”ზოლიანი ბანანები ვართ, ოღონდ ქუსლებზე”

”ზოლიანი ბანანები ვართ, ოღონდ ქუსლებზე”

ანჩო და მაკუნა სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" მაშინ დავიჭირეთ, როცა მორიგი სერიალისთვის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავს იწესრიგებდნენ. ეს მსახიობების - რუსკა მაყაშვილისა და ნინო ქორიძისთვის ჩვეულებრივი დღის განრიგია, გადაღებები ზოგჯერ გვიან ღამემდე გრძელდება, ანჩო და მაკუნა კი მუდამ მოწესრიგებულები უნდა იყვნენ. კარგი ვარცხნილობა მათ ისევე სჭირდებათ, როგორც სულელური რეპლიკები და ასეთივე საქციელი.

რეალურ ცხოვრებაში ნინო და რუსკა საკუთარ გმირებთან თავებს არ აიგივებენ და იმედი აქვთ, რომ მაყურებელიც არ მიიღებს ამ ყველაფერს სერიოზულად, თუმცა ცნობილია, რომ სერიალის გმირის სახელიც და იმიჯიც ზოგიერთ მსახიობს დიდხანს რჩება ხოლმე.

- როგორ იმოქმედა სერიალმა თქვენზე, რაიმე თუ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

რუსკა:

- ის, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოდის ინტერვიუზე. ბევრი არაფერი შეიცვალა, თბილად რომ გეპყრობიან და ყურადღებას გაქცევს ხალხი, ეს ძალიან კარგია.

ნინო:

- დადებითი პოპულარობა გვაქვს. სერიალი მოგვწონს და ეს მნიშვნელოვანია. გამოხმაურება აქვს კარგი.

- ქუჩაში რომ გადიხართ, ხალხი გცნობთ?

- კი, გვცნობენ, მაგრამ ზედმეტი კითხვებით არავინ მომმართავს. ძირითად შეკითხვებს მაინც ჟურნალისტები გვისვამენ, ახლობლებმა და მეგობრებმა ისედაც ყველაფერი იციან.

რუსკა:

- გინდათ დამიჯერეთ, გინდათ არა, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ, საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ შეიძლება, ვინმემ მიცნოს და ეს არის კარგი. ამას წინათ ბავშვები მოვიდნენ ავტოგრაფის ასაღებად და მართლა გამიკვირდა, რად გინდათ ჩემი ავტოგრაფი-მეთქი.

- რაც შეეხება ჭორებს...

ნინო:

- რა ვიცი, რა ჭორები უნდა იყოს?! მართალი გითხრა, არ ვიცი, რა რეაქცია მექნება, რაიმე ცუდი ჭორი რომ გავიგო, მგონი, ბრძოლას აზრი არ აქვს და არც მაინტერესებს.

- საკუთარი გმირები დაგვიხასიათეთ.

ნინო:

- ბავშვობიდან ერთად არიან, ერთნაირი შეფასებები აქვთ, მსგავსი ბიჭები მოსწონთ.

რუსკა:

- ერთი რომ იფიქრებს, მეორე ამბობს. ზოლიანი ბანანები ვართ, ოღონდ ქუსლებზე. ასეთი გოგონა ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში. ვერ გეტყვი, როგორი დამოკიდებულება მაქვს. არანაირი რეაქცია არ მაქვს, მთავარია, მე არ დამიშაოს რაიმე, კონფლიქტი არ მომიხდეს და იყოს ისეთი, როგორიც არის. ოდნავ გამაღიზიანებელი ტიპაჟები არიან.

ნინო:

- მე კი მგონია, რომ ჩვენი სახეები მაინც გაზვიადებულია, თუმცა არსებობენ ასეთი გოგონები. მე საერთოდ არ მაღიზიანებს.

რუსკა:

- მთავარია, ისე განვასახიეროთ, რომ ასეთი გმირი სიმპათიას არ იწვევდეს.

- და რომ იწვევს?

- ჩემი აზრით, კომიკური პერსონაჟები არიან.

ნინო:

- მიუხედავად იმისა, რომ "იაზვები" არიან, არის ეპიზოდები, სადაც შესაძლებელია, შეგეცოდოს კიდეც, ამიტომ არა მგონია, რომ ჩვენმა გმირებმა ვინმეს სიმპათია გამოიწვიონ.

- საერთო თვისებები გაქვთ?

- ნაკლებად, ჩაცმისადმი სიყვარული გვაერთიანებს მხოლოდ.

რუსკა:

- თუმცა ის სტილი, რაც სერიალში მაქვს, ჩემი არ არის. მე მიყვარს მაკიაჟის გარეშე სიარული, თავისუფალი სტილის ჩაცმულობა და მაღალ ქუსლებზე ნორმალურად ვერ ვდგავარ. ვიზუალურად ძალიან მომწონს, მაგრამ ქორწილშიც კი დაბალძირიანი ფეხსაცმელი მიმაქვს და ისე ვცეკვავ ხოლმე.

ნინო:

- მე ვიცეკვე ჩემი ძმის ქორწილში ფეხშიშველმა, ქუსლზე ვეღარ ვიდექი და გავიხადე. საბედნიეროდ, სულ ახლობელი ადამიანები იყვნენ და დიდად არავის გაჰკვირვებია (იცინის).

- ერთმანეთს სერიალამდეც იცნობდით?

ნინო:

- მხოლოდ შორიდან.

რუსკა:

- მთელი დღე გადაღებებზე ვართ და ძალიან დავახლოვდით, მეგობრები გავხდით.

- მეგობრებს როგორ არჩევთ?

- საერთო ინტერესით, თუკი ადამიანი მომეწონა, ვცდილობ, რომ დავუმეგობრდე.

ნინო:

- ბავშვობის მეგობარი კიდევ სხვა არის, მაგრამ როცა დიდი ხარ და მერე იძენ მეგობარს, რასაკვირველია, საერთო ინტერესი მნიშვნელოვანია. ბავშვობის მეგობარი კი მაინც რჩება. მერე და მერე უფრო ბევრ რაღაცას აქცევ ყურადღებას.

- თავის მოვლაზე მინდა გკითხოთ. ალბათ გიწევთ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ. მოდურ გოგონებს თამაშობთ.

რუსკა:

- არაფერსაც არ ვაკეთებ. რადგან ტელევიზორში გამოვჩნდი, ამის გამო ვერ გავიპრანჭები. რაც ვარ, ეს ვარ, არასდროს არ დავიწყებ რაღაცის გამო გაპრანჭვას, მერე რომ დაწერონ, გადაპრანჭულია და სინამდვილეში სხვანაირად გამოიყურებაო. სალონში ყველა ვარიანტში მიწევს მოსვლა, რომ სერიალისთვის მოვემზადო, მაკიაჟსაც გვიკეთებენ. ვისაც მოვწონვარ, ასეთი მოვეწონები.

ნინო:

- მე კი ვფიქრობ, რომ საინტერესოა, როცა ეკრანისთვის რაღაც იმიჯს გირჩევენ. აქამდე როგორც ვუვლიდი თავს, ისე ვუვლი. შეიძლება, მაღალ ქუსლზე ჩავიცვა და ეს იქნება მსხვერპლი, რომელსაც გადაღებებისთვის გავიღებ.

- გადასაღები მოედნის კურიოზებიც მგონი მაღალ ქუსლებს უკავშირდება...

რუსკა:

- მე მუდმივად ვეცემი. არ არსებობს გადაღება, ერთი-ორჯერ მაინც არ გავიშხლართო. მაღალ ქუსლზე რომ მაცვია, თავის შეკავება მიჭირს. იციან, რომ გადაღებები ყოველთვის მე უნდა ჩავშალო (იცინის). ამას წინათ საიდანღაც გამოვრბოდი და მივხვდი, რომ ვეცემოდი, უნდა გენახათ, როგორ ვცდილობდი თავის შეკავებას, რაღაცნაირად შევიკავე თავი, ხალხი მიყურებდა და იცინოდნენ. ისე კი გადაღებების დროს ძალიან კარგი ატმოსფეროა, გამნათებლებით დამთავრებული ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩვენზე უფროსი მსახიობებისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, გადაღებებზე დროულად მოდიან, დიდი პროფესიონალიზმი იგრძნობა.

ნინო:

- ჩემთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან პროფესიით მსახიობი არ ვარ და მეც ინტერესით ვუყურებ ხოლმე. გადაღებებს რაც შეეხება, მე და რუსკა პოდიუმზე რომ გამოვდიოდით, იქ მართლაც ისე წავიქეცი, რომ ძლივს ამაყენეს. მერე სწორედ ეს ეპიზოდი შევიდა სერიაში. ძალიან სასაცილო იყო ის ეპიზოდი, როცა ტყუპ ძმას ვხვდებოდით.

რუსკა:

- ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ ვერაფრით ვერ გამაჩერეს. ასე ვიცინი ხოლმე და ჩავშალე ყველაფერი (იცინის).

- ჯაბა კილაძე სულ ამბობს, ყველას სანდრო ვგონივარო და თქვენც ხომ არ გემუქრებათ იგივე?

ნინო:

- გმირი და მსახიობი ერთმანეთისგან განსხვავებულია. იმედია, ისე არ შემოგვხედავენ, როგორც ანჩოსა და მაკუნას. მე ჩემი საქმე მაქვს, რუსკას სხვა როლებიც აქვს თეატრში, ასე რომ, არა მგონია, ასე გაიგივდეს.

- როგორ განვითარდება თქვენი გმირების ცხოვრება?

რუსკა:

- საქმე ისაა, რომ არ ვიცით. სცენარი გზადაგზა იწერება.

ნინო:

- ალბათ უფრო მეტად გაიხსნება ისტორიები და უფრო მეტი გამოჩნდება.

- სერიალმა თაყვანისმცემლები შეგძინათ?

რუსკა:

- მე მყავს თაყვანისმცემლები 35-დან 50 წლამდე. არ ვიცი რატომ (იცინის). სერიოზულად თუ ვიტყვი, ყველამ იცის, რომ შეყვარებული მყავს.

- არ ეჭვიანობს გიორგი?

- არა, მოსწონს სერიალი, სიამოვნებით უყურებს და არც ეჭვიანობს.

ნინო:

- ჩემთვის ჩვეულებრივად მიდის, თაყვანისმცემელთა რაოდენობამ არც მოიმატა და არც მოიკლო (იღიმება).

- როგორ ცდილობენ თქვენი გულის მოგებას?

რუსკა:

- ჩემმა რჩეულმა ამას წინათ სიურპრიზი გამიკეთა. ამწით ამოვიდა მესამე სართულზე, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ამოაღწია, რადგან ხემ შეუშალა ხელი. არადა, ამ ამწის პატრონს დიდხანს ეხვეწა, რომ წამოჰყოლოდა.

ნინო:

- მე ასეთი ისტორიები არ მაქვს. არც თაიგულების მორთმევასთან დაკავშირებით და არც სხვა რამესთან.

- ვერ დამაჯერებ, ხომ არ გვიმალავ?

- (იცინის) არა, არაფერს გიმალავთ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება