირად არ გავცივდე?

-გაციება კრებით სახელია, რომელიც მოიცავს გამომწვევების ძალიან დიდ ნაირსახეობას. ეს არის ვირუსების 200-ზე მეტი სახეობა, რომელიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს. ნამდვილად შესაძლებელია, რომ წლის მანძილზე ჩვენ გადავეყაროთ სხვადასხვა გამომწვევს და მათი ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომები. უდავოა, რომ საერთო გაკაჟება არის ყველაზე კარგი არაპირდაპირი დაცვა ვირუსებისაგან, რომლებიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს და არა გრიპს. გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დანარჩენი ვირუსებისაგან თავის დასაცავად საუკეთესოა ჯანსაღი ცხოვრების წესი და საერთო გაკაჟება.

ქეთი:

პედიატრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამი წლის ბავშვის აცრა ვირუსებზე ძალიან ეფექტურია და ერთი წლის მანძილზე დაცული იქნება. ნაწილი თვლის, რომ აბსოლიტურად არ იცავს და შესაძლებელია ისევ შეხვდეს ვირუსი, ამიტომ ზედმეტად ვაქცინის შეყვანა პატარას ორგანიზმში სასურველი არ არის. გთხოვთ მირჩიოთ ავცრა თუ არა ბავშვი?

-ალბათ კითხვის ავტორი გულისხმობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, მართალია ნაწილი თვლის რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ის იცავს მხოლოდ გრიპისგან. ხოლო დანარჩენი 200-ზე მეტი სახეობის ვირუსებისგან ვაქცინაციით თავის დაცვის საშუალება არ არსებობს. მიუხედავად იმისა გრიპის საწინააღმდეგოდ ავიცრებით თუ არა დაცულები არ ვართ დანარჩენი ვირუსებისგან, რომელიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს. გრიპი არის დაავადება, რომელიც ადამიანებს გადააქვთ საკმაოდ იოლად და მთავრდება გამოჯანმრთელებით, თუმცა გარკვეული კატეგორიისთვის ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც რიგ შემთხვევებში მძიმდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვები აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. 5 წლამდე ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ავცრათ გრიპის წინააღმდეგ, თუმცა ეს არ მოგვცემს გარანტიას, რომ ბავშვს არ დაემართება სხვა გაციებით მიმდინარე დაავადება. გრიპის ვაქცინა მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვაქცინებს რაც კი არსებობს მსოფლიოში. ბავშვიც და მოზრდილიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ ველურ გამომწვევს ვეყრებით, ჩვენდა უნებურად და ხშირ შემთხვევაში ავადაც ვხდებით გრიპით, რომ მასთან შედარებით ვაქცინის შეყვანა სხეულში არავითარ რისკის ქვეშ არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას.

სოფო:

მყავს  წლისა და ოთხი თვის ბიჭი. გასულ ზამთარში ორჯერ გადავიტანეთ ფილტვების ანთება და ოთხჯერ ბრონხიტი. ზაფხულში მყავდა მანგლისში (ივლისი, აგვისტო). იმუნიტეტის გასაძლიერებლად მივაღებინე კინატროფინი, ლანდიჯე ბ, ვანს-იარი, ბრონხო იმუნალ პ. (მაპატიეთ, თუ ზუსტად ვერ დავასახელე წამლები). ეხლა მოვრჩით ლანდიჯინ ბ-ს მიღებას. ორი კვირის წინ ისევ გახდა ავად. დიაგნოზი- მსტვენავი ბრონხიტი. ინგალაციებით (ფიზიოლოგიური + ულმიკორტი, ატროვენტი) პრედნიზოლონით გმოვედით მდგომარეობიდან (ექიმის დანიშნულების შესაბამისად). ეხლა ისევ სისველე დაეწყო ცხვირში ისევ სიცხე გვქონდა.

სახლში კიდევ ერთი პატარა გვყავს (3.8 წლის), რომელიც ბაღში დადის, ცივდება, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ მსგავსი სიხშირითა და სირთულით არა. იქნებ მირჩიოთ რაიმე კვლევა, მედიკამენტი, იმუნომოდულატორი, აცრა, რაც ბავშვს წინა წლის უკიდურესი პრობლემებისგან დაიცავს.

-აუცილებლად უნდა ვურჩიოთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვინაიდან ბავშვი არის ხშირად მოავადე, როგორც მშობლის მონათხრობიდან ჩანს. ასაკითაც და იმითაც რომ ხშირად მოავადეა ის მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს გრიპის გართულებების, ალბათ სჯობს, რომ იყოს სეზონურად აცრილი. მეორე მხრივ მედიკამენტის დანიშვნა თუნდაც ეს იყოს იმუნომოდულაციის თვალსაზრისით ან მკურნალობისთვის ასეთი მონათხრობის საფუძველზე არ შეიძლება. სჯობს კითხვის ავტორმა მიმართოს პირად პედიატრს, რომელიც თუ საჭირო იქნება დანიშნავს სპეციფიურ მკურნალობას.

თეონა:

მყავს ორი შვილი გოგო და ბიჭი (4 და 5 წლის). გოგოს აცრები ყველა გაკეთებული აქვს ორ წლამდე. ბიჭს მხოლოდ ერთი, ისიც დაბადების დროს სამშობიაროში. ახლობლები მირჩევენ რომ არ გავუკეთო, თქვენ რას მირჩევთ?

-მე ვურჩევ მშობელს, რომ გაუკეთოს ყველა აცრა, რადგან აცრა არის ერთადერთი საშუალება დავიცვათ ბავშვები იმ ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან, რომლებიც უქმნიან ყველაზე დიდ რისკს ბავშვების სიცოცხლეს. ჩვენი შვილების სიცოცხლე არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, მაშინ როცა არსებობს ასეთი საფრთხისგან დაცვის ისეთი საშუალება, როგორიც არის ვაქცინა. დღეს რა ვაქცინებიც საქართველოში არსებობს არის უსაფრთხო, არის მოწოდებული ბავშვთა ჯანმრთელობის გადარჩენისკენ და ნუ ვიტყვით უარს იმ საშუალებაზე, რასაც გვაძლევს მედიცინაში არსებული მიღწევები.

ზანდა:

მყავს 5 წლის ბიჭი, რომელიც ბაღში დადის. ზამთრის პერიოდში ხშირად ცივდება, ძირითადად ყელი აქვს წითელი. რა ზომებს  მივმართო, რომ იმუნიტეტი აუმაღლდეს. ასევე მყავს მეორე - 4 წლის, აცრები ჯერ არ აქვს ჩატარებული. რას გვირჩევთ?

-ძალიან ცუდია, როდესაც ბავშვებს არ აქვთ აცრები ჩატარებული. ეხლა ვართ ფაზაში, როდესაც საქართველოში წითელას დიდი ეპიდ-აფეთქება არის და ჯერ კიდევ არ არის ჩათავებული. იმ მშობლებს, რომლებსაც არ ჰყავთ აცრილი ბავშვები წითელაზე, წითურაზე და ყბა-ყურის წინააღმდეგ შევახსენებ, რომ წითელა ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა, რომელსიც ხშირად არასასიამოვნო შედეგებით მთავრდება, მაშინ როდესაც ვაქცინა არის უსაფრთხო, არ იწვევს გართულებას და რისკს არ უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას. რა ჯობია გადავატანინოთ ბავშვს უმძიმესი დაავადება, თუ ავცრათ ერთხელ და გვყავდეს ბავშვები დაცული ამ დაავადებისგან? მე ყველა მშობელს ვურჩევდი ჩაუტარონ ბავშვებს აცრები ყველა იმ გეგმიური ვაქცინებით, რომელიც მოწოდებულია ბავშვთა ასაკისთვის.

თეკო:

ვარ 20 წლის გოგონა. მაქვს ცვალებადი ხასიათი, ხშირად ვარ მოწყენილი, მაწუხებს გამუდმებით დაღლილობა. ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული შემოდგომის სეზონთან და შეიძლება თუ არა ამის მიზეზი სუსტი იმუნიტეტი იყოს?

-გუნება-განწყობა ხშირად არის დამოკიდებული მართლაც ბუნების ცვალებადობასთან. საყოველთაოდ ცნობილია შემოდგომა- ზამთრის პერიოდში არსებობს ასეთი მცნება -ზამთრის დეპრესია. ცუდი განწყობის საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილია სუფთა ჰაერი, მეტი სეირნობა და თვითონ შევუქმნათ საკუთარ განწყობას სიხარულის საფუძველი. მე გისურვებთ ჯანმრთელობას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას