ზამთრის მოდის ტენდენციები - რას ურჩევს თეონა ელიზბარაშვილი მოდის მიმდევრებს

ზამთრის მოდის ტენდენციები - რას ურჩევს თეონა ელიზბარაშვილი მოდის მიმდევრებს

საქართველოში ყოველდღიურად იზრდება ინტერესი მაღალი მოდის მიმართ. როგორ სამოსს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ზამთარში? როგორი სტილის  ფეხსაცმელები, პალტოები და პიჯაკებია მოდაში? ასაკის და გარეგნობის შესაბამისად ჩაცმის სტილზე თქვენს კითხვებს დიზაინერი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

სალომე:

ვარ 161 სმ. წონა 51 კგ. შავგრემანი, მირჩიეთ ზამთრისთვის ჩემთვის შესაფერი სამოსი, პალტო, ფეხსაცმელი, (მიყვარს შარფები).

-ძალიან რთულია როცა ვერ ხედავ, ადამიანს შეურჩიო ჩაცმის სტილი, მე მირჩევნია ვიზუალი ვნახო, უკვე შემდეგ ვხვდები რა უნდა შევთავაზო ადამიანს. იმ პროპორციებიდან გამომდინარე რაც კითხვაში წერია, სალომეს არანაირი პრობლემა არ უნდა ქონდეს ჩაცმასთან დაკავშირებით, მითუმეტეს არც წონის პრობლემაა. თუ შარფები უყვარს, კარგი იქნება თუ პიჯაკის სტილის პალტოს ჩაიცვამს, რომლის შიგნითაც კარგად გამოუჩნდება შარფი. ამ პალტოს განიერი ჩექმებიც მოუხდება, ვიწრო შარვალიც და მოკლე ქვედაბოლოც. ჩემი აზრით სალომეს გრძელი არ მოუხდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რთულია ადამიანს ჩაცმის სტილი შეურჩიო, როცა არ იცი ვიზუალურად როგორ გამოიყურება.

თინეიჯერი:

როგორი სტილის სამოსს ურჩევთ თინეიჯერებს ზამთრის სეზონზე?

-თინეიჯერებს უფრო ჯინსები და მსგავსი რაღაცეები უყვართ. მე მათ მინდა ვურჩიო სპორტული "ქეჟუალი" სტილი, ეს არის თავისუფალი თბილი ნაქსოვი ზედები, დუტის ან ტყავის კურტკები. უპირატესობას ნაქსოვ, ფუმფულა ზედებს ვანიჭებ. ფეხზე ან ბატინკს ან ბოტასებს ვურჩევდი. ეხლა ძალიან აქტუალურია ჭრელი ბოტასები, რომელსაც ხშირად კაბებზეც იცმევენ.

სოფია:

თქვენ როგორ კოლექციას სთავაზობთ მოდის მიმდევრებს და რა ფერებია ზამთარში მოდაში?

-მაქვს ახალი ხაზი "ფრთები", რომელსაც ვთავაზობ, როგორც თინეიჯერებს, ისე ბავშვებს, ქალებს და მამაკაცებს. ფრთების თემა მაქვს ეხლა, ამ ხაზში არის კაბებიც და ნაქსოვი ზედებიც. აქ ჭარბობს წითელი და მწვანე ფერები, ასევე შემოდგომის აგურისფერი და შავიც. ამას ვთავაზობ მე დღესდღეობით ჩემს მომხმარებელს. ეს ხაზი არის თბილიც და მოხერხებულიც. ასევე მაქვს პირველი ხაზი, რომელიც მზადდება მაღაზიისთვის.იქაც შავი ფერი ჭარბობს, ასევე სერი და ბეჟი. ასევე წელს აქტუალურია მაღალი ჩექმები.

სოფია:

რა რჩევას მისცემთ ჭარბწონიან ქალბატონებს, როგორ ჩაიცვან ზამთარში ისე, რომ  სქელი ქსოვილის სამოსმა კიდევ უფრო "ფუმფულა" არ გამოაჩინოს.

-ვისაც აქვს ჭარბი წონა, იცმევს შავ ფერს, მეც მიყვარს შავი და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ყველას მინდა ვურჩიო, ნუ შეიზღუდავენ ფერებში თავს. ჭარბწონიანებს ვურჩევ ჩაიცვან თავისუფლად და არ შეიზღუდონ თავი. ნუ ჩაიცმევენ იმაზე პატარას, რაც არის მათ რეალური ზომა. სამოსში შიტანონ ფერები აუცილებლად. არ ვურჩევ ნაქსოვი ტანისამოსის ჩაცმას, რადგან დიდს გამოაჩენს. დავარდნილი ქსოვილი უფრო მოსახერხებელია, ვთქვათ ანგორის თბილი დავარდნილი ქსოვილი.

2) გვირჩიეთ ზამთრის აქსესუარები, როგორი სტილის სამოსს როგორი აქსესუარი შეესაბამება?

-აქსესუარი შეიძლება იყოს ჩანთაც, ხელთათმანებიც, ქუდებიც. წელს ძალიან მოდაშია ქუდები. თუ ადამიანს აცვია სპორტული ტანისამოსი ძალიან აქტუალურია ჩვეულებრივი ნაქსოვი ქუდები და თბილი დიდი შარფები ამ ქუდებთან.

3) რას გვირჩევთ საშუალო ბიუჯეტის მქონე ქალბატონებს, როგორ მოვახერხოთ მცირე თანხით, რომ მოდურად და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ?

-ძალიან დიდი ბიუჯეტი სჭირდება ადამიანს, რომელიც მოდას მისდევს, მაგრამ შესაძლებელია შეზღუდული თანხითაც ჩაიცვა მოდურად. ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის აუცილებელი ძვირი დახარჯო იმისთვის, რომ მოდურად გამოიყურებოდე, ეს არის გემოვნების საკითხი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მთავარია, მოიხდინონ ის, რასაც იცვამენ. დიდ თანხებზე მაშინ არის ლაპარაკი, როცა უკვე ძალიან გადავარდნილი ხარ მოდის სფეროში და გინდა ახალი კოლექციიდან გქონდეს სამოსი. ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის აუცილებელი ბრენდის ჩაცმა, შეიძლება დაბალი ბიუჯეტით იყიდოს ზედა და ფეხსაცმელი, მაგრამ იყოს გემოვნებიანად.

ნანა:

ცნობილია, რომ თქვენი მოდის სახლი გვთავაზობს ტანსაცმლის, აქსესუარების და შარფების ინდივიდუალურ კერვას, რამდენად ხელმისაწვდომ ფასებშია ეს ყველაფერი?

-ჩვენი მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასებში ინდივიდუალურად შეკერვას. გააჩნია, თვითონ მომხმარებელს რა უნდა. ჩვენთან ყველანაირი ფასებია. თუ მომხმარებელს უნდა, რომ მარტო მას ეცვეს ესა თუ ის სამოსი, მას შესაბამისად უფრო ძვირი დაუჯდება. მომხმარებელს ჩვენს მაღაზიაში მიახლოებით ვურჩევთ მოდელს, ნაჭერს და ვლაპარაკობთ ბიუჯეტზეც. დაბალ ბიუჯეტიანი ეს არ არის, თუმცა შესაძლებელია ყველანაირ ბიუჯეტში ჩაჯდეს აქ მოსული მომხმარებელი.

მზია აფციაური:

როგორ შეაფასებთ ინაუგურაციის დღეს პოლიტიკოსების მეუღლეების ჩაცმულობას, (ქალბატონებს) თქვენთვის რომელი იყო გამორჩეული?

ინაუგურაციის დღეს ქალბატონების ჩაცმულობას შევაფასებ ძალიან კარგად. ძალიან ლამაზი რაღაცები ეცვათ, იქ იყო ცნობილი ბრენდები, ასევე ქართველი დიზაინერების სამოსიც. მინდა ვთქვა, რომ ყველა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა კონკრეტულად ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება.

ქეთი:

გვიამბეთ თქვენს შესახებ, რა გზა გაიარეთ სანამ დიზაინერი გახდებოდით, იყო თუ არ სირთულეები პოპულარობის მოსაპოვებლად?

-სირთულეები, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში არის და არც მოდის სფეროა ამ მხრივ გამონაკლისი. ხშირად არის ჩავარდნებიც, თუმცა ზემოთ ასვლებიც ხშირია. მე დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდელირების ფაკულტეტი, შემდეგ დავიწყე ავთანდილთან მუშაობა. ხუთი წელი ვიმუშავე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ავთო ჩემი მეგობარია და მასთან დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ უკვე ჩემი მაღაზია გავხსენი, ეს იმხელა შრომაა, რომ შორიდან არ ჩანს. საქართველოში დიზაინერები მარტო იმაზე არ ვფიქრობთ, რომ რამე ახალი შევქმნათ და ესკიზები დავხატოთ, აქ იმაზეც ვფიქრობთ, რომ მომხმარებელს კარგი ხარისხი შევთავაზოთ, ისე რომ ის კმაყოფილი იყოს იმ თანხით, რასაც გადაიხდის. ეს ძალიან რთლია.

2) როგორ შეაფასებთ ზოგადად ქართულ მოდას, პირადად თქვენ თუ გყავთ საქართველოში ფავორიტი  დიზაინერი?

-ქართულ მოდას საკმაოდ კარგად შევაფასებ, იმიტომ რომ მეც დიზაინერი ვარ და მივსდევ ამ სფეროს. ძალიან რთული სფეროა, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში არ არის ყველაფერი დალაგებული. კონკრეტულად ვერცერთ დიზაინერს ვერ გამოვარჩევ, ყველა ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, მაღალ ქულებზე შევაფასებ. მე ვიცი ეს ყველაფერი რა შრომასთან არის დაკავშირებული.

3) რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ ბევრ რამეს. ეს ყველაფერი არ არის ადვილი. პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ გემოვნება და რაც მთავარია, უნდა იყვნენ შრომისმოყვარულები. ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში, დიზაინერობა არ არის მარტო ხატვა და კერვა. უნდა იცოდე რა შესთავაზო ადამიანებს და როგორ მიაწოდო შენი ნამუშევრები ხალხს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას