ქეთი ფარცავანია საზოგადოებამ ფილმიდან "ოცნების ქალაქი" გაიცნო, რომელშიც შორენა ბეგაშვილთან ერთად ეკრანზე შიშველი გამოჩნდა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მისადმი ინტერესი გაათმაგდა. ქეთისთან ინტერვიუ ჩავწერეთ და მის საზაფხულო ფოტოებსაც ვთავაზობთ მკითხველს. მართლია, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ, ქეთისაც ბევრი ვდიეთ, მაგრამ შედეგი სახეზეა და შეგიძლიათ დატკბეთ...
- ქეთი, ზაფხულში სად გიყვარს დასვენება?
- მთაში რამდენიმე დღით მაინც მივდივარ, იქ მართლა ვისვენებ, ძალიან მიყვარს ბუნება და სიწყნარე, თუმცა ზღვის გარეშე არ შემიძლია, იქ უფრო ვერთობი.
- ლაშქრობებისა და კარვებით მოგზაურობის მოყვარული თუ ხარ?
- არასდროს წავსულვარ კარვით არსად, სიბნელის მეშინია და შუა ტყეში კარავში ნამდვილად ვერ დავიძინებ, თან ეს, ჩემი აზრით, ძალიან არაკომფორტულია. მოკლედ, ლაშქრობა და კარვები ჩემი საქმე არ არის.
- ესე იგი უფრო ზღვის მოყვარული ხარ, საქართველოს კურორტებს ანიჭებ უპირატესობას თუ საზღვარგარეთ დადიხარ?
- როგორც უკვე გითხარით, მთა მიყვარს და გურიას ვსტუმრობ ხშირად, ვგიჟდები გურიასა და გურულებზე. რაც შეეხება ზღვას, ამ მხრივ ბათუმი ჩემთვის შეუცვლელია, სადაც უნდა წავიდე, ერთი კვირით ბათუმში მაინც ჩავდივარ.
- როგორია შენი ერთი დღე ზღვაზე?
- დილით ვარჯიში, შემდეგ მზე და ზღვა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მზე ისე მღლის, რომ ნომერში ასულს გარეთ გამოსვლის სურვილიც არ მიჩნდება.
- როგორც ყველა ქალი, საზაფხულოდ ალბათ შენც ემზადები, როგორ უვლი თავს ზღვაზე წასვლის წინ?
- ზღვაზე წასვლისთვის თითქმის ყოველთვის მზად ვარ. ვცდილობ, ისედაც სულ ფორმაში ვიყო, არ არის საჭირო, მაინცდამაინც ზღვაზე წასვლის წინ მოუარო თავს.
- ზღვაზე წასვლის წინ სოლარიუმში წინასწარ თუ ირუჯები?
- აუზზე რეგულარულად დავდივარ, ამ სიცხეში თბილისში სხვა გამოსავალი ისედაც არ არის. დროდადრო სოლარიუმებსაც ვსტუმრობ, ძალიან მიყვარს გარუჯვა.
- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსენდება, იქნებ რაიმე ისტორიაც გაიხსენო ზაფხულთან დაკავშირებით?
- თითქმის ყველა ზაფხული კარგად მახსოვს, განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვი, ახლა ვაპირებ დასასვენებლად წასვლას და მინდა, ეს ზაფხული მართლა განსაკუთრებული იყოს.
- ისევ ბათუმში მიდიხარ?
- ჯერ თურქეთში და შემდეგ ბათუმში ვგეგმავ წასვლას.
- ვინ იქნება ამჯერად შენი მეგზური, შენი საყვარელი ადამიანი ხომ არა?
- სწორად მიხვდი (იღიმება).
- ესე იგი შეყვარებული ხარ, ხომ არ გაგვიმხელ, ვინაა შენი რჩეული?
- ის საუკეთესო ადამიანია.
- რას საქმიანობს? ცნობილი პიროვნება ხომ არ არის?
- ცნობილია, მაგრამ ჯერ ვერ გავამხელ, ვინ არის.
- ის მაინც გვითხარი, რას საქმიანობს?
- ბიზნესმენია.
- საინტერესოა, მასაც შენსავით უყვარს ჩვენი პრეზიდენტი?
- ჩემსავით არა მგონია, მაგრამ მასაც უყვარს.
- მერე, არ ეჭვიანობს შენს მისდამი სიყვარულზე?
- არა, საეჭვიანო არ აქვს. ნამდვილად ვერავინ დამიშლის პრეზიდენტის სიყვარულს.
- რატომ? ხომ შეიძლება, სადმე გაიცნო ჩვენი პრეზიდენტი და ისიც მოიხიბლოს შენით?
- რომც გავიცნო ბატონი მიშა, ჩემს საყვარელ ადამიანს საეჭვიანო მაინც არ ექნება.
- კარგი, მაშინ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ერთი საუკეთესო დღე გაიხსენე...
- ჩემთვის მისი ყოველი ნახვა საინტერესო და განსაკუთრებულია, სადაც უნდა ვიყოთ, ერთად ყოფნა გვსიამოვნებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთად ვიყოთ.
- გასაგებია. ისევე როგორც ჩვენს პრეზიდენტს, შენც ძალიან გიყვარს ბათუმი, კიდევ რა საერთო გაქვს სააკაშვილთან?
- ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია, ამაზე მეტი საერთო რა უნდა გვქონდეს?!
- კი, მაგრამ როგორც მას, შენც გიყვარს ხუთიანი და როგორც ვიცი, მანქანის ნომრად სწორედ 555 აიღე, ასევე ორივეს ძალიან გიყვართ ბათუმი, კიდევ ხომ არ შეგიძლია რამე დაასახელო, რაც ერთნაირად გიყვართ ან რითიც ჰგავხართ ერთმანეთს?
- არ ვიცნობ ახლოს ამ ადამიანს და ვერ გეტყვით, კიდევ რა საერთო გვაქვს. ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ მიშა ძალიან მიყვარს, ოღონდ ეს გრძნობა გულწრფელია.
- ამ ბოლო დროს ისიც ხშირადაა ბათუმში, მისი გაცნობა ხომ არ გაქვს განზრახული?
- შენ წარმოიდგინე არა, ისე, ბათუმში აგვისტოს ბოლოს ვაპირებ დასვენებას რამდენიმე დღით.
- წყლის გასართობების მოყვარული თუ ხარ?
- მხოლოდ სკუტერი მიყვარს, იახტითაც დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი და ერთ დღეს ზღვაში გავატარებდი.
- ალბათ ამ სურვილს შენი რჩეული შეგისრულებს. ზღვაზე ყოფნისას რაიმე ხიფათში ხომ არ ჩავარდნილხარ?
- მართალია, ზღვაზე დასვენება მიყვარს, მაგრამ თვითონ ზღვის ძალიან მეშინია. ცურვაც ვიცი და შემიძლია ღრმა აუზში ჩვეულებრივად ვიცურაო, მაგრამ ზღვაში ღრმად არასდროს შევდივარ, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ზღვაში საერთოდ არ ვცურავ.
- ზღვაზე როგორ ერთობი, კლუბები და ღამის ცხოვრება გიყვარს?
- ზოგადად მიყვარს, მაგრამ სიმართლე გითხრა, არ მიზიდავს ხმაური და ხალხმრავლობა, კლუბებს დროდადრო მეგობრებთან ერთად ვსტუმრობ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)