რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ - იურისტის რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ - იურისტის რჩევები

სესხით მოსარგებლე ადამიანი ხშირად სრულყოფილად ვერ ერკვევა სესხის პირობებში, რის გამოც ბანკის კლიეტი შეცდომაში შედის და პრობლემას აწყდება. რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ, კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთევან ქაჩლიშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ლევიკო:

1 წლის წინ საქართველოს ბანკში ავიღე სესხი 2 000 ლარის ოდენობით,  22% -ით.შესაძლებელია თუ არა სხვა ბანკში სესხის აღება, რომ პროცენტი ნაკლები გადავიხადო?

-აღნიშნული საკითხი შესათანხმებელია კონკრეტულ ბანკთან. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, არ იზღუდება კონკრეტული მოვალე , რომ მიმართოს სხვა ბანკს და აიღოს სესხი. ამ კონკრეტული პირის შემთხვევაში სხვა ბანკი გასცემს თუ არა მასზე უფრო დაბალ პროცენტიან, შეღავათიან სესხს, ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი კონკრეტულ ბანკთან შეთანხმებით.

ლევანი:

რა პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ბანკს და მის ხელმძღვანელებს, როდესაც პრობლემური არა კლიენტი, არამედ თავად ბანკია?! გავიხსენოთ თუნდაც "პროკრედიტბანკის" მიერ სოლიდური კლიენტის ქონებების უკანონოდ დაუფლების მცდელობები და შედეგად კლიენტის მიერ ბანკის წინააღმდეგ მოგებული სასამართლო პროცესები. უნდა დაისაჯონ თუ არა დამნაშავე ბანკები?

-როდესაც იურიდიული პირის, იურიდიული პასუხისმგებელი პირის სახელით ხდება დანაშაულის ჩადენა, შესაძლებელია ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ბანკის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს და გარკვეული სანქციებიც განხორციელდეს მის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელია სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დადგეს. ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს რა შემთხვევაში ხდება იურიდიული პირის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კუთხით.

ლანა:

მაინტერსებს, როცა იპოთეკით უძრავ ქონებას ვყიდულობ, ამ შემთხვევაში ბანკი აფორმებს ხელშეკრულებას უძრავი ქონების მეპატრონესთან, თუ პირთან რომელიც ამ ქონების შეძენით არის დაინტერესებული?

-სავარაუდოდ, კითხვის ავტორი გულისხმობს შემდეგს:- მყიდველი გამყიდველს ნასყიდობის თანხას უხდის ბანკის მეშვეობით, ანუ, სესხის სახით აღებული თანხით. ამ შემთხვევაში ბანკის მეშვეობით ფორმდება სამხრივი ხელშეკრულება, სადაც სამივე მხარე მონაწილეობს. იდება ნასყიდობის, სესხისა და ნაყიდი ქონების იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულება, რომ სამივე პირის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და არ დარჩეს რომელიმე მხარე მოტყუებული.

მაია:

როგორ ხდება იპოთეკით ბინის შეძენა, რა საბუთებია საჭირო?

-დასაზუსტებელი კითხვაა. სავარაუდოდ კითხვის ავტორი გულისხმობს, როდესაც ბანკის მეშვეობით, სესხის სახით აღებული თანხით ხდება გადახდა ნასყიდობის ფასისა. აქაც როგორც წინა კითხვაში უკვე აღვნიშნე, მსგავსად განხორციელდება ხელშეკრულების დადება.

ნიკა:

თუ კლიენტი არის ე.წ. "შავ სიაში", მაგრამ უკვე დაფარა დავალიანება. რა პერიოდის შემდეგ არის შესაძლებელი, ბანკმა მას სესხი მისცეს.

-ეს საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება. არ არის რაიმე სპეციალური რეგულაცია დათქმული, სადაც პრობლემურ გადამხდელებს ეკრძალებათ ან ეზღუდებათ სხვა ვალდებულების აღება, სხვა ან თუნდაც იგივე ბანკში სესხის სახით თანხის აღება. ეს არის ინდივიდუალურად შესათანხმებელი ბანკთან , გაიცემა თუ არა ასეთ პირზე რაიმე სახის სესხი და რა მოცულობით.

ქეთევანი:

თუ ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა "შავ სიაში" მყოფ კლიენტს (რა თქმა უნდა სესხის საბოლოო დაფარვის შემდეგ) ისევ აუღია სხვა სესხი?

-ამ შემთხვევაშიც ეს არის კონკრეტულ ბანკთან ინდივიდუალურად შესათანხმებელი. რა თქმაუნდა, ბანკს უფლება აქვს გასცეს სესხი ასეთ პირზე , ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. თუმცა მოიქცევა თუ არა ასე, ეს უკვე არის მისი გადასაწყვეტი.

ცირა:

2008 წელს ჩემს სახელზე "ტაო ბანკიდან" გავაკეთე საკრედიტო ბარათი 150 ლარის ოდენობით.(მე არ მისარგებლია). ისარგებლა ჩემმა ახლობელმა, თვეში მინიმალური გადასახადი იყო 15 ლარი. როგორც გაირკვა 2009 წლის შემდეგ არ გადაუხდია.

როცა მე დამჭირდა სესხი, განაცხადი შევიტანე "ბაზის ბანკში", სადაც ხელფასი მერიცხება. აღმოჩნდა, რომ ვირიცხები პრობლემურ კლიენტებში. მივმართე "ტაო ბანკს". თუ 2008 წლიდან ხდებოდა გადაცილება, ოპერატორი ვალდებული იყო გაეფრთხილებინა კლიენტი.  არც ჩემთან და არც ახლობელთან შეტყობინება არ მოსულა. მიპასუხეს, რომ საკონტაქტო ტელეფონი არ მქონდა მითითებული, რაც აბსურდია. გადამახდევინეს 649 ლარი 5 წლის ჯარიმის სახით. ვფიქრობ, რომ ბანკმა ჩემი უფლებები დაარღვია. გთხოვთ გამარკვიოთ, როგორ დავიცვა ჩემი უფლებები?

-ბუნებრივია, როდესაც ხდება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა და დათქმულ დროში თანხის გადაუხდელობა, ბანკმა შეტყობინება უნდა განახორციელოს მოვალის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. იმავდროულად არსებული ხელშეკრულებით კლიენტისთვის წინასწარაც ცნობილი იყო, რა ვადაში და რა ხნის განმავლობაში უნდა შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება. ბუნებრივია ამ შემთხვევაში ორივე მხარის მომეტებული პასუხისმგებლობაა, როგორც კლიენტის რომელიც ვალდებულია გადაიხადოს თანხა, ვინაიდან მან იცის რომ გახსნა სესხი, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი მან სხვას გადასცა. სესხი მის სახელზე იყო და ბუნებრივია ვალდებულებაც მასა და ბანკს შორის იყო თავის დროზე , შესაბამისად პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. რაც შეეხება ბანკს, მან კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე უნდა შეატყობინოს და არ უნდა დაელოდოს ხანგრძლივ პერიოდში ვალდებულების შუსრულებლობას . ზოგადად მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით მოთხოვნის სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებობს და ბანკს შეეძლო იმ მომენტიდან როდესაც მოვალეს წარმოეშვა საბოლოო თანხის გადახდის ვალდებულება 3 წლის განმავლობაში მოედავოს ამ თანხის დაბრუნებას. რაც შეეხება მაღალ თანხას , სავარაუდოდ ეს უნდა იყოს პირგასამტეხლო, რომელიც გაცემულ სესხს დაეკისრა ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო. ასევე მინდა განუმარტო კითხვის ავტორს, რომ იმ შემთხვევაში როდესაც პირგასამტეხლო განუზომელად მაღალია, შესაძლებელია მისი შემცირების მოთხოვნა სასამართლოში.

სლავა:

სტუდენტური სესხების გადახდა როდიდან უნდა დაიწყოს? (ლაპარაკია იმ წლებზე, როდესაც პირველად გაიცა სტუდენტური სესხები)

-ამ კითხვას ცოტა მეტი სიცხადე სჭირდება. სავარაუდოდ მკითხველი გულისხმობს სტუდენტსადა ბანკს, ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციას შორის დადებულ ხელშეკრულებას. ბუნებრივია თანხის დაფარვის ვადები უნდა იყოს ხელშეკრულებით გაწერილი. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი როგორც წესი უნდა ქონდეს მოვალეს და მას ძალიან მარტივად შეუძლია ამის დაზუსტება. იმ შემთხვევისათვის თუ მას არ აქვს ხელზე ხელშეკრულება ან დაკარგა, მას შეუძლია ბანკს მოსთხოვოს ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარის გადაცემა . გადაუცემლობის შემთხვევაში კი შეუძლია დამოწმებული ასლის აღება, რომელიც პრობლემა არ უნდა იყოს.

თეა:

"ვითიბი ბანკში" გვაქვს იპოთეკა და ოვერდრაფტი, ერთი და იგივე პიროვნებაზე გაფორმებული. იმ შემთხვევაში თუ ოვერდრაფტს ვერ გადავიხდით რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა იპოთეკით დატვირთულ ბინაზე?

-აქ სახეზეა ორ მხარეს შორის გაფორმებული 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულება. ერთი ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ იწვევს მეორე ხელშეკრულების გაუქმებას, ან რაღაც კუთხით საფრთხის შექმნას. თუმცა სამოქალაქო კოდექსში არის ისეთი მუხლი, როდესაც მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება და საფრთხე ექმნება ვალდებულების სრულად შესრულებას, კრედიტორს შეუძლია დაუყონებლივ თანხის გადახდა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში ოვერდრაფტის გადაუხდელობა რამდენად გახდება საფუძველი მეორე ხელშეკრულებაზე, ვივარაუდოთ, რომ ვეღარ შეძლებს ამ ხელშეკრულების შესრულებას და დაუყონებლივ მოითხოვოს კრედიტორმა გადახდა, ეს უკვე ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. რაც შეეხება ბინას, ვინაიდან ოვერდრაფტთან დაკავშირებით ბინა არ არის მოხსენიებული, შესაბამისად პირდაპირ ბინაზე რა თქმა უნდა კავშირი არ აქვს. მაგრამ თუკი საბოლოო ჯამში ვალდებულებას ვერ შეასრულებს, სახეზე გვექნება იძულებითი აღსრულება. ამ შემთხვევაში კი შეიძლება მოხდეს თანხის მოცულობიდან გამომდინარე მოძრავი ან უძრავი ქონებიდან ამოღება.

ნანა გელოვანი:

"საქართველოს ბანკიდან" გამოტანილი მქონდა ავტოსესხი, ვინაიდან ვერ დავფარე ბოლომდე ვალი, ბანკმა ჩამომართვა მანქანა შარშან დეკემბერში. მანქანის ღირებულება აღნიშნულ ვალს ფარავდა, მაგრამ ვინაიდან ბანკმა არ მოახდინა მანქანის რეალიზაცია თავის დროზე, ეხლა ისევ მედავებიან არა დარჩენილ 3300 დოლარს (რაც მქონდა დეკემბერში გადასახდელი) არამედ 20 000 დოლარამდე- თავისი ჯარიმებით ამ ცხრა თვის განმავლობაში.

მანქანა ამ ხნის განმავლობაში მოძრაობდა აჭარაში და მასზე საპატრულო ჯარიმებიც არის გამოწერილი. მე მაინტერესებს, დარღვეულია თუ არა ვადები მანქანის ჩამორთმევიდან მის რეალიზაციამდე და აგრეთვე მანქანის ჩამორთმევის შემდეგ კვლავ იზრდება თუ არა საჯარიმო სანქციები?

-ბუნებრივია მანქანის ჩამორთმევას თავისი საფუძვლები აქვს. ეს გირავნობის საგანს წარმოადგენს და შესაძლებელია რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოფილიყო ის ჩამორთმეული. თუმცა ამ შემთხვევაში დასაზუსტებელია, მოხდა თუ არა აღნიშნული მანქანის რეალიზაცია თანხის ამოღების მიზნით და თუ არა, მაშინ როგორ მოხვდა ეს მანქანა სხვა ადამიანის ხელში, რომელიც თავისუფლად განკარგავდა. პირველ რიგში ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამოთხოვილ იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება ინფორმაციის დაზუსტება. რაც შეეხება შეუსაბამოდ მაღალ თანხას, ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ ეს უნდა იყოს პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე . მხარეს შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს მისი შემცირება.

ანდრეა:

სამ წლიანი სესხი მაქვს გამოტანილი "საქართველოს ბანკიდან". ვიხდი, მაგრამ ყოველ თვეში მაგვიანდება ათი დღე მაინც. არსებობს თუ არა რისკი, რომ ამის გამო საბანკო ისტორია გაფუჭდეს?

კრედიტორმა სესხის დამტკიცების დროს ორი თავდები მიმამატებინა, თუმცა ხელშეკრულებაში მათ შესახებ არაფერია მითითებული. მაინტერსებს, რა საჭირო იყო  თავდების მითითება, თუ არასად დაფიქსირდებოდა, მინიმუმ სახელი და გვარი?

-რაც შეეხება ვალდებულების შესრულების 10 დღით გადაცილებას , ვიტყვი რომ 1 დღით გადაცილებაც წარმოშობს პრობლემებს და ხელშეკრულებით როგორც წესი გაწერილია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ვინაიდან აღნიშნული პირი საბოლოო ჯამში ასრულებს ვალდებულებას, ეს ფაქტი გახდება თუ არა მისთვის როგორც თვითონ აღნიშნავს საბანკო ისტორიის გაფუჭების მიზეზი, ეს უკვე ბანკთან შესათანხმებელი საკითხია. მას შეუძლია, ვინაიდან გადახდის დროში და კონკრეტულ თარიღში ვერ ჯდება, ბანკთან შეთანხმებით მოითხოვოს თარიღის გადაწევა, მისთვის მისაღებ პერიოდამდე. როგორც ვიცი, ბანკები მოდიან ასეთ დათმობაზე და კლიენტს პრობლემებს არ უქმნიან. რაც შეეხება თავდებების შემთხვევას, აქ დასაზუსტებელია 2 ადამიანის მითითება რა საფუძვლით მოხდა. თუ ეს ადამიანები არიან სოლიდარული თავდებები, მაშინ მათ ეკისრებათ იგივე პასუხისმგებლობა რაც ძირითად მსესხებელს თანხის გადახდის ნაწილში. ბუნებრივია ასეთი შემთხვევა აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულებაში და საჭიროა ამ პირების წერილობითი თანხმობა. როგორც კითხვის ავტორი აცხადებს, მათი მონაცემები არ არის ხელშეკრულებაში ასახული, შესაძლებელია ეს ადამიანები სავარაუდოდ მითითებული იქნენ როგორც რეკომენდატორები სესხის გაცემის დროს. თუმცა ეს დეტალები დასაზუსტებელია ხელშეკრულებაში და აუცილებლად დასაზუსტებელია თვითონ ბანკთან.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას