ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
თქვენი აზრით, საითკენ უნდა იყოს მიმართული საქართველოს ორიენტირი?
მაინც რა გვიშლის ხელს სწორ კვებაში? ჩვენი...
 
ოქროს თევზი, რომელიც ყველა ჩვენგანს ბავშვობის ზღაპარს...
 
XX საუკუნის მიწურულს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებრიობის ყურადღება...
 
კალენდარი
« მარტი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
  
08:17 / 13-01-2010
თამრიკო გვერდწითელის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები
Ambebi.Geამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში აღიარებული ვარსკვლავი თამარ გვერდწითელი გახლავთ. დღეს ჩვენ სწორედ მის საოჯახო ამბებს გადავხედავთ და მისი ცხოვრების ბევრ აქამდე უცნობ დეტალსაც შევიტყობთ.


უცნაური წინასწარმეტყველება და "მზიურის" წლები

- როცა თბილისში ვხვდები, აუცილებლად მივდივარ ძველი თბილისის უბნებში, ვიწრო ქუჩებსა და იტალიურ ეზოებს ჩავუვლი ხოლმე, სადაც მრავლად ცხოვრობენ მკითხავები, ფაიფურის ჭიქაში, ყავის ნალექზე რომ მკითხაობენ და მომავალს ხედავენ. მრავალი წლის წინ ერთ-ერთ ასეთ მკითხავთან მივიდა დედა. მკითხავმა უწინასწარმეტყველა: "შენსა და შენს ქმარს შორის უთანხმოებაა, არ იცი, როგორ მოიქცე, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს... და სწორადაც გადაწყვიტე". სულ მალე მშობლები გაიყარნენ. მამამ ახალი ოჯახი შექმნა...

წლების შემდეგ მე და ჩემმა ძმამ მასთან ურთიერთობა აღვადგინეთ, ჩემს შვილ სანდროსაც აქვს თბილისში მცხოვრებ ბაბუასთან კავშირი, ეს აუცილებელია, თუმცა იმ წლებსა და იმ ტკივილს ვერაფერი დამავიწყებს...
რამდენიმე წლის მერე დედა ისევ გაეშურა ნაცნობ მკითხავთან, ამჯერად ჩემ შესახებ აინტერესებდა ამბები. მკითხავმა დიდი მომავალი მიწინასწარმეტყველა.

- სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყეთ...
- დედამ თვითონ მიმიყვანა მუსიკალურ სკოლაში და როგორც ნებისმიერი ებრაელი დედა, არა მხოლოდ გვერდში მედგა, არამედ მაქებდა და მანებივრებდა. თავადაც შესანიშნავად მღერის და ის, რომ მე ახლა ვმღერი, გარკვეულწილად მისი ოცნებების ასრულებაცაა. დედა რბილად მზრდიდა, მამის კი დღემდე მეშინია.

- მაშინ პოპულარულ ანსამბლ "მზიურში" რამდენიმე გოგონასთან ერთად თქვენც აშკარად გამოირჩეოდით...
- დედამ შენიშნა, რომ მუსიკალური სმენა და არც ისე ბავშვური ხმა მქონდა და ყველანაირად იზრუნა, რომ ჩემი ნიჭისთვის ხელი შეეწყო. ცხრა წლის ოფიციალურად გავხდი "მზიურის" წევრი. თითქმის 17 წლამდე ვმღეროდი ამ საბავშვო ანსამბლში. დავდიოდი გასტროლებზე უცხოეთში. კლასში ბევრ თანატოლს შურდა კიდეც ჩემი და მაშინ ვერ ვიგებდი, რა იყო ამაში შესაშური. კი, ცოცხალ ბრეჟნევსა და კენედის ვხედავდი, ანსამბლის სოლისტი ვიყავი და სცენაზე ხშირად ვიდექი, მაგრამ კლასიკურ ფორტეპიანოს ვეუფლებოდი, ესტრადა და გასტროლები კი ბევრ დროს მართმევდა და ამის გამო ვღელავდი.

პირველი სიყვარული და თბილისელი რეჟისორი


...სკოლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე კლასიკური ფორტეპიანოს ფაკულტეტზე და სცენაზეც მარტო გამოსვლა დავიწყე. ერთხელაც კულტურული დელეგაციის შემადგენლობაში გავემგზავრე მადრიდში და იქ შევხვდი ჩემს პირველ სიყვარულს. იმ სასტუმროს მფლობელების შვილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, 19 წლის იყო.

ლამაზი, მაღალი, შავთვალება. ესპანური, ასე თუ ისე, ვიცოდი და გამოველაპარაკე. მერე კონცერტსაც დაესწრო და ესპანურად შესრულებული "გრანადათი" საბოლოოდ მოვხიბლე. მთელი დღეები მადრიდში დავსეირნობდით, კონცერტის მერე სასტუმროს ბაღში მელოდა, ჩემს ხელისგულს ლოყაზე იდებდა და მეუბნებოდა: "არ მინდა ვიცოდე, როდის წახვალ". განშორების დღეს მარაო მაჩუქა, უკვე ავტობუსში ვჯდებოდი და ხელს არ მიშვებდა.

"მალე შევხვდებით ერთმანეთს, მშობლებს დავარწმუნებ და ჩამოვალ საბჭოთა კავშირში, აუცილებლად ვიქორწინებთ..." ჩამოსვლის შემდეგ დიდხანს ველოდი, ვდარდობდი, მაგრამ ის არ ჩანდა. მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს მაშინდელი საზღვრების გადმოლახვა და ჩვენი პირველი სიყვარულიც მივიწყებას მიეცა.

- თუმცა მას მერე შემოგრჩათ მარაოების სიყვარული...

- დიახ, როგორც მერე ამიხსნეს, მარაოებს თურმე უბრალოდ არ უძღვნიან. მას მერე გამიჩნდა ამ ნივთის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება და ხშირად მასაჩუქრებენ. ყველა მარაოს ჩემს კოლექციაში თავისი ისტორია აქვს.

- თქვენს პირველ ქმარსაც ლამაზი ისტორია უკავშირდება...

- მას კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში შევხვდი. იმ დროს მთლიანად ჩავეფალი სტუდენტურ ცხოვრებაში. ჩემი ძმა პოლიტექნიკურში სწავლობდა და საღამოობით ჩვენს სახლში ჩემი და მისი მეგობრები იკრიბებოდნენ, ხშირად ღამეც რჩებოდნენ, რადგან ღამღამობით ტროლეიბუსები აღარ დადიოდა. ასეთ სიტუაციაში მაინც კარგად ვსწავლობდი.

19 წლისამ საკავშირო კონკურსზე პირველი პრემია მივიღე, მახსოვს, მაშინ მასლიაკოვმა აიღო ჩემგან ინტერვიუ. ერთ წელიწადში დრეზდენში წარმოვადგენდი საბჭოთა კავშირს, საესტრადო სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე და ფინალისტი გავხდი. პრიზის გარდა ფულიც მაჩუქეს. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მაშინ გდრ-ში სწავლობდა, დილის ცხრა საათზე წამიყვანა მაღაზიაში: "მალე იყიდე რამე ამ ფულით, სანამ ვალუტას წაგართმევენ". შინ "მადონას" სერვიზით დავბრუნდი. კონსერვატორიის დასრულებისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი ვიყავი.

სხვათა შორის, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. მათ შორის ერთი ახალგაზრდა მღვდელიც კი იყო, რომელიც მზად იყო, ჩემ გამო საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა... მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. მე იმ ერთადერთს ველოდი. სწორედ ამ დროს შემომთავაზეს როლი ტელედადგმაში და რეჟისორთან წარმადგინეს. როცა გიორგი კახაბრიშვილს პირველად შევხედე, მივხვდი, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდებოდა. ის 15 წლით იყო ჩემზე უფროსი, პროფესიულად შემდგარი და თავდაჯერებული. მაგნიტივით მიზიდავდა... თუმცა არ ვიმჩნევდი.

მესამე დღეს ჩვენი ურთიერთობის შესახებ უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა და ყველა ამბობდა, რომ მშვენიერი წყვილი ვიყავით. დედა კი მირჩევდა, არ ავჩქარებულიყავი და კარგად დავფიქრებულიყავი, სანამ რამე გადაწყვეტილებას მივიღებდი. თუმცა სიმშვიდე არ გამომდიოდა, ასაკიდან გამომდინარე იმპულსურად ვიქცეოდი, ბევრს ვკამათობდით, ხშირად არ ვუთმობდი, ის უფრო დგამდა შერიგების პირველ ნაბიჯებს. ერთ-ერთი კამათის მერე მთელი ოთხი დღე დაიკარგა. გიჟივით ველოდი მის ზარს, ფანჯარაში ვიყურებოდი. ის კი არ ჩანდა. მე რომ დამერეკა, ამაზე არც მიფიქრია. ქართველ ქალებს ხომ ისე გვზრდიან, ინიციატივა ჩვენ არ უნდა გამოვავლინოთ. დედამ შენიშნა ჩემი მღელვარება. მოვიდა და ჩამეხუტა: "რაკი ასე განიცდი, ე.ი. გიყვარს". ახლა მივხვდი, გიორგი გამოცდილი მამაკაცივით მოიქცა. დრო მომცა, რომ გრძნობებში გავრკვეულიყავი და დაკარგვის შიში განმეცადა.

ავღანეთის ომში მოხვედრილი მომღერალი

Ambebi.Ge- ეს ფოტო ავღანეთშია გადაღებული...
- იმ დროს ავღანეთში ომი მიმდინარეობდა და საქველმოქმედო კონცერტებზე მიმიწვიეს. მინდოდა, ჩემი თანატოლი ბიჭებისთვის მეგულშემატკივრა, რომლებიც უცხო მიწაზე უაზროდ იხოცებოდნენ და წავედი. გიორგის არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ ვერ გადამარწმუნა. მით უმეტეს, ჯერ ჩემი ქმარი არ იყო. სამი ხელოვანი გავფრინდით - მე, ირინა ალფეროვა და ნადია ლუკაშევიჩი ტრიო "მერიდიანიდან". ღამით ჩავფრინდით ქაბულში. გარშემო მუქ სამოსში გამოწყობილი ადამიანები ჩრდილებივით დაიარებოდნენ. მძღოლმა "გვახარა", რომ ქალაქი ყოველდღე იბომბებოდა.

პირველ კონცერტზე დარბაზი სავსე იყო - ჯარისკაცები, ექიმები, მედდები. სცენაზე რომ გამოვედი, უცებ საშინლად დაიგრუხუნა, მე კი მიკროფონს უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი და სიმღერა განვაგრძე. კიდევ დაიგრუხუნა და შუქიც ჩაქრა. არაფრით არ გავედი სცენიდან, სანთლები აანთეს და სანთლების შუქზე განვაგრძე სიმღერა. მაშინ იქ ბევრი ტკივილი და გასაჭირი ვნახე. ქართველმა ბიჭებმა მშობლებთან წერილები გამომატანეს. სრულიად განადგურებული დავბრუნდი თბილისში. მე და გიორგი წერილებს მშობლებს ვურიგებდით და თან ვეუბნებოდი, რომ მათი შვილები უზბეკეთში იყვნენ. არ მინდოდა სცოდნოდათ, რა განსაცდელში იყვნენ ის ახალგაზრდები.

- მერე კი გიორგი კახაბრიშვილს ცოლად გაჰყევით...
- ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ქმართან ურთიერთობისას ემოციებს ვთრგუნავდი, რომ კონფლიქტი არ ყოფილიყო. ისე გამოდიოდა, რომ მხოლოდ სცენაზე ვავლენდი ჩემს ნამდვილ ემოციებს. კარგად ვცხოვრობდით, ერთად ვმუშაობდით - ის თავის ტელესპექტაკლებში მიწვევდა, როგორც დრამატულ მსახიობს, თუმცა მუდმივად ვკამათობდით. მას არ მოსწონდა ჩემი ხშირი და ხანგრძლივი გასტროლები, რომლებიც ხანდახან ორი-სამი თვე გრძელდებოდა. ჩემი აზრით, ისიც საკმაოდ დატვირთული იყო და სათანადო ყურადღებას არ მითმობდა.

ქორწინებიდან ორ წელიწადში გაჩნდა სანდრო. ახლა მეტად მინდოდა შინ ყოფნა, შვილთან, თუმცა იმაზე ვერც ვიფიქრებდი, რომ სცენაზე აღარ გავიდოდი და დიასახლისი გავხდებოდი. ვცდილობდი შემეთავსებინა ერთმანეთისთვის დედობა და მომღერლობა. სადილებს ვამზადებდი, შვილს ვუვლიდი. მშობიარობიდან ნახევარ წელიწადში წავედი პირველ გასტროლზე, ხოლო სანდრო რომ წლის გახდა, ისიც თან წავიყვანე. შინ ვერ ვტოვებდი. არ შემეძლო დამეშვა, რომ სანდრო გამუდმებით ფანჯარასთან მჯდარიყო ჩემს ლოდინში და ეტირა.

როცა დიდი გასტროლები იყო, მე და დედა ჩავალაგებდით ჩემოდნებს: თეთრეულს, ღამის ქოთანს, ჯამებს, ქვაბებს და მივეშურებოდით სადგურზე. შეიძლება იმიტომაც, რომ სანდრო კულისებს მიღმა იზრდებოდა, თანატოლებზე უფრო სწრაფად ვითარდებოდა. წლინახევრის უკვე ორ ენაზე ლაპარაკობდა - ქართულად და რუსულად, თუმცა გიორგი არ მალავდა, რომ ჩემი ცხოვრების წესი და ბავშვისადმი მიდგომა არ მოსწონდა. მას სხვანაირი ცოლი უნდოდა. უკმაყოფილება თანდათან მატულობდა...

მძიმე წლები


Ambebi.Ge- პარიზში როგორ აღმოჩნდით?
- 1993 წელს გენიალურ მუსიკოს მიშელ ლეგრანს ჩემი კასეტა გაუგზავნეს. მომისმინა და შეხვედრა დამინიშნა. აქედან დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელმაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა პარიზში პირველად 1990 წელს მოვხვდი, როდესაც ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან გავაფორმე კონტრაქტი კინოფილმების მუსიკის შესრულებაზე.

- იმ დროს საქართველოში სამოქალაქო ომი იყო...
- დიახ, და ვერანაირად ვერ ვბრუნდებოდი თბილისში. თვითმფრინავები საერთოდ არ დაფრინავდა. საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ჩემი ოჯახი თბილისში გამოკეტილი აღმოჩნდა, მე კი პარიზში ვიყავი. მერე მოსკოვში გადავფრინდი იმ იმედით, რომ დედასა და შვილს მაინც გამოვიყვანდი იქამდე. ზრდასრულ მამაკაცებს - მამას, ქმარს, ძმას, ვერ შევბედავდი, დაეტოვებინათ იქაურობა და გამორიდებოდნენ. დედაჩემი და სანდრო მოსკოვში წამოვიდნენ და დროებით დავიწყეთ ცხოვრება სასტუმრო "პეკინში". თუმცა, როგორც ბრძენკაცები ამბობენ, არაფერია უფრო მუდმივი, ვიდრე დროებითობა. ბავშვი სასტუმროდან დადიოდა სკოლაში. ველოდით, მაგრამ ომი არ მთავრდებოდა. მერე გადავედით სასტუმრო "მოსკოვში", ბოშათა ბანაკივით დავდიოდით.

- მერე კი საერთოდაც დამოუკიდებლად დაიწყეთ ცხოვრება...
- არის სიტუაციები, როცა ადამიანები ვეღარ ახერხებენ ერთად ცხოვრების გაგრძელებას. სკანდალების გარეშე დავშორდით, თავისთავად მოხდა თითქოს ყველაფერი. სანდრო ძალიან განიცდიდა ჩვენ დაშორებას. მას ამაზე ნაკლებად ველაპარაკებოდი, ისიც ტაქტიანი ბავშვი იყო და შეკითხვებს არ მისვამდა. მისთვის მამა მამად დარჩა, უბრალოდ, ცხოვრებას ვერ შევცვლიდით. მაშინ სანდრო 9 წლის იყო. მერე კი ისე მოხდა, ჯერ რუსეთში ვცხოვრობდით, მერე ამერიკაში, სადაც სანდრო ხუთი წელი სწავლობდა... სანდრო ახლაც ხშირად არის თბილისში, მამას ხვდება, მე არ ვნახულობ ყოფილ ქმარს... მე ცხოვრების ის ნაწილი უკვე მოვიცილე თავიდან, ის დასრულდა. არც იმის მჯერა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობას ახერხებს. უბრალოდ, ჩვენ საერთო შვილი გვყავს.

- ამერიკას უკავშირდება თქვენი კიდევ ერთი სასიყვარულო ურთიერთობა...

- 1994 წელს ლეგრანთან ერთად ამერიკის "კარნეგი-ჰოლში" გამოვედი და ისევ მომინდა ცხოვრება... აშშ-ში კონტრაქტი გამიფორმეს. ერთხელაც სტუმრად ყოფნისას გავიცანი ბოსტონელი ადვოკატი და მასთან თავი კვლავ ნამდვილ ქალად ვიგრძენი. თუმცა მასთანაც დილემის წინაშე აღმოვჩნდი: კარიერა თუ სახლი. არჩევანი აღარ იყო და მოსკოვში გამოვფრინდი. მას მერე აღარც დავბრუნებულვარ.

ვარსკვლავური ცხოვრება

- ახლა ნამდვილი ვარსკვლავი ხართ, უამრავი კონცერტი გაქვთ. რომელი სიმღერის შესრულებას გთხოვენ უფრო ხშირად კონცერტებზე?
- ჩვეულებრივ, ყვირიან ხოლმე Âèâàò, êîðîëü!, მაგრამ ეს საფინალო სიმღერაა. ხალხს კარგი რეაქცია აქვს ქართულ სიმღერებზე. ბევრს არ ესმის ენა, მაგრამ ტემპერამენტისა და ემოციების საშუალებით ეს სიმღერები მათთვის ახლობელია. "პარიზული ციკლიც" უყვართ. საერთოდ, ჩემი მაყურებელი ძირითადად ქვეყნის ინტელიგენციაა, მათ უკეთ ესმით ჩემი სიმღერები.

- ისევ პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ... რამდენიმე წლის წინ ექიმს, კარდიოქირურგ სერგეის გაჰყევით ცოლად, რომლის პაციენტიც აღმოჩნდით. ძალიან ლამაზი ისტორია გაკავშირებდათ მასთან, ამბობდით, რომ ბედნიერება იპოვეთ და უცებ, მასაც გაშორდით...

- იმ მეცნიერს, რომელიც ახსნიდა, რატომ მიდის სიყვარული, ნობელის პრემიას მიანიჭებდნენ, იმდენად მადლიერი იქნებოდა მისი კაცობრიობა. ბევრ ტანჯვასაც ავიცილებდით თავიდან... ნებისმიერ ქალს განუცდია ეს დრამა.

- გჯერათ, რომ კიდევ ააწყობთ პირად ცხოვრებას და იპოვით თქვენს მამაკაცს?
- ამის რწმენა მაქვს. ადამიანში იმედს ვერ მოკლავ. ალბათ არ გადაშენებულან კარგი მამაკაცები, რომლებსაც მგრძნობიარე ქალი სჭირდებათ გვერდით.

- და როგორი მამაკაცი უნდა იყოს თქვენ გვერდით?
- მე უნდა შემეფერებოდეს.

- როგორც ჩანს, ძლიერი ქალი ხართ...
- სინამდვილეში არც ერთი ქალი არ არის ძლიერი.

- თუმცა, როცა ვნახე, როგორი ურთიერთობა გაქვთ დედასთან, გავოგნდი. თითქოს თქვენ ისევ პატარა გოგონა ხართ, ყველაფერზე მას ეკითხებით აზრს...
- როცა დედა წასვლას აპირებს, სულ ვაფრთხილებ, რომ დიდი ხნით არსად დარჩეს. "იცოდე, შენ არყოფნაში შეცდომებს დავუშვებ". ყოველთვის ასე იყო. დედა მუდამ მხარში მედგა და ახლაც ის ჩემი იმედია. ყველა საოჯახო საქმე დედაზეა, მას მიაჩნია, რომ ყოფითი პრობლემებით არ უნდა დამტვირთოს. გამუდმებით მაქვს დედასთან შეკითხვები და ისიც ვალდებულია, მიპასუხოს. დედა ჩემი მთავარი მრჩეველია.


ლელა ზურებიანი
ჟურნალი "რეიტინგი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:03 / 11-03-2010  Image დასავლეთ საქართველოს სტიქია უტევს
კოკისპირულმა წვიმებმა დიდძალი ზარალი მიაყენა ცაგერის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებს. ადიდებულმა მდინარეებმა
09:27 / 11-03-2010  Image ციხიდან გათავისუფლებულმა კალაშოვმა თვალი ტარიელ ონიანის ვილას დაადგა
უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტარიელ ონიანსა და შაქრო კალაშოვს შორის დაპირისპირებაში კალაშოვმა გაიმარჯვა
09:34 / 11-03-2010  Image 100 გასროლა მიზანში!
სამხედრო-ანალიტიკურმა ჟურნალმა "არსენალმა" მეასე ნომერი მიითვალა! ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ მისი რედაქტორების - ირაკლი ალადაშვილისა და გიორგი ჟორჟოლიანის სტატიას და წერილს