ნიკო ლეკიშვილი თბილისურ და საახალწლო ტრადიციებზე

ნიკო ლეკიშვილი თბილისურ და საახალწლო ტრადიციებზე

თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი დეპუტატი, თბილისის კოლორიტი ნიკო ლეკიშვილი თბილისის და თბილისელების ცხოვრებაზე, ქართულ ადათ-წესებზე და საახალწლო ტრადიციებზე თქვენს კითხვებს უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

ელისო მელიქიძე:

ბატონი ნიკო მაგარი კაცია, ბევრი გაუკეთებია რაჭისთვის.

სოფიო:

რა გრძნობაა, როცა გიწოდებენ თბილისის კოლორიტს, აი, თუნდაც ამ წუთებში როგორ აუხსნით სიყვარულს თბილისს.

-სიტყვა კოლორიტი მოგონილია უფრო იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა იყვნენ თბილისის კოლორიტები სხვადასხვა დროს. ეს ისეთი ხალხი იყვნენ, რომლებიც კულტურასა და ხელოვნებასთან იყვნენ ახლოს. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ ამპლუაში. თბილისი მიყვარს ძალიან და აქედან გამომდინარე თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კოლორიტი ვარ, ცუდი არ არის, თუ მე მთვლიან კარგ თბილისელად ეს ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. თბილისს როგორ ავუხსნა სიყვარული? სიყვარულის ახსნა, ხომ ძალიან ძნელია. ერთი ლექსი არის გივი გეგეჭკორის და იმას ვიტყვი:

"მწვანე ხეივნის შრიალი მართობს,

მოსჩანს ქალაქი ათას მზიანი,

თბილისი მიყვარს არ ვიცი რატომ,

როგორც ცოცხალი ადამიანი"

თამაზი:

როგორი უნდა იყოს თბილისის მერი?

-ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თბილისის ქსოვილში იქნება ჩაწერილი. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გრძნობს ქალაქს და რომელმაც იცის რა არის თბილისი. თბილისი, ეს არ არის მარტო შენობები და მთები, ეს არის ადამიანები და ყველაფერი ერთად არის თბილისი - ქუჩაც, მტკვარიც, მთაწმინდაც, ადამიანებიც. მათ შორის ყველანაირი ადამიანი. ბუბას სიმღერას დავესესხები, სადაც ის ყველას მიესალმება- სულელს, ჭკვიანს, ბრძენს, უჭკუოს- თბილისი ესეთია. ამას უნდა გრძნობდეს თბილისის მერი და რა თქმა უნდა, უნდა ქონდეს ძალიან დიდი შრომისუნარიანობა. 24 საათი უნდა იყოს ამ ფერხულში ჩართული, ის ვერასდროს ვერ დაისვენებს. მას უნდა ქონდეს დიდი გემოვნება, უნდა გრძნობდეს სად რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რისი არა. კულტურასთან უნდა იყოს ძალიან ახლოს და სწორად უნდა შეეძლოს ფინანსების განაწილება. უნდა ქონდეს ძალიან დიდი ურთიერთობების უნარი. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველგან მისაღებია და ყველგან მიესვლება. მისთვის კულტურა, სპორტი, არქიტექტურა- ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ქალაქში კომუნალური საკითხებიც არის გადასაწყვეტი და ამ მხრივ რთული ქალაქია, აქ მას დასჭირდება ადამიანების სწორად შერჩევის უნარი. რა თქმა უნდა კარგად უნდა ესმოდეს თბილისის ისტორია. რატომ მოხდა თბილისის ასე განვითარება, როგორ ჩამოყალიბდა ეს ქალაქი, რომელიც 1913 წელს ძირითადად არაქართველი მოქალაქეებით იყო დასახლებული, როგორ მოხდა მისი ტრადიციების ჩამოყალიბება. ეს მერმა უნდა იცოდეს, თორემ მისთვის ძნელი იქნება ბევრი საკითხის გადაწყვეტა. ერთხელ ჯანო კახიძემ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისის მერიიდან გაგიჟებული წამოვიდა. საქმე ქონდა და შეხვდა საკრებულოს დეპუტატს. მან ჰკითხა- თქვენ სად მუშაობთო?

-მე ჯანსუღ კახიძე ვარო.

ის კი ვერ მიხვდა ვინ იყო ჯანო და მაინც აგრძელებდა კითხვას თუ სად მუშაობდა ის. კაცი, რომელიც არის თბილისის მუსიკალური ცენტრის მთავარი დირიჟორი, თბილისის ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ეს არ იცის თბილისის ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანმა, ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. მე ვთქვი მაშინ, რომ როგორ შეიძლება ნიუ-იორკში მერიაში არ იცოდნენ ბერსტაინი, ან მილანის მერიაში არ იცოდნენ ვინ არის ტონსკანინი.ესეთი რაღაცები უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, ვინც იქნება მერის თანამდებობაზე. რაც მთავარია მას უნდა ქონდეს დიდი მოთმინების და ატანის უნარი. თბილისი ისეთი ქალაქია, რომ მერზე და იქ მომუშავე ადამიანებზე იქნება ბევრი ჭორი და სიბინძურე. ის ამისთვის მზად უნდა იყოს, იმიტომ რომ უნდა შეეძლოს თბილისის გულისთვის ყველაფერი აიტანოს.

2)რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ახალ თბილისში, როგორი იყო ძველი თბილისის ტრადიციები.

-ყველაზე მთავარი რასაც მე ვუყურებ თბილისში აღარ არის ურთიერთობები, ისეთი როგორიც ადრე იყო. ჩემი სახლი რომ აიღოთ თუნდაც, ძალიან ძველი სახლია, სადაც ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობდა. ეხლა კი იმათი შთამომავლები ცხოვრობენ. ურთიერთობები კი რაც მაშინ იყო, ისეთი აღარ არის. რა მოხდა, ეპოქამ მოიტანა თუ სხვა რამ, ეს გაურკვეველია. გამორიცხული იყო ამ ოჯახში გაშლილიყო სუფრა და მეზობლები არ ყოფილიყვნენ, ასევე ვიყავით სხვა მეზობლებთან. უბანი ითვლებოდა დიდ სამეზობლოდ, სადაც ჭირს და ლხინს ერთმანეთს ვუზიარებდით. თბილისი ძალიან მხიარული ქალაქი იყო, ყველა დღესასწაულზე ქუჩაში სიმღერა ისმოდა. ეპოქამ ეს ყველაფერი შეცვალა. თუმცა როცა ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემი და მისი მეგობრები სულ იძახდნენ, რომ ადრე ძალიან კარგი იყო და ეხლა შეიცვალა ყველაფერიო. ეპოქას რაღაც ახალი მოაქვს, მაგრამ ყველაზე მთვარი რაც მოხდა, ის არის, რომ სითბო რაც ოჯახებში იყო, მოაკლდა ქალაქს. თქვენ კარგად იცით, რომ უკვე ოჯახში არაფერი არ ხდება, ბავშვის დაბადების დღე სპეციალურ სადღესასწაულო ცენტრებშია, დაბადების დღეები რესტორნებშია, ოჯახი კი გამოითიშა, რაც თბილისში ძალიან დიდი ტრადიცია იყო. ახალგაზრდა ვიყავი და ყოველთვის როცა მეზობლები რამეს გააკეთებდნენ , ყოველთვის გვიგზავნიდნენ, ასვე იყო მამაჩემი. როცა რაჭიდან ჩამოგვივიდოდა ღვინო ყოველთვის უგზავნიდა მეზობლებს. ესეთი ტრადიცია იყო, ერთმანეთის მოკითხვის. ეხლა ეს ტრადიციები აღარ არის.

ნანა:

"თბილისი იყო ურთიერთობა". გვიამბეთ თუნდაც ერთი თბილისური, ერთი ქუჩის, უბნის ბიჭების ისტორია.

