რატომ, ჩემო კეთილებო და, ოციოდე დღის წინ "აგორებული" ჭორი "გუშინწინებზე" ისევ აქტუალური გახდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ "კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს" და საქართველოში ყველა ჭორი ბოლოს მართლდება... მოკლედ, ხელისუფლებას პაატა ბურჭულაძე რომ არ მოსდის თვალში, არახალია; ჰოდა, ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" ჩაანაცვლებს... ნინა(!) წკრიალაშვილის(!!) საქველმოქმედო(!!!) ფონდი (ცუდად ვარ...). ჩაანაცვლებს, რა, "იავნანას" არავინ აკრძალავს, მაგრამ - დარბაზი, რეკლამა, სპონსორები... მოკლედ, სახელისუფლებო მხარდაჭერა იქით - ღირსების ორდენოსანი წკრიალაშვილის ფონდისკენ გადავა... "ერთი ბილეთი სოხუმამდე..." - ავოეეეე!!!
ჩვენი მთლად უფროსი (ცხადია, "გზის" გამომცემელს არ ვგულისხმობ) ამჯერად სახურავზე არ იჯდა კარლსონივით და იქ არ ატარებდა მთავრობის სხდომას, მაგრამ კარლსონივით დაფრინავდა ქალაქიდან ქალაქში და როგორც იმ სასტუმროს სახურავზე ჯდომისას, ახლაც მწვანეჟილეტიანი მუშების შრომის ფონზე გვაბოლებდა... ტალიავინის ჯინაზე!
ეს ტალიავინი არ ყოფილა ცუდი ქალიო, - ყოველ შემთხვევაში, იაკობაშვილმა ასე თქვა, - დასკვნაში არსად წერია, ომი საქართველომ დაიწყოო... მერე იტყვის, ვენესუელას არ უცნია აფხაზეთ-ოსეთის დამოუკიდებლობაო, მერე - საქართველომ ამ ომში გაიმარჯვაო, მერე - ორჯერ სამი ხან შვიდია, ხან - ცხრა, როგორც პრეზიდენტი ბრძანებსო... თუმცა ამას ახლაც ამბობს...
"ტელეიმედი" საბოლოოდ რომ "განაციონალდა", ცნობილია, მაგრამ "საუბრები სექსზე" მაინც ნამეტანია!
მოკლედ, საქმე მიდის, ბოდიში და, ა-ტა-ში...
კარგი, შევეშვათ; ხელისუფლების დეგრადირების ამბავი გარკვეულია, თავისი გაჭირვებაც ეყოფათ (არ მითხრათ ახლა, მაგათ რა უჭირთ, კარგს ჭამენ და კარგს სვამენო...), "აქეთ" რა ხდება, "ოპოზიციურ ფრონტზე"?! ვაი, ჩვენს პატრონს!
მოკლედ?.. მხოლოდ ფაქტები?.. კი, ბატონო:
ქ-ნი ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ პარლამენტის ექსთავმჯდომარე და პრეზიდენტობის მოვალეობის (საქართველოს პრეზიდენტობის!) ორგზის ყოფილი შემსრულებელი სომხური პოლიტიკური და სამეცნიერო ელიტის მიერ დაფუძნებული იმ ფონდის გამგეობის თუ რაღაცის წევრი ყოფილა, რომლის მიზანიც, ჯავახეთთან მიმართებაში სულაც არ არის ის, რომ იქ ყველა სომეხმა ქართული ისწავლოს!!!
ქართველი ოპოზიციის "ამაგდარმა მოღვაწემ", რომელსაც არც ამნისტია შეეხო, არც - შეწყალება და მხოლოდ წესიერი პატიმრებისთვის დადგენილი "შვებულებებით" სარგებლობს "საკანი #5"-ის დატოვებისას, ისეთები აკადრა ეროვნული მოძრაობის პატრიარქსა და მართლაც მოღვაწეს, რომ კიდევ ერთხელ დამენანა წინა "პროვოკაციის" სათაური...
კონსერვატიულმა პარტიამ პრესკონფერენცია მოიწვია და ჟურნალისტებს დიდი "გამარჯვების" შესახებ აუწყა - არჩევნები მოიგეს?! ხელისუფლების მამაძაღლობის დოკუმენტები გამოაქვეყნეს?! ახალი ეკონომიკური ან საგარეო პოლიტიკის კონცეფცია წარმოადგინეს?! მსხვილი საერთაშორისო პოლიტიკური გაერთიანების წევრები გახდნენ?!
არა, არა და არა - სასტუმრო "რედისონის" მენეჯერისგან წერილი მიიღეს: თქვენი მოსაზრება საინტერესოა და უახლოეს მომავალში წარწერას ქართულადაც გავაკეთებთო!!!
ეეჰ, რა სათაური იყო... ისე, სინონიმები ხომ შეიძლება... "წყალწაღებულნი", "გაბანძებულნი", "გაფარჩაკებულნი", "აზრზე ვერმოსულნი"... სამაგიეროდ, ჩვენ - მათი გულშემატკივრები და ყოფილი გულშემატკივრები ვართ აზრზე მოსულნი და ამიტომ ესენი (იქითაც და აქეთაც) არიან "გაშიფრულნი"!!! აჰა, ესეც - სათაური...
P.S. კარგი, ესენი "გავშიფრეთ" და აღარაფერი ეშველებათ, მომავალი თაობა უნდა გვეიმედებოდეს... პოსტსკრიპტუმში ტრადიციულად, ანეკდოტს ვწერ, მაგრამ ამწუთას ტელევიზიით მომავალი "მის საქართველოს" კონკურსის რეკლამა იყო და ერთმა ცუგრუმელა კონკურსანტმა მის მიმართ დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: "ძალიან მიყვარს შექსპირი და არ მიყვარს - ქიშმიში"(?!) ესეც - "ახალგაზრდობა, იმედი ხვალის"... არა, ისევ "დეგრადაცია" სჯობდა...
პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
12:20 / 08-10-2009
"გაშიფრულნი"




















