26 ოქტომბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე "მოულოდნელად მიიჭრა" ტრიბუნასთან და შეკრებილთ "ახარა", რომ პარლამენტი იმსჯელებს, გადაწყვეტს და ამიერიდან მედიამფლობელების ვინაობა საქართველოში გასაიდუმლოებული აღარ იქნება...
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც არ დაახანა და საზოგადოებას სააკაშვილის "დანაბარები" ამცნო: ეს ინიციატივა გაეროს ტრიბუნიდან 2008 წელს გაკეთებულ ჩემს განცხადებას შეესაბამება, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღას შეეხებოდაო.
მე პირადად, დიდად არ მჯერა ამ ინიციატივისა და დავით ბაქრაძის განცხადების გულწრფელობისა. ვისაც სჯერა, კი ბატონო "გაგატარებთ", მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა 2010 წლის ბოლოა და თუ 2008-ში სააკაშვილის მიერ გაეროში გამოცხადებული "დემოკრატიის მეორე ტალღა" ახლაღა "მოასკდა" ქართულ ნაპირს, მაშინ ვინძლო ამ ინიციატივის ცხოვრებაში დანერგვას უფრო მეტი დრო დასჭირდეს...
ჯერ არავინ იცის (თუმცა, ყველამ იცის) ეს ამბავი მართლაც ხელისუფლების კეთილი ნებაა, თუ მედიათავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში დაკავებული სამარცხვინო 99-ე ადგილის და საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რაც მთავარია, დონორი ორგანიზაციების) საყვედურების დამსახურება.
ჰოდა, ვისაც გჯერათ და ვინც "გაგატარეთ", იმათ მინდა ვკითხო: იცით თუ არა, რომ არაფერიც არ არის გასაკეთებელი და უბრალოდ, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაა შესაცვლელი?! იცით, თუ არა, რომ კანონით ისედაც შეიძლება ყველაფრის დადგენა და დარეგულირება?! მაგალითი გნებავთ? კი, ბატონო: 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა, იქაურობა მილეწ-მოლეწა და... თუმცა, ეს სხვა თემაა.
ერთი, სიტყვით, 7 ნოემბერს მაუწყებლობა შეწყდა, 12 დეკემბერს აღდგა, მაგრამ 29-ში ისევ შეწყდა, ოღონდ უკვე ჟურნალისტების "პროტესტის" გამო - პატარკაციშვილი სარედაქციო საქმეებში ერევაო! თუმცა, ხელისუფლებამ იმაზეც იფიქრა, რომ მხოლოდ ჟურნალისტების პროტესტი "ვერ გაქაჩავდა", ბოლოს და ბოლოს, ტელევიზიის მფლობელი დაითხოვდა "მეამბოხეებს" ამიტომ სრულიად კანონიერი (მიაქციეთ ყურადღება - ამ სიტყვას ბრჭყალების გარეშე ვწერთ) გზით გადაწყვიტეს პრობლემა: დაადგინეს, რომ ტელე-იმედის 100%-ის მფლობელი არის ჯგუფი "ი-მედი", ამ "ი-მედის" 65% ეკუთვნის "ჯეი-ემ-ჯი-კონსალტინგ გრუპს", ამის 15% კი - "არკადი პატარკაციშვილის დამოუკიდებელ საქველმოქმედო ფონდს", ხოლო არკადი პატარკაციშვილი "ცუდი კაცია", პრეზიდენტობა უნდოდა, ამიტომ 2008 წლის იანვარში მარეგულირებელმა კომისიამ "იმედს" ლიცენზია შეუჩერა. ჰო, კიდევ - 2500 ლარიანი(!) ჯარიმა აქვთ გადაუხდელიო!..
ხედავთ? როცა უნდოდათ, 3-4 ორგანიზაციის "გავლით" მივიდნენ პატარკაციშვილამდე და იმის მიუხედავად, რომ 65%-ის 15%, რეალურად "ტელე-იმედის" აქციების 10%-ს ნიშნავდა, გასაკეთებელი მაინც გააკეთეს. ახლა რა ხდება? ბაქრაძეს ახლა გახსენებია, რომ "ნაციონალური" "რუსთავ-მზე-იმედებზე" მფლობელების ვინაობა ყველამ უნდა იცოდეს და ფინანსური ინფორმაციაც საჯარო უნდა გახდეს!
მაგისთვის აწუხებთ, ბ-ნო დავით ამდენ ხალხს? ჩვენ "გაგახსენებთ" ყველაფერს, თუკი რამ "დაგავიწყდათ":
ისევ "იმედით" დავიწყოთ: პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "აღმოჩნდა", რომ განსვენებული "ვერ იტანდა" ვერც აქაურ და ვერც რუსეთში მყოფ თავის ცოლ-შვილს და მთელი ქონება დეიდაშვილისთვის - ჯოზეფ ქეი-კაკალაშვილისთვის უანდერძებია(?!). მერე, ცხადია, ქეი-კაკალაშვილმა "საკუთარი ნებით" მიჰყიდა "იმედის" 90% ცნობილი არაბული კომპანის "RAKEEN"-ის შვილობილ "RAAK Georgian Hollding"-ს. ამ 10%+90%-ით შეიქმნა Georgian Media Production Groop, რომელიც ტელე-იმედის 100%-ის მფლობელი გახდა და ყველაფერი "გაპრავდა"! მაგრამ, ბრიტანული "ნეიშენალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, 2010 წლის დასაწყისში, "რაკიინის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰატერ მესედმა განაცხადა, არავითარი ტელევიზიის წილი საქართველოში არ მიყიდია, გიჟი კი არ ვარ, საქართველო პატარა ქვეყანაა და იქ ტელე-ბიზნესი წამგებიანიაო! რა გამოდის ახლა, ბატონო დავით ბაქრაძევ?! სწორია - ხელისუფლება გვატყუებდა!
"იმედზე" საუბარი მისი დირექტორით დავამთავროთ - ვინმეს "კარიერული კიბის" ასეთი "კონსტრუქცია" თუ გაგიგიათ: ეკონომიკის მინისტრი-კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე-კერძო ტელეკომპანიის დირექტორი! წინ მიიწევს ბიჭი, რას ერჩი?! არველაძის მიერ "ზემოთ" შეთანხმებულ "მოდელირებულ ქრონიკაზე" აღარაფერს ვიტყვი... ახლაც ხომ ასეა - მარეგულირებლის თავმჯდომარე ისევ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი - ირაკლი ჩიქოვანია.
კარგი, ეს ამბები ბაქრაძემ არ იცოდა, ახლა "რუსთავი 2"-ს თავგადასავალი გავიხსენოთ: 2001 წლის ოქტომბერში რომ შევარდნაძის პოლიცია შევარდა ტელევიზიაში, იმით დავიწყოთ. ამას არც "რუსთავი 2" შეეპუა, კოლეგებიც გვერდით დავუდექით, ხალხმაც ხმა აღიმაღლა და საბოლოოდ, ეს ტელევიზია რომ "რევოლუციის ტრიბუნად" იქცა, სწორედ ცხრა წლის წინანდელმა ამბებმა განაპირობა. მაშინ ეროსი კიწმარიშვილი იყო ამ არხის ერთპიროვნული მფლობელი და რევოლუციის "რუხ კარდინალადაც" იმიტომ შერაცხეს. რა მოხდა რევოლუციის შემდეგ? ერთ თვეში დაიხურა "ღამის კურიერი" და შემდეგ ყველა თოქ-შოუ ყველა სხვა არხზე. კიწმარიშვილმა 2004 წლის ბოლოს "მოულოდნელად აღმოაჩინა", რომ ეს ბიზნესი აღარ აინტერესებდა და "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა, რომელმაც, კიწმარიშვილისგან განსხვავებით, "აღმოაჩინა", რომ შამპუნებისა და სარეცხი საპნის გარდა, სწორედაც ტელე-ბიზნესი "იტაცებდა".
ხალვაში ახლაა "ძებნილი და კრიმინალი", თორემ მაშინ იგი სააკაშვილთან ასოცირდებოდა ("ჩერეზ ოქრუაშვილი") და სამართლიანადაც. ოთხი წლის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ "გაებუტა" ნაციონალურ მოძრაობას, კიწმარიშვილმა, როგორც იქნა, თქვა, - ძალით გამაყიდინესო.
2006 წლის იანვარში ხალვაშის "რუსთავი2" ბეჟუაშვილის (ბეჟუაშვილების) "მზესთან" გაერთიანდა. ვისაც ესეც გჯერათ, რომ ამ "ნებაყოფლობით" გაერთიანებაში ბეჟუაშვილი არ უფროსობდა, კი ბატონო, მიბრძანდით. მე კი, ეკა ხოფერიასი უფრო მჯერა, რომელმაც იმავე წლის ივლისში პირდაპირ ეთერში განაცხადა, აქ მუშაობა შეუძლებელიაო და "რუსთავი 2" დატოვა! რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ მაშინ ან ბატონ დავით ბაქრაძეს რამე ეთქვა... სამაგიეროდ, ერთ თვეში, გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე გაათავისუფლეს და ყველამ იცის, რისთვის - არველაძესთან კონფლიქტის გამო. სწორედ არველაძის მეგობარი კობა დავარაშვილი გახდა ამის შემდეგ დირექტორი - უბრძანეს ხალვაშს და მანაც დანიშნა. ამ ამბებს კომპანიის 6 ჟურნალისტის წასვლა და დავარაშვილის საკუთრებაში მყოფი სარეკლამო კომპანიის რეკლამების "მოსვლა" მოჰყვა.
წორედ იმ წლის ბოლოს დაიწყო დღევანდელი სტატიის თემისთვის საინტერესო ამბები: ნოემბერში ხალვაშმა (ცხადია, "საკუთარი სურვილით") "რუსთავი 2" კომპანია "ჯეოტრანსს" მიჰყიდა, რომლის ქონებაც 2008-ში ორმა სუბიექტმა გაიყო: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და "ჯეომედია" (მარშალის კუძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია). 2008 წელსვე, ახალ დირექტორს, ირაკლი ჩიქოვანს ისე "მოსწონებია" ტელე-მაგნატობა (არადა, საყოველთაო აღიარებით, ეს ბიზნესი წამგებიანია), რომ ორივე მფლობელისაგან 15-15 % "შეუსყიდია".
უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ეს ინფორმაცია დახურული იყო, სანამ "გაბრაზებულმა" კიწმარიშვილმა არ გაახმაურა, მერე ვეღარ უარყვეს. სხვათა შორის, კიწმარიშვილმა ისიც დაამატა, - მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული "ჯეომედია", ე.წ. "ოფშორი წარმომდგენზე" პრინციპით იმართება, ანუ იმის საკუთრებაა, ვინც შესაბამის აქციებს წარმოადგენს. ეს აქციები კი, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი სააკაშვილის კაბინეტში, სეიფში რომ ინახავდაო(!!!)
რაო, ახლა თქვენ არ გჯერათ, ბატონო დავით? რა ვქნა, ახლა მე მჯერა და "გამატარეთ"!
როდესაც ბატონ არჩილ ჩიქოვანს ჰკითხეს ამ ჩახლართული ურთიერთობების თაობაზე, მან მშვიდად უპასუხა - არა მგონია, სჭირო იყოს ამ თემაზე საუბარიო... ახლა კი, საჭიროც გამხდარა და პარლამენტის სამსჯელოც...
ეს თემა რომ საზოგადო განხილვის საგანი არ უნდა ყოფილიყო, ეს მარეგულირებლი კომისიის სამართლებლივი დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმაც განაცხადა "ლიბერალისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ამ წლის დასაწყისში, არგუმენტებითაც "გაამყარა" თავისი მოსაზრება: ოფშორულ კომპანიებს მესაკუთრის უფლებებს ხომ არ შევუზღუდავთ, ეს მათი უფლებების დაღრვევა იქნებაო (საინტერესოა, ბაქრაძეს თუ ეტყვის ამას ახლა?), კანონი ისედაც უზღუდავს გარკვეულ კატეგორიებს რაღაც უფლებებს და ეს კანონი მუშაობსო (ალბათ, პატარკაციშვილისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის ლიცენზიის შეჩერება იგულისხმა), ოღონდ ის აღარ უთქვამს, ბეჟუაშვილებს რატომ შეუძლიათ ტელევიზიების პატრონობა, ან სააკაშვილს რაღაც აქციების "სეიფში ჩაკეტვა", ან ზუგდიდის გამგებელს ტელეკომპანია "ოდიშის" ფლობა?
ანდა, სულაც რომ აკრძალონ ოფშორული კომპანიებისთვის ტელეკომპანიების მიყიდვა, ამის "წამალიც" გვასწავლა ბატონმა ყურაშვილმა: ოფშორული კომპანია დააფუძნებს თავის შვილობილ კომპანიას საქართველოში, ის კიდევ შვილობილს, მერე "შვილისვილს", "შვილთაშვილს" და ა.შ. ის ბოლო "შთამომავალი" აიღებს ლიცენზიას და ეძებე მერე "პირველი ხელი"... ხოლო თუკი რეალური მფლობელის ვინაობა გვაინტერესებს, კიდევ უარესად იქნება საქმე: ოფშორული კომპანიებიც საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში (რაც თავისთავად აბსურდია, ისეთ ხალხს აქვს ბიზნესი მათი საშუალებით) და კიდევ უფრო წარმოუდგენელი - ტელეკომპანიების აქციების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს საერთაშორისო ბაზარზე (ცხადია, ყველა უცხოელ მყიდველს ჩვენი მაკონტროლებლები ვერ გააკონტროლებენ)...
დასკვნის სახით, იმის თქმა, შეიძლება, რომ ბაქრაძის ინიციატივა "ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი" და "თვალებში ნაცრის შეყრაა" და მეტი არაფერი და ორ მიზანს ემსახურება: უცხოელ პარტნიორთა წინაშე საქმის მკეთებლებად თავის მოჩვენება და საკუთარი ხალხის წინაშე თავის მოწონება "კიდევ ერთი დემოკრატიული ინიციატივით".
არადა, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დღეს არსებული კანონითაც შეიძლება რეალური მფლობელების გამოვლენაც და აუცილებლობის შემთხვევაში ლიცენზიის ჩამორთმევაც, როგორც ეს პატარკაციშვილისა და "იმედის" შემთხვევაში მოხდა.
ლუკა დოლიძე