რას აჩუქებს ანუკი არეშიძე ირინა შეიკს - ანუკის გულახდილი პასუხები პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

რას აჩუქებს ანუკი არეშიძე ირინა შეიკს - ანუკის გულახდილი პასუხები პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

ახალგაზრდა დიზაინერი, ქველმოქმედი, მინისტრის მეუღლე, მრავალშვილიანი დედა, ანუკი არეშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში სამოდელო ბიზნესში გამოჩენისთანავე მოექცა. როგორია ახალგაზრდა დიზაინერის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება, თქვენს კითხვებს ანუკი არეშიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მარი:

რა, ან ვინ არის თქვენი შემოქმედების შთაგონება, ვინ გეხმარებათ დიზაინის შექმნაში?

-კონკრეტული ადამიანი დიზაინის შექმნაში არასდროს მეხმარება. ჩემი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ისტორიული ნაგებობა, შენობა, ქალაქი. მომხდარა ისეც, რომ სიზმარში მინახავს რაღაც კაბა და იქიდან ამიწყვია. ისტორიის წიგნებს ვკითხულობ ხშირად და შთაგონების წყაროც აქედან მოდის.

ლანა:

ნოემბერში, კიევში, 2014 წლის კოლექცია წარმოადგინეთ, სადაც მოწვეული გყავდათ ირინა შეიკი, პროფესიული თანამშრომლობის გარდა, ხომ არ გაკავშირებთ პირადი მეგობრობა მასთან?

-რაც შეეხება ირინას ჩვენ საერთო მეგობარი გვყავს, ისიც ქართველი გოგოა. ირინას სწორედ მისი მეშვეობით დავუკავშირდით. წინასწარ იცოდა ჩვენი ჩვენების შესახებ და შესაბამისად ისიც რომ ჩვენებაზე გამოსულიყო. ეს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო. ჩვენების შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ავაწყვეთ ურთიერთობა და ეს დღემდე გრძელდება. ირინა ძალიან თბილი ადამიანია. მასზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომუნიკაბელურია, ადამიანებთან ადვილად შედის ურთიერთობაში. მას არა აქვს ე.წ ვარსკვლავური დაავადება, რომელიც ძალიან ბევრ ვარსკვლავს ჭირს, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ თავაწეულები დადიან და ყველას ზევიდან უყურებენ. ირინას შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო, მან მაქსიმალური გააკეთა ჩემს ჩვენებაშიც. მას ჩემი კოლექციიდან კაბები მოეწონა, რომელსაც საახალწლოდ საჩუქრად გავუგზავნი აუცილებლად. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა.

2) რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც თქვენი მეუღლე კახი კალაძე მინისტრი გახდა. რამდენად რთულია იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირის მეუღლე?

-ეს ძალიან რთული რამეა. ზოგადად კახის ცოლობა არ არის ადვილი, იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ და ბევრი რამეც არ გეპატიება. სიტყვაზე, ის რაც სხვებისთვის არის ძალიან ჩვეულებრივი, ჩემთვის მიუღებელიც შეიძლება იყოს. რაც კახა წავიდა პოლიტიკაში, საჯაროდ ბევრ რამეზე ვერ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რადგან შეიძლება მერე თქვან, რომ კახაც ესე ფიქრობს, არადა მე და კახა ბევრ რაღაცაში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ვკამათობთ და ეს ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. რთულია იმიტომაც რომ მიწევს ძალიან ბევრ დათმობაზე წასვლა საზოგადოებაში, ხალხთანაც, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მეუღლე პოლიტიკოსია. სხვა დროსაც ესე ვიყავი, მაგრამ ეხლა უფრო დიდი პასუხისმგებობა მეკისრება. არ მინდა ხალხმა თქვას, შეხედეთ როგორ იქცევა, თავში აუვარდა ეტყობა და მსგავსი რაღაცეები. მე ყოველთვის ვცდილობ რომ საზოგადოებაში მე-10 პლანზე ვიყო, რომ ცუდად არ გაიგონ რამე.

3) არ არის რთული, იყოთ მზრუნველი დედა, კარგი მეუღლე და ამავე დროს აქტიურად ხართ დაკავებული თქვენი პროფესიული საქმით?

-ეს ნამდვილად რთულია. ჩემთვის პრიორიტეტი ბავშვებს და ოჯახს ენიჭებათ. მე ყოველთვის პირველ ადგილზე მათ ვაყენებ. შემდეგ მოდის ჩემი საქმიანობა, რაშიც ყველანაირად ხელს მიწყობენ ოჯახის წევრები, როგორც კახას მშობლები, ასევე ჩემებიც. ისინი მეხმარებიან ასე ვთქვათ გადანაწილებაში. არ ვეთანხმები იმ ქალებს, ვინც ამბობს, რომ შვილების გამო ვერ მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეს მოკლებულია. მე ბავშვების გაზრდასთან ერთად ბავშვების აღზრდასაც ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას. ჩემთვის არ არის მთავარი და არ ვკმაყოფილდები იმით რომ ბავშვებს კარგად ვაჭამო და ჩავაცვა, მთავარია ის დრო, რასაც დედა ატარებს შვილებთან მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს. ბავშვის ცნობიერების ამაღლება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. საღამოობით ერთად ვართ ხოლმე, ხშირად აქაც მომყავს. ჩემი სადმე გამგზავრება თუ 4 დღეს აჭარბებს, ბავშვები სულ თან მიმყავს, რადგან კახაც ხშირად ვერ ახერხებს მათთან ყოფნას და არ მინდა რომ მშობლების ნაკლებობა ქონდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

სალო:

ცოტა რამ თქვენს შესახებ გვიამბეთ, თქვენს ბავშვობაზე, სად გაიცანით კახი, როგორ და სად დაიწყეთ კარიერა.

-ჩემს ბავშვობას რაც შეეხება, გეტყვით, რომ ძალიან ცელქი ვიყავი. არ ვყოფილვარ არც ჭკვიანი და არც სწავლის მოყვარე გოგო. დედა სულ მეჩხუბებოდა მეცადინეობის გამო. მე კი უფრო ხატვას, მუსიკას და შემოქმედებით მხარეს ვანიჭებდი უპირატესობას, ვიდრე ფიზიკას, ქიმიას და ა.შ. როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი, რომ სწავლა და მეცადინეობა ძალიან აუცილებელი იყო, დავიწყე მეცადინეობა და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. სწორედ ამ პერიოდიდან შემიყვარდა წიგნებთან ურთიერთობაც, მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ ამის გარეშე შეუძლებელი იყო. ბავშვობიდან გავიხსენებ იმასაც, რომ ძალიან ბევრი სურვილი და ოცნება მქონდა. ჩამოვწერდი ჩემს მიზნებს და იმასაც თუ რას ვაკეთებდი მე მიზნის მისაღწევად. სურვილებში და ოცნებებში ერთ-ერთი იყო მოდელობაც. ამისთვის კი ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ვშრომობდი. მახსოვს იმ პერიოდის თბილისში ძალიან მოდაში იყო შავგრემანი გოგოები, ხშირად ვამბობ და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ სწორედ ამ მოდის გამო არც ერთ ქასთინგზე არ მირჩევდნენ. ჩავარდნის პერიოდმა უფრო მეტი ძალა მომცა და უფრო მეტს ვმუშაობდი, ამ ყველაფერმა კი მიბიძგა იმისკენ, სოფო ჭყონიასთან მივსულიყავი. შემდეგ მოხდა ისე, რომ წავედი პარიზში. სხვათა შორის, გავიხსენებ იმასაც, რომ როცა ვამბობდი პარიზში წავალ-თქო, ძალიან ბევრს დამცინოდნენ. მეუბნებობდნენ, წინ დაჯექი და მალე ჩახვალო. მოხდა ისე, რომ მართლა წინ დავჯექი და მალეც ჩავედი.

გიორგი:

საქველმოქმედო ფონდის შექმნაში რა წვლილი მიუძღვის თქვენს მეუღლეს?

-წვლილი ალბათ ის მიუძღვის, რომ კახასაც აქვს თავისი ფონდი და დიდი ხანია ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, მათ შორის 2008 წლის ომში დაზარალებულებსაც და ეს ჩემთვის რაღაცნაირად მოტივაცია აღმოჩნდა. "კალა" ფონდმა შეიძლება ითქვას, რომ შთაგონება მომცა. მე შემეძლო კახას ფონდი გამომეყენებინა და იქიდან მემუშავა, მაგრამ ვარჩიე ჩემი საკუთარი ფონდი. ჩემი ფონდის პრიორიტეტი ქალები და ბავშვები არიან. ახლა ფონდი ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. ჩვენ მათ ფსიქო რეაბილიტაციის კურსებს დავუფინანსებთ. აქვე ვიტყვი, რომ როგორ თბილ გარემოშიც არ უნდა იყვნენ პატარები, მათთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური გარემოა, აქედან მათ აუცილებლად სჭირდებათ ფსიქო რეაბილიტაციის კურსები და ჩვენ მათ დავეხმარებით. ვეცდებით, რომ ყველანაირად დავუდგეთ ბავშვთა სახლებს გვერდში.

ლიკა:

თქვენ გაქვთ საკუთრი ბრენდი, უახლოეს დღეებში აპირებთ მაღაზიის გახსნას თბილისში, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩემი სამომავლო გეგმები დიდია. რაც შეეხება მაღაზიას, ის უკვე გახსნილია და უკვე ვიღებთ შეკვეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მალე მივდივარ, რადგან ორსულობის ბოლო პერიოდი მაქვს, ვარ იმედიანად რადგან ძალიან კარგ კონსტრუქტორს ვტოვებ, რომელიც ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ აქ საკუთესოდ მიხედავენ ჩვენს მომხმარებელს. მაღაზიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა, რაც შეეხება ფასებს, მეკითხებიან და ყველას გონია რომ ძალიან ძვირია, მაგრამ ვეტყვი მათ, რომ ჩვენს მაღაზიაში თბილისისთვის მისაღები და ნორმალური ფასებია. ჩვენს მაღაზიაში ყველა სეგმენტის წარმომადგენელს შეუძლია სასურველი ნივთის შეძენა. აქ არის როგორც დაბალ ფასიანი, ასევე საშუალო და მაღალიც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,- 16 მარტს უკრაინის კვირეულზე გამოვდივარ. ასევე გვაქვს პატარ-პატარა სიახლეები, მაგრამ ამის შესახებ თანმიმდევრობით გაიგებთ.

2) თქვენი ფავორიტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი?

-ქართველ დიზაინერებზე შემიძლია იმის თქმა, რომ ძალიან ნიჭიერი დიზაინერები გვყავს. მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც დროს გაუძლეს. ასევე წამოვიდნენ ახლებიც რასაც მივესალმები და ძალიან მომწონს. რაც შეეხება ფავორიტს, ბევრი მომწონს, მაგრამ დევიდ კომას გამოვარჩევ. მე აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით. გარდა ამისა, რასაც წარმოადგენს, ძალიან წარმატებულია. მისი კაბები აცვია ძალიან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს და არასოდეს ამითი არ ტრაბახობს. ასეთი მიღწევებით, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი ვინც თბილისში მოღვაწეობს, ძალიან ბევრ ისტორიას შეთხზავდა და იტრაბახებდა. უკვე აღვნიშნე, რომ თვითონ დიზაინერის პიროვნებაც ძალიან მომწონს. მე მისი სილუეტი ძალიან მომწონს, მაქვს მისი კაბები, კოსტიუმები და ერთი სიტყვით მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ.

რაც შეეხება უცხოელებს მე აქაც მყავს ფავორიტები, მაგრამ რომ გითხრათ ერთი კონკრეტული, ვისზეც ძალიან მომწონს და ვგიჟდები-თქო,  მოგატყუებთ. ბევრი მომწონს აქედან, ზოგის შეიძლება ფეხსაცმელი მომწონდეს, ზოგის პალტო და ა.შ.

3) თქვენ რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას, თუ მხოლოდ საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსით იმოსებით?

-საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსითაც, რა თქმა უნდა, ვიმოსები, ამასთან როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი ფავორიტი მყავს. ჩემთან ახლოს კი იტალიური მოდაა. მართალია ამბობენ და უპირატესობას ფრანგულ მოდას ანიჭებენ, მაგრამ ფრანგულ სახლებშიც ძალიან ბევრი წამყვანი დიზაინერი იტალიელია. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ რამდენჯერაც მომიწია კრისტიან დიორის სახლში მისვლა, იქ ადამიანები, რომლებიც მთავარი ფიგურები იყვნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, იტალიელები იყვნენ. ასე რომ, მე მაინც უპირატესობას იტალიურ ხაზს ვანიჭებ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას