როგორ შევინახოთ დანაზოგი

როგორ შევინახოთ დანაზოგი

მომავლის მატერიალური უზრუნველყოფა ადამიანის მთავარი საზრუნავია. რომელია დღეს ფულის დაბანდების ყველაზე საიმედო გზა - ბანკი, ძვირფასი ლითონები, უძრავი ქონება თუ ბიზნესი? თქვენს კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა: რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა?

-გააჩნია დანაზოგის შენახვის მიზანი რა არის.  აქ თუ საქმე გვაქვს მხოლოდ შენახვასთან, მაშინ ბუნებრივია ვალუტის სტაბილურობის გათვალსწინებით უმჯობესია დანაზოგი ამერიკულ დოლარში გავაკეთოთ. თუ ჩვენთვის სტაბილურობა უფრო მეტად პრიორიტეტულია, ბუნებრივია შენახვაც იმ ვალუტაში უნდა მოვახდინოთ, რომელიც სტაბილურია. რა თქმა უნდა დოლარის გარდა არის სხვა სტაბილური ვალუტებიც მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს სავალუტო ოპერაციების არეალის შეზღუდვის გათვალისწინებით ისევ და ისევ აქცენტი მაინც აშშ დოლარზე უნდა გაკეთდეს. თუმცა თუ ჩვენი დანაზოგის მიზანი ზრდა არის და თუ გავითალისწინებთ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში აქცენტი უფრო მეტად სარგებლიან საპროცენტო განაკვეთზე უნდა გავაკეთოთ - ასეთი კი ლარია. ასეთი შემთხვევისთვის ლარი უფრო რეკომენდირებული და პრიორიტეტულია. თუმცა მე მოსახლეობას ვურჩევდი რომ აქცენტი მაინც სტაბილურობაზე გააკეთოს, რადგან ერთია ზრდაზე ორიენტირებული დანაზოგი და მეორეა ის რისკები, რაც კურსთა შორის სხვაობას შეიძლება ახლდეს. 2013 წლის ბოლო და 2014 წელი კი ამ თვალსაზრისით საყურადღებო და სამაგალითო უნდა იყოს ქართველი მომხმარებლისთვის. ბუნებრივია არაპოპულისტურია და არა პატრიოტულიც კი რაც ვთქვი , მაგრამ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით აქცენტი სწორედ მოსახლეობამ ამერიკულ დოლარზე უნდა გააკეთოს.

სალომე: რა რჩევას მოგვცემთ დანაზოგის ბანკში შენახვაზე და რა დროით უნდა დადოს კლიენტმა ხელშეკრულება ბანკთან? (რისკები რომ გავითვალისწინოთ)

-ბანკთან ურთიერთობა ზოგადად არის ძალიან ფაქიზი და სენსიტიური თემა. როცა ადამიანები მივდივართ ბანკში, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს შემოთავაზებული პროდუქტი რამდენად გვჭირდება. კარგად უნდა ვიცოდეთ პროდუქტის არა მხოლოდ ფასი, არამედ კარგად უნდა ვიცოდეთ ის სამართლებრივი ასპექტები, რაც ჩვენსა და ბანკს შორის ურთიერთობის დროს შეიძლება წარმოიშვას. არსებობს გარკვეული რისკები მაგალითად საანაბრე ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით. აქვე ვიტყვი, რომ ხელშეკრულება ყოველთვის ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლის ცალკე პირობებს, ეს უნდა ვიცოდეთ. მაგალითად თუ ვკითხულობთ ანაბარზე რომელსაც 6% ერიცხება, ასევე უნდა ვნახოთ დებულება თუ რა ხდება ანაბრის ვადაზე ადრე მოშლის პირობების შემთხვევაში. ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ თუ საბანკო პროდუქტს ვიძენთ და გვაქვს ამ თანხის შენახვის და შენარჩუნების იმედი, ასევე აუცილებლად უნდა გავარკვიოთ თუ რა პერიოდში შეიძლება იყოს ეს თანხა ჩვენთვის ხელმისაწვდომი და თავისუფალი, რადგან ვადაზე ადრე ხელშეკრულების მოშლის დროს ის მოლოდინები რაც ჩვენს თანხას უკავშირდება არ დავკარგოთ.

თინიკო: როგორ გავანაწილოთ ეფექტურად შემოსავლები?

-ვიღაცას შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მაინც გეტყვით პირადად მე რას ვაკეთებ. მაქვს ძალიან მარტივი პროგრამა კომპიუტერში რომლის შეძენა ან შექმნა ექსელის მეშვეობით ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ეს პროგრამა შემოსავლების და ხარჯების ბალანსს ითვლის. ამ პროგრამის მიხედვით ჩემი შემოსავლები რამდენიმე თვის განმავლობაში მაქვს გაწერილი. ასევე გაწერილი მაქვს საორიენტაციო ხარჯებიც. როცა მეზრდება შემოსავალი შემიძლია ავტომატურად ვაბალანსო ჩემი ხარჯებიც. ასევე თუ ხარჯები მეზრდება შემიძლია ჩემს ცხრილში მოვახდინო შემოსავლების გადანაწილებაც. ეს არის ძალიან მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე თვეზე გაწერილი თქვენი შემოსავალები აკონტროლოთ და თვალოთ. ამ გზით თქვენ მონიტორინგს ახორციელებთ თქვენი ფინანსებისას. შეიძლება ქართული სინამდვილისთვის ეს ცოტა უხერხული და სასაცილოა, მაგრამ გეტყვით რომ სხვაგან ეს ძალიან აპრობირებული მეთოდია. თქვენ ყველაფერი თვალსაჩინოდ გექნებათ და შეგეძლებათ თვალოთ ფინანსები, ასევე კორექტრებაც გააკეთოთ.

სალომე: დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, რომელი ვალუტა უფრო უსაფთხოა დანაზოგის შესანახად და რამდენად სანდოა ამისათვის ბანკები?

-სალომეს ვეტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ ლარს 2013 წლის ბოლოს და 2014 დასაწყისში კურსის პრობლემა ქონდა, მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია ვთქვა რომ ლარი როგორც შენახვის საშუალება არ არის საინტერესო. ლარში შენახული დანაზოგი ხასიათდება უფრო მეტი ზრდადობით . ამ თვალსაზრისით საპროცენტო განაკვეთი ლარის შენახვის შემთხვევაში იქნება უფრო მეტი. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ სტაბილურობის მაღალი ხარისხი თუ გვინდა ვუზრუნველყოთ, მაშინ აქცენტი უფრო მეტად სტაბილურ ვალუტებზე უნადა გავაკეთოთ, აქ მხედველობაში მაქვს გაცვლითი კურსი ვალუტის. ბუნებრივია მსოფლიოში ასეთი ძალიან ბევრი ვალუტაა, მაგრამ ჩვენთვის ხელმისაწვდომი უფრო ამერიკის შეერთებული შტატების დოლარია.

საქართველო არის იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი სწორედ იმპორტირებული პროდუქტია. ამიტომაც როცა უფასურდება ლარი, ავტომატურ რეჟიმში მატულობს ყველა პროდუქტზე ფასი. შეიძლება ჩვენ ლარში მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი საპროცენტო განაკვეთის სახით ვიდრე დოლარში. მაგრამ აქვე კიდევ ერთელ ვიტყვი, რომ უმჯობესია აქცენტი გავაკეთოთ არა მომგებიანობაზე, არამედ სტაბილურობაზე.

საბანკო სისტემა არის ყველაზე კაგად ორგანიზებული ბიზნეს სექტორი საქართველოში. სანდოობის, ლიკვიდობის, გადახდის უნარიანობის თვალსაზრისით საქართველოს საბანკო სისტემას დღეს გეტყვით რომ პრობლემა არა აქვს. ქვეყანაში არის საკმაოდ კარგი ინსტიტუცია ერთის მხრივ ეროვნული ბანკის სახით და მეორე რეგულაცია საბანკო სისტემის. დაცულია და კონტროლირდება ყოველდღიურ რეჟიმში ის სტანდარტი რა სტანდარტის დაცვაც მოეთხოვებათ თითეულ კომერციულ ბანკს. ამ თვალსაზრისით როგორც უკვე აღვნიშნე, მათი გადახდის უნარიანობის და სტაბილურობის ხარისხი არის ძალიან მაღალი. უახლოეს პერსპექტივაში რაიმე საფრთხეს პირადად მე ვერ ვხედავ. ბანკებთან მიმართებაში საზოგადოებას და ექსპერტულ წრეებს სხვა პრობლემები გვაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს მათ გადახდის უნარიანობას არ ეხება.

გიორგი: რამდენად მყარია საქართველოში საბანკო სისტემა, შეიძლება თუ არა ანდო მათ საკუთარი სახსრები.

-საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ალტერნატივა არსებობს სადაც შეიძლება ჭარბი დანაზოგი განათავსონ. სამწუხაროდ საქართველოში არ არის მაგალითად ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომგებიანი ინსტრუმენტია დასავლეთში საკუთარი დანაზოგების განსათავსებლად. ამ კუთხით საქართველოში არის შეზღუდული არეალი. ერთ-ერთი არის საბანკო ინსტიტუტი, რომელიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ არის სტაბილური. გადახდის უნარიანობის თვალსაზრისით საბანკო სისტემას არც დღეს და არც უახოეს მომავალში თუ რამე მნიშვნელოვანი კატაკლიზმი არ მოხდა, მას პრობლემა არ აქვს და არც ემუქრება. რაც შეეხება ალტერნატივას, დანაზოგის შენახვის თვალსაზრისით ძალიან კარგია მოვახდინოთ დვერსიფიცირება ჩვენი დანაზოგის. ასევე კარგია როცა ჩვენ ვაპირებთ დანაზოგის გაკეთებას და ეს არ ხდება მხოლოდ ერთ ბანკში არამედ ჩვენს თანხას რამდენიმე ბანკში ვყოფთ. ასევე კარგია მხოლოდ ბანკში არ ჩავდოთ ჩვენი დანაზოგი და გადავანაწილოთ უძრავ ქონებაში. რადგან უძრავი ქონებაც თავისი სტაბილურბის თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო. ბოლო პერიოდის უძრავი ქონების ბაზარის ანალიზი საშუალებას იძლევა მომავალშიც ბაზარზე შენარჩუნდება სტაბილურობის კომპონენტი. კარგი პროდუქტი უძრავი ქონების სახით ყოველთვის ლიკვიდურია და წლიდან წლამდე ფასი ყოველთვის მატულობს. ასე რომ თანხის დაბანდების და ზრდის ერთერთ კარგ საშალებად ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ, თუ ვიცით რომ შეიძლება უცბად დაგვჭირდეს თანხის უკან წამოღება, ამ შემთხვევაში უმჯობესია გამოვიყენოთ საბანკო არხები. თუმცა თუ ვიცით რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენი დანაზოგი არ დაგვჭირდება როგორც უკვე აღვნიშნე ეს გზა რასაც ქვია უძრავი ქონება, შეიძლება თავისუფლად გამოვიყენოთ.

ქეთი: ახლა ძალიან მოდაშია ბავშვის სახელზე ბანკში ანაბრების გახსნა. ყველაზე დიდი პროცენტი იმ ვარიანტებს აქვთ, რომელიც თანხის გატანას 10-15 წლის შემდეგ ითვალისწინებენ. რამდენად ღირს ასეთ გრძელვადიანი ფინანსური გარიგების დადება ასეთ არასტაბილურ პერიოდში.

-საბავშვო ანაბარი არის ძალიან საინტერესო თემა და ძალიან რაციონალური რაც მთავარია. ეს დანაზოგი ერთის მხრივ შენახვის და მეორეს მხრივ ზრდადობის კუთხითაც კარგია. რადგან მერე ჩვენი შვილების მომავალს მოვახმართ. თუ ოჯახს აქვს საშუალება საკუთარ შვილს შეუქმნას საბავშვო ანაბარი, ეს არის ერთ-ერთი ძალიან სწორი და საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული ქმედება. რაც შეეხება გრძელვადიანობას, ყველაზე გრძელვადიანი ანაბარი არის ყველაზე მომგებიანი. რაც უფრო მოკლე ვადით ვხსნით ანაბარს- საპროცენტო დანამატი, რომელიც ერიცხება მას არის უფრო ნაკლები. რაც უფრო იზრდება პერიოდი 10-15 წელი შესაბამისად ანაბრის მოცულობაც იზრდება.

მაია: თქვენ პირადად, ამ შემთხვევაში რომ გქონდეთ გარკვეული თანხა, როგორ შეინახავთ დანაზოგს?

-ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის არის დანაზოგი. თუ დანაზოგი არის მცირე, მსხვილ საინვესტიციო რესურსად ის არ გამოდგება მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ალტერნატივა საბანკო სისტემას არ აქვს. თუ დანაზოგი დიდია, ჩემთვის მაგალითად საინტერესო იქნებოდა დანაზოგის ორი მიმართულებით დაყოფა. ერთი საბანკო არხებში, მეორე უძრავ ქონებაში, რომელიც ერთის მხრივ შემინახავს დანაზოგს . ასევე იჯარის გაცემის ან თუნდაც გაქირავების ხარჯზე შენახვასთან ერთად მივიღებდით მოგებასაც.

ნანა: საინტერესო თემაა, მაგრამ იქნებ იმათაც გვირჩიოთ რამე საინტერესო ხერხი, როგორ  "დავზოგოთ დანაზოგი"?  პირადად მე ხელფასიდან ხელფასამდე ერთ თეთრს ვერ ვინახავ.

-ნანას პირველ რიგში ვეტყვი, რომ ჯობია იზრუნოს ხელფასის გაზრდაზე. ეს დიდი პრობლემაა როცა ხელფასი თვიდან თვემდე არ გვყოფნის, ამის წამალი ასე ვთქვათ არის ის, რომ თვის დასაწყისში როცა ადამანი იღებს შემოსავალს, ყველა ხარჯი ქონდეს წინასწარ გაწერილი და ემოციურ ფაქტორებზე და გავლენის ქვეშ არ აწარმოოს საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვა. ჩვენი მიდგომა ხარჯებთან დაკავშირებით უნდა იყოს დაახლოებით იგევე, როგორიც არის ფინანსთა სამინისტროს მიდგომა ხარჯვით პოლიტიკაში. მცირე მოდელი უნდა შევქმნათ ბიუჯეტისა ჩვენს საოჯახო მეურნეობაში. ყველა ხარჯი უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გათვლილი, გამოყვანილი იყოს ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის და მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ წინასწარ გაწერილი ხარჯვითი მუხლების მოცულობები.

გია: ნდობის ფაქტორი დღევანდელ ბანკებთან ნოლის ტოლია. ჩვენი ბანკის მესვეურები სიხარბეს საზღვარი არა აქვს. თქვენი შეფასება როგორია?

-გიას ვერ დავეთანხმები რომ ბანკებისადმი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლია. თუნდაც დეპოზიტების ზრდის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ნდობა არ არის ნულის ტოლი. შეიძლება იყოს კრიტიკული, ამას ვადასტურებ, რადგან მეც მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება ბანკებისადმი, მაგრამ არა ნდობის ნაწილში. ნდობის ნაწილში ბანკებს პრობლემა არა აქვთ, რადგან ისინი არიან ძალიან სტაბილურები. პრობლემას გადახდის უნარიანობის თვალსაზრისით არასდროს არ უქმნიან საკუთარ კლიენტებს. პრობლემები გვაქვს ბანკებთან მიმართებაში, მაგალითდ საპროცენტო განაკვეთის, კრედიტის ფასთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატური და რეალურია ის ფასები რა ფასადაც საკრედიტო რესურს სთავაზობს მოსახლეობას. ამ მიმართულებით შეიძლება ვიყოთ კრიტიკულები და არა ანაბრის შენახვის ან ზრდადობის უზრუნველყოფის კუთხით და ზოგადად საბანკო სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას