ექსპერტების ქვეყანა

ექსპერტების ქვეყანა

ზაფხული, როგორც წესი, პოლიტიკური აქტიურობითა და საინტერესო ამბების სიუხვით არ გამოირჩევა (ცხადია, თუკი რომელიმე პოლიტიკოსის "პლავკების ზომას" არ მიიჩნევს ვინმე საინტერესოდ), ამიტომ "პროვოკაციებისთვის" საკმაოდ უმოსავლო პერიოდად მივიჩნევ, მაგრამ გასული 7 დღე გამონაკლისი იყო - რა ვიცი, რომელი ერთი მოგახსენოთ: პრეზიდენტს რომ ჩუსტები არ ჰქონია და ქამარგადაჭერილს სძინავს, ამაზე უკვე ყველამ იმსჯელა;

კუშნერი რომ ჩამოვიდა და ჭკვიანად იყავითო, - აქეთ რომ დაგვადო ოსებ-რუსებთან ვალი, ამაზეც უკვე ყველა (მათ შორის, პრეზიდენტიც) დაიბოღმა; ბაღაფში რომ ნიკარაგუის დედაქალაქში რევოლუციის 31-ე წლისთავის მიტინგზე გამოვიდა, თავისი "წითელი ახალგაზრდობა" რომ გაიხსენა და "და ზდრავსტვუეტ ნიკარაგუა, და ზდრავსტვუეტ ტავარიშჩ ორტეგა" - დასძახა, ამაზეც ყველამ იღადავა (გვერდით კოკოითი ედგა და ისიც ფხუკუნებდა)...

იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი თემა (ან თემები) ძნელი საპოვნელი არ იყო, თუნდაც ის რად ღირს, რომ თვით თეა თუთბერიძემ თვით დიმიტრი შაშკინს სულ კრიმინალი ეძახა და სასამართლოში უჩივლა!!!

ანდა, რუსეთის ამბავი აიღეთ: იმდენი უკიჟინა ამერიკამ და ევროკავშირმა, შენი მილიცია უკანონოდ აკავებს ხალხს, რასაც უნდათ, იმას აკეთებენო, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოაქციეს - ახლა "ეფ-ეს-ბეს"! და მილიციას კანონიერი უფლება აქვთ, ნებისმიერი მოქალაქე დააკავონ 15 დღით, ყოველგვარი ადვოკატის, "ზარი ახლობელთან"-ის და ახსნა-განმარტების გარეშე! არა, არა, ზურაბ ბატონო (ნოღაიდელს ვეუბნები), ვიღაცაში გეშლებათ ეგენი და ერთი კაი მაგრად დაფიქრდით, რა... (თუ, რომ დაფიქრდით, მაშინ უფრო შეგიყვარდნენ?!)

მოკლედ, თემების სიუხვის მიუხედავად, ერთი ძველი თემის შესახებ მომიწევს საუბარი, თუმცა ამის საბაბი ახალი ფაქტი გახდა.

ეს თემაა - ქართველი ე.წ. ექსპერტები.

მაშ, ასე: ახლა რომ გკითხოთ - აბა, ვინ გამოიცნობს, დღეს დილას პირველს ვის დავურეკე-მეთქი, აზრი არა აქვს, რადგან თქვენ კი არა, მეც ვერ ვიფიქრებდი, თუ დილას ერთ-ერთ საიტზე ისეთ რამეს ამოვიკითხავდი, რომ მაშინვე ირანის საელჩოში დავრეკავდი! გაკიკვირდათ?! მე კი სრულიად გულწრფელი ვიყავი - დავრეკე ჩვენს კოლეგებთან საელჩოს პრესცენტრში და ვთხოვე, გადაეცათ ელჩისთვის, რომ ყველა ქართველი "ექსპერტი" და ჟურნალისტი არ არის კრეტინი! ყოველ შემთხვევაში, მე არა ვარ ასეთი, მაგრამ მათ მაგივრად მე მოვიხადე ბოდიში...

ახლა, სიმართლე რომ ითქვას, "კრეტინი" არ უნდა მეთქვა, რადგან "კა-გე-ბე-შნიკი" და "კრეტინი" ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, მაგრამ ყველაფერს ხომ არ ვეტყოდი, დიპლომატიური მისიაა მაინც...

რაც შეეხება "კა-გე-ბე-შნიკობას" ანუ, როგორც ილია იტყოდა, "მდაბიურის ენით რომ ვთქვათ" - რუსეთის აგენტობას (ამას აღარ უნდა ბრჭყალებში ჩასმა): ტყუილად ნუ ეცდება ამ სიტყვების ადრესატი, რომ მიჩივლოს და "ღირსებისა და პატივის" (რისი, რისი?) შელახვისათვის ფულადი კომპენსაცია მომთხოვოს (ჩემს ფეხებს მიიღებს ჩემგან, პუტინს სთხოვოს), მხოლოდ იმიტომ, რომ არც მისი ფოტო მაქვს რუსული სპეცსამსახურის სამხრეებიან (ეგენი რომ "პაგონებს" ეძახიან) კიტელში გადაღებული და არც შეფთან გაგზავნილი, მისი საიდუმლო რადიოგრამა; მაგრამ ყველა, ვინც მტრის საქმეს აკეთებს, იმ მტრის სპეცსამსახურის თუნდაც უნებლიე თანამშრომელი არ არის?!

ვისზეც ახლა ვსაუბრობ, მასსა და რუსეთს შორის არსებულ, საკმაოდ "არაპლატონურ სიყვარულზე" ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო საუბარი, მაგრამ ბოლო დროს სიბერე შეეპარა და ხშირად "იშიფრება": მთელმა საქართველომ ნახა მისი ინტერვიუ, როდესაც აეროპორტში, მოსკოვში გამგზავრების წინ ცოფებს ყრიდა: დავითაშვილი და კუკავა არავის მიუწვევია რუსეთში, თავისი ინიციატივით მოდიან, მხოლოდ მე მაქვს ოფიციალური მოწვევაო (ალბათ ფიქრობდა, "პადაჩკაში" წილს მომთხოვენო)...

ჰო, ახლა - მთავარი: რა ქნა ასეთიო? - იკითხავთ. ა, ბატონო, ციტატა მისი ინტერვიუდან, როდესაც ჟურნალისტის ბოლო კითხვაზე, - ირანის ელჩმა რომ მიგიწვიათ საელჩოში, როგორც ექსპერტი, რატომ არ წახვედითო? - პასუხობს:

- ვერ ვიტან ჩადრიან ქალებს!

აი, ასე, ლაკონიურად, ქართველმა "ექსპერტმა"! თუ იხუმრა, რა ხუმრობაა, მაგრამ არ უხუმრია - არავითარი განმარტება, ინტერვიუ ასე მთავრდება!

p.s. ვიღაცამ შეიძლება თქვას: დიდი ამბავი, თქვა და თქვა, რა მოხდა მერეო?.. რა მოხდა და, იმავე საიტზე ირანის საელჩოს კომენტარი წაიკითხეთ და მიხვდებით - ეს არის კორექტულობის, დიპლომატიურობისა და სხვა რელიგიისადმი (ამ შემთხვევაში, მართლმადიდებლობისადმი) კეთილგანწყობილების ნიმუში, ამან კიდევ, - ჩადრიან ქალებს ვერ ვიტანო. რაც მთავარია, საელჩო წერს, რომ ახალ ელჩს ამ ქვეყნის ჭკვიან ხალხთან შეხვედრა უნდოდა და ზოგიერთმა ჟურნალისტმა მას რამაზ კლიმიაშვილი (ჰო, მართლა, ჯერ არ მიხსენებია) ურჩია, როგორც "საუკეთესოდ მოაზროვნე" და "დიდი კულტურის(?!) მქონე ექსპერტი"!!! კოლეგიალობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვინც ეს უთხრა, ჩემი აზრით, ის ჟურნალისტიც "კა-გე-ბე-შნიკია"!

საერთოდ, ვინმემ გამაგებინოს, სად ანიჭებენ ექსპერტის წოდებას? იქნებ მეც რაიმეს ექსპერტი ვარ და არ ვიცი?..

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"