"მრეკველები" გვინდა, ბევრი "მრეკველი"!

"მრეკველები" გვინდა, ბევრი "მრეკველი"!

ახლაღა მივხვდი, როგორ შეცვლილა ჩვენი ქვეყანა - ორიოდე დღის წინ არჩევნები ჩატარდა და მე კი გასული კვირის უმთავრეს მოვლენებად სულ სხვა ამბები მიმაჩნია. არადა, ადრე ასეთი თარიღების წინ ორი-სამი თვით ადრე ვილესავდი კბილებს... ახლა?.. რა ახლა, მე კი არა თვით დამარცხებულ-დაგოიმებულმა, უკაცრავად პასუხია და, პოლიტიკოსებმაც ერთი ჯიგრიანი პროტესტი ვერ გამოთქვეს - მიტინგი და დემონსტრაცია თუ არა, ან შეეგინებინათ, ან პანღური ამოერტყათ საარჩევნო კომისიის რომელიმე რიგითი წევრისთვის მაინც! თქვენც არ მომიკვდეთ - ვულოცავთ გამარჯვებულსო!.. საბოლოო შედეგებს დაველოდებითო...

ჰმ, ეს "საბოლოო შედეგები" დაახლოებით რა არის, იცით? ადამიანი რომ მოკვდება, ჯერ დასაფლავებული რომ არ არის და ოჯახში რომ ფაციფუცია - კუბო, მუსიკა, ქელეხი, რამე... და იციან, რომ მოკვდა, მაგრამ საფლავში ჩაშვებულ კუბოს პირველი "ლაფატკა" მიწა რომ მიეყრება, მაშინღა რომ აღიქვამენ საბოლოოდ მწარე სინამდვილეს - აი, სწორედ ეგ "ბოლო ლაფატკა" იქნება ის "საბოლოო შედეგი", თორემ მკვდარი უკვე "ზალაში" დევს გაჭიმული!

მკითხველთან ბოდიში (და არა იმ "მკვდართან" - დავიღალე, ამდენი წელია, მაგათი ჭირისუფლობით), თუკი "შავი იუმორით" ვცადე ჩემი დამოკიდებულების გადმოცემა, მაგრამ გპირდებით, არჩევნებს აღარ ვახსენებ (დღეს, თორემ...).

სხვა ამბები-მეთქი, დასაწყისში ვთქვი: "ევროვიზიის" ფინალური კონკურსი, პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში (ახალი ბანაკის გახსნით), ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ვანო მერაბიშვილის მორიგი ინტერვიუ რუსულ პრესაში... აუჰ! სიტყვა უნდა გავტეხო!!! არჩევნები უნდა ვახსენო ისევ - ძალიან მომეწონა "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები, ყველაფერი იციან, ყველას იცნობენ... ჩემს სახლთან (ფაქტობრივად - ეზოში) ორი საარჩევნო უბანი იყო - სკოლაში და საბავშვო ბაღში, ორივეში შევიარე, დავათვალიერე (სიაში მაინც არ ვიყავი - კარგად მიცნობს "კოორდინატორი" და ამომშალეს)...

იჯდა ეს ჩემი მეზობელი, ზუსტად ისე, როგორც 20 წლის წინ იჯდა პურის მაღაზიასთან მიდგმულ "ტაბურეტკაზე", და მგონი, ზუსტად იგივე რვეული და ფანქარი ეჭირა და შემსვლელ-გამომსვლელს "აპლუსებდა". მიყვარს წესრიგი. ევროპელებსაც უყვართ და იმიტომ განაცხადეს იქაურმა დამკვირვებლებმა: წინა არჩევნებთან შედარებით, სერიოზული პროგრესია - არავის არავისთვის არაფერი უსვრია და არაფერი მოუჭამიაო...

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ვახსენე - ამას წინათ ჯერ რუსული "რენ-ტი-ვი" გააოცა, რუსულ ფორუმებზე რომ შეგეხედათ, გადაირეოდით: მპოსტავთა ერთი ნახევარი იფიცებოდა - ტყუილია ეგ ყველაფერი და უნდა დავბომბოთ საქართველოო; მეორე ნახევარი უმტკიცებდა - რა ტყუილი, ნაღდად ვიცი, მართლა მაგარი პოლიცია ჰყავთ და რატომ უნდა ჰყავდეთ, უნდა დავბომბოთ, აბა რაო!..

ჰოდა, სხვა რუსული "მასსრედსტვაც" დაინტერესდა და ამჯერად "ეხო მოსკვიში" იყო რადიოინტერვიუ... დიდი ხანია, ბებიაჩემი არ მიხსენებია და რა მაგის პასუხია, მაგრამ მერაბიშვილის ამ ინტერვიუების შემდეგ სწორედ ცხონებული ბებია გამახსენდა: ბავშვობაში, როდესაც დედა მე და ჩემს ძმას გამოგვპრანჭავდა, სტუმრად წასასვლელად მოგვამზადებდა და დარიგებას დაგვიწყებდა, - "აბა, ახლა იქ ქვეყანა კი არ გააკვირვოთ, კი არ იღრიალოთ და კი არ დალეწოთ ყველაფერი, როგორც იცით... ", - ამ დროს ბებიაჩემი გვესარჩლებოდა: "რას ერჩი მაგ ბაღნებს?! აქანე არიენ გადარეულები, თვარა საგარეო საქციელი ქე იციან... " ჰოდა, საგარეო საქციელი იცის ჩვენმა ვანომ...

ისე, საგარეო ასპარეზზე კინაღამ სერიოზული მარცხი მოგვივიდა: "ევროვიზიის" ფინალურ კონკურსში საქართველოს წარგზავნილმა სოფო ნიჟარაძემ ოდენ მეცხრე ადგილი დაიკავა და ამ პროექტზე ჩვენი გაღლეტილი ბიუჯეტიდან დახარჯულ მილიონ ევროს ჩაილურის წყალი დაალევინა... კინაღამ! კინაღამ დაალევინა! "კინაღამ" იმიტომ, რომ აქაც ქართულმა "პოლიტიკურმა გენიამ" იმარჯვა და ჩაფლავებული "ევროვიზია" პოლიტიკურ გამარჯვებად აქცია: 39 ქვეყნიდან ოთხმა (სლავებმა და სომხებმა) მისცა ბელარუსს მე-12 ადგილი (ანუ თითო ქულა), 34-მა - 0 ქულა, ხოლო საქართველომ - პირველობა და 12 ქულა!!! არა, მოფიქრება ხომ გინდა?! ეს ამბავი 29 მაისს ხდებოდა, არჩევნების წინაღამეს - ყველა ქართულ არხზე ყველა ინტერაქტივიანი პოლიტიკური ტოქშოუ დამთავრებული იყო და "მრეკავების" უმეტესობას უკვე ეძინა, რადგან "შეთავსებით", სწორედ მათი უმეტესობა იყო ზემოთ ნახსენები "კოორდინატორი" და დილით საარჩევნო უბნის გახსნას უნდა დასწრებოდა.

ამ დროს დაურეკეს "კოორდინატორთუხუცესებმა" და ფიცხელი ბრძანება მისცეს: თითო ნომერზე (ყოველ მათგანს 5-5 ნომერი აქვს, "კონსპირაციის" მიზნით), - უკვე გადმორიცხულია 50-50 ლარი, სასწრაფოდ დაიწყეთ რეკვა და ხმა მიეცით ჩვენი მოძმე ბელარუსის წარმომადგენლებსო! ჰა?.. როგორია?! იცით, რომ მას მერე 2 დღეა, მინსკში, ბრესტში, გომელსა და განსაკუთრებით ვიტებსკში, ყველა "პადიეზდსა" და ყველა ბუჩქის ძირას უკვე საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ "ტრაინოი ადეკალონით"!.. მერედა, თქვენ გგონიათ, ეს სპონტანური პოლიტიკური სვლა იყო?!

ნურას უკაცრავად (ხომ იცით, ვისი ტერმინია?..)! სწორედ ამ ტერმინის მოყვარულმა "დემოკრატიის შუქურამ" უთხრა რამდენიმე დღით ადრე ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკის გახსნისას ერთ იქაურს: უკვე წელს ამ ბანაკში ჩვენი მეგობარი ევროპელები დაისვენებენ - 300-300 ბავშვი პოლონეთიდან და ბელარუსიდანო! იმ კაცმა უპასუხა: ნამდვილი დავით აღმაშენებელი ხართ, ბატონო პრეზიდენტოო (ეტყობა, ყივჩაღთა ჩამოსახლება გაახსენდა).

კი გამიკვირდა, მაგრამ მე რას მივხვდებოდი შორს მიმავალ პოლიტიკას?! გავიდა სამიოდე დღე და ისევ ქართულ-ბელარუსული ძმობა... ჰმ, ღიპიანი ბიძები რომ ოხრავენ: "რა დრო იყო?! წახვიდოდი მოსკოვში 37 მანეთად..." - და ა.შ. ასეთ რამეს ისინიც კი არ მოსწრებიან: ის 300 "ბავშვი" ბელარუსიდან 18-დან 21 წლამდე ყოფილა და ანაკლიის სანაპიროზე ბუჩქი ცოტაა, მაგრამ მანამდე რაღაცას მოაგვარებენ. ამის შემდეგ ვიღაცებს არ სჯერათ, რომ ახალგაზრდებს მართლა უყვართ "ნაციონალური მოძრაობა"...

დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვახსენე. აგერ ერთ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნად კარგი რაღაცები მაინც ხდება...

P.S. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას ახალი გადაცემის მხოლოდ ანონსის ნახვა მოვასწარი, მაგრამ რაც ვნახე, საკმარისია: ქართველმა ახალგაზრდებმა დაახლოებით იციან, ვინ არის ილია ჭავჭავაძე, ხოლო ილიას უნივერსიტეტის რექტორს ეს სულაც არ მიაჩნია ქვეყნის დაქცევად!

და აქ ისევ გამახსენდა "მრეკველები", ოღონდ - არა "კოორდინატორ-მრეკველები", არამედ ცხონებული ხუტა: "მრეკეთ, მრეკეთ თავში ბოთლი, ქალბატონო მარგალიტა, რაა!.."

ეეჰ... ვახვეწნინებდი კი არა, ისეთს ვრეკავდი, ინგლისურსა და კომპიუტერს დავავიწყებდი! მაგრამ ბევრი გვინდა, ბევრი "მრეკველი"!

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე