”გაყიდული ფეხბურთი”

”გაყიდული ფეხბურთი”

ამ დღეებში ქართული ფეხბურთი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ე.წ. გაყიდული თამაშების გამო მოექცა. 2 მაისს კუდ-ის თანამშრომლებმა გაყიდულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელები გამოავლინეს. სამართალდამცავების თქმით, ფეხბურთელები დიდი ოდენობის თანხების სანაცვლოდ წინასწარ წყვეტდნენ თამაშის ბედს. ამისთვის ისინი ტოტალიზატორებს და შავი ბიზნესის წარმომადგენლებს ურიგდებოდნენ. რამ გამოიწვია ეს პრობლემა და რას ფიქრობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. თქვენს კითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ზვიად სიჭინავა პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი დიმიტრი:  ჩემი აზრით ამ უბედურების მიზეზი, უფულო და უპატრონო კლუბებია. მაინტერესებს მომავალ ჩემპიონატში ასეთი უსახსრებო გუნდების დაშვებას თუ აპირებთ?

არა, არ ვაპირებთ. პირიქით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ყველა იმ კლუბს, რომელიც მომავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, ჰქონდეს გარკვეული სახელფასო ბიუჯეტი. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, გარკვეულ სიურპრიზს უმზადებს უმაღლეს ლიგას. გავდივართ სერიოზულ კონსულტაციებს და არაა გამორიცხული, კლუბების ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

მკითხველი ლევანი: ბატონო ზვიად, გჯერათ, რომ ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელი მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად წავიდოდა თამაშის ”გაყიდვაზე”?

არ არის გამორიცხული. მეც იმ აზრის ვარ, რომ ამ ამბავში მხოლოდ ეს ხუთი კაცი არ არის გარეული. ალბათ, როცა გამოძიება დამთავრდება, ყველაფერს ნათელი მოეფინება და გამოვლინდება ამ ამბავში მონაწილე ყველა ადამიანი -მწვრთნელი იქნება ეს, მასაჟისტი თუ კლუბის ხელმძღვანელი.

გულწრფელად ძალიან მწყინს და ვწუხვარ, რომ  ქართულ ფეხბურთში ასეთი ამბები ხდება. თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტად ჩემი მოსვლის დღიდან, ასეთი ფაქტების არსებობას მე არასდროს გამოვრიცხავდი. საქმე ის გახლდათ, რომ ვერ ვამტკიცებდით. მაგრამ გავიდა გარკვეული დრო და ეს ფაქტები დამტკიცდა.

მკითხველი ამირანი: გაუხანგრძლივდა თუ არა კონტრაქტი თემურ ქეცბაიას?

ჯერჯერობით, კონტრაქტი არ გაგრძელებულა. ქეცბაიას მოქმედი კონტრაქტი 2011 წლის 31 დეკემბრამდე აქვს. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ოთხი წელი, რა ვადითაც მე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქნები, ჩავატაროთ და გავატაროთ, სწორედ, თემურ ქეცბაიასთან ერთად.

მკითხველი სოსო: ყველამ იცის, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ბევრი ფული გაიფლანგა. რატომ არ ხდება ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტების, მერაბ ჟორდანიას და ნოდარ ახალკაცის (უმცროსი)  საქმიანობის გამოძიება?

რაც შეეხება ამ ადამიანების საქმიანობის გამოძიებას, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე ჩავიბარე ის, რაც ჩავიბარე და მგონია, რომ დაკისრებულ მოვალეობას ნორმალურად ვასრულებ; მათ შორის, ფედერაციის ვალების გასტუმრებასაც ვგულისხმობ. დაისჯება ეს ხალხი, იქნება გამოძიება, ამათი შეჭმულია თუ არა ეს ფული-  ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. მითუმეტეს, ვერ ვისაუბრებ მერაბ ჟორდანიაზე, რომელიც ჩემამდე დიდი ხნით ადრე იყო და მის საქმიანობას საერთოდ არ ვიცნობ.

რაც შეეხება ნოდარ ახალკაცს, მას ჩემთვის არაფერი არ ჩაუბარებია და არც გადმოუბარებია. ჩემი პოზიცია მე მოსვლის დღიდან დავაფიქსირე და ახლაც ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა ავიღე ფედერაციის ვალებზე და ვალდებული ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ შეძლებისდაგვარად, ბოლომდე გავისტუმრო.

მკითხველი უჩა: როგორ აპირებთ მომავალში ფეხბურთელების ”პატიოსნების” გაკონტოლებას?

არა მგონია პატიოსნების გაკონტროლება ვინმეს შეეძლოს. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების დახმარება და მათი ყურადღება აუცილებელია. ძალიან სამარცხვინოა, რაც ხდება. რთულია, როცა შენს გვერდით ისეთი ადამიანები არიან, ვისიც არ გჯერა და რომლებიც ეროვნულ საქმეს ემსახურებიან; შენ  მათ ეჭვის თვალით უყურებ და მუდმივად გიწევს მათი საქმიანობის გაკონტროლება, მათ კომპეტენციაში და პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა. შესაძლოა, ვინმე კონკრეტული პიროვნება არაფერ შუაში იყოს, მაგრამ მაინც სულ დაძაბული ხარ და ელოდები, ვაითუ, ამაზეც რამე ცუდი გავიგოო. დამერწმუნეთ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია.

სამწუხაროდ, იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეჭვები მუდმივად იქნება. მითუმეტეს, ყველამ უკვე კარგად იცით, რა ხდება მთელ მსოფლიოში ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს გლობალურ პრობლემად იქცა და მხოლოდ ქართული ფეხბურთის შიდა სატკივარი არაა. ამაზე მიუთითებს ის გადამჭრელი ზომებიც, რასაც მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოები მიმართავენ.

ვეთანხმები ამ შეკითხვების ავტორებს, რომ მართლაც რთული მდგომარეობაა. მაგრამ აქვე, მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ამ "საქმიანობითაა" დაკავებული. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს: უღირთ კი მათ და მზად არიან, რომ გადააბიჯონ საკუთარ თავს,  საკუთარ ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს?!... ოჯახში, მე საფეხბურთო ოჯახსაც ვგულისხმობ...

მკითხველი ეკა: ხომ არ აპირებთ ფიფა- ს მაგალითის (ინტერპოლთან თანამშრომლობა) გადაღებას და სამართალდამცავებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას?

თანამშრომლობას, ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ. ეს გამოაშკარავებული ფაქტებიც, სწორედ რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. არ შეიძლება, ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში იყოს. ქვეყანაში, რომელიც ტალანტებითაა სავსე, არ შეიძლება ფეხბურთელს ასე მარტივად, "არ გამოსდიოდეს" თამაში; ერთ ტაიმში კარგად თამაშობდეს, მეორეში კი, უბრალოდ, ჩერდებოდეს და იყინებოდეს. შედეგად კი, დაბალი დონის ეროვნულ პირველობას და ათას სხვა უბედურებას ვიღებდეთ.

როცა ჩემი ეჭვების შესახებ ვსაუბრობდი, ყველა დამამტკიცებელ ფაქტებს ითხოვდა და მართლებიც იყვნენ. ასეთ შემთხვევაში, ლაპარაკით ვერაფერს დაამტკიცებ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა აუცილებელია.

მკითხველი გელა: გაქვთ თუ არა ხედვა, როგორ შეიძლება  გაყიდული თამაშების თავიდან აცილება?

იცით, სიმართლე გითხრათ, პირადი ხედვა და რაიმე ვერსიები არ გამაჩნია და არა მგონია, ვინმეს გააჩნდეს, რადგან მოცემული პრობლემა უზარმაზარი მასშტაბისაა. ჩემეული ჰიპოთეზები კი მაქვს და მიმაჩნია, რომ უპირველესად, შესაბამისი ორგანოებისგან კონტროლი უნდა გაძლიერდეს და უნდა იყოს მუდმივი; მეორე და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი -ადამიანის სინდისი და კაცობა უნდა იყოს მთავარი მაკონტროლებელი. შეიძლება, ვიღაცამ გამლანძღოს და გიჟი დამიძახოს, მაგრამ მართლა ასე მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი რამე ჩაიდინო - შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ოჯახი გაყიდოს და მას ზურგი აქციოს. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ასე მჯერა და მწამს. მე სხვას არასდროს ვახეირებ ჩემი და ჩემი ოჯახის დამარცხებით. ასე რომ, იმ ადამიანებს, ვინც ეს სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, ბევრი საფიქრალი აქვთ...

მკითხველი გოჩა: თავად თუ გჯერათ რომ საქართველოს ნაკრები ევრო-2012 -ის ფინალურ ეტაპზე მოხვდება?

რომ გითხრათ, არ მჯერა-მეთქი, ავადმყოფი უნდა ვიყო. რომ გითხრათ, მჯერა-თქო, ბევრი იტყვის, რას ბოდავს ეს კაციო... მაგრამ რას ამბობთ, როგორ არ მჯერა?! ის, რომ დღეს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს, ის, რომ დღეს ჩვენთანაა თემურ ქეცბაია, რომელმაც მთელ საქართველოს იმედი და რწმენა დაუბრუნა; ის, რომ ნაკრების ფეხბურთელები ლომებივით იბრძვიან და ხალხისთვის უზარმაზარი სიხარული მოაქვთ -არ დავიჯეროთ?! იცით, მთავარი რა არის? -რომ რწმენა დაგვიბრუნდა!

უდიდესი ნატვრა, რაც ცხოვრებაში მაქვს, სწორედ, ესაა, რომ ჩემი ფედერაციის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდეს.

ჩემი აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში, ყველას უპირველესი ნატვრა, მიზანი და ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს, რადგან ეს არის სხვა ქვეყნებისა და შენი მეტოქეების დიდი პატივისცემის მოპოვება, "უმაღლესი ქულები", შენი ქვეყნის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაცია.

მკითხველი ლაშა: როგორ ფიქრობთ რა იყო რევაზ ძოძუაშვილის ასეთი გაცხარების მიზეზი?

სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არც მიფიქრია. იმ დღეს, როცა ეს შეხვედრა შედგა, მე ყველაზე ძალიან მინდოდა, რომ პრობლემის გარშემო ჯანსაღი კამათი და დისკუსია გამართულიყო და სწორედ, ვეტერანებს გამოეტანათ ის განაჩენი, რაც ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოიტანა. მე ფეხბურთელი არ ვყოფილვარ და სწორედ, ამიტომ მივმართე იმ ხალხს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ამ პრობლემის სიღრმე და სხვანაირად, თავისებურად სტკივათ... თუმცა, ყველამ იცით, იქ რაც მოხდა. ბატონი რეზო გაცხარდა და სრულიად სხვა საკითხზე დაიწყო საუბარი -იმაზე, რაც მას პიროვნულად აწუხებდა და პირადად მას ეხებოდა.

ყველაზე სამწუხარო კი, ის იყო, რომ ისე გამოვედით დარბაზიდან, ვეტერანების აზრი, მათი პოზიცია ვერ გავიგეთ. ჩვენი უბედურებაც ესაა, რომ ისინი, ვისაც ასეთ შემთხვევებში სიტყვა ეთქმის და მათ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩუმად არიან. ჩვენ კი არ უნდა გამოვდიოდეთ პირველები ჟურნალისტებთან, არამედ ვეტერანები და ისინი უნდა ამბობდნენ მთავარ სათქმელს, რაც, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, ამ ხალხს სხვა რამეები აქვს გულში ჩადებული, აწუხებს და ამ ყველაფრის გამოხატვა იმ დღეს მოინდომეს.

აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ფედერაცაში მოსვლა, ჩვენთან შეხვედრა და საუბარი ყველას შეუძლია; ამას დაუსრულებლად ვიმეორებ და რატომ ჩათვალეს საჭიროდ იმ დღეს იმ სცენების მოწყობა, ვერ ვხვდები...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება