საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელობაზე კითხვებს დეკანოზი, ლუკა სუპატაშვილი პასუხობს

საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელობაზე კითხვებს დეკანოზი, ლუკა სუპატაშვილი პასუხობს

საქართველოში მორწმუნეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ახალბედა მრევლი მაქსიმალურად ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს. მათ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ, მაგრამ მოძღვართან პირისპირ საუბარი უჭირთ.

ინტერნეტკონფერენციის კითხვებს, ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი პასიხობს.

ინტერნეტკონფერენცია გაძლევთ შანსს, თქვენთვის საჭირბოროტო საკითხზე დაუსვათ კითხვები მოძღვარს, რომელიც ნებისმიერი საეკლესიო თემასთან დაკავშირებით კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ.

გამოგზავნილი კითხვები:

ნიკა: უკვე სამი წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ,მაგრამ ჯვარი არ აგვიყრია.ეხლა ორივეს ჩვენი პირადი ცხოვრება გვაქვს,დაოჯახებას ვაპირებთ. მამაო, რომელმაც ჯვარი დაგვწერა უარს ამბობს ჯვრის აყრაზე.გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. გავიგე, თუ ყოფილი ცოლ-ქმარი დიდი ხნის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობს, ჯვარი ავტომატურად აყრილად ითვლებაო. სამწუხაროდ ეკლესიურად ნაკლებად ვცხოვრობ.

-ავტომატურად ჯვარის აყრა არ შეიძლება, ავტომატურად აყრა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეებიდან ერთ-ერთი გარდაიცვლება. ამ დროს მეორე მეუღლე თავისუფლდება ამ მოვალეობებისაგან. მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა, როდესაც მეუღლეები ვერ ეგუებიან ერთმანეთს, ეს არის ეპისკოპოსის გადასაწყვეტი საქმე, მოძღვრის დონეზე ეს არ წყდება. ეს უნდა გადაწყვიტოს მღვდელმთავარმა. თბილისის შემთხვევაში ეს არის პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე, სწორედ მის პრეროგატივაშია ასეთი საკითხები. მსურველებმა უნდა მიმართონ მეუფეს და მოძღვარი უნდა ჩააყენონ საქმის კურსში. თუ ადამიანი მეორეჯერ დაოჯახებას ფიქრობს, ძალიან ძნელია აიძულო შეასრულოს თავისი მოვალეობები პირველ ქორწინებაში. ეკლესია არ აიძულებს არავის, უბრალოდ მოუწოდებს. ამ შემთხვევაში თუ თბილისის მასშტაბით ხდება ჯვარის აყრა, შესაძლებელია საპატრიარქოში მიბრძანდნენ, -თუ საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ეპარქიაში.

ნინო: როგორ ავხსნათ მარიამის მარად ქალწულობა, შვილი ხომ გააჩინა. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია,მაგრამ აქ საქმე სხვა შემთხვევასთან უნდა გვქონდეს, რაც აუცილებლად უნდა იქნას განმარტებული.

-იშვა უფალი თვითონ ქრისტე, არამარტო შობა, არამედ ჩასახვაც არალოგიკურად, არაამქვეყნიური წესებით მოხდა. სულისაგან წმიდისა მოხდა ამ სასწაულის აღსრულება. არამარტო შობა, არამედ მთლიანად უფლის ამქვეყნიური ცხოვრება არის სასწაულებით სავსე. ერთს გავიხსენებ, აღდგომის შემდეგ უფალი შედის დახშულ კარებში. დახურულ კარში შესვლა ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ უფლისთვის ფიზიკური კანონები არ არსებობს. ფიზიკური კანონები ფიზიკური სხეულისთვის არსეობობს, უფალი კი პირველ რიგში ღმერთია. როდესაც ღმერთი მოქმედებს, ამ დროს კანონები ჩერდება. ეს ადამიანის გონებისთვის ლოგიკურად აუხსნელია და არის რწმენის სფერო. როგორ შეიძლება ლოგიკურად თუნდაც ის ფაქტი ავხსნათ, რომ მზე არაფერზე არ დევს და არის ჰაერში გამოკიდებული, ან მთვარე, ან დედამიწა, ამ ყველაფერს ჩვენი გონება პასუხს ვერ უძებნის. ეს აღემატება ჩვენს გონებას, ისე როგორც ერთი წლის ბავშვის გონებას აღემატება ის რომ ორჯერ ორი ოთხია. მაგრამ მოვა პერიოდი, როცა ის ამას მიხვდება, თუმცა მაშინაც იქნება ისეთი საგნები, რომელსაც ის ვერ მიხვდება, მაგალითად უმაღლესი მათემატიკა, შემდეგ კიდევ იქნება რაღაც შეუცნობელი, ამიტომ ყოველთვის იარსებებს ამ ქვეყანაზე სფერო, რომელსაც ჩვენ, ჩვენი გონებით ვერ შევეხებით, იმიტომ რომ აღემატება ჩვენ შესაძლებლობებს.

ნინო: მაინტერესებს რა შეიქმნა 6-ე დღეს, თუ დაბადების 2,  5 -ში ნათქვამია, რომ მერვე დღეს ღმერთმა მიწას გადმოხედა და არა აყვავებულ ქვეყანას, რადგან არც ბუჩქი იყო, არც ბალახის ღერი და არც კაცი ადამი არ იყო.

-არის პერიოდი კაცობრიობის ცხოვრებაში, როდესაც ღმერთმა ყველაფერი ბრძანა, მაგრამ ჯერ ის არ განხორციელებულა და მისი განხორციელება მეექვსე დღეს იწყება, რომელიც გვირგვინდება ადამიანის შექმნით. ადამიანი როდესაც შეიქმნა ეს ყველაფერი იყო მოწესრიგებული. მოსე ზოგადად სულ რამოდენიმე მუხლში ეხება შესაქმნელს, ეს არის არა სრულყოფილი ცოდნა მის შესახებ, არამედ თანმიმდევრული რა მოიმოქმედა ღმერთმა და როგორ, მისი ახსნები არ მიმდინარეობს. იქ არის თანმიმდევრობა მოთხრობილი, თუ როგორ მოხდა სამყაროს შექმნა. მერვე დღეს უწოდებენ მეორედ მოსვლის შემდეგ პერიოდს. დღევანდელი პერიოდი აღიქმება, როგორც მეშვიდე დღე, ანუ როდესაც უფალმა განისვენა. ეს შეიძლება მრავალი ათასწლეული გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ერთ დღედ იწოდება. მეექვსე დღეში კი ხდებოდა სწორედ ის, რაც მოთხრობილია და აქ რაიმე აღრევასა ადგილი არ აქვს. უმჯობესია დაკვირვებით წავიკითხოთ, იქ ყველაფერი თანმიმდევრულადაა აღწერილი.

2) თუ მაიმუნებისაგან ვიშვით, ნათქვამია რომ ღმერთმა თავისი სულის მსგავსად შექმნა ადამიანი და მაშინ რა შეუქმნია ღმერთს? ვფიქრობ მართებულია ვიკითხოთ ღმერთის სულის მსგავსი ადამიანი როგორ გადაიქცა მაიმუნის მსგავს არსებად?

-თუ ადამიანმა მორალი დაკარგა შეიძლება ყველანაირ პირუტყვზე დაბლა დაეცეს. რეალურად ბიოლოგიის კანონები ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ერთი სახეობიდან წარმოიქმნას მეორე. თუნდაც მაიმუნისგან მილიონობით წლების შემდეგ წარმოიშვას ადამიანი, ან ღორისგან სპილო. ასეთი რამ შეუძლებელია და ამას მეცნიერება მოწმობს. ამაზე უკვე მსჯელობა არ არის. ადამიანის გენეტიკური აგებულება ისეთია, რომ ის ვერაფრით ვერ გარდაიქმნება, ის იქნება ყოველთვის ადამიანი. ყოველ შემთხვევაში გენეტიკურად და ფიზიკურად, თუმცა მორალურად როგორი იქნება ეს სხვა თემაა და როცა მაიმუნობაზეა საუბარი, შეიძლება ეს უფრო მორალურ სფეროს ეხებოდეს, ამას ხუმრობით ვამბობ.

მირიანი: მაგალითად, მე ქრისტიანს შემიყვარდა მუსლიმი გოგო, რომელიც ცოლად შევირთე. ეკლესიურად რამდენად სწორია, ანუ შესაძლებელია თუ არა ეკლესიურად გამართლებული იყოს ქრისტიანისა და მუსლიმის ქორწინება?

-ეკლესია არის მორწმუნე ადამიანთა ერთობა, რომლებიც გარკვეული ცხოვრების წესით ცხოვრობენ. როდესაც ადამიანი ამ ქყეყანაზე ცხოვრობს სული უპირატესია ფიზიკურ სხეულზე, აი მაგალითად როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, ხდება სულისა და ფიზიკური სხეულის გაყოფა. ესე იგი სული გადის და ფიზიკური სხეული უძრავი ხდება. ანუ დიდი ენერგია აქვს სულს. სულიერი წესები და კანონები ქრისტიანთათვის უპირატესია. ბუნებრივია, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ადამიანი, როგორიც ოჯახის შექმნაა, ამ შემთხვევაშიც უპირატესობა სულიერ კანონებს უნდა ენიჭებოდეს. ეკლესიის კანონში წერია, რომ წარმართზე ან სხვა რელიგიის მიმდევარზე არ უნდა დაქორწინდეს ქრისტიანი, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის ადამიანი დადებს პირობას, რომ მოიქცევა ქრისტიანობაზე. თუ ადამიანი ეკლესიურად არ ცხოვრობს, მაშინ მისთვის სულერთია სულიერი საკითხები, მაგრამ თუ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სულიერი საკითხები, ისეთი მეუღლე იქნება კარგი, სადაც შეხედულებები ისეთ უზენაეს კანონზე, როგორიცაა ღმერთი, ერთმანეთს ემთხვევა.

ლანა: ლოცვის დროს, სახლში და უფრო ეკლესიაში ძალიან ხშირად მამთქნარებს. რა შეგიძლიათ მითხრათ ამასთან დაკავშირებით?

-მთქნარებას ალბათ ყურადღება არ უნდა მიექცეს. ეს ფიზიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს არაფერში უშლის ხელს. მთქნარება გამოწვეულია, როდესაც სისხლში ჟანგბადის დონე კლებულობს და გვინდა, რომ მეტი ჰაერი მივიღოთ. შეიძლება უჰაერობა იყოს კონკრეტულ ოთახში ან ეძინებოდეს ადამიანს. ამაზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ და არ უნდა ჩავთვალოთ რომ ამ შემთხვევაში ბოროტი გვებრძვის.

ნანა: მამაო, ძალიან მიჭირს ლოცვის წაკითხვა "მაჭირვებელთა ჩვენთათვის", ყოველთვის მათი სახე მიდგას წინ, ვისაც ჩემთვის ცუდი გაუკეთებია და ლოცვის დროს გულწრფელი ვერ ვარ. მირჩიეთ რამე, გთხოვთ.

-როდესაც უფალი გვირჩევს, რომ ილოცეთ მტერთა თქვენთათვის, ჩვენთვის ზრუნავს უფალი და არა ჩვენი მტრისთვის. თუ არ ვილოცებთ ჩვენი მაჭირვებლებისთვის და მუდმივად ვიფიქრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ გვქონდა და გვაქვს, ჩვენს გულში არასდროს დაისადგურებს სიმშვიდე. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით არეულ მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ ფიზიკური მდგომარეობა, როდესაც სულ ხართ დაძაბული, მუდმივად ნერვიულობთ. ეს არანორმალური მდგომარეობაა. ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი გული შევამსუბუქოთ სწორედ იმ სიკეთით, რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს. შეიძლება ჩვენი მტრების შეყვარება ვერ შევძლოთ, მაგრამ მთავარია კბილი-კბილის წილ - აი ამ ლოგიკით არ ვიმოქმედოთ. ეკლესიის მამები ამბობენ რომ ვისთვისაც ლოცულობს ადამიანი, ის უყვარდებათ. თუ ახლობლისთვის ვლოცულობთ, მტკიცდება ურთიერთობები, თუ მტრისთვის ლოცულობ ეს ლოცვა თქვენს შორის არსებულ ეკალ-ბარდეს სპობს და გვერდით წევს. ეს ქმნის საშუალებას რომ ადამიანმა უკეთესი ცხოვრების წესი შეიქმნას. ადამიანისთვის აუცილებელია სიხარული, სიყვარული და სიმშვიდე მოიპოვოს.

მაია: როდესაც ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა რომ ერთმანეთის გვერდზე ცხოვრება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ჯვარის აყრა და რა არის ამისათვის საჭირო?

-ეკლესიურად ოჯახის დანგრევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ მეუღლეებს შორის სარწმუნოებრივმა სხვაობამ იჩინა თავი, ეს მოუგვარებელ პრობლემას გავს. ასევე მაშინ როდესაც მეუღლეებიდან ერთ-ერთი მრუშობს, ამ შემთხვევაში მეორე თავისუფალია, შეუძლია დაარღვიოს ოჯახური წყობა. ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება ხასიათობრივი შეუთავსებლობა. ამ შემთხვევაში მოვალეობის გრძნობისკენ უნდა გადაიხაროს ადამიანი. ეკლესია ყოველთვის ურჩევს ადამიანებს რომ სანამ დაქორწინდება მანამდე გაერკვიოს ყველანაირ პრობლემაში, ამ დროს სიჩქარე დაუშვებელია. ჯვარის აყრის შემთხვევაში პირველ რიგში მეუღლეებმა მოძღვარი უნდა ჩააყენონს საქმის კურსში და ის ურჩევს რა გააკეთონ. შემდეგ კი უნდა ჩაერიოს საქმეში მღვდელმთავარი, უნდა ახსნას ჯვარი და გაანთავისუფლოს ამ მოვალეობისაგან ადამიანი.

ნანა: თუ მამაკაცი ჯვარდაწერილია, მაგრამ ცოლთან უთანხმოების გამო გაშორდა. სხვა ქალი შეირთო და მასთანაც დაიწერა ჯვარი, ეს როგორ აიხსნება?

-თუ მამაკაცი ჯვარნაწერია და შემდეგ ისევ მოტყუებით მოძღვართან დაიწერს ჯვარს, აქ პასუხისმგებელი თვითონაა ღმერთის წინაშე. როდესაც მამაკაცი ასე მოტყუებით ქმნის მეორე ოჯახს მისი პირველი მეუღლე არაფერ შუაშია და მას არ მოეკითხება, მაგრამ ვინც დაარღვია ქორწინებითი აღთქმა ღმერთის წინაშე, ის რა თქმა უნდა პასუხისმგებელია. მას მოეკითხება იმისთვის რომ დაარღვია პირველი ქორწინება და ასევე იმისთვის, რომ სასულიერო პირი შეიყვანა შეცდომაში. თუ სასულიერო პირმა ასეთი რამ გაიგო, მაგრამ მაინც დაწერა ჯვარი, აქ უკვე სასულიერო პირიც დამნაშავეა და მას უნდა შეუჩერდეს სასულიერო პირობა, ასეთი მძიმე სასჯელით ისჯება ის. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ნაბიჯები უკვალოდ არ ჩაივლის და გამოიწვევს თავის შედეგებს. უფალი ამბობს რომ გრილი წყალიც რომ ვინმეს მიაწოდოო, არ დაგეკარგებაო. ანუ არცერთი უმნიშვნელო სიკეთე არ დაიკარგება და ერთი ბოროტად ნათქვამი სიტყვისთვისაც მოგეკითხებათო.

გიორგი: მაქვს ბევრი მძიმე ცოდვა... მაინტერესებს, შეიძლება ეს ცოდვები ერთ აღსარებაში იყოს ნათქვამი?

-უნდა ითქვას, რომ არ არსებობს მძიმე ცოდვა, რომელიც ღმერთის სიყვარულს გადასწონის, თუნდაც ცოდვილი ადამიანის მიმართ. ადამიანის წინაშე მეორე ადამიანი შენდობას როცა ითხოვს, იგი თავისი ხასიათის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ღმერთს აქვს მუდმივი სიყვარულის განწყობა ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ. თითოეული ადამიანი, რომელიც ინანიებს თავის ცოდვას დიდი სიხარულია "ცათა შინა", იმიტომ რომ კიდევ ერთი ადამიანი გადარჩა და დაუსხლტა ბოროტი ძალის კლანჭებს და ღმერთისაკენ მიდის. ეს დიდი სიხარულს იწვევს. როდესაც ადამიანი დაძლევს თავის თავს და მოინანიებს ცოდვებს ეს დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული. ხანდახან ადამიანებს არ უნდათ მამაოს გაბრაზება ან კეთილგანწყობის გაქარწყლება და ცოდვებს სხვადასხვა აღსარებებზე ამბობენ, ასე ვთქვათ ანაწილებენ. ყველა ერთ დღეს რომ თქვა, საოცარ სიხარულს იწვევს. მე სასულიერო პირი ვარ და განსაკუთრებულად ის აღსარებები მახსოვს, როდესაც დაუფარავად უთქვამთ ცოდვები, ჩემი დასკვნა ასეთია- ამ ადამიანს ძალიან რომ არ უყვარდეს ღმერთი არ მოინანიებდა ამას, არ გამოაჩენდა თავის ცუდ მხარეებს. რადგან მას ღმერთი თავის თავზე მეტად უყვარს, ეს ადამიანი არის ბრწყინვალე.

2) სურვილი მაქვს სადმე მონასტერში ერთი კვირით მაინც ან რამდენი ხნითაც შესაძლებელია გავჩერდე და ამისთვის რა არის საჭირო?

-მონასტერში წასვლის საკითხებზე აუცილებელია საკუთარ მოძღვარს გაესაუბროთ. თუ ეკლესიაში არ დადის ადამიანი და უნდა მონასტერში წასვლა, გაუჭირდება. სასულიერო პირები ვურჩევთ, პირველ რიგში უნდა დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება. იმარხულოს, მცირე ლოცვები იკითხოს, ანუ გაუგოს გემო და მადლი ლოცვას, მარხვას და წირვას. თუ მერე გადაწყვეტს წასვლას უკვე კარგი იქნება, იქ გაწერილია დღის წესრიგი- ლოცვა, წირვა, შრომა.

ნანა: რას გვეტყვით ბოლო ჟამის დადგომასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ეშმაკისგან დაიხსნას თავი?

-რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ დაუსხლტეს ეშმაკის კლანჭებს, ამ შემთხვევაში უფალი ამბობს კარგია, რომ ლოცულობთო, მაგრამ ისე რატომ არ იქცევით როგორც მე გასწავლითო. უნდა ილოცო და ისე უნდა იცხოვროთ, როგორც ქრისტე გვასწავლის, ამიტომაც გვქვია ქრისტიანები. ამიტომაც ასეთი ცხოვრების წესი დაგვიცავს ყველანაირი ბოროტებისაგან. სადაც სიკეთეა და სადაც ღმერთია, იქ ბოროტება ქრება. თუ ადამიანს აქვს სურვილი გადარჩენისა, ღმერთთან ახლოს ყოფნით შეუძლია გააქროს თავის ცხოვრებაში ბოროტება.

ნანა: დაგვლოცეთ, მამო, მალე დიდი მარხვა დაიწყება და გთხოვთ რჩევები გაგვიზიაროთ, რომ ღირსეულად შევხდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

-ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგვლოცოს თითოეული ჩვენგანი. მარხვა არის ცუდი თვისებების მოშორება და ლოცვა არის ღმერთთან ურთიერთობა, ამიტომ ლოცვა და მარხვა არის ის იდეალური საშუალებები, რომლითაც ადამიანი იწმინდება. უფალი ბრძანებს, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით გავა ადამიანისაგან, ამიტომ ჩვენ ეს დიდ სიკეთეს და სიხარულს მოგვიტანს. დიდი მარხვა განსაკუთრებული პერიოდია და ამ მადლს ყველა გრძნობს. რაც უფრო გულმოდგინედ იმარხულებ და მოვიშორებთ იმ ცუდ თვისებებს რაც გაგვაჩნია, მით უფრო დიდ მადლს ვეხებით. ეს ჯილდო კი დიდ შაბათს გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც არის უდიდესი მადლი. მარხვის დროს აუცილებელია, თავშეკავების სწავლა. ადამიანმა ეს უნდა შესძლოს. მაგალითად ჩვენ საკვებისგან ვიკავებთ თავს, იმიტომ რომ თავშეკავება თუ არ ექნა ადამიანს შეიუძლება ნებისმიერ სიტუაციაში პრობლემა შეექმნას. ნებისყოფის გაძლიერება, ღმერთის სიყვარული, ბოროტებისაგან მოშორება, ეს ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებითაა შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას