როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

ყვავილების მოყვარულები ხშირად წუწუნებენ, რომ ზამთრის პირას მათი ყვავილები უფრო მოწყენილია. მიზეზი შეიძლება იყოს სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე. როგორ მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს, კითხვებს ბიოლოგი, ზურა შევარდნაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნინი:

როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს ზამთარში?

-ყველას აწუხებს ეს საკითხი, ძალიან ადვილი მოსავლელია ე.წ. ბარაქის ხე, მას ჰქვია კრასულა, ქართულად მსუქანა, იმიტომ რომ მისი ღეროები და ფოთლები ძალიან წყლიანია. ვისაც აქვს ეს მცენარე და ქონია მასთან ურთიერთობა ყველამ იცის, ძალიან ბევრ წყალს იმარაგებს ფოთლებსა და ღეროებში. განეკუთვნება იმ მცენარეთა ჯგუფს, რომელსაც ვიწოდებთ სუკულენტებს. ბარაქის ხე ძალიან ადვილი მოსავლელია, თუ რამოდენიმე წესს გავითვალისწინებთ. მა არ სჭირდება დიდი ზომის ქოთანი და საკმაოდ დიდი მცენარეც შეიძლება იყოს ჩარგული პატარა ზომის ქოთანში. ნიადაგი ამ მცენარისთვის აუცილებლად უნდა იყოს კარგად დრენაჟირებადი, რომ კარგად გასდიოდეს წყალი და ძალიან არ სველდებოდეს ქოთანში მიწა. ასევე მზის მოყვარული მცენარეა. ერთი მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ აუცილებლად ზამთრის პერიოდში სჭირდება მოსვენების დრო. უნდა ავარჩიოთ ყველაზე ცივი პერიოდი და მინიმუმ თვე ნახევარი - ორი თვე საერთოდ არ მოვრწყათ და დავასვენოთ ეს მცენარე. მას იმ პერიოდში ჩამოსცვივდება თუ აქვს ფოთლები ჩამოსაცვენი, შესაცვლელი, შემდეგ უკვე ძალიან ადვილად გაიხარებს და იყვავილებს კიდეც.

ანნა ფაღავა:

მაქვს mini cyclaam ის ჯიშის ყვავილები, ვცხოვრობ ტოსკანას რეგიონში, როგორია მისი მოვლის პირობები?

-ციკლამენი არის ყოჩივარდა. არსებობს ასევე პატარა მინი ზომის ჯიშებიც.ციკლამენის მოვლა და გახარება ასევე ძალიან ადვილად შეიძლება. თუმცა გააჩნია კითხვის ავტორი ციკლამენს ოთახის პირობებში ამრავლებს თუ ღია გრუნტის პირობებში. თუ ღია გრუნტში აქვს, ის ინარჩუნებს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ზამთარში ჩახმება, ადრე გაზაფხულზე ამოვა, დაიწყებს ყვავილობას, შემდეგ ფოთლებს განივითარებს და ა.შ. ოთახის პირობებში კი უფრო რთულია ციკლამენის მოვლა. ხშირად ეშლებათ და ციკლამენების მოვლის დროს არ ითვალისწინებენ იმას, რომ ციკლამენს არ უყვარს თბილი ოთახი. ის კარგად გრძნობს თავს გაუთბობელ სივრცეში. ძალიან სიცივეშიც არა, მაგრამ სითბოც არ უყვარს. ამიტომ ჯობს ციკლამენები გვქონდეს შუშაბანდებში, ან გაუთბობელ ოთახში ფანჯრის რაფაზე.

ნათია დარჩია:

ეხლახან შევიძინე ოთახის ბალბა და რატომღაც მოიწყინა და ფოთლები გაუყვითლდა. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვუარო სად დავდგა და რა სიხშირით მოვრწყო?

-ბალბაც არ არის ძალიან სითბოს მოყვარული მცენარე. პრაკტიკულად ბალბა მთელი ზაფხული პერიოდში შეიძლება გვქონდეს გარეთ მზის გულზე, ის სინათლის და სიმშრალის მოყვარული მცენარეა. ფანჯრის რაფა არის ყველაზე შესაფერისი ადგილი ბალბასთვის ზამთარში. ამ მცენარეს ზამთრის პერიოდში არ უყვარს სითბო, ურჩევნია იყოს განათბულ ადგილას. აუცილებელი რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ბალბა ადვილად ბერდება. ამიტომ მისი კენწრული კვირტებით, წვერებისგან შეიძლება კარგად დაფესვიანებული კალმების გამოყვანა, დაფესვიანება და განახლება სულ. თუ გვინდა, რომ უხვი ყვავილობითაც გამოირჩეოდეს, მაშინ ის ყოველ წელს უნდა გავაახლოთ.

ნანა:

შევიძინე ოთახის მცენარეების თესლები (ბეგონიას და იების) იქნებ მირჩიოთ, რაიმე სპეციალური გარემოს შექმნა არის საჭირო, თუ პიდაპირ ქოთნებში ჩავთესო. დროის რა პერიოდში არის უფრო მიზანშეწონილი?

-ეს იოლი საქმე არ არის, რთული საქმისთვის მიუყვია ხელი კითხვის ავტორს. მცენარეების თესლით გამოყვანა, თან ოთახის პირობებში ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ოთახში არ არის შესაბამისი ტენიანობა, არ არის შესაფერისი განათება, როგორიც სჭირდება ამ მცენარეების გამოყვანას. ოთახში გაუჭირდება, მაგრამ ქოთანში ჩათესვას, სჯობს, რომ არაჟნის პლასმასის მოგრძო კონტეინერში ჩარგოს. დახვრიტოს ეს კონტეინერები, თასზე მოათავსოს, დადოს ფანჯარასთან, სადაც ბევრი შუქი იქნება. აუცილებელია ეს ყველაფერი იყოს სპეციალურ ნაზავში- სამი წილი ტყის მიწა, ერთი წილი ქვიშა, ერთი წილი ნაკელი. ასეთი ტიპის სპეციალურად დასათესად მზა მიწაში უნდა დათესოს ჩითილები თებერვალი - მარტის თვეში.

ვახო:

მაქვს ტიტის ბოლქვები. მაინტერესებს როდის ჩავრგო ოთხის პირობებში და რა ინტენსივობით მოვრწყა რომ არ დალპეს?

-ოთახის პირობებში ტიტის ბოლქვები არ გაიხარებს. არც ტიტა და არც ნარცისი და არც ბოლქვოვანი მცენარეები არ არის ოთახის მცენარეები. ოთახში არც ივარგებს და არც იყვავილებს. აუცილებლად ისეთ ადამიანს უნდა გადასცეთ ეს ბოლქვები, ვისაც ექნება ამის გარეთ დარგვის საშუალება, თუ მაინცდამაიც უნდა მაშინ ამის გაკეთება შეიძლება აივანზე ქოთანში. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ყველაზე კარგი დროა ტიტების და ნარცისების დასარგველად. ზამთრის ცივი და ყინვიანი პერიოდი ამ მცენარეებმა აუცილებლად მიწაში უნდა გაატარონ, რომ გაზაფხულზე ყვავილი მოგვცენ. ამიტომ თუ ჯერ დარგული არ აქვს, აუცილებლად უნდა დარგოს და გარეთ, სიცივეში დადგას. ბოლქვოვან მცენარეებ წყალი არ უყვარს, ნიადაგი უნდა იყოს ყოველთვის ნესტიანი, მაგრამ არა სველი.

ნინო:

მაქვს თეთრი და იასამნისფერი ორქიდეა როგორ მოვუარო მათ? თეთრი წელს არც გაყვავდა. ან თუ შეიძლება წუნწუხიან წყალში ჩავდგა, როგორც მორწყვის შემთხვევაში?

-არ სჭირდება ორქიდეას ნოყიერი ნიადაგი. ორქიდეები არიან ეპიფიდები, ანუ ხეებზე იზრდებიან თავიანთ სამშობლოში. სხვა მცენარეებზე სახლობენ და დასასახლებლად ტროპიკულ ქვეყნებში ხეებს ირჩევენ. ამიტომ თუ დააკვირდებით, როცა ორქიდეებს ყიდიან ქოტანში ჩვეულებრივი სუბსტრატი არ არის. ქოთანში არის ხის ქერქები და სწორედ აქ მოყავთ ორქიდეები. ამიტომ ორქიდეების მოვლა ცოტა რთულია. თუ გადარგვა არის საჭირო, მაშინ ისევ ორქიდეებისთვის საჭირო სპეციალურ სუბსტრატში უნდა გადაირგოს. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს სუბსტრატი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ფიჭვის ხის ქერქი. ორქიდეა აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე ქოთანში ჩარგული, იმიტომ რომ ამ მცენარის ფესვები შეიცავს ქლოროფილს და აქვთ ფოტოსინთეზის უნარი.

თიკო:

მირჩიეთ ქოთნის მცენარე რომელიც კარგად გრძნობს თავს მზეზე?

-ბევრი მცენარეა ისეთი, რომელიც კარგად გრძნობს თავს მზეზე. იგივე სუკულენტების წარმომადგენელი კრასულა, ბარაქის ხეს რომ ვეძახით, შესანიშნავად გრძნობს თავს მზეზე. იგივე გერანები კარგად ყვავიან მზეზე და მზის გულზე არათუ კარგად გრძნობენ თავს, არამედ სჭირდებათ მზანი გარემო, ასევე ბევრი მზე სჭირდება ჯუჯა ბროწეულს. ძალიან ბევრია ასეთი მცენარე.

ნინი-მარი:

როგორ მოვუაროთ მანდარინის ხეს ქოთანში?

-მანდარინის ხის ქოთანში მოვლა ძალიან პრობლემატურია, იმიტომ რომ მანდარინი არის სუბტროპიკული მცენარე, ჩინეთი- იაპონიაა მისი სამშობლო. შესაბამისად მანდარინის ხეს ზამთარში არ სჭირდება სითბო. ეს ჯუჯა მანდარინი იქნება, ჩამოტანილი მცენარე და ასეთ ჩამოტანილ მცენარეებს სხვა პრობლემები აქვთ. ისინი ტორფში არიან გამოზრდილები და ფაქტიურად ხელოვნურ სუბსტრაქტზე იზრდებიან. ამ მცენარეების მოვლა არ არის მარტო დაკავშირებული იმ წესებთან, რომლებასაც ეს მცენარეები ჩვენგან მოითხოვენ, არამედ ვეჯახებით იმ პრობლემასაც, რომ ეს მცენარეები არიან ტორფში ხელოვნურ სუბსტრაქტზე.

ნანა:

თქვენს "ჯადოსნურ სამყაროში" შეიმჩნევა ძველი ჭურჭელის სიმრავლე, ეს ყველაფერი თქვენი ოჯახიდან არის, თუ გყავთ ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ისინი თქვენთვის?

-ჩვენთან გარდენიაში ძალინ ბევრი ჭურჭელი ჩვენი ახლობლების და მეგობრების მოტანილია. მე ძალიან ბევრს დავდივარ და ხშირად ვარ საქართველოს მთაში და ბარში, შესაბამისად მეც ბევრ ჭურჭელს ვაგროვებ. მე ასე ვცხოვრობ, ეს ჩემი ცხოვრების წესია. ხშირად მჩუქნიან ჭურჭელს, ბევრს ვყიდულობ და ასე გროვდება.

2) გვიამბეთ თქვენს შესახებ,  ბავშვობასა და მამაკაცისთვის ამ უჩვეულო გატაცებაზე.

-ეს უკვე გატაცება აღარ არის, ეს ჩემი პროფესიაა. სხვათაშორის ბავშვობიდან მინდოდა, რომ ამ საქმით ვყოფილიყავი დაკავებული. იმ პერიოდიდან მინდოდა, მებაღე ვყოფილიყავი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამ პროფესიას რა ერქვა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მინდოდა მქონოდა ბაღი, სადაც იქნებოდა ბევრი სილამაზე, ბევრი ესთეტურად მოწყობილი კუთხე, სადაც მეც ვისიამოვნებდი და სხვებიც კმაყოფილებიც დარჩებოდნენ. ეს ოცნება ავასრულე და ავიხდინე. ბაბუა მყავდა აგრონომი და ბიძაჩემი ნიკო შევარდნაძეც აგრონომი იყო. მათი დამოკიდებულება მცენარეებისადმი ყოველთვის მხიბლავდა და მომწონდა და ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი. სამი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა მებაღე ვყოფილიყავი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას