ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავთა შორის ქართველი გოგონაცაა, რომელსაც უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფილმოგრაფია და დიდი წარმატებებიც აქვს, მომავალში კი მეტ დიდებას უწინასწარმეტყველებენ. კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი, საკუთარი სიმღერების ავტორი, მშვენიერი გარეგნობის მოდელი და ტელეწამყვანი ელენა სატინი სინამდვილეში ელენე სხირტლაძეა, რომლის ცხოვრება და კარიერაც საქართველოში დაიწყო. ელენე სხირტლაძე 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა საშუალო და მუსიკალური სკოლები.ბავშვობიდან ვოკალით იყო გატაცებული, ასევე პროფესიონალურად ეუფლებოდა ფორტეპიანოს. მონაწილეობდა საესტრადო-სპორტული ცეკვის კოლექტივში “იმპერიალი”. საკონცერტო კარიერა 6 წლისამ დაიწყო. ამავე ასაკში მოხვდა მაშინდელ პოპულარულ საბავშვო რუსულ პროექტში “უტრენნაია ზვეზდა”. 11 წლის უკვე აქტიურად დადიოდა გასტროლებზე, როგორც მოცეკვავე. 9 წლიდან კი კინოშიც თამაშობს. ამ ასაკში ის საერთაშორისო ფილმების ფესტივალ “კინოტავრის” ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც კი იყო.
მოგვიანებით დედასთან - მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქვე დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში. ამის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც 2003 წელს ითამაშა პირველ ფილმში, სერიალში “დეტექტივი რაში”. დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის მიუზიკლი “ჩიკაგო”, სადაც მისი მუსიკალური მონაცემები შესანიშნავად გამოჩნდა.
დღესდღეობით ელენა პერსპექტიულ ახალგაზრდა მსახიობებს შორის მოიხსენიება, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მცირე ხნის წინ სიმღერა ჩაწერა U2-ს სოლისტ ბონოსთან ერთად, მომავლის გეგმებს შორის კი აქვს დედამისის დაწერილი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი ფიროსმანზე, სადაც ელენა მარგარიტას როლს შეასრულებს, ფიროსმანი კი, სავარაუდოდ, “პაინისტის” ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი ედრიან ბროუდი იქნება.
ელენა ბუნებრივად შავთმიანია, თუმცა ბოლო დროს წითური გახდა და სწორედ ამ სახით იღებს ფოტოსესიებს. გარდა ძირითადი სამუშაოსი, გატაცებულია ჩოგბურთით, ფიგურული სრიალით, აერობიკით. როგორც თვითონ ამბობს, მისი წარმატების მთავარი მიზეზი შრომისმოყვარეობა და
მიზანდასახულობაა. ლელა ზურებიანი
ჟურნალი "რეიტინგი"













