ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მკითხველი სტუდენტობისას იყო. ახლა წიგნისთვის დრო ნაკლებად რჩება. წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ არასდროს უბრუნდება. ყველაზე მეტად პიესები იზიდავს, ავტორებიდან - შექსპირი, ნოდარ დუმბაძე და გალაკტიონი; მიაჩნია, რომ მათ გამორჩეული ხელწერა აქვთ. წიგნი არასდროს მოუპარავს, არ უყვარს, როცა მას ამ ნივთს სთხოვენ; ამრიგად, "ერუდიტის" სტუმარია მსახიობი - გიორგი კალანდაძე.
- გიორგი, როგორი მეხსიერება გაქვს?
- ვერ ვიტყვი, რომ კარგი მეხსიერებით გამოვირჩევი. ეს ალბათ ჩვენს ინტერვიუში გამოჩნდება. ვნახოთ, კითხვარს თავს როგორ გავართმევ.
- პროფესიით მსახიობი ხარ. ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟის განსახიერების სურვილი გაქვს?
- მართალია, ლიტერატურული პერსონაჟი არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, ადოლფ ჰიტლერის როლი ვითამაშო. შექსპირის იაგოსაც სიამოვნებით განვასახიერებდი, საინტერესო პერსონაჟია. ოტელო რომ ვთქვა, შეიძლება, თავხედობა გამომივიდეს. რამდენად შევძლებ, ეგ სცენაზე გაირკვევა.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- ნოდარ დუმბაძის ოლღა ბებიასთან და ზურიკელასთან. ოლღა ძალიან ძლიერი პერსონაჟია.
- რით გხიბლავს?
- იუმორით, ცხოვრებისეული სიბრძნით, გულკეთილობით. ეს ცოტაა?
- დღეს ცხოვრებაში ასეთი პიროვნებები ხშირად გხვდებიან?
- ნაკლებად. ისე, მართლა მყავს ოლღას მსგავსი ბებია. მათ შორის ბევრ საერთოს ვპოულობ. ოღონდ ჩემი ბებია თბილისელია.
- გიორგი, ზაფხულში დასასვენებლად წასვლას სად აპირებ?
- სად წავალ, ზუსტად არ ვიცი. ალბათ მე და ნათია თურქეთში წავალთ. საქართველოში დასვენება არ მინდა.
- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდამ ჯონ ლენონს წერილი მისწერა, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. "დაინტერესდი მედიტაციით და შენს წარმოდგენაში შეძლებ, ნახო მთელი მსოფლიო", - ასეთი იყო ლენონის გაგზავნილი წერილის შინაარსი. მოგვიანებით ამ პიროვნებამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?
- არ ვიცი, მედიტაციამ გაიტაცა?
- მან ლენონის გამოგზავნილი წერილი გაყიდა.
- ა! რა მაგარი კითხვა იყო, უნდა მივმხვდარიყავი.
- მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე შენც ხომ არ ოცნებობ?
- მაგაზე ვინ არ ოცნებობს...
- წერილი ხომ არავისთვის მიგიწერია?
- არა (იცინის), ისე აზია უფრო მიზიდავს. ევროპას თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო, მაგრამ იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი უფრო მიზიდავს. 7 წლის წინ ავსტრიაში ვცხოვრობდი, მე და ჩემი და ნათლიასთან დასასვენებლად წავედით, მერე იქ ყოფნის პერიოდი 1 წელი გაგვიგრძელდა. ვენაში ვცხოვრობდით. კონსერვატული, წყნარი, მშვიდი ქალაქია. მუსიკის სამშობლოა.
- კარგი, მუსიკა ახსენე და შემდეგი კითხვაც ერთ-ერთი მუსიკოსის ბიოგრაფიიდან არის. იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს, მსოფლიო იცნობს. ის არა მხოლოდ ქმნიდა მუსიკას, კარგი შემსრულებელიც იყო, მაგრამ არანაკლებ განთქმული იყო სხვა სფეროში. ამ გატაცების შესახებ წიგნიც კი შექმნა, რომელმაც დახმარება გაუწია ბევრ რომანისტს და დრამატურგს თავისი გმირების ასეთივე გატაცების აღწერაში. რით იყო ბახი გატაცებული?
- (ფიქრობ) არ ვიცი.
- ბანქოს თამაშით.
- ეგ ვიფიქრე და არ ვთქვი. ბანალურად მომეჩვენა.
- აზარტული ადამიანი ხარ?
- არა, ბანქოს თამაში საოცრად არ მიყვარს.
- ამ ადამიანს კი ბანქოს სიყვარულმა ისეთი რამ გამოაგონებინა, რომლის ჭამის დროსაც შეეძლო, ბანქოც ეთამაშა და ხელიც არ დასვროდა. დაასახელე მისი გვარი.
- ე.ი. შეიძლება, ეს რაღაც ბანქოს თამაშის დროს მიირთვა (ფიქრობს), ვერ გიპასუხებ.
- სენდვიჩი. რომელ ენაზე წერდა და კითხულობდა ჩინგიზ-ყაენი?
- ალბათ ჩინურზე, არა?
- მან წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა. მითოლოგიაში ერკვევი?
- მგონი, კი.
- ერთმა ნიმფამ არ მოინდომა ცოლად გაჰყოლოდა პოეზიისა და ხელოვნების ღმერთს და მისგან გაქცეული ხედ გადაიქცა. რა ხე იყო ის?
- დაფნა. დაფნის გვირგვინით თავდაპირველად მუსიკალურ და პოეტურ, შემდეგ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ.
- რა არის რიფი?
- წყალქვეშა კლდე.
- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "მან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობაი ქართული?"
- ფარნავაზზე.
- FBI აშშ-ის უშიშროებას უზრუნველყოფს. როგორ იშიფრება ქართულად?
- ზუსტად არ მახსოვს.
- გამოძიების ფედერალური ბიურო. ფილმი "შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო" ნანახი გაქვს?
- რა თქმა უნდა, შემიძლია, შინაარსიც მოგიყვე.
- არა, ეს საჭირო არ არის. მისი რეჟისორი დაასახელე.
- სტენლი კრამერი.
- რომელ კონტინენტზე ბინადრობენ ზებრები?
- აფრიკაში.
- ქართული ანდაზის მიხედვით, როგორი მეგობარია მტერზე უარესი?
- არ ვიცი.
- სულელი.
- მე ასეთი მეგობრები არ მყავს...
- რომელ წელს ეკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II?
- გასული საუკუნის 70-იან წლებში. ზუსტი თარიღი არ მახსოვს.
- 1977 წელს. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ფერედიანი?
- ირანში.
- რომელმა დინასტიამ შეცვალა ვალუათა დინასტია საფრანგეთში?
- ბურბონებმა, არა?
- დიახ. რომელ მხარეს უწოდებენ მაშრიყს?
- კითხვა ვერ გავიგე.
- აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთს თუ სამხრეთს?
- არ ვიცი.
- აღმოსავლეთს. რა ჰქვია ჯარისკაცების საცხოვრებელ შენობას?
- ყაზარმა.
- რამდენი შვილი ჰყავდათ ზაქარია ფალიაშვილის მშობლებს?
- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ჰყავდათ.
- 18. მითხარი, რომ ნოდარ დუმბაძე შენი საყვარელი ავტორია. გაიხსენე, რა ერქვა საზიარო ძროხას "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში"?
- (იცინის) ვერ ვიხსენებ.
- ფაქიზო. ილიკოს როლს რომელი მსახიობი ასრულებს?
- სანდრო ჟორჟოლიანი.
- რომელი მდინარე კვეთს ეკვატორს 2-ჯერ?
- ნილოსი, არა?
- სწორი პასუხია - კონგო. რამდენლარიან კუპიურაზეა გამოსახული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი?
- ორლარიანზე.
- ვინ თამაშობს პრინცესას როლს ფილმში - "რომაული არდადეგები?"
- ოდრი ჰეპბერნი.
- პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი - რომელი ქვეყანა არ არის ესპანეთის მეზობელი?
- გერმანია.
- 100000000-1. რამდენ 9-იანს მივიღებთ სხვაობის ჩანაწერში?
- (ანგარიშობს) 8 ცხრიანი ჩაიწერება.
- რა ჰქვია ბგერათა აღმავალ ან დაღმავალ თანამიმდევრობას ერთი ან რამდენიმე ოქტავის ფარგლებში?
- გამა.
- როგორ სჯიდნენ ათენელები არასამართლიან მმართველს?
- არ ვიცი.
- 10 წლით ქალაქიდან აძევებდნენ. ტრადიციისამებრ, პაპის არჩევის ნიშნად, რა ნიშანს იძლევიან საკვამურიდან ტაძარში შეკეტილი კარდინალები?
- საკვამურიდან თეთრ ბოლს ამოუშვებენ.
- თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი - რობერტო ბაჯო მთელი სიცოცხლე 9 ნომრით თამაშობდა. როდესაც "ინტერში" გადავიდა, იქ 9 ნომრით მოთამაშე რონალდო დახვდა, ბაჯოს მოედანზე მე-18 ნომრით გამოსვლამ მოუწია, მაგრამ საფეხბურთო ფორმაში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომლითაც დაამტკიცა თავისი ერთგულება ციფრი 9-ის მიმართ. რა გააკეთა მან?
- (ფიქრობს) ეს ამბავი გამიგია, ზუსტად ვერ ვიხსენებ.
- 1-სა და 8-ს შორის + ჩაწერა... "ვინც ბევრს გპირდება, იმას ნაკლებად უნდა მიენდო". - ვინ არის ამ ცნობილი გამონათქვამის ავტორი?
- არ ვიცი.
- ჰორაციუსი. რომელი ქვეყნიდან იყო წარმოშობით ჩარლი ჩაპლინი?
- ინგლისიდან.
- საქართველოს რომელ მხარეს ეწოდებოდა ძველად თაკვერი?
- მგონი, რაჭა-ლეჩხუმს, არა?
- დიახ. საჰარის უდაბნოზე ამბობენ - "აქ უფრო მეტი ადამიანია წყლით დამხრჩვალი, ვიდრე წყურვილით დაღუპული". მართალია?
- არ ვიცი.
- მართალია. უდაბნოში წვიმა თუ მოვიდა, დიდი რაოდენობით ნალექი მოდის. რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე დიდხანს - დათვი, კატა, ძაღლი თუ სპილო?
- დათვი.
- ცდები, სპილო დედასთან თითქმის 10 წელიწადს რჩება. რა ერქვა მეფის მიერ ბოძებულ საბუთს ძველ საქართველოში?
- სიგელი.
- დაბოლოს დაასრულე კონფუცის ცნობილი გამონათქვამი - "შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო - ეს...
- ეს გამონათქვამი ზეპირად არ მახსოვს.
- "...- ეს ლაჩრობაა".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)