ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქში სამშენებლო სექტორმა მუშაობა განაახლა, თუმცა ძველი, კრიზისამდელი პრობლემები ისევ დარჩა. სამწუხაროდ ამ პრობლემებმა უკვე მსხვერპლიც გამოიწვია. რამდენად სწორად ხდება შენობების დაპროექტება, რა სტანდარტებს უნდა შეესაბემებოდეს მშენებლობები და რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მშენებლებს. შეესაბამება თუ არა ფასები ხარისხს... ამ თემებზე სასაუბროდ ამბები.ge-მ ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის დარგში, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი მალხაზ ბედიაშვილი მოიწვია... სწორედ ის პასუხობს თქვენს კითხვებს
მკითხველი: მამუკა
უცხოეთში აშენებულ კორპუსებში იძლევიან გრძელვადიან განვადებას
თუ არის ასეთი რამ ჩვენთან მოსალოდნელი?
პასუხი: აშენებულ სახლებში ბინების შესყიდვა მოსახლეობაზე გრძელვადიანი განვადებით, ჩვენს პრაქტიკაშიც იყო 2008 წლის კრიზისულ მოვლენებამდე. (მაგ. “საქართველოს ბანკი”, “ცენტრ პოინტი” და ა.შ.)
ამჟამადაც არსებობს, მაგრამ შეცვლილი პირობებით და არა მასიურად.
მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად ეს პირობები დაიხვეწოს და ისევ მასიურად დაინერგოს.
მკითხველი: არჩილი
რამდენად გამართლებულია მცოცავ ნიადაგზე მშენებლობის დაწყება და საერთოდ შეიძლება თუ არა ასეთ ადგილზე სახლის აშენება?
პასუხი: მცოცავ ნიადაგზე (მეწყერზე) მშენებლობის წამოწყება დამოკიდებულია ცოცვის სიმძლავრეზე და მის ფართზე.
არსებობს რიგი მეთოდებისა: ამ გრუნტების მოხსნა, ან მათი გამაგრება ან ღრმა ხიმინჯების მოწყობა.
საერთოდ, უმჯობესია თუ ასეთ პირობებში მშენებლობას მოვერიდებით (გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ტერიტორია მაღალი სეისმურობის რაიონშია, აგრეთვე სიძვირე ამგვარი მშენებლობისა).
მკითხველი:გია
გთხოვთ გვიპასუხოთ, საქართველოში წარმოებული რომელი პროუქციაა სანდო, უფრო სწორად რომელი საწარმოს მიერ გამოშვებული?
აგური, ცემენტი, არმატურა (ქუთაისის თუ ვარგა) და სხვა.
პასუხი: მშენებობაში გამოყენებული სამშენებლო მასალები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ სტანდარტებს.
მეტეხის ქარხნის აგურს კარგი მახასიათებლები აქვს.
ცემენტი კარგია კასპის და რუსთავის, აგრეთვე “ჰაიდელბერგ ცემენტის” ცემენტი.
რესპუბლიკაში წარმოებული რუსთავის არმატურა კარგია. მათი კლასებია (ევროპული სტანდარტიზაციით) A-240ჩ, A-400ჩ, A-500ჩ ყველა შემთხვევაში არმატურა უნდა აკმაყოფილებდეს სახსტანდარტს 578182.
მშენებლობაზე მიღებული არმატურის ყოველი პარტიიდან, ყოველი დიამეტრისათვის უნდა მოხდეს მათი გამოცდა სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში.
ქუთაისის არმატურის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ გაგვაჩნია.
მკითხველი:გია
1. ბატონო მალხაზ! გვაინტერესებს ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით. შეიძლება თუ არა მათი გამაგრება, თუ მთლიანად უნდა დაინგრეს და გადაკეთდეს?
პასუხი:ე.წ. “ხრუშჩოვკები” ინტენსიურად შენდებოდა მაშინ, როცა ქვეყანაში სამშენებლო ინდუსტრია სუსტად იყო განვითარებული.
არის 3, 4, 5 სართულიანი სახლები, რომელთა სართულის სიმაღლე 250 სმ-ია და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები არა სრულად აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს.
ამ სახლების მთლიანი დანგრევა, ან გამაგრება დამოკიდებულია მათ ამჟამინდელ ტექნიკურ მდგომარეობაზე და მაცხოვრებელთა სურვილზეც.
ამჟამად ნაწილი ამ სახლებისა ინგრევა და ახალი შენდება, ხოლო ნაწილი (მცირედ დაზიანებული, არა ავარიული) მაგრდება.
მომავალში ქალაქის მერიას განზრახული აქვს ამ სახლების მთლიანი შეცვლა.
2. დასავლეთ საქართველოში ეკლესიის ასაშენებლად გვინდა გამოვიყენოთ აგური. ჩვენთან იცის დიდი თოვლი და ხანდახან ყინვებიც. როგორც გვითხრეს აგური არის მრავალნაირი (ფასადური, კერამიკული, ნასვრეტებიანი, მთლიანი, სხვადასხვა მარკის და ყინვაგამძლეობის და ა. შ.). რომელ აგურს გვირჩევდით და სად შეიძლება მისი შეძენა? საქართველოში თუ საზღვარგარეთ?
პასუხი: დასავლეთ საქართველოში ეკლესიის მშენებლობისათვის შესაძლებელია სხვადასხვა საკედლე მასალის გამოყენება, მათ შორის მოსაპირკეთებელი აგური, კერამიკული ნასვრეტებით (სიცარიელებით) (სახსტ. 530-80). ასეთ აგურს თბოგადაცემის წინაღობის კარგი მახასიათებლები აქვს.
აგურის პარტიას უნდა ახლდეს ქარხნული პასპორტი, ყინვაგამძლეობის მარკის ჩვენებით და სიმტკიცის მაჩვენებლით.
თუ დამკვეთს სურს დასავლეთ საქართველოში ეკლესიის მშენებლობაში გამოიყენოს აგური, მაშინ რეკომენდაციას გავუწევდით მეტეხის აგურს მარკით არანაკლებ “125”-”150” და ყინვაგამძლეობით არანაკლებ 15 ციკლისა.
არის ფასადური, მოსაპირკეთებელი აგური, აგრეთვე კერამიკული, სიცარიელეებიანი.
შეიძლება მოსაპირკეთებლად თერჯოლის რაიონის ეკლერის გამოყენებაც, რომლის სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე 250-300 კგძ/სმ2, ხოლო ყინვაგამძლეობა 15 ციკლის ტოლია.
მკითხველი:დავითი
თუ შეიძლება მოკლედ გვიპასუხოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მშენებლობები საქართველოში იყოს ხარისხიანი? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: საქართველოში მშენებლობა ხარისხიანი რომ იყოს საჭიროა:
- დამპროექტებელი ორგანიზაცია, ანუ პროექტის შემდგენელი, იყოს კვალიფიცირებული და ლიცენზირებული;
- მშენებელი ორგანიზაცია იყოს კვალიფიცირებული და ლიცენზირებული;
- საშენი მასალები უნდა იყოს სერტიფიცირებული, ხარისხიანი;
ამიტომ პარლამენტმა უნდა განიხილოს ლიცენზირების აღდგენის საკითხი.
მოხდეს ყველა მოცულობის პროექტის ექსპერტიზა ლიცენზირებული სპეციალისტების და ორგანიზაციების მიერ.
კვალიფიცირებული კადრებით შეივსოს მშენებლობის დარგი, ამისათვის უნდა აღდგეს მათი მომზადების პრაქტიკა.
მშენებლობის დროს შედგეს ფარულ სამუშაოთა აქტები და სამუშაოს გაგრძელება მოხდეს წინა ეტაპის სამუშაოთა აქტების ხელმოწერის შემდეგ. უფრო დაწვრილებით სხვა დროს განვიხილავთ ამ საკითხს.
































