"კომედი შოუს" ბიჭებმა წინა კვირას სატელევიზიო სივრციდან დროებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლეს. რამდენიმე წარმატებული სახის შექმნის შემდეგ, რომელთა შორის შორენა ბეგაშვილის პაროდიას მაყურებელი ყველაზე მაღალ ქულას უწერს, ბიჭებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე კონცერტის მომზადება განიზრახეს და ჩანაფიქრი განახორციელეს კიდეც. ამიკო ჩოხარაძემ, ვახო ბიჭიკაშვილმა, ანუ თაგვმა, ვასო ფხაკაძემ და გიორგი აფციაურმა ინტერვიუს დროს ბევრი იხალისეს, თუმცა კიდევ უფრო მხიარული ფოტოსესია გამოდგა...- დიდი ხანია, კონცერტები არ გქონიათ და საერთოდაც, ამ შემადგენლობით სცენაზე ერთად არ გამოსულხართ.გიორგი:
- ორი წლის წინ გამოვედით ერთად, მაგრამ მაშინ მე დამწყები ვიყავი და ახლაც დამწყები ვარ.
ვასო:
- სამივე ჩემზე ბევრად ნიჭიერია. ამას მართლა ვამბობ და ყველა ასე მივიჩნევთ, რომ ჯიგრების თაობა მოდის. ძალიან მიხარია.
ამიკო:
- სამსახურში რომ მოვდივართ, ძირითადად, ერთმანეთის ქებით ვართ დაკავებული...
ვასო:
- მე სერიოზულად ვამბობ, ამიკო თავის დროზე აღმოჩენა იყო, ასევე თაგვი და გიორგი. ამიკო რომ ჩამოვიდა, თავიდან ლაპარაკი არ იცოდა, ცეკვით ლაპარაკობდა, რადგან გადაჩვეული იყო, ნახევრად რუსეთშია გაზრდილი, მაგრამ როცა პლასტიკა გვაჩვენა, ჯეკსონი განასახიერა, ვთქვი, რომ ის ჩვენ შორის ერთ-ერთი მაგარი ტიპი იქნებოდა, თუმცა ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ხალხის აზრია. აფციკა ავიღოთ - ეს არის ადამიანი, რომელიც ყველანაირ ხმას უშვებს, საიდანაც გინდათ (იცინიან). ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა ყველაფერი შეუძლია, მაგარი ნიჭიერია. თაგვს რაც შეეხება, პროფესიონალი მსახიობია, დრამის, მაგრამ გადმოვიბირეთ.
ვახო:
- ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სცენარისტებიც ვართ და ხუმრობებს ვწერთ. ამ ხალხმა დამარწმუნა, რომ აქ უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს და არც ცდებოდნენ, სამაგიეროდ, თეატრი შევაყვარე, ვასო სპექტაკლებს ვერ მოვწყვიტე, მაძალებს ხოლმე, რანაირი მსახიობი ხარ, წამოდი, სპექტაკლს დავესწროთო.
- თქვენთვის როგორი იყო ვასოსა და მის მეგობრებთან ერთად მუშაობა?
ვასო:
- თავიდან ბატონობით გველაპარაკებოდნენ და ახლა უკვე "შეჩემას" მეუბნებიან, ხვდებიიი (იცინის)?!
ამიკო:
- თავიდან ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო ეს სფერო, რადგან მეზღვაური ვარ. ცოტა უხერხულობა იყო, ისე გაბედულად ვერ ველაპარაკებოდი, მაგალითად, ვასოს. ეს ჩვეულებრივი მომენტია, როცა უცხო ადამიანებთან მოდიხარ სამუშაოდ. არ ვიცნობდით ერთმანეთს, მერე თანდათან შევეჩვიეთ, თან ძალიან კარგი ადამიანები ვართ...
ვასო:
- ბევრ დროს ვატარებთ ერთად, თითქმის 24 საათს...
ვახო:
- ამიკო მატარებელს ჩამოჰყვა და დარჩა, მოეწონა...
- ბოლოს და ბოლოს, ცურვით ჩამოხვედი თუ მატარებლით?
ამიკო:
- რა თქმა უნდა... ფეხით (იცინიან).
- საინტერესოა, თქვენს გუნდში მისაღებად რამე რიტუალი ხომ არ გაქვთ მოფიქრებული?
ამიკო:
- თავიდან, ახალი მოსული რომ ვიყავი, რაღაც ხუმრობის დროს იწყებდნენ ყაყანსა და ყვირილს. ამ ჩოჩქოლში ვერაფერს ვერ ვარკვევდი.
ვახო:
- პირველი საწვრთნელი ბაზა არის ვანოს შოუ. იქ არის ჩამონათვალი ბასი, გაზი და ა.შ. ანუ ეს რუბრიკებია, რომელსაც ბიჭებმა თავიანთი სახელები დაარქვეს. ერთხელ "საშლელზე" მამუშავეს, ანუ უკვე დახურულ პროექტზე. თეატრალურში მიწევდა სიარული და რამდენიმე ხანი აქ არ დავდიოდი, ერთხელაც მოვედი და მომცეს დრო, "საშლელის" სცენარი დაწერეო. ავიღე ფურცელი და დავიწყე ფიქრი, რამდენიმე ხნის შემდეგ შემოვიდნენ, რას აკეთებო და რომ გაიგეს, დამცინეს, "საშლელი" იანვარში დაიხურაო (იცინის). გიორგი აფციაური ახალი მოსული იყო და მისი სახელი ჩაინიკამ არ იცოდა, ერთ-ერთმა უთხრა, დათო ჰქვიაო. ჩაინიკამ რაღაცაზე მიმართა, დათოო, მაგრამ გიორგი, რასაკვირველია, ყურადღებას არ აქცევდა.
გიორგი:
- აქ ხუმრობა ისაა, რომ მე დათო კი არა, გიორგი მქვია და თან, უზრდელი გამოვჩნდი.
- გიორგი, ვანო ჯავახიშვილს რა გაუჩალიჩე?
- სანამ გადაღება დაიწყება, ვანო მაყურებელს ეხუმრება ხოლმე, რომ გაამხიარულოს და ასე ვთქვათ, გაახუროს. ერთ-ერთი ქალი ამოიჩემა და მაგრად ეხუმრა, ბოლოს მივედი და ვუთხარი, რა იყო, ბიჭო, დეიდაჩემია-მეთქი. ვანო ერთი ნახევარი საათი დარდობდა, მერე მივიდა და ბოდიში მოუხადა, გიორგის დეიდა ყოფილხართო.
- იმ ქალმა ალბათ იფიქრა, კიდევ მეხუმრებაო...
- არა, დაიჯერა, რომ მართლაც დეიდაჩემი იყო (იცინის).
- საკონცერტო კურიოზებზეც მოგვიყევით...
ვასო:
- პრეზიდენტის შემოსვლა იყო, მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით. ალეკო მალხაზიშვილი რუსს თამაშობდა, აფციკას უნდა ეკითხა, ჩტო ეტა ტაკოეო და ალეკოს ეპასუხა, რომ ეს იყო სამშვიდობო ძალები. გიორგიმ რომ დასვა კითხვა, ალეკო გამოეპასუხა, ეტა ვართეო (იცინის), ანუ ვართე თამაშობდა იმავე სკეტჩში ერთ-ერთ როლს...
გიორგი:
- თავი ვეღარ შევიკავე, გამეცინა კი არა, მთელი ტექსტი სიცილით ჩავამთავრე.
ამიკო:
- მე სცენაზე უხერხულობა არასდროს მქონია.
ვახო:
- უხერხულობა იქმნება მაშინ, როცა ტექსტიდან გადაუხვევ.
გიორგი:
- სხვა დროსაც ხდება. მაგალითად, პრეზიდენტზე სკეტჩში ვასო უკან მედგა, არ გამიხედავს, ისე ავატრიალე ქაფჩა და ტალახი შეესხა. რომ გავიხედე, წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე და სიცილი ვეღარ შევიკავე.
ვახო:
- კონცერტის დროს ამას ვერ გააკეთებ, ერთხელ თუ აგიცდა ფეხი, ბოლომდე უნდა მიჰყვე, რადგან ჩაწერა არ არის, რომ გააჩერო და თავიდან დაიწყო, მაგრამ თუ ნიჭიერი ადამიანი ხარ (იცინიან)...
- ამ კონცერტებზეც ვილაპარაკოთ. რა შესთავაზეთ მაყურებელს?
ვასო:
- ძალიან მაგარი გამოვიდა.
ვახო:
- ცისმარიმ ოცნება აისრულა და ცოლად მოიყვანა თავისი ქმარი (იცინის), "იუმორინას" პაროდიაც კარგი გამოვიდა, დაინგრა დარბაზი.
ამიკო:
- ორიგინალური გამოვიდა გუნდი, რომელიც თანამედროვე სიმღერებს ხალხურ ჟანრში მღერის.
ვასო:
- პრეზიდენტისა და ბურჯანაძის ჯუჯები ცეკვავდნენ ბალეტს, რივერდანსს და ძალიან სასაცილო საყურებელი გამოდგა.
ვახო:
- ასევე უნდა გამოვყოთ ჯგუფი "ელიავა სთრით ბოის", რომლის აღიარებამ კატარამდე მიაღწია.
- ბიჭების ჯგუფებს არ სწყალობთ?
ვასო:
- "ელიავას სთრით ბოისს" ქართული იდიოტური ტექსტი აქვს, გავლესე, ავლესეს მსგავსი. ეს არის პაროდია ზოგადად ბიჭების ყველა ჯგუფზე.
- ამიკოს ჯეკსონი და გიორგი აფციაურის პრეზიდენტი ყველამ იცის, თქვენ რა მიგაჩნიათ საკუთარ საუკეთესო ნომრებად?
ვასო:
- მე გია სურამელაშვილი, რომელიც ამ კონცერტზე განვასახიერე და "ნინიკო, ნინიკო" შევასრულე. უნდა მნახო, რა მაგარ ზმანზე ვიყავი, დამამსგავსეს.
ვახო:
- მე სანამ დუბლიონკა არ დამეხევა, მანამდე ეს როლი შემრჩება. ასევე მომწონს მეგრელის როლი, რომელიც შორენა ბეგაშვილს დასდევს.
ამიკო:
- მაგრამ ყველაზე მეტი ფანი მაინც ჯეკსონს ჰყავს...
ვასო:
- აბა, ერთი, ჰიტაღლუმებს შეხედე, გია სურამელაშვილი სულ პირველ პოზიციებს რომ იკავებს და მერე ვილაპარაკოთ (იცინიან).
ამიკო:
- გული მტკივა, რომ ჯეკსონი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დააფასა ბევრმა.
ვასო:
- ამიკო, რომ მოკვდები, შენც უფრო მეტი ადამიანი გიტირებს (იცინიან).
- გია სურამელაშვილს რომ ჰყავდა, ისეთი ფანი გოგონები გყავთ?
ვახო:
- ჩვენ ფანების ახალ სტილს ვამკვიდრებთ. ყოველთვის მზად ვართ, წელში ვეკვეთოთ ჩვენს თაყვანისმცემელ გოგონებს.
გიორგი:
- პირადად მე ყველას დასავით ვუყურებ...
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)




















