არ ჩანს, არ ჩანსო... დაერხაო... მაგისი დრო წავიდაო... ვერ მივართვით ავის მოსურნეებს - თურმე, ეს ჩვენი შალიკო ნათელაშვილი იჯდა, სამტომეულს წერდა და პრეზენტაციაც მოაწყო. სამტომეულს ეწოდება: "ბუშის თანამებრძოლთა: დიკ ჩეინის, ფრიდის, ბრუს ჯეკსონის, ბრაიზას და სხვათა დანაშაული ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებაში" (სიტყვასიტყვით ჩავიწერე)! ახლა ამ სამტომეულს ობამას გავუგზავნი, ამ საქმეზე საგანგებო პროკურორს დავანიშნინებ და მერე ნახონ ბუშმა და მისმა დამქაშებმაო (მართლა, ბრუს ჯეკსონი ვინ არის?). სხვათა შორის, იმავე პრეზენტაცია-პრესკონფერენციაზე "ვარდების გადატრიალების" (ასე უწოდა) ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გაგვიმხილა: ბუშის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ჩემი სათავეში არმოსვლა იყო და გადატრიალება ამიტომ მოაწყობინა ზემოთ ჩამოთვლილ კრიმინალებს, სოროსსაც ამიტომ დაახარჯვინა ბევრი მილიონიო!.. არადა, ყველაზე მეტად, რა მხიბლავს ამ ადამიანში, იცით (შალიკოს ვგულისხმობ, სოროსს კი არა)? რა და, თითქმის დარწმუნებული ვარ (ყოველ შემთხვევაში, ასეთი გამომეტყველება აქვს ხოლმე), რომ რასაც ამბობს, სჯერა!!! ანუ სჯერა, რომ ბუშმა მაგის სახელი იცის... შალვა, შე ბედნიერო!..
ნახეთ, მთელი აბზაცი "მივუძღვენი" შალვა ნათელაშვილს. რას ნიშნავს ეს, იცით? იმას, რომ სალაპარაკო აღარაფერია და ჩემი "პროვოკაციები" მალე არაფრისმთქმელ, უფუნქციო და უკბილო პასკვილებად გადაიქცევა... აბა, რა უნდა ვთქვა ახალი? ისევ 2 წლის წინ გამოჭყლეტილ ჩერნოგორიის ნაკრებთან წაგება, ისევ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა" მხოლოდ სიტყვით და მხარზე ხელის ტყაპუნით, ისევ ის შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევ ის - "ისტორია ჩვენით იწყება", ისევ ის ოპოზიცია, ისევ ის ესტრადა, ისევ ის მეზობლები... ჰო, მართლა, ჩვენს მეზობლად რაღაცები ხდება: სომხები და თურქები შერიგებასავით რაღაცას აპირებენ და მე უკვე კომპლექსი ჩამომიყალიბდა - თუ ვიღაც რაიმე სარგებელს ნახულობს ამ რეგიონში, მგონია, რომ ეს საქართველოს ხარჯზე ხდება... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!..
ქართველ ე.წ. "შოუმენებზე" წაიღადავებდა კაცი, მაგრამ ღმერთმა იცის, მერე ვის სად და რის მინისტრად დანიშნავენ და ვინ სად "დამიპადიეზდებს": წინა ხუთშაბათს ერთი ყოფილი "შოუგერლი", ამჟამად, სამინისტროს ფუნქციონერი ვახსენე, პრესაში მასზე გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით, და ისე ეწყინააა...
მასაც და მასავით "ს კარაბლია ნა ბალ" მოხვედრილებსაც მინდა მოვახსენო: თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თქვენ გქვიათ "საჯარო მოხელეები" და თქვენი ყველა საქციელ-საქნარი "საჯარო მსჯელობის" საგანი შეიძლება გახდეს. სხვათა შორის, ეს სატირულ-იუმორისტული გვერდია და თანაც, "პროვოკაციული", ამიტომ ხშირად რომ კითხულობდეთ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც "კეთილისმყოფელი" დაგირეკავთ - ნახსენები ხარო, - მაშინ გეცოდინებოდათ, რომ თუკი პრეზიდენტი არ ბრაზდება (აი, დარდი, თუ გაბრაზდა!), როდესაც "კარლსონს" ვუწოდებ და მერაბიშვილი არ მიგზავნის "ოურის ბიჭებს", როდესაც არცთუ ლამაზი ეპითეტებით ვამკობ, როდესაც "ოპოზიციის რაინდები" არ მწერენ "ერის მოღალატეთა სიაში" და როდესაც თვით შალიკო არ ჩივის ობამასთან, ჩემი და ბუშის დანაშაულებრივი კავშირის გამო, ასეთი ამბები არც თქვენ უნდა მიიტანოთ გულთან ახლოს - ახალგაზრდა ხართ, გული გეტკინებათ... სამინისტროში წყლის დისპენსერები ხომ დგას? იქნება, აბა, რა! ვინმე შინაური "მოიგებდა ტენდერს" და ალბათ, შემოაქვს ლიტრი წყალი ლარ-ნახევრად...
P.S. არ ვიცი, რა ვქნა, პოსტსკრიპტუმში ანეკდოტი შემოგთავაზოთ თუ "ტელეიმედიდან" გამოსული მაგარი ამბავი... ისევ ეს სჯობს, ვიდრე "დაძველდება": გიორგი არველაძე (დიახ, სწორედ "ის") დირექტორობას არ სჯერდება და ტელეწამყვანობასაც აპირებს!!! როდის გავა გადაცემა ეთერში, ეს ჯერჯერობით არაა ცნობილი, მაგრამ ბოლო ინფორმაციების ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ოჯახური ბიზნესის" ამბავში (მისი მეუღლე პროდიუსერიაო), "საუბრები სექსზე" მხოლოდ ქალი-წამყვანის ამარა არ იქნება...
პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
11:05 / 15-10-2009
სამტომეულის პრეზენტაცია და "ტენდერში მოგებული" დისპენსერები




