-ერთი რამ არ მომწონს, ბოლო ხანებში როცა ლაპარაკია ქუჩაზე, სულ ამბობენ, რომ აქ იყო მხოლოდ ჩხუბი, დანების ტრიალი და ძველბიჭობა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩხუბიც იყო, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. პლეხანოვზე ვიკრიბებოდით ხშირად და საპარიკმახეროში შევდიოდით ზამთარში, იქ ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ფეხბურთზე და ყველაფერზე. ხრუშოვი, რომ გადააყენეს იქ გავიგე, მხოლოდ ორი დღის მერე გამოაცხადეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ბიჭები უსმენდნენ ამერიკის ხმას და იმ დროისთვის სხვა აკრძალულ გადაცემებს. სხვათაშორის არ დამავიწყდება, როცა აღმასკომის თავმჯდომარე ვიყავი, მაშინდელი პოლიციის უფროსმა დამირეკა და მითხრა რომ, პირველი მდივანი მირეკავს, ქვემოთ საშინელი ხმაურიაო და იქნებ გაყაროთ ისინი ვინც იქ დგანანო. რომ ჩავედი, ვხედავ ერთი არის აკადემიის წევრი კორესპოდენტი, მეორე ფაბრიკის დირექტორი, მესამე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მეოთხე ძალიან ცნობილი კინოსტუდიის მსახიობი. ეს ხალხი იდგა იქ და ხმამაღლა იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ. აი ესეთი საზოგადოება იკრიბებოდა, ეს იყო თბილისი.

მოვყვები კიდევ რამოდენიმე ისტორიას, ბევრი სასაცილო ამბები ხდებოდა. აქ ერთხელ ჩამოსული იყო ცირკის მსახიობი კარანდაში, ხუმარა იყო. მას ჰქონდა ნომერი, რომ გამოვიდოდა ცირკში იძახდა- გამარჯობა საქართველოში და შემდეგ იწყებდა ხუმრობებს. რომ გამოვიდოდა კარანდაში ბიჭები თვითონ ყვიროდნენ- გამარჯობა საქართველოში და იშლებოდა ნომერი. მთელი ცირკი ამაზე იცინოდა. ესე რამოდენიმეჯერ გააკეთეს და ბოლოს მილიციელებიც კი დაუსხდნენ გვერდით რომ გაეჩუმებინათ. აი, ესეთი ამბები ხდებოდა თბილისში.

ერთი ახალგაზრდა არაჩვეულებრივი კაცი იყო სერგო ლობჟანიძე, მას აინტერესებდა, რომ მოკვდებოდა პლეხანოველები როგორ აღიქვამდნენ ამ ამბავს. მოიტანა საკაცე, დაწვა ზედ და ბიჭებმა მხარზე შეიდგეს და მიასვენებდნენ პლეხანოვზე. ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და კითხულობდა რა ხდებოდა. ბიჭები კი ყველას ეუბნებოდნენ, რომ სერგო ლობჟანიძე მოკვდა. მთელი ამბავი იყო ატეხილი. გამოვიდა მილიციის უფროსი, მასაც რომ უთხრეს რომ სერგი დაიღუპა, მოთქმა დაიწყო- ვაი, შვილო რა დაგმართნიაო. სერგო წამოხტა და ხმამაღლა თქვა: - ჩესტ ტავარიშ პოლკოვნიკუო. ამის თქმა იყო და მილიციის უფროსი სერგოს გამოეკიდა. აი ესეთი რაღაცეებს აწყობდნენ.

იყო შემთხვევა, როცა ტროლეიბუსში პურმარილი გაშალეს, მძღოლს ფული გადაუხადეს. ასე დადიოდნენ მთელს თბილისში- კინოსტუდიასთან მივიდნენ და ქართული კინოს სადღეგრძელო დალიეს, დინამოსთან- ბორის პაიჭაძის სადღეგრძელო შესვეს, და აი ასე გრძელდებოდა მთელი გზა. ესე იმხიარულებდნენ იმ რთულ ეპოქაში თბილისელები თავს. ამ ურთიერთსიყვარულით ათბობდნენ ერთმანეთს.

ლალი:

გვიამბეთ თქვენს საახალწლო ტრადიციებზე და მეკვლეობაზე.

-ჩვენი ოჯახის საახალწლო მზადება იქიდან იწყება, კაკლის მობერტყვა რომ იწყება რაჭაში. ის კაკალი ნაწილდება მთელ ჩვენს ოჯახზე. რაც თავი მახსოვს ჩვენთან სახლში იყო ყოველთვის შეხვედრა. მოდიოდნენ ჩემი ნათესავები და აქ ვხვდებოდით ახალ წელს ერთად. მერე მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა მისვლა- მოსვლა. ნათესავები წავიდოდნენ, მერე მეგობრები მოდიოდნენ და ა.შ. მოქონდათ უცნაური საჩუქრები და იყო საოცარი მხიარულება. ეხლაც ესე არის, მაგრამ უფროსი თაობა ცოტა გამოაკლდა ამ ამბავს, ყველას შვილიშვილები ჰყავს და ისინი იტოვებენ ბავშვებს. თუმცა ამ ყველაფერმა გადაინაცვლა ჩემი შვილების თაობაში. ისევ 10 საათზე იწყება აღნიშვნა და დილამდე გრძელდება. რაც შეეხება მეკვლეს, მე და ჩემი ძმა ვიყავით მეკვლეები ყოველთვის. პირველად, როცა ჩემი შვილები შეხვდნენ ახალ წელს, ჩვენთან ჩემი ძმა მოვიდა მეკვლედ. ბავშვები გაგიჟებულები იყვნენ,- გივი ბიძიას თურმე მეკვლე ჰქვიაო.

ნინო:

როგორ ხვდებოდით ახალ წელს ძველ თბილისში, რა გქონდათ განსხვავებული ტრადიცია ოჯახში?

-საერთოდ ახალ წელს სახლში არ ვხვდები, 12-ს წუთები რომ აკლია სახლიდან გავდივარ. უკვე მე ვარ მეკვლე, ჩემს შვილიშვითან ერთად. 31-ში უფრო ნაკლებია სიმღერა, იმიტომ, რომ დილამდე მისვლა- მოსვლაა. დაჯდები თუ არა კარზე კიდევ ვიღაც დარეკავს ზარს, მოდის უამრავი ხალხი და არის გართობა. მე ვფიქრობ, რომ ოჯახური ტრადიციები მაინც ყველაზე კარგია. მე ტრადიციად მაქვს, რომ ყოველ წელიწადს დაახლოებით 200 ლიტრი ხვანჭკარა დავარიგო საახალწლოდ. ეს ტრადიცია მამაჩემისგან დაიწყო და მეც ვაგრძელებ. მსიამოვნებს მეც და ყველას მოწონს ეს ტრადიცია.

გიორგი:

"მიხაილოვიჩი", ასე უპასუხეთ თქვენს მასწავლებელს, როცა მან მამის სახელი გკითხათ. მოგვიყევით ეს ისტორია, რატომ უპასუხეთ ასე?

-მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩვენთან არითმეტიკის მასწავლებელი, საოცარი პიროვნება ლეონტი რევია შემოვიდა. რომლის შვილიშვილი ჩვენთან სწავლობდა და სკოლაში სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ შვილიშვილისთვის ესწავლებინა. ცილინდრით დადიოდა და როცა გვხვდებოდა, პატარა ბავშვებს ცილინდრს მოიხდიდა და ისე გვესალმებოდა - აი ესეთი კაცი იყო ის. როცა ჩვენს კლასში შემოვიდა, გაცნობის მიზნით ყველას სახელს და გვარს გვეკითხებოდა. მე რომ მკითხა, ვუპასუხე მიხაელოვიჩი. მამაჩემს მიხაელი ერქვა და ამიტომ ვუპასუხე ასე. ძალიან ბევრი იცინა ლეონტი რევიამ, ამის შემდეგ შემარქვეს მიხაელოვიჩი. რატომ ვთქვი ასე, ეხლაც არ ვიცი. იმ დღის მერე მიხაელოვიჩი შემერქვა, ეხლაც ხშირად მეძახიან, ეს კლიჩკა არის. მერე თანამდებობაზე როცა ვიყავი, მართლაც გავხდი მიხაელოვიჩი. თუმცა პატარაობისას ძალიან ვბრაზდებოდი, ესე რომ მეძახდნენ. აი ესეთი სახალისო ამბავია მიხაელოვიჩთან დაკავშირებული.

ბექა:

ნამდვილად კაცური კაცი ბრძანდებით, ბატონო ნიკო, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და თხოვნა გვაქვს, შეგიძლიათ მოლოცვის ნიშნად ექსპრონტად გვიმღეროთ?

- ნიკო ლეკიშვილის საახალწლო სიმღერა იხილეთ palitratv.ge -ს ვიდეოში.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას