ნარკომანია საქართველოში და პრობლემის გადაჭრის გზები

ნარკომანია საქართველოში და პრობლემის გადაჭრის გზები

ნარკომანია საქართველოში დღეს ერთ-ერთი უმთავრესი და გადაუჭრელი პრობლემაა. რას აკეთებს სახელმწიფო ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად, არსებობს თუ არა ქვეყანაში რეაბილიტაციის ცენტრები და ვის უნდა მივმართოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

კითხვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხემძღვანელი, ირაკლი გამყრელიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

გიორგი: რამდენად არის შესაძლებელი ნარკომანის განკურნება და რა გზებით?

-ნარკომანიის განკურნება შესაძლებელია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ამ სიტყვათა წყობას "ნარკომანიის განკურნებას" სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ნარკომანია ეს არის ქრონიკული დაავადება და მის განკურნებად ითვლება, როდესაც დამოკიდებული პირი აღარ მოიხმარს ნარკოტიკებს, ანუ არის რემისიის მდგომარეობაში. რაც უფრო ხანგრძლივია ეს მდგომარეობა, მით უფრო სტაბილურად ითვლება ეფექტი. რა გზებით, ამ შეკითხვას მინდა ვუპასუხო, რომ ეს არის ერთობლიობა ძალიან ბევრი მიდგომის და ბევრი ჩარევის. პირველ რიგში ეს არის ადამიანის მოტივირება, რომ მან დაიწყოს ფხიზელი ცხოვრება ნარკოტიკების გარეშე. ეს არის მისი მზადება ამ შედეგისათვის, რაც შეიძლება იყოს ჩანაცვლებითი თერაპია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ან თუნდაც სწრაფი დეტოქსიკაცია, როდესაც ადამიანი სწრაფად იხსნის ფიზიკურ დამოკიდებულებას ნარკოტიკის მიმართ. შემდგომ უკვე მოდის ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაციის ეტაპი, ჯერ სამედიცინო რეაბილიტაციის ეტაპი, როდესაც ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანი მიყენებული თავისი ორგანიზმისთვის მან უნდა აღიდგინოს, შემდგომ მოდის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, როდესაც მან უნდა ისწავლოს ნარკოტიკების გარეშე საზოგადოებაში ცხოვრება. შემდგომ არის საზოგადოებრივი ინტეგრაცია, როდესაც ნარკომომხმარებელი პოულობს და იმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში და მას აღარ სჭირდება ნარკოტიკებთან დაბრუნება. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. შემთხვევები ძალიან ბევრია, როდესაც ადამიანი აღწევს ამ შედეგს, ხანგრძლივად ინარჩუნებს და ასევე ბევრია შემთხვევები, როდესაც ადამიანი კარგავს მიღწეულ შედეგს და მერე იწყებს ყველაფერს ახლიდან. სამწუხაროდ ეს ახასიათებს ნარკომანიას. ამიტომ ჩვენ ვიძახით, რომ ნარკომანიის მკურნალობა, ეს არის ერთი ეტაპი, ნარკოტიკების მოხმარებას ადამიანის დონეზე სჭირდება ძალიან სერიოზული მართვა, რათა მას ყველანაირი ხელშეწყობა ქონდეს, რომ შეინარჩუნოს მიღწეული შედეგი.

ლალი: სააფთიაქო კონტროლი საკმარისია ნარკომანისთან ბრძოლისთვის?

-სააფთიაქო კონტროლი ნარკომანიასთან ბრძოლისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ აუცილებელია, განსაკუთრებით საქართველოში, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპაშიც და ბევრ წამყვან ქვეყნებშიც ალაპარაკდნენ სააფთიაქო ნარკომანიაზე. საქართველოში ეს გახდა წამყვანი პრობლემა, უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სუბოტექსი და ჰეროინი, როგორც არალეგალური ნარკოტიკი არალეგალურ ბაზარზე მნიშვნელოვნად აღკვეთილი იქნა. ძირითადი წყარო ნარკომომხმარებლებისთვის ნივთიერებების მოძიების გახდა აფთიაქი. სააფთიაქო კონტროლი აუცილებელია. აქ მარტო ნარკომანიაზეც არ არის საუბარი, აქ არის საუბარი ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ მედიკამენტების არასწორი ხელმისაწვდომობა ძალიან ბევრ ცუდ თანმდევ შედეგს იძლევა. საქართველოში ამან გვაჩვენა, რომ სააფთიაქო ნარკომანიამ შეიძლება უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწიოს, ნებისმიერ ფენაში და ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფებში. ამიტომ კონტროლი არის აუცილებელი ზომა, თუმცა საკმარისი ეს ნამდვილად არ არის.

სალომე: ხედავთ თუ არა რისკებს სააფთიაქო კონტროლის გამკაცრების შემდეგ, ნარკომომხმარებლების მხრიდან მოხდეს კუსტარულად დამზადებული ნაკოტიკების კიდევ უფრო გაუარესება?

-კუსტარული ნარკოტიკებიც მზადდებოდა სააფთიაქო პრეპარატებიდან.რისკი, იმისა, რომ სააფთიაქო ნარკოტიკებზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ აუცილებლად მოახერხებენ ნარკომომხმარებლები და იპოვიან შესაძლებლობას, იმისთვის, რომ რაღაცით ჩაანაცვლონ სააფთიაქო ნარკომანია, ეს რისკი ძალიან დიდია, ლოგიკურია და ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება. ყველაზე ცუდი არის ის, რომ დღეს ჩვენ არ ვიცით და წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რა გზით მოხდება ჩანაცვლება. როგორც არ ვიცოდით, მაშინ როდესაც ჰეროინს და სუბოტექსს ვებრძოდით, რომ მოხდებოდა ამ ყველაფრის ჩანაცვლება ვინტით, ჯეფით, ნიანგით და ა.შ. რა დადებითია და რა უარყოფითია ესეც ძალიან რთული ასაწონია, მაგრამ აუცილებლად ვიცით ის, რომ რაღაც ახალი გამოჩნდება ბაზარზე და რაღაც კუსტარული ნივთიერებების გამოყენება დაიწყება, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ წამლისგან არ მზადდებოდეს და ქიმიური ნივთიერებების გადასხვაფერებით მიიღონ.

ნანა: ხედავთ თუ არა სახელმწიფოში პრობლემის მოგვარების რეალურ გზას?

-პრობლემის მოგვარების რეალური გზა და ალბათ, ასეთი უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. როგორც ხშირად ძალიან ბევრი ექსპერტი და ადამიანი იძახის ეს არის სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობა. რომელიც იწყება პრევენციიდან და განათლებიდან. ეს არის განათლების სისტემაში, სასკოლო აღზრის სისტემაში, იგივე საუნივერსიტეტო სისტემაში ნარკოტიკების და ნარკომანიის შესახებ სწორი ინფორმაცლიის მიწოდება, რომელიც პრევენციაზეა ორიენტირებული. ეს არის განვითარებული მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის სისტემა, რომელიც ფაქტიურად არსებულ ნარკომომხმარებლების რაოდენობას ამცირებს. თუმცა არსად ამ ყველაფერს არ მოუტანია შედეგი, რომ ნარკოტიკების პრობლემა მოხსნილიყო. ეს პრობლემა იქნება ყოველთვის და ჩვენი მიზანი არის, რომ შევამციროთ ამ პრობლემის წნეხი საზოგადოებისთვისაც, ქვეყნისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ეს პრობლემა აქვს.

ბესიკი: ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებს (დღეს) სახელმწიფო ყოფილი ნარკომანების რესოციალიზაციისათვის?

რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ყოფილი ავადმყოფები და დღეს უკვე ჯანმრთელები პატრულის სამარცხვინო ბაზიდან ამოგვშალონ, საერთოდ ვინმე ფიქრობს ამ თემაზე?

(პირადად გახლავართ ყოფილი მომხმარებელი. 3 წელია უკვე აღარ მქონია არანაირი შეხება ნარკოტიკებთან. თუმცა პატრული ნებისმიერი გაჩერებისას "მემუქრება" ნარკოლოგიურში წაყვანით. ჩემგან რა თქმა უნდა ძალიან სწრაფ თანხმობას იღებს და ამის შემდეგ აღარ მივყავარ. მე თვითონვე "გავიარე" რესოციალიზაცია. მაქვს ცნობა ნასამართლობის არ ქონის შესახებ,მაგრამ რად გინდა. მაჩერებს პატრული და 1.5 და 3 წლის ბავშვებთან ერთად ატრიალებს ამ საზიზღარ სიტყვა-ნარკოლოგიურს).

-რესოციალიზაციის სისტემა არ არსებობს საქართველოში. არ არსებობს არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. ნაწილობრივ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებიც ამ კომპონენტს შეიცავს, ნაწილობრივ სხვა სამკურნალო პროგრამებიც შეიცავს, მაგრამ სახელმწიფო მიდგომა ნარკომომხმარებელთა რესოციალიზაციის მიმართ არ არსებობს. დღეს პრეცედენტული არის ერთი წლის წინ დაწყებული დანაშაულის პრევენციის და პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ განმეორებით დანაშაულის პრევენციის პროგრამები, ჯერ ინერგება და მოცულობითად ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ისინიც ამ შედეგს იძლევა. იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იმ პირთა დიდი ნაწილი, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არიან, მათ აქვთ ან ქონიათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არის რთული სისტემა, იმიტომ რომ რესოციალიზაციის სისტემა მიბმულია დასაქმებაზე, რომელიც ზოგადად პრობლემაა ქვეყანაში. ასევე მიბმულია მოტივაციის ინსტრუმენტებზე. ალბათ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, იმისთვის რომ სახელმწიფო დონეზე ესეთი მასშტაბური პროგრამები გვქონდეს. თუმცა ადვოკატირება ამის სპეციალისტების და ექსპერტების მხრიდან მიდის. რაც შეეხება აღრიცხვიდან მოხსნის საკითხს, ეს აქტიური დისკუსიის საგანი იყო სლ ცოტა ხნის წინაც, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყო მარეგულირებელი და საკანონმდებლო ბაზის გადახედვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ გართულებულია დღეს სისტემა ნარკომანიით დაავადებული პირის, მომხმარებლის აღრიცხვიდან მოხსნის და გვინდა, რომ ეს გამარტივდეს. რათა უფრო მოტივირებული იყვნენ ეს ადამიანებიც, რათა მოიხსნას ეს იარლიყი. რაც შეეხება უშუალოდ პატრულის ბაზას, არ ვიცი, მაგრამ პრეცედენტები არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იხსნება აღრიცხვიდან, თუმცა ეს არის საკმაოდ გართულებული გზა და არის გასამარტივებელი მნიშვნელოვნად.

ავთანდილი: მაინტერესებს C ჰეპატიტის მკურნალობა რა ღირს, არსებობს თუ არა სახელმწიფო პროგრამა?

-C ჰეპატიტის მკურნალობა, არის ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა. სახელმწიფომ დაიწყო C ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსება სამოქალაქო სექტორში. სამოქალაქო სექტორში დაფინანსებას უსწრებდა C ჰეპატიტის მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. რა მასშტაბების იქნება ეს და საბოლოო ჯამში რამდენ ადამიანს მოიცავს ამაზე დეტალური ინფორმაცია სამწუხაროდ მე არ მაქვს, მაგრამ ის რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ მან თავის წვლილი უნდა შეიტანოს ამ ადამიანების მკურნალობაში ეს უკვე კარგია.

ნანა: რას გვეტყვით ბიო ნარკტიკის შესახებ. რამდენად დამოკიდებული ხდება ორგანიზმი მასზე?

-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელსაც საქართველოში ბიო-ნარკოტიკს ვეძახით, ევროპაში სპაისებს ეძახიან, სადღაც კიდევ სხვა სახელწოდებით არის ცნობილი. დღეის მდგომარეობით, ეს არის დაახლოებით 300- მდე ნივთიერება. სამასი გახდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში და ყოველთვიურად ამ ამ ნივთიერებებს ახლად აღმოჩენილი ნივთიერებები ემატება. სამეცნიერო დონეზე მტკიცებულებითი კვლევები თუ რა ზიანი მოაქვს ამ ნივთიერებებს და რამდენად დამოკიდებული ხდება ადამიანი არ არსებობს. მაგრამ რადგან ჩვენთან უკვე მოხმარების ტენდენცია არის, ვხედავთ რომ ისინი არის ძალიან საზიანო ორგანიზმისთვის. დამოკიდებულებების ხარისხიც, გართულებების ხარისხიც, ის პრობლემებიც რაც მოსდევს ამ ნივთიერებების მოხმარებას საკმაოდ რთული სამართავი და რთული სამკურნალოა. ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანია. უნდა მოვუწოდოთ ყველას, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონიათ, რომ გარკვეული ამ ნივთიერებათაგანი ლეგალურია და არ არის დანაშაული ამ ნივთიერებების მოხმარება, მათ მიერ გამოწვეული ზიანი ბევრად უფრო მეტია სავარაუდოდ ვიდრე ჩვეულებრივი ნარკოტიკებისაც კი.

ნანა: ფიქრობთ თუ არა, რომ წამლების რეცეპტებით გაყიდვა ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა?

-წამლების რეცეპტით გაყიდვა ეს არის სააფთიაქო ნარკომანიასთან დაპირისპირების საკმაოდ ეფექტური ხერხი. თუმცა ყველაფერი იქნება შედეგებიდან გამომდინარე დათვლილი. თუკი აფთიაქები იყო ქცეული ლეგალურ ბაზრად იმ ნივთიერებების გაყიდვის, საიდანაც მზადდებოდა ნარკოტიკები, დღეს ეს ბაზარი უფრო მეტი პასუხისმგებლობით აღიჭურვა. რეცეპტით გაყიდვა ამ ნივთიერებების ისედაც იყო დაკანონებული, უბრალოდ ურეცეპტოდ გაყიდვა არ იწვევდა სასჯელს. ეხლა ვინაიდან შემოვიდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაღაც შეზღუდვების ნაწილი და ა.შ იმედია, რომ უფრო მეტი პასუხისმებლობით მოეკიდებიან ფარმაცევტული ბაზრის წარმომადგენლები ამ საქმეს და თავს დაანებებენ ნარკო ვაჭრობას.

გია: რას იწვევს "კრაკადილის" მოხმარება, როგორ დავეხმაროთ მასზე დამოკიდებულ ადამიანებს.

-კრაკადილზე დამოკიდებულ ადამიანებს უნდა ვუმკურნალოთ ძალიან აქტიურად, გადაუდებლის და შეფერხების გარეშე. შედეგები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კრაკადილის, დეზომორფინის, მოხმარების არის ძალიან მძიმე. ეს არის ძალიან ძლიერი და დამაზიანებელი ნარკოტიკი. მას ახასიათებს ძალიან მაღალი დამოკიდებულების ხარისხი. მას რეგულარული მოხმარებისას ახასიათებს შეუქცევადი გართულებების მაღალი ხარისხი. კრაკადილი ნამდვილად არის სიცოცლისთვის საშიში ნარკოტიკი. ადამიანი ვინც მოიხმარს ამ ნივთიერებას, უნდა იყოს მოტივირებული, რომ მივიდეს ექიმთან და ეცადოს თავი დაანებოს მას. არის რამოდენიმე ალტერნატივა, ეს არის ჩვეულებრივი მკურნალობა, დეტოქსიკაცია, როდესაც ხდება სტაციონარის პირობებში სწრაფი მკურნალობა, მეორე ეს არის ჩანაცვლებადი თერაპია, რომელიც რიგ შემთხვევებში უფრო ეფექტურია ვიდრე ტრადიციული მკურნალობა. ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ხდება ჩანაცვლება ამ კუსტარული ძალიან მავნე ნარკოტიკისა, სამედიცინო პრეპარატით. შემდეგ ნელ-ნელა უკვე ხდება ადაპტირება ადამიანის ნარკოტიკების გარეშე ცხოვრებასთან.

დედა: როგორია ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პროგრამა, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთან მკურნალობა?

-მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხი ზოგადად პრობლემურია საქართველოში, თუმცა ჩვენი ცენტრის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ის რაც არსებობს საქართველოში ხელმისაწვდომი, ჩვენთან არის. ეს არის სტაციონარული მკურნალობა, გარკვეული კრიტერიუმების მქონე პირთათვის უფასო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ეს არის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც უფასოა გარკვეულ პირთათვის და ზოგისთვის თანაგადახდით. არის ასევე სხვა მიმართულებებიც, რომლებიც მკურნალობის შემდგომ მოტივირებულ პაციენტებს ეხმარება. ეს არის რეაბილიტაციის მიმართულება და ა.შ.ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულება ნელ-ნელა განვავითაროთ და სახელმწიფოსა და დონორების წინაშე გავწიოთ ადვოკატირება, რომ დაფინანსება მეტი იყოს, რათა უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს მკურნალობა ხელმისაწვდომი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას