რუსეთ-საქართველოს შარშანდელი ომის შემდეგ საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა ქართული ჯარის, მისი პრობლემებისა თუ შეიარაღების შესახებ. დიდია ინტერესი , როგორც სეპარატისტთა სამხედრო შესაძლებლობების მიმართ, ისე რუსეთისა და საერთოდ, ჩვენი რეგიონის ქვეყნების სამხედრო ძალების შესაძლებლობების მიმართაც.ambebi.ge დაუკავშირდა გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველს და ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი ალადაშვილს და სთხოვა ჩვენი მკითხველების შეკითხვებისთვის ეპასუხა.
კითხვების მიღება დასრულებულია.
ბატონი ირაკლის პასუხი თქვენს შეკითხვებზე.
მოგესალმებით ყველას, ვინც კითხვები დამისვა და ვინც წაიკითხავს პასუხებსაც. ვეცდები პასუხები სათითაოდ და კონკრეტულად გაგცეთ, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებიდან გამომდინარე ზოგიერთ პასუხს ვერ დავაკონკრეტებ ან შეიძლება არ ვიცოდე და არ ვიყო კომპეტენტური იმ კონკრეტულ საკითხზე.
მკითხველი: koba3
ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ ახალი მინისტრის დანიშვნა გამოიწვევს ქართულ ჯარში უკმაკოფილების მასშტაბურ ზრდას?
ახალი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას დანიშვნამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მე პირადად მირჩევნია, დავაკვირდე მისი მინისტრობის პირველ 100 დღეს, რის შემდეგაც ჩემი მოსაზრება ამ საკადრო დანიშვნის თაობაზე უფრო კონკრეტული იქნება. ზოგი ახალაიას დანიშვნას რაღაცით თავის დროზე ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას ერთმანეთს ადარებს, იმ ნიშნით, რომ ორივე ოდიოზური პირია და მკაცრად და ხისტად ექცეოდნენ ხელქვეითებს. ოქრუაშვილისგან განსხვავებით ახალაია 9 თვე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, რაც საკმაო დრო იყო ამ სფეროს ასე თუ ისე შესასწავლად. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი თავდაცვის მინისტრი აპირებს, დიდი ყურადღება დაუთმოს იმ საკითხს, რომ გაერთიანებულმა შტაბმა და ბრიგადებმა საბრძოლო დანაყოფების მომზადებაში ძალზე აქტიურად გამოიყენონ მზადების სიმულაციური ელექტრონული სისტემები. ასევე აპირებს სამხედრო ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში პირადი შემადგენლობის დასვენებისა და თეორიული ცოდნის ამაღლების ინფრასტრუქტურის შექმნას.
ამ და სხვა მიზეზების გამო არა მგონია ქართულ ჯარში ადგილი ჰქონდეს უკმაყოფილების მასშტაბურ ზრდას. არც ისაა დასამალი, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ექვსი წლის განმავლობაში ექვსი თავდაცვის მინისტრისა და ამდენივე გენშტაბის - გაერთიანებული შტაბის უფროსის შეცვლა ისე, რომ მათგან სამმა მინისტრის სავარძელში ერთი წელიც ვერ გაძლო, არანორმალურია. ასე ხშირ "კარუსელებს" მოჰყვება ძირეული საკადრო ცვლილებები, თვით დამლაგებლების დონეზეც.
მუდმივი საკადრო ცვლილების პროცესი ქართული არმიის საბრძოლო მზადებაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.
არც ისაა დასამალი, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, უფრო სწორად, გამოჩნდა ქართული არმიის თითქმის ყველა ის პრობლემა, რაც აგვისტოს ომამადე გრანდიოზული პიარის მიღმა იმალებოდა.
მთავარია, რა მეთოდებითა და ხერხებით დაიწყებს ახალი თავდაცვის მინისტრი მუშაობას. თუკი მან აირჩია ისეთი ხისტი მეთოდები, რაც დამახასიათებელი იყო ექსთავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილისთვის, ქართული არმია დაზარალდება.
მკითხველი: გიორგი მაზნიაშვილი
პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ირაკლი. თუ იცით დღეს საკართველოს შეიარაღებულ ძალებში რამდენი ჯარისკაცი ირიცხება და თუ მიმდინარეობს აგვისტოს ომში დაკარგული იარაღის აგდგენა და რაც გცაქვს იმის მოდერნიზება. წინასწარ გიხდიტ მადლობას.
გიორგი, თავდაცვის სამინისტროს საიტზე - mod.gov.ge დადებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობაზე მონაცემები და იქ შეგიძლით, გაეცნოთ, რომ მაგალითად, სახმელეთო ჯარებში 20 ათასზე მეტი კაცი მსახურობს, სამხედრო-საჰაერო ძალებში დაახლოებით 3 ათასი და ა.შ.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, აგვისტოს ომის დროს დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა და იარაღი დავკარგეთ, ამ საკითხზე წერდა ჟურნალი "არსენალი". ბუნებრივია, მას შემდეგ სახელმწიფო ცდილობს, აღადგინოს შეიარაღების რაოდენობა, მაგრამ, ჩემი აზრით, რაც გვქონდა, ისიც რომ გონივრულად და პროფესიონალურად გამოგვეყენებინა, რუს აგრესორებს უფრო მტკივნეულ დარტყმებს მივაყენებდით. ამიტომაც მთავარია არა შეიარაღების რაოდენობა, არამედ ის, რომ სამხედრო მოსამსახურე სრულყოფილად ფლობდეს მას, ხოლო შტაბის დამგეგმავმა ოფიცრებმა იცოდნენ, როდის და სად გადაისროლონ ოპერატიულად შეიარაღების ესა თუ ის სისტემა და მისი მომსახურე პერსონალი.
ამჟამად ჩაფიქრებულია ერთ-ერთი იარაღის ტიპის სამოდერნიზაციო სამუშაოები, რომლის შემდეგ ამ იარაღის ეფექტიანობასა და საიმედოობას იმედია დაიჯერებს ქართული არმიის დიდი ნაწილი. მოვა დრო და ამის შესახებ "არსენალში" დაწვრილებით დავწერთ.
მკითხველი: ბექა რაზმაძე
მოგესალმებით ბატონო ირაკლი! მაინტერესებს საქართველოს ავიაციას Су-25-ების გარდა, კიდევ რომელი გამანადგურებლები ჰყავს და კიდევ აპირებს თუ არა საქართველოს, ხელისუფლება შეისყიდოს რაიმე სერიოზული გამანადგურებელი მაგ. ფრანგული მირაჟ 2000. წინასწარ გიხდით მადლობას.
ბექა, Су-25 ტიპის თვითმფრინავები მოიერიშის ტიპს განეკუთვნება და არა გამანადგურებლის. თუმცა პილოტების სპეციალურად მომზადების შემდეგ მათ შეუძლიათ სცადონ, მოწინააღმდეგის შვეულმფრენების ჩამოგდება, თუკი, რა თქმა უნდა, მოიერიშის (რომელსაც არა აქვს საბორტე რადიოლოკატორი) პილოტი ჰაერში მათ აღმოაჩენს.
ძლიერი გამანადგურებლის შეძენას ძალზე დიდი თანხა სჭირდება, ათეულობით მლნ დოლარი. უზარმაზარი ხარჯია საჭირო სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად და, რა თქმა უნდა, პილოტების გადასამზადებლად.
ეჭვი მეპარება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ შეიძინოს რომელიმე დასავლეთის ქვეყნის გამანადგურებელი ტიპის თვითმფრინავი და განა მარტო იმიტომ, რომ ეს ძვირი სიამოვნებაა, უბრალოდ, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა, მათ შორის NATO-ს წევრიც, უფრთხის მოსკოვის გაღიზიანებას საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით.
მკითხველი: ბექა რაზმაძე
მოგესალმებით ბატონო ირაკლი. აგვისტოს მოვლენათა გამოცდილებით გვაინტერესებს რატომ არ მიმდინარეობს თბილისის სამოქალაქო თავდაცვითი საშუალებების ეგრეთ წოდებული "ბუნკერების" და სხვა ნაგებობების მომზადება ან ახლის მშენებლობა ან რატომ არ ტარდება საზოგადოებასთან ახსნა განმარტებითი მუშაობა განმეორებითი საჰაერო აგრესიის შემთხვევაში მატი მოქმედების ან ქცევის შესახებ?
მკითხველი: ირაკლი ბოჭორიშვილი
გამარჯობათ! მე მაინტერესებს, რატომ არ არის სამოქალაქო თავდაცვა განვითარებული. მოსახლეობამ არ იცის რა უნდა აკეთოს. არავითარი ინფორმაცია ამის შესახებ არ ქვეყნდება. იმ მომენტში როცა იარაღის მიწოდება რუსეთმა შეგვიზღუდა, ის აშკარად ემზადება განმეორებითი აგრესიისთვის, ამ შემთხვევაში.
1. რამდენად შეძლებს ჯარი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.
2. რამდენად წარმატებული იქნება დედაქალაქის დაცვა საჰაერო თავდასხმისაგან,
3. აგრესიის დროს ხომ არ ჯობია ქალბატონებისა და ბავშვების გახიზვნა (ასე ვთკვათ ოჯახის გახიზვნა უსაფრთხო ადგილას) სხვა ადგილას მაგალითად კახეთში, თუ უფრო საშიში იქნება საჰაერო თავდასხმის ან სახმელეთო ნაწილების შეტევის გამო.
4. რა ჯობია ოჯახისთვის პროდუქტების თვალსაზრისით მოვიმარაგოთ (ცოტა უხერხული მაგრამ საჭირბოროტო კითხვაა მაგრამ მაინც), ალბათ რომელიც მალეფუჭებადი პროდუქტი არაა თუ არის რაიმე სტანდარტი რეკომენდაციები, წამლები და სხვა.
5. რამდენად გწამთ აგრესიის შემთხვევაში "მეგობარი ქვეყნების დახმარების"
სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების დიდი ნაწილი, რაც საბჭოთა პერიოდიდან შემოგვრჩა, ან განადგურდა, ან გაიყიდა. ძველების აღდგენას ან ახლის აშენებას დიდი თანხები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია, კორპუსების მობინადრეებმა 10-15 წთ-ში მოასწრონ მოშორებით მდებარე ბუნკერებში ჩასვლა, არადა, სწორედ ამდენი წუთი სჭირდება რეაქტიულ ბომბდამშენს რუსეთიდან თბილისამდე მოსაღწევად.
მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარებას კი წინ არაფერი უდგას და ის აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით კონფლიქტური ზონების ახლოს მცხოვრებთათვის.
1992 წლიდან, რაც სამხედრო თემებზე ვწერ, არაერთი სტატია გამოვაქვეყნე (როგორც "კვირის პალიტრაში", ისე "არსენალში") თავდაცვის იმ ელემენტარულ ზომებზე, რაც თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფოს დაუხმარებლადაც შეიძლება მიიღოს. კერძოდ, ფანჯრის მინების გამაგრება, სარდაფის გასუფთავება და მომზადება, წყლის, საკვების და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებათა მომარაგება და ა.შ.
მკითხველი: სოსო ქევხიშვილი
მოგესალმებით ბატონო ირაკლი. როგორც აგვისტოს ომმა დაგვანახა საქართველოს გაერთიანებულ შტაბში არ არსებობდა თავდაცვითი ომის წარმოების სტრატეგიული გეგმა. მაინტერესებს ამჯერად მაინც თუ არსებობს ასეთი გეგმა ან თუ მუშავდება?
სოსო, გეგმებზე გაერთიანებულ შტაბში სისტემატურად მუშაობენ, მაგრამ რამდენად შეიძლება მათი ხორცშესხმა, ეს სხვა პრობლემაა. შეიძლება გეგმა უნაკლო იყოს, მაგრამ მისი შესრულება სხვადასხვა საფეხურზე - ბრიგადა-ბატალიონი-ასეული-ოცეული - შეფერხდეს.
აგვისტოს ომის შემდეგ გაერთიანებულმა შტაბმა მართლაც უფრო მეტი ყურადღება დაუთმო თავდაცვითი ხასიათის ბრძოლებისთვის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მომზადებას, - თბილისის გარშემო გაკეთდა თავდაცვითი საინჟინრო ნაგებობები, თუმცა ყოველივე ეს სრული უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა.
მკითხველი: მამუ სალაყაია
ბატონო ირაკლი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში ჩვენი და რუსეთის მხრიდან და ტყვეების შესახებ?
მეც სწორედ ის ინფორმაცია მაქვს ჩვენი დაღუპული სამხედროების შესახებ, რაც სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაქვეყნა. რაც შეეხება რუსეთის საბრძოლო დანაკარგს, ამის შესახებ მეტ-ნაკლებად დაწვრილებით "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში ვწერდით.
მკითხველი: ელგუჯა ბეჭვაია
მოგესალმებით ბატონო ირაკლი! თქვენი აზრით, რატომ არ იქნა დანაღმული მოწინააღმდეგის სავარაუდო შემოსვლის მარშრუტი უკან დახევისას?
თუ რატომ არ შევქმენით საინჟინრო წინაღობები შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის შესაჩერებლად (მაგალითად, კეხვი-თამარაშენის მონაკვეთში, დიდი ლიახვის ხეობაში) ჩემთვისაც დიდი გამოცანაა, ისევე როგორც ის, თუ რატომ არ ავაფეთქეთ ხიდები 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაგრასა თუ განთიადში...
მკითხველი: ბაქარ ჩიხრაძე
გამარჯობა ბატონო ირაკლი. თქვენი ერთგული მკითხველი ვარ. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ.. თუ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ჟურნალ არსენალში ინფორმაცია, რუსულ ავიაციაში არსებული აპარატების შესახებ. წინასწარ გიხდით მადლობას!
თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების ბიუჯეტზე ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე დევს, სადაც შეგიძლიათ შეადაროთ, როგორ იცვლებოდა ის დროის განმავლობაში. რაც შეეხება რუსული და, შესაბამისად, სავარაუდო მოწინაღმდეგის საბრძოლო ავიაციას, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალ "არსენალში" ხშირად ვაქვეყნებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს თითოეულ ჩვენგანს ჰაერიდან.
მკითხველი: ბექა რაზმაძე
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ირაკლი! მაინტერესებს რით სჯობია M4 AK47-ს. და იგეგმება თუ არა ჩვენი შეიარაღებული ძალების სრული შეიარაღება M4-ით. ასევე მაინტერესებს ახლად შექმნილ ანტი სატანკო ბატალიონის შეიარაღება. რა იარაღი გვაქვს ტანკების წინააღმდეგ და რამდენად ეფექტური, არის ამერიკული ჯაველინები ჩვენ შეიარაგებაში და იგეგმება თუ არა მისი შეძენა? წინასწარ გიხდით მადლობას! ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ იდეის ავტორს და გთხოვთ, რომ კიდევ მოიწვიოთ ბატონი ირაკლი.
ბექა, თუ რომელი ავტომატური კარაბინი რითი სჯობს ამა თუ იმ ავტომატს, დიდი თემაა, თანაც არ არსებობს ასეთი ცნება - "ჯობნა"! ყველა იარაღს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ადრე თუ გვიან, ქართული არმია მთლიანად M4 ტიპის ავტომატური კარაბინით შეიარაღდება. მთავარია, ქართველ მებრძოლებს მოეწონოთ. ბევრი ისე აძაგებს M4-ს, რომ არათუ ბრძოლაში არ გამოუყენებია, არც კი გაუსვრია.
ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" მართლაც ეფექტიანი იარაღია, მაგრამ მათი ღირებულება და პოლიტიკური მოტივები, ეტყობა, ამ ეტაპზე გამორიცხავს მათ დამკვიდრებას ქართული არმიის შეიარაღებაში. სამაგიეროდ, დაიწყო მუშაობა "ფაგოტზე" უფრო მძლავრი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალების შესაძენად, რომელთა სახელწოდებასა და მწარმოებელ ქვეყანას შეგნებულად არ დავასახელებთ. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ისინი რამდენიმე კილომეტრიდან რუსულ ტანკებს კარგ დღეს ნამდვილად არ დააყრიან.
მკითხველი: გიორგი
მოგესალმებით. თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით და ასევე რა საფრთხეებს შეიცავს ავღანეთში ჩვენი სამხედროების გაგზავნა?
ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნის თაობაზე უკვე ვრცლად ვისაუბრე.
ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე კი მე ჩემი აზრი მაქვს (განსაკუთრებით ერაყში ყოფნის შემდეგ): NATO -ს საერთაშორიშო ოპერაციაში ავღანეთში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ სიმბოლურად (ოცეულის, მაქსიმუმ, ასეულის დონეზე) და არა საქართველოდან ორი ათასი კმ-ის დაშორებით ქართული არმიის ბრძოლისუნარიანი დანაყოფების თითქმის 10%-ის (როგორც ერაყში იყო) გაგზავნით მაშინ, როცა მტერი აქეთ გვიტევს. პირველი ქვეითი ბრიგადა ერაყში კი არა, გორში რომ ყოფილიყო, ეტყობა, აღარ დაგვჭირდებოდა სენაკის ბრიგადის დასავლეთის მიმართულებიდან მოხსნა და ცხინვალისკენ გადასროლა, რითაც დაუცველი დავტოვეთ დასავლეთის მიმართულება.
გეგმის მიხედვით, 2010 წლის გაზაფხულისთვის ავღანეთში თითქმის 900 კაცი უნდა გვყავდეს, რომელთა საჭიროების შემთხვევაში სამშობლოში სწრაფად დაბრუნება ძალიან გართულდება.
ვეჭვობ, რომ როგორც ერაყში (სადაც 2003 წელს ქართული სამხედრო კონტინგენტი დაახლოებით 80 კაცს შეადგენდა, ხოლო 2008 წლისთვის უკვე 2000-მდე გაიზარდა), ავღანეთშიც შეიძლება გაგრძელდეს ტენდენცია ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდისა.
მკითხველი: Kutaisi
ბატონო ირაკლი, მაინტერესებს როგორ მოვახერხეთ აგვისტოს ომის დროს, რომ მოწინააღმდეგემ ვერ აღმოაჩინა ჩვენი სუ-25-ები, სად გადავმალეთ ისინი? ჩვენი ყველა აეროპორტი ხომ დაიბომბა. და კიდევ ერთი შეკითხვა, რატომ არ დაანგრია მოწინააღმდეგემ სენაკის და გორის სამხედრო ბაზების შენობები? მათ ხომ ეს შეეძლოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
სად გადავმალეთ ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები, ამის საჯაროდ გაცხადებას არ ვაპირებ. ჩვენი ქუთაისელი მკითხველი შეიძლება თავადაც კარგად მიხვდეს.
სენაკისა და გორის სამხედრო ბაზები მოწინააღმდეგემ ნაწილობრივ დაანგრია და დანაღმა. რა თქმა უნდა, მათი სრულად განადგურებაც შეეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ერთგვარი გარიგება მოხდა რამდენიმე რუს გენერალთან და შეიძლება არცთუ უანგაროდ...
მკითხველი: ელგუჯა ბეჭვაია
ბატონო ირაკლი, მაინტერესებს თქვენი აზრი! ხომ შეიძლებოდა სენაკის ბაზიდან ტექნიკის გაყვანა მანამ, სანამ რუსები შემოვიდოდნენ.სენაკში იყო იმის რესურსი,რომ ტექნიკა გაეყვანათ და დაემალათ! ან უსაფრთხო ადგილზე გაეყვანათ! გმადლობთ.
საბრძოლო ტექნიკის გაყვანა-გადამალვა შეიძლებოდა როგორც გორიდან, ისე სენაკიდან, მით უმეტეს, თითქმის ათას დოლარად (თითოეულის) ნაყიდი ამერიკული M4-ებისა, რომლებიც ქართულ არმიას რამდენიმე ათასი (აღარ დავაზუსტებთ) დააკლდა...
მკითხველი: ბაქარ ჩიხრაძე
ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, ვინ არის კავკასიის რეგიონში ყველაზე ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით??? მაინტერესებს, სჯობს თუ არა ქართული არმია სომხურ არმიას სხვადასხვა კრიტერიუმებით?
ბაქარ, გამიჭირდება იმაზე პასუხის გაცემა, ვისი არმიაა ყველაზე ძლიერი სამხრეთ კავკასიაში, რადგან ომი ფეხბურთი არ არის (ისე, ამ ორ საქმეში ბოლო წლებში სასტიკად ვმარცხდებით), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოს გვერდით არავინ დაუდგება (ევროპელთა და ამერიკელთა ფუჭი "აღშფოთება-შეშფოთებები" მხოლოდ გულის ტკენას იწვევს), აზერბაიჯანის გამო მისი მოძმე თურქეთიც დაფიქრდება, ჩაერთოს თუ არა კონფლიქტში, ხოლო რუსეთი, ალბათ, მაშინვე სომხეთის არმიის გვერდიგვერდ იბრძოლებს, გამოდის, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მყარი პოზიცია აქვთ.
მკითხველი: მიშა ქართველიშვილი
მოგესალმებით ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება გაგვარკვიეთ, რა ხდება რეზერვთან დაკავშირებით, როგორც ვიცი ამ სისტემის გადახალისეებაა დაგეგმილი, მე 2–ჯერ მაქვს გავლილი და მაინტერესებს მოგვცემენ თუ არა სამხედრო ბილეთებს და დაახლოებით რა დროისვის უნდა ველოდოთ ამ საკითხის გადაწყვეტას. პასუხისათვის წინასწარ გიხდით მადლობას.
ლადო, სარეზერვო სამსახურის თაობაზე "არსენალის" ერთ-ერთ ნომერში (N13, 2009) გამოქვეყნდა ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალ უფროსთან, ზურაბ არსოშვილთან. გირჩევთ, ეს ინტერვიუ გადაიკითხოთ. თუმცა ზოგიერთი დეტალი ჯერ არ არის დაზუსტებული.
მკითხველი: ლადო ჩალათაშვილი
გამარჯობათ ბატონო ირაკლი. აქ უკვე იყო დასმული შეკითხვა რეზერვის შესახებ. იქნებ ამომწურავად გაგვცეთ პასუხი, რა ფორმით იმოქმედებს რეზერვი მომავალში და კიდევ ერთი, აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში როგორ შეაფასებდით ქართულ სპეცსამსახურების მუშაობას. საკმარისი სადაზვერვო სამუშაოები იქნა ჩატარებული თუ არა და იქნებ ზოგადად აღწეროთ მათი დღევანდელი მდგომარეობა, რამდენად კარგად არის ის ორგანიზებული და რამდენად ართმევს თავს იმ გამოწვევებს რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას?!
ქართული სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობაზე მე ბევრი კრიტიკული კითხვა მიჩნდება. ეს ცალკე სასაუბრო სერიოზული თემაა.
მკითხველი: ლაშა ოკუჯავა
ბატონო ირაკლი, მაინტერესებს რა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტი უნდა გაიაროს მოქალაქემ რათა სპეციალური დაჯგუფების წევრი გახდეს?
გთხოვთ "არსენალში" გამოაქვეყნოთ შსს მიერ შეძენილი "rafael wolf"-ის შესახებ.
სად შეიძლება შევიძინო გასული წლის ჟურნალი "არსენალი"?
სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ან სხვა რომელიმე ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრად გასახდომად საჭიროა შეიარაღებულ ძალებში რამდენიმეწლიანი სამსახური, რათა სამხედრომ შეისწავლოს იარაღის მოხმარებისა და ბრძოლის ელემენტარული მეთოდები. ამიტომაც, თუკი მოუმზადებელი ახალგაზრდა რომელიმე სპეცდანიშნულების რაზმში ქუჩიდან მოხვდება, იმ რაზმის პროფესიონალიზმზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება.
მკითხველი: გიორგი გოლეთიანი
გამარჯობათ ბ-ნ ირაკლი. მე თქვენი დიდი მადლობელი ვარ. თქვენი სტატიებით ჯარმოუვლელი ახალგაზრდა ბევრს გაიგებს და ისწავლის სამხედრო სფეროში, მაგრამ ვატყობ ეს საკმარისი არაა. მაგრამ რას ვიზამთ. ჩვენი სამშობლო ვხედავთ ცუდ დღეშია. მტრები რომ იტყვიან ბუზებივით გვეხვევა რა ვქნათ რა ვიღონოთ? როგორ დავიცვათ თავი ეფექტურად და მაქსიმალურად დავაზარალოდ მტერი? ილუზიები არ მაწუხებს კარგად ვხვდები რომ პუტინს და მის ხროვას ერთი სული აქვს როდის ჩაგვყლაპავს. მარა როგორ ვეცადოთ რომ ყელში გავეჩხიროთ? თქვენეული გეგმა უბრალოდ. და კიდევ აქ კითხვებს გავეცანი და ზოგი კითხულობს როდის გვექნება ჯაველაინები ან სხვა შეიარაღებაო და ჩემი აზრით, გადამწყვეტი უფრო თავდაცვის კარგი ორგანიზება და არსებული საშუალებების ეფექტური გამოყენება იქნებოდა და არა ისე არავის გავკიცხავ მაგრამ გამართული ტანკებისა და სხვა იარაღის მიტოვება ვერაფერიშვილი საქციელია. ახლა ყველა ჭკვიანია და გაიძახის ტანკ და ჰაერსაწინააღმდეგო სისიტემები გვინდაო მარა რა ფულით უნდა შევიძინოთ და ვინ უნდა ისროლოს ის რაკეტა ამაზე არავინ ამბობს რაიმეს. კიდე ერთია რაც არ უნდა კარგი იარაღი გვექნეს მაინც იგივე შედეგი იქნება თუ მორალურად მთელი ერი საომრად არ განეწყო. წუწუნი რომ მტერი დიდია და ძლიერი ვერ გვიშველის. თქვენი აზრი ამის თაობაზე.
ვინ იზრუნებს ნეტა იმაზე რომ შეიქმნას წინააღმდეგობის კერები? ბაზები ტყვიაწამლის და საკვების თუ პარტიზანული ომი იქნა საჭირო? თუ ისე უნდა დაგვემართოს, რომ მივატოვეთ შიდა ქართლის სოფლები და მტერი გემოზე ნავარდობდა? თქვენი აზრით როდის გვეღირსება გამანადგურებელთა 2 რგოლი მაინც?
გიორგი, მადლობა, რომ ჩემს სტატიებს კითხულობთ. ყურადღებით წავიკითხე თქვენი კითხვა, ბევრ რამეში გეთანხმებით.
პარტიზანული ომისთვის მზადება ერთი-ორი დღის საქმე არ არის, როგორც ეს ზოგიერთს ეგონა (და შეიძლება ახლაც ჰგონია), სახელისუფლებო სტრუქტურებში. ამისთვის ომამდე არის საჭირო მუდმივი სამზადისი.
მკითხველი: natia natia
მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მე გახლავართ სტუდენტი და ვწერ სადიპლომოს თემაზე: "სამოქალაქო თავდაცვის სისტემის პრობლემები დღეს". გთხოვთ მომწეროთ კონკრეტული ექსპერტების სახელი და გვარი, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება გამომადგეს (ინტერვიუსთვის).
დიდი მადლობა წინასწარ...
natia -natia, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ გირჩევთ, ქართულ ტელეარხებს უყუროთ, სადაც ექსპერტების ცვენაა, მათ შორის სამხედრო საკითხებშიც. მე ჩემს თავს დიდ სამხედრო ექსპერტად არ ვთვლი, მე მხოლოდ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი და "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ვარ. პატივისცემით irakli-irakli.
მკითხველი: მამუკა გაფრინდაშვილი
ბატონო ირაკლი მოგესალმებით, თქვენ, როგორც მართლაც პროფესიონალს მინდა გკითხოთ: 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, მაშინ როცა ქართულმა არმიამ დაიწყო შეტევა ცხინვალის რეგიონის ოსური სოფლების მიმართულებით, რუსული ძალები იყვნენ უკვე შემოსულები (ან შემოდიოდნენ), თუ მხოლოდ 8-ში შუადღისით ჩაერთო რუსეთი ბრძოლაში (როგორც ამას რუსეთის მთავრობა ამტკიცებს). ყველამ ვიცით რომ ისინი ემზადებოდნენ და რაღაც ნაწილები ჯავაშიც ჰყავდათ უკვე, მაგრამ მე მაინტერესებს 7 აგვისტოს მიმდინარეობდა თუ არა მათი 58-ე არმიის შემოსვლა როკის გვირაბით და სწორედ მათ გაუხსნეს თუ არა ქართულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი? წინასწარ გმადლობთ.
რუსული სამხედრო დანაყოფების ნაწილი როგორც ჩრდილო კავკასიის ოლქიდან, ისე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ГРУ-ს უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები, აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ ცხინვალის რეგიონში. რუსეთის 58-ე არმიის ძირითადმა ჯავშანკოლონებმა როკის გვირაბიდან შემოსვლა 8 აგვისტოს დილიდან დაიწყეს, მანამდე კი როკის გვირაბით უფრო მობილური და მცირერიცხოვანი დანაყოფები შემოდიოდნენ. როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორია ქართულ ავიაციასა და არტილერიას არ დაუბომბავს.
მკითხველი: მამუკა გაფრინდაშვილი
ბატონო ირაკლი! რამოდენიმე კითხვა:
1. საკუთარი მრავალპროფილიანი და მაღალტექნოლოგიური სამხედრო წარმოების გარეშე (ასე რომ ვთქვათ სათამაშო M-4-ების იმედზე მყოფი) ქვეყანა XXI საუკუნეში დღეს რამეს მიაღწევს? ეს ისე...სიმწარის კითხვა.
2. საინტერესოა კავკასიური თანამედროვე რეალიებიდან გამომდინარე (სამაჩაბლო-აფხაზეთის დაკარგვა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიური რისკები) ჩვენი სამხედრო დოქტრინის შეფასება.
3. საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაში პოტენციური მოკავშირეები ე.წ. პოტენციური ერთგული ძმები (უკრაინასავით) და პოტენციური მოღალატე ძმები (სამწუხაროდ ისრაელივით, არა და რა იმედიანად ვუყურებდით... :))) მოკლედ, სხვადასხვა ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივის თქვენეული ხედვა?
მე M4 ტიპის ავტომატურ კარაბინს სათამაშოს არ ვუწოდებ. ბევრჯერ მისროლია როგორც რუსული АК-74, ისე ამერიკული M4. ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ დიდხანს ასე გაგრძელება არ შეიძლება, როდესაც ქართული არმიის შეიარაღებაში სამი ძირითადი სახის ავტომატური იარაღი (АКМ, АК-74 და M4) და, შესაბამისად, სამი სხვადასხვა კალიბრის - 7,62მმ; 5,45 მმ და 5,56 მმ ვაზნაა, საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანი უნდა ავირჩიოთ.
ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას საქართველოში დიდი პერსპექტივა არა აქვს, სამაგიეროდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია სხვადასხვა კალიბრის ვაზნების მწარმოებელი ქარხნის ამუშავება, როდემდე უნდა ვუხადოთ ამა თუ იმ უცხოურ ფირმას და ათასი ჯურის შუამავლებს რამდენიმე ათეული ცენტი ერთ ვაზნაში? ამ ბიზნესით მხოლოდ მავანნი მდიდრდებიან. ასე რომ, სამამულო წარმოების ვაზნების გამოშვება აუცილებლად გვჭირდება.
მკითხველი: ირაკლი პავლიაშვილი
მოგესალმებით ბატონო ირაკლი, აგვისტოს ომის შემდეგ ვიცით რომ ბევრი ჯარისკაცი დააპატიმრეს დეზერტირობის ბრალდებით. ზოგი ინფორმაციით არიან
ისეთებიც რომლებმაც უკან დახევის შემდეგ ვერ მოასწრეს სამხედრო ნაწილში დროულად დაბრუნება და ამის გამო დააპატიმრეს. რამდენი დეზერტირი ჰყავს ჩვენს ქვეყანას ომის შემდეგ?
და კიდევ ბატონო ირაკლი რამდენი ქართველი გმირი ტანკისტი დაიღუპა ამ ომში?
დეზერტირობის მუხლით მართლაც აღიძრა საქმე რამდენიმე ასეულ სამხედრო მოსამსახურეზე, შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა. მიმაჩნია, რომ თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ჩვენდა სამწუხაროდ, მართლაც იყო დეზერტირობის შემთხვევები როგორც სხვადასხვა დონის მეთაურებს, ისე კაპრალსა და რიგითებს შორის.
15 წლის წინ მეც გამოვედი ალყაშემორტყმული სოხუმიდან კოდორის ხეობით, ბევრი წვალება ვნახე, მაგრამ ავტომატისა და ხელყუმბარების გადაყრა ფიქრადაც არ გამივლია...
სამწუხაროა, რომ დეზერტირობა იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც დააბრალეს, რომლებმაც ობიექტური მიზეზებით ვერ შეძლეს დისლოკაციის ადგილას დაბრუნება.
გმირულად დაღუპულ ქართველ სამხედროთა სიაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საიტზე დევს, ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის (რომელიც მაშინ გორში იყო დისლოცირებული) 22 სამხედრო მოსამსახურის გვარია მოხსენიებული, მაგრამ დანაკარგი ჰქონდათ ბრიგადების ჯავშანსატანკო ბატალიონებსაც. ასე რომ, მათი რიცხვი 22-ზე მეტია.
ბუნებრივია, ყველა ტანკისტი არ ყოფილა, ნაწილი ქვეითთა საბრძოლო მანქანების ეკიპაჟი გახლდათ.
აგვისტოს ომში ქართულმა არმიამ სულ 65 ცალი Т-72 ტიპის ტანკი დაკარგა. უშუალოდ საბრძოლო მოქმედების დრო ტანკების დანაკარგი, ეტყობა, ორი ათეულიც არ იქნებოდა. სხვები დაზიანებული იყო და გორის სატანკო ნაწილიდან (ასევე სენაკის სამხედრო ბაზიდან) გაიტანეს.
მკითხველი: Nika F22
ბატონო ირაკლი, არსენალის ერთგული მკითხველი ვარ და მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ჩვენი ჯარი შეიარაღდეს “JAVALIN” ტანკ საწიანააღმდეგო რაკეტებით და შორს მსროლელი არტილერიის შეძენას ხომ არ ჰქონდა აზრი აგვისტოს ომამდე, პირდაპირ ჩვენი პოზიცებიდან რომ დაგვენგრია როკის გვირაბი? გმადლობთ.
მკითხველი: Baqari91
მოგესალმებით, ბატონო ირაკლი.თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ იმის შესახებ თუ რატომ არ გაანადგურა ჩვენმა ჯარმა როკის გვირაბი?(არსებობს მოსაზრება,რომ პუტინი თბილისის დაბომბვით დაიმუქრა) შესწევდა თუ არა ჩვენ არმიას ძალა ამ ამოცანის შესასრულებლად?
ომის დროს ქართული არტილერიის ყველაზე შორსმსროლელ საარტილერიო საშუალებას ებრაული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Lar-160 წარმოადგენს. მათი საცეცხლე პოზიციები ომის დასაწყისში ცენტრალური საავტომობილო ტრასის გვერდით იყო, საიდანაც ისინი როკის გვირაბამდე ვერ მიაღწევდნენ, რადგან რაკეტებს მაქსიმალურ 45 კმ-მდე უშვებდნენ, ხოლო როკის გვირაბამდე მანძილი პირდაპირი ხაზით 65 კმ-მდე იყო.
როკის გვირაბის ჩაუკეტაობამ მოწინააღმდეგეს მისცა საშუალება დამატებითი ძალები და საბრძოლო ტექნიკა შემოეყვანა ჩრდილო კავკასიიდან.
როკის გვირაბის მწყობრიდან გამოყვანა დიდი სიმძლავრის აფეთქებით შეიძლებოდა, რასაც შესაძლოა მთლიანად არ დაენგრია გვირაბი, მაგრამ რამდენიმე დღით მწყობრიდან მაინც გამოიყვანდა, რასაც იმ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
შედარებით ადვილი იყო არა როკის გვირაბის აფეთქება, არამედ იქიდან ჯავისკენ მომავალი გზის საარტილერიო დამუშავება და იმ კლდეების ჩამოშლა, რაც ისედაც ვიწრო საავტომობილო გზას ჩაკეტავდა. ქართული არტილერია მისწვდებოდა ამ ადგილს, თუკი საცეცხლე პოზიციები კონფლიქტის ზონიდან მარჯვნივ, ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, მლეთის მიდამოებში ექნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებლად საჭირო იყო საარტილერიო ცეცხლის ზუსტი კორექტირება.
































