ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის

ნადირობის სეზონი და წესები დამწყები მონადირეებისთვის

ნადირობის სეზონი საქართველოში ოფიციალურად გრძელდება. ამ უძველესი მამაკაცური პროფესიის წეს-ჩვეულებებზე, კანონმდებლობაზე, სანადირო იარაღსა და მონადირე ძაღლებზე მკითხველთა შეკითხვებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მაია ჩხობაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ოთარი ქორიძე:

ადრე დუპელზე ხსნიდნენ სეზონს 15 მაისიდან 25 მაისამდე. ეს ტრადიცია რო დაბრუნდეს არ შეიძლება?

-დღეის მდგომარეობით დუპელი არ არის სანადირო ობიექტებს მიკუთვნებული ფრინველი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო პროფილის მქონე უწყების დასკვნის საფუძველზე, რომ შესაძლებელია დუპელზე დაშვებული იქნეს ნადირობა. შეტანილი იყოს დუპელი სანადირო ობიექტების ნუსხაში და აქედან გამომდინარე მოხდება სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ შესაბამისი უწყების დასკვნის საფუძველზე იქნება ეს შესაძლებელი.

დათო:

რომელი თოფის შეძენას ურჩევდით დამწყებ მონადირეს და ასევე ძაღლს?

-საერთოდ სანადირო იარაღის ტიპი და სახე განსაზღვრულია იარაღის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლით და სანადირო იარაღების სახეობები არის აქ ჩამონათვალი- ეს არის გლუვლულიანი, ხრახნლულიანი, კომბინირებული, ცივი და ცივი-სასროლი იარაღი. აბსოლუტურად ინდივიდუალურია არჩევანი. დამწყებმა მონადირემ უნდა აირჩიოს რაც შეიძლება მარტივი კონსტრუქციის და შედარებით უტყუარი იარაღი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რაზე აპირებს ნადირობას. რაც შეეხება ძაღლს, აქაც ძალიან ინდივიდუალურია მიდგომა, გააჩნია რა ცხოველის შენახვის შესაძლებლობა აქვს მონადირეს. ყველა ცხოველს აქვს ინდივიდუალური მიდგომა, მათ გარკვეული ფართი და მოვლის პირობები სჭირდებათ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ რაზე აპირებთ ნადირობას.

ვახტანგ შენგელია:

შემიძლია თუ არა თოფის შეძენა თურქეთში საქართველოში აღებული ნებართვით?

-იარაღთან დაკავშირებული ყველანაირი სამართლებრივი ურთიერთობა დარეგულირებულია იარაღის შესახებ საქართველოს კანონით და მის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია.

ლაშა:

როგორც ვიცით თევზჭერასთან დაკავშირებით გასაკუთრებული წესები შემოიღეს, გთხოვთ, განმარტოთ ახალი წესები.

-სამწუხაროდ არ ჩანს, თუ რას გულისხმობს კითხვის ავტორი. საქართველოში თევზჭერა არის სარეწაო, სპორტულ-სამოყვარულო და სამეცნიერო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის კუთხით გარკვეული სამუშაოები, ანუ არსებითი ხასიათის ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა არცერთი მიმართულებით. სასურველია დაკონკრეტდეს თუ რას გულისხმობს კითხვის ავტორი.

2)რა შემთხვევაში ითვლება ნადირობა ბრაკონიერობად?

-ნადირობისათვის დადგენილია წესები- თუ სად შეიძლება ნადირობა, რა სახეობებზე, რა მეთოდებით და საშუალებებით. ყველა ამ წესის დარღვევა არის ბრაკონიერობა. საქართველოში ნადირობა ძირითადად არის სპორტულ-სამოყვარულო ფორმით გადამფრენ ფრინველებზე. თუ ცხოველებზე ვაპირებთ ნადირობას, ეს შესაძლებელია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში მოხდეს. აქედან გამომდინარე ბრაკონიერობას შეიძლება ჩაითვალოს ყველა სახის დარღვევა, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანის სახეობებზე ნადირობა და იმ სახეობებზე, რომლებიც არ არის მიკუთვნებული სანადირო ობიექტებს. ასევე აკრძალულია იმ მეთოდებით და საშუალებებით ნადირობა, რომელიც ტანჯვას აყენებს ცხოველს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ნადირობის დადგენილი წესების დარღვევა უკვე არის ფაქტიურად ბრაკონიერობა.

დამწყები მონადირე:

საქართველოს რომელ ტერიტორიაზეა აკრძალული ნადირობა?

-ნადირობა აკრძალულია საქართველოს ეროვნულ პარკებში და ნაკრძალებში, ასევე მათ გარშემო 500 მეტრიან ზოლში, ასევე ნადირობა აკრძალულია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე ნადირობა ნებადართულია.

ნანა:

როგორ რეგულირდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა?

-გადაშენების საფრთხის პირას მყოფი სახეობების დაცვა უპირველეს ყოვლისა რეგულირდება იმით, რომ ისინი შეტანილი არიან წითელ ნუსხაში და დაცული არიან საქართველოს წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის კანონის ფარგლებში. აკრძალულია ასეთი სახეობების მოპოვება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა- თუ ეს არის სამეცნიერო აღდგენა, კვლავ წარმოება და დაცული არიან ისინი კანონით. მათი უკანონო მოპოვების შედეგად გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. გადაშენების პირას მყოფი სახეობები დაცული არის კანონით და განსაკუთრებული დაცვის ობიექტები არიან ზუსტად იმიტომ, რომ ისინი იმყოფებიან გადაშენების საფრთხის პირას და შესული არიან საქართველოს წითელ ნუსხაში.

2)რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში?

-გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად მაღალმთიან რეგიონებში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა დაშვებული იქნა სექტემბრის თვიდან პირველ ნოემბრამდე. ხოლო სხვა წყალმცურავებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნადირობა დაშვებულია პირველი ნოემბრიდან პირველ მარტამდე. ეს დაშვება განპირობებული იქნა შესაბამისი სამეცნიერო პროფილის მქონე დასკვნის საფუძველზე, რომლითაც თქვეს, რომ მაღალმთიან რეგიონებში ხდება წყალმცურავების იმ რაოდენობით კონცენტრირება, რომ მათი მოპოვება საფრთხეს არ ქმნის და ეს არ არის მათი გამრავლების პერიოდი. აქედან გამომდინარე ეს ცვლილება შევიდა. ამავდროულად დაემატა ხუთი ახალი წყალმცურავი ფრინველი მოსაპოვებელ სახეობებს, ანუ გადამფრენ ფრინველებს, რომელიც ადრე არ იყო დაშვებული და გაიზარდა თითოეული გადამფრენი ფრინველის მოპოვების დღიური ლიმიტი.

გიორგი:

საქართველოში სად არის ყველაზე კარგი სათევზაო ტბა, გარდა ამისა მინდა მოვიპოვო ინფორმაცია ფასიან ტბასთან დაკავშირებით, თქვენ რას გვეტყვით?

-შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ლიცენზირებული ტბის ობიექტების შესახებ. საქართველოში გაცემულია ექვსი ერთეული თევზჭერის ლიცენზია შიდა წყალსატევებზე - წალკის წყალსაცავი, ჯანდარის ტბა, სანტა, ნადარბაზევი. ამ წყალსაცავებში გაცემულია ლიცენზიები გარკვეული პირობებით. კერძოდ ლიცენზიანტები ვალდებულები არიან გარდა მოპოვებისა, განახორციელონ თევზ-სამეურნეო საქმიანობა, ხელი შუწყონ თევზის გამრავლებას, მოახდინონ წყალსატევების დათევზიანება, ოღონდ სამინისტროსთან შთანხმებით, გაამრავლონ თევზის რესურსი იმ კონდინციამდე, რომ შესაძლებელი იყოს მათი სარეწაო მიზნით მოპოვება.

ლაშა:

მტაცებელზე თუ არის ნებადართული ნადირობა?

-ზოგიერთ მტაცებელზე ნადირობა ნებადართულია, ოღონდ აუცილებლად სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში. ანუ სამონადირეო მეურნეობის მფლობელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს აღრიცხვის მასალები და დაამტკიცოს კვოტა. თუ მას უკვე დამტკიცებული აქვს მოსაპოვებელი რესურსის სახეობა და განსაზღვრული აქვს რაოდენობა, რომელშიც შედის მტაცებელი, მაშინ რა თქმა უნდა ამ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაძლებელია მტაცებლის მოპოვება. ეს შეიძლება იყოს მგელი და ტურაც.

ზურა:

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თბილისის შემოგარენში სანადირო ადგილების შესახებ. სად არის აკრძალული და ნებადართული ნადირობა?

-ნადირობა აკრძალულია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ დაშვებულია ყველა ადგილზე, გააჩნია ვის სად და რაზე უნდა ნადირობა.

იხილეთ ვიდეო