თუ ქართულ ტელესივრცეს გადავხედავთ, საეთერო დროის დაახლოებით 60% ტელესერიალებს უკავია, შესაბამისად, ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელიც სერიალს არ უყურებს. თუმცა რესპონდენტებთან საუბრისას, იმასაც მივხვდი, რომ ზოგიერთი სერიალის ყურება სირცხვილადაც მიიჩნევა. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამ ჟანრის ნებისმიერ ნამუშევარს უყურებენ... რატომ სიამოვნებთ ადამიანებს სხვათა ცხოვრების ჭვრეტა და შეიძლება თუ არა სერიალებიდან რამის სწავლა? ეს კითხვები, სხვადასხვა ასაკის რამდენიმე ადამიანს დავუსვი და მათთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ხშირად გადახდენიათ სახალისო თავგადასავალი, რომლებიც ისევ და ისევ სერიალებს უკავშირდება.ლაშა, 22 წლის:
- სერიალებს არ ვუყურებ-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებ, მაგრამ დედაჩემი რომ იმ "ჩხავანა კატას" (თუ არც კი ვიცი, რა ერქვა, აღარ მახსოვს იმ სერიალს) უყურებდა, ისეთებს არ ვუყურებ! მსგავსი პრიმიტიული სცენარის სერიალები რატომ მოსწონთ, ვერ ვხვდები. როცა ვიცი, წინასწარ რა მოხდება, ინტერესი მეკარგება და დრო ტყუილად რატომ დავკარგო?!
- შენ რომელ სერიალს უყურებ?
- სერიალს - "შუა ქალაქში"! საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ამ სერიალს არ უყურებდეს! მართლა გემოვნებით გაკეთებული პროექტია და მაყურებელიც ჰყავს. სადარბაზოში დები ღლონტების პროტოტიპებიც მყვანან, ოღონდ "ჩემი" ღლონტებიდან ორივე გაუთხოვარია (იცინის). ახლა დედაჩემზე გიყვებოდი, მაგრამ დედას რას ვერჩი, ჩემი მეზობელი 6 წლის გოგონა ყველა სერიალს უყურებს!
სკოლიდან მოვა თუ არა, მაშინვე გაკვეთილებს ამზადებს, რომ მერე სერიალის ყურებისას არ მოცდეს! მათი პერსონაჟების ფრაზებით ლაპარაკობს... მშობლებს იმის პრობლემა კი არა აქვთ, რომ ბავშვი უხარისხო და უგემოვნო ფილმებს უყურებს, რომელიც მის გემოვნებაზე გავლენას ახდენს, - მთავარია, წყნარად იჯდეს! უკვე 2 წელია, რაც ნინუცა სერიალებმა გაიტაცა და ტელევიზორს ვერ "ააგლეჯ"! ბოლო დროს შევნიშნე, რომ გარშემო მყოფებს მხოლოდ სერიალის ფრაზებით ესაუბრება! გუშინ მამამისთან საქმეზე შევედი და, - ნინუც, როგორ ხარ-მეთქი? - მოვიკითხე... ჰოდა, მომიბრუნდა და მეუბნება, - მე ნინუცა კი არა, ესმერალდა მქვია და ნინუცა აღარასოდეს დამიძახოო. ამას, მარტო მე კი არა, მშობლებსა და მასწავლებლებსაც სთხოვს თურმე...
ქეთუსია, 20 წლის:
- ჩვენს ოჯახში სერიალებზე გადარეული ერთადერთი ადამიანი ცხოვრობს - ბებოს, საყვარელი სერიალის გარეშე სიცოცხლეც კი ვეღარ წარმოუდგენია. ის ნებისმიერი ჟანრის სერიალს უყურებს. არც ერთს არ "მაზავს", რომელიც ღამის 10 საათამდე გადის. 10 საათზე კი უკვე სძინავს და მაგ დროისთვის მთელი ოჯახი ანხელასა და ხორხეს პრობლემებისგან ვისვენებთ (იცინის)! ერთი საპნის ოპერა რომ მთავრდება, მთელი ოჯახი შვებით ამოვისუნთქავთ ხოლმე, - არიქა, ეშველა ვენერას და აღარ დაგვაჭამს თავ-პირს სერიალის დროს ხმამაღალი საუბრისთვის-თქო. თან ამ ტელევიზიებში ახალი, უპრიმიტიულესი სცენარების მქონე სერიალების გაშვებაც რომ არ წყდება?!.
- დიდი ხანია, რაც ბებო სერიალებმა გაიტაცა?
- საკმაოდ დიდი ხანია... ადრე გახსოვს, დენი 6 თვეში ერთხელ რომ "გვენახვებოდა"? ერთხელაც, როდესაც მთელი ოჯახი ჩვეულებისამებრ, ლამპის შუქზე ვისხედით, შუქი მოვიდა. იმ დროს, სრულიად შემთხვევით, ტელევიზორში თვალი ერთ-ერთ სერიალს მოვკარით... მეორე დღეს შუქს სერიალის დაწყებისთვის ვინღა "გამოუშვებდა"?! ამიტომ მამაჩემმა, დედაჩემისა და ბებიის თხოვნით, მანქანიდან აკუმულატორი ამოიღო და მას ტელევიზორი შეუერთა...
სიმართლე გითხრა, მაშინ "ველურ გულს" მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი (იცინის). იმ დღის შემდეგ, მეზობლებმა რომ გაიგეს, ჩვენთან ტელევიზორის "პონტი იჩითებოდა", მთელი უბანი ჩვენთან იყრიდა თავს. სახლში პატარა "კინოთეატრი" გვქონდა მოწყობილი. ბებოს სერიალები მას შემდეგ შეუყვარდა და ძროხასაც ზუსტად მათი გავლენით დაარქვა - მონიკა, კატას კი - ხორხე, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ კატა მამალი კი არა, დედალი იყო და ბებომაც სასწრაფოდ გადაარქვა სახელი.
- და რა დაარქვა?
- იზაბელა (იცინის)! დღეს შევამჩნიე, რომ ამხელა სახელის დაძახება ეზარება და ხან იზას ეძახის საცოდავ კატას, ხანაც - ბელას. ამას წინათ, ნახირიდან ძროხა სახლში რომ დაბრუნდა, ბებო სერიალში იყო "შემძვრალი" და ძროხა გომურში მე დავაბი... სერიალის გადამკიდე ბებოს, ძროხა სულ გადაავიწყდა და არც მოუწველია... არადა, დილით ძროხამ 10 ლიტრი რძე მოიწველა და ბებია აღფრთოვანებული უყვებოდა მამას, შუა ზამთარში თუ როგორ სასწაულებრივად მოემატა ძროხას რძე (იცინის)!
- ქეთი, შენ არ უყურებ სერიალებს?- კი, როგორ არა?! სერიალებს - "ექიმი ჰაუსი" და "შუა ქალაქში" ვუყურებ, მაგრამ ბებოს საყვარელ სერიალებს იმდენად იდიოტური შინაარსი აქვს, რომ დაინტერესების ნაცვლად - გაგეცინება!
მანანა, 43 წლის:
- სერიალებს მეც ვუყურებ, თანაც, თითქმის ყველას. მართალია, ამის გამო მე და ჩემს მეუღლეს სახლში ხშირად გვაქვს კონფლიქტი, მაგრამ სიტუაციას როგორღაც ვარეგულირებ და ხან მე გამაქვს ჩემი, ხანაც - ჩემი მეუღლე მაყურებინებს ფეხბურთს...
- ალბათ დიდი ხიბლი აქვს სერიალებს, რაკი თქვენი ყურადღება მიიპყრო...
- ჩემი მეუღლე ამბობს, - სერიალებს იმიტომ უყურებ, რომ მეტი საქმე არ გაქვსო! რადგან დიასახლისი გახლავართ და მთელი დღის განმავლობაში სახლში ვარ, ფიქრობს, რომ დრო სერიალების საშუალებით გამყავს, მაგრამ ასე არაა. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც მუშაობს და სამსახურიდან დაბრუნებული ინტერესით უყურებს სერიალებს. ასე რომ, ტელესერიალები მხოლოდ უსაქმურების გასართობი არ გახლავთ. საპნის ოპერებში ცხოვრებისეული სცენებია; ყველა სერიალში არის ისეთი რამ, რაც შეიძლება, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაშიც მოხდეს.
- ანუ შეიძლება, სერიალის გმირების მაგალითზე რაიმე ვისწავლოთ?
- არ ვიცი, გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მათი მაგალითით შეიძლება ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენა, მაგრამ ხშირად დავუფიქრებივარ მათ მოქმედებებს. სერიალები ადამიანების გამოცნობას გვასწავლის. იოლია სხვის ცხოვრებაში კარგისა და ცუდის გარჩევა, ტელესერიალების მაგალითზე ჭკუასაც სწავლობ.
- კონკრეტულად თქვენ თუ ისწავლეთ რამე?
- კი. ხშირად მეგობრები სერიალის გმირების ქმედებებს ვაანალიზებთ, ვმსჯელობთ მათზე და დასკვნებიც გამოგვაქვს. თან, მოგვწონს ლათინურამერიკული ქვეყნების ცხოვრების სტილი, ლამაზი ამბები და "ჰეფი ენდი".
- ალბათ გულს უფრო აყოლებთ...
- რა თქმა უნდა! როცა ამ ცხოვრებაზე გამწარებული დაჯდები და უცხო ადამიანის ლამაზ ცხოვრებას უყურებ, მშვიდდები და ფიქრობ, რომ მოვა დრო და შენც ასევე იცხოვრებ... ღმერთმა ქნას, ეს მხოლოდ ოცნება არ იყოს!
ხატია, 19 წლის:
- სერიალებს ვუყურებ, მაგრამ ყველას - არა. "ექიმი ჰაუსი" ისე მომწონს, ლამისაა, ტელევიზორში შევძვრე (იცინის)... დანარჩენებზე კი რა გითხრა. საპნის ოპერებით იშვიათად ვინტერესდები, რასაც ჩემს ბებია-ბაბუაზე ვერ ვიტყვი... ერთი სერიალი იყო, "განრისხებული ანგელოზი"; არც კი ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა, სცენარი და შინაარსი ხომ საერთოდ სასწაული იყო, მაგრამ ხალხს ის სერიალი უფრო მოსწონს, რომელიც იოლი აღსაქმელი და იდიოტურია...
ამას წინათ ჩემს ოთახში ვიყავი, ბაბუას გინების ხმა რომ მომესმა... გავიკვირვე, რა დაემართა, "ასეთები" არ იცოდა-მეთქი?! ცოტა ხანში ბაბუამ გინება ისევ დაიწყო, რასაც ბებიას წყევლაც დაემატა... ვიფიქრე, აშკარად რაღაც უჭირთ-მეთქი! დასახმარებლად გავვარდი და რას ვხედავ?! ბებია და ბაბუა მისხდომიან ტელევიზორს, საყვარელ სერიალს უყურებენ... იმ საღამოს იმდენი ვიცინე, მუცელი ხელით მეჭირა...
ბოლოს გავბედე და ვუთხარი, - ბაბუ, თუ ასეთი ცუდი სერიალია, რას აჭმევინებთ ნერვებს, დაანებეთ თავი, ნუ უყურებთ-მეთქი... ისეთი თვალებით შემომხედა... რას ამბობ, მშვენიერი სერიალია, ერთი ეს დებილი ბიჭია, საკუთარი თავის რომ ვერაფერი გაუგია და რას ჩაჩხერენ ხოლმე საინტერესო მომენტებშიო?!. სიმართლე გითხრა, მე ამ ხალხის ვერაფერი გავიგე (მხრებს იჩეჩს)...ლუკა, 18 წლის:
- სერიალები ჩემი ერთი ძმაკაცისთვისაა მოგონილი! იცი, როგორ უყვარს?! საღამოს 7 საათიდან სახლში რომ ჩაიკეტება, თუ გოგირდი არ დაუხრჩოლე, გარეთ ცხვირსაც არ გამოყოფს (იცინის)! სულ "გამოსერიალდა" ეგ გამოშტერებული!
- და იცი, რომელ სერიალებს უყურებს?
- ყველას! მისთვის ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს... ამას წინათ მსახიობებზე ვლაპარაკობდით. ჩვენს საძმაკაცოში ანჯელინა მაგარ "ცვეტშია"... ჰოდა, ანჯელინას ღირსებებს მიმოვიხილავდით, ლაშამ რომ წამოაყრანტალა, - ანჯელინა რა ქალია, მაგას დონა ბარბარა სჯობიაო... ჯერ დონა ბარბარაზე ვიცინეთ მაგრად, მერე ჩემს - ძმაკაცზე...
- რატომ? თუ ეგ სერიალი არასოდეს გინახავს, იქნებ მართლა სჯობს ანჯელინას ის მსახიობი?
- არ არსებობს! ანჯელინას რომ სჯობდეს, ბანძ სერიალში არ ითამაშებდა!.. ჰოდა, ლაშას "დონა ბარბარა" შევარქვით და ისეთ დღეში ვაგდებთ, სისხლს ვუშრობთ (იცინის).
- დავიჯერო, არ დაგაინტერესა იმ მსახიობმა, რომელიც ლაშამ ანჯელინას არჩია?
- (იცინის) ჰოდა, რომ დამაინტერესა, იმიტომაც მივედი სახლში ერთ დღეს ადრე. ბებიაჩემმა 9 საათზე სახლში რომ დამინახა, პირჯვარი გადაიწერა, მაგრამ სერიალის ყურება რომ დავიწყე, აი, მაშინ კი გადაირია: ვაიმე, ნანული, მგონი, ბავშვი გამოგვიცვალესო! - დედაჩემს ეძახდა (ხარხარებს).
- მაგრად კი დაგიშინებია...
- უჰ, კი! ასე ვნახე ბარბარიტა, მაგრამ დამიჯერე, ანჯელინას მართლა არ სჯობია!
"გამოსერიალებული" ადამიანების ძებნისას, სერიალების მტრებსაც გადავაწყდი. კახეთის ერთ-ერთ სოფელში, გამწარებული შაქრო პაპა აღმოვაჩინე, რომელიც უკვე დიდი ხანია, მეუღლეს ტელევიზორის გადაგდებით ემუქრება, მაგრამ ვერ გაუმეტებია, - მერე "შუა ქალაქში" სადღა ვუყუროო?! - შემომჩივლა.
შაქრო პაპა, 67 წლის:
- ე ჩემი დედაკაცი, რაც ეს დედააფეთქებული სერიალები შამოიდა, ყურადღებას აღარ მაქცევს, სულ მიმაგდო და მოუწევს იმ ტელევიზორის დატირება, "შიფანერკის" თავზე რომ ჰყავს "წამოჭიმული"!
- რატომ, შაქრო პაპა, მეუღლის უყურადღებობა ტელევიზორის ბრალია?
- მა ვისი ბრალია?! სახლში მისიკვდილებული რომ დავბრუნდე და ჭიქა წყალი მენატრებოდეს, საჭმელ მინამ არ მაჭმევს, სანამ ი თავისი ბოზების სერიალი არ დამთავრდება. ვხედავ და გამკვირვებია, რამ გადამირია ამ სიბერეში ე დედაკაცი, 24 საათი მტლაშამტლუშს რომ შასცქერის?! რამე საინტერესო და სახალისო მაინც იყოს, კაცოოო! ვის რამდენი შვილი ჰყავს, ვინ ვისი საყვარელია, ვინ ვისთან დადის და ვინ ვის შვილ აჩენს, - სანამ ბოლო სერიაი არ უყურებ, მანამდინ ვერ გაარკვევ!
- ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე სერიალს არ უყურებთ...
- ნუ დაიჯერებ, რა! არა, გატყუებ... "შუა ქალაქში" ამ პროექტს ვუყურებ. მაზალოები არიან, მაგათ შემოვევლე, რა! იგრე, სიმართლეს გაგიმხელ და, ახალგაზრდობაში "კოსტუმას" მეც მეძახდნენ (იცინის)! აი, სანახავი ეგ სერიალია, თორემ დანარჩენები "საქმეშამოღლეტილი" ხალხისაა, მაგათ საყურებლად დროი როგო დავკარგავ?! უყუროს მარუსამ, სერია არ გამორჩეი - ემანდ, ცინკი მედალი არ დაჰკიდონ! ვაი, მაგის პატრონს!
გურამი, 56 წლის:- სერიალებს როგორ არ ვუყურებ, შვილო, მაგრამ ჩვენი სატელევიზიო ეთერი ისეთი სერიალებითაა გადატვირთული, რომ შეხედვაც არ მოგინდება. იშვიათია ისეთი სერიალი, რომელიც რამეს გასწავლის, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი სერიალები ახალგაზრდობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს... რატომღაც, ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ რასაც ტელევიზიით ხედავენ, ის დასაშვები და მისაღებია. სამწუხაროდ, ბოლო დროს ნათესაური ქორწინების ფაქტი გახშირდა, რაც ასევე სერიალების ბრალია...
- თუ შეიძლება, სერიალებით რაიმე კარგი ისწავლოს ადამიანმა?
- ასეთი ფაქტი იშვიათია, ეს სერიალები მხოლოდ გარყვნილებასა და ამორალური სიყვარულის პოპულარიზაციას ახდენს. ერის დეგრადირება სწორედ აქედან იწყება, ბოლო დროს უკვე ვეღარ გაგვირჩევია, რა არის კარგი და რა - ცუდი, ან - უარესი... გინახავთ, რომელიმე სერიალში რომ განათლების პოპულარიზაცია ხდებოდეს? სერიალის ძირითად "ღერძს" ის ადამიანები წარმოადგენენ, რომელნიც არც განათლებით გამოირჩევიან და არც ჭკუით, მაგრამ სულ უმართლებთ, ჩვენი ახალგაზრდობა ამას რომ უყურებს, როგორ გგონიათ, ცხოვრებაზე ჯანსაღი წარმოდგენა ექმნებათ? მაგრამ თავს იმითღა ვიმშვიდებ, რომ შეგნებული და განათლებული ახალგაზრდა, ამ საზიზღრობას არასოდეს უყურებს...
ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















