მოდელმა და ტელეწამყვანმა, მარგო ლუჩკომ ბავშვის გაჩენის შემდეგ დიასახლისის ამპლუა მოირგო. ამბობს, რომ უკვე ისე კარგად გამოსდის კერძების მომზადება, კულინარიულ ბიზნესზეც შეიძლება იფიქროს. თუმცა სახლში ჯდომას არ აპირებს, უკვე ახალ სამსახურზე ფიქრობს. სურვილი აქვს, რომელიმე ტელევიზიაში ან მერიაში იმუშაოს და ამისთვის თამამ განცხადებებს აკეთებს.
დღეს მარგოს ფსიქოპორტრეტის შედგენას შევეცადეთ. მოდელი რედაქციაში მეუღლესთან ერთად გვესტუმრა. შანსი ხელიდან არ გავუშვით და ცოტა რამ მარგოს შესახებ ირაკლი ჭყოიძესაც ვკითხეთ.
- მარგო, როგორ იწყება შენი დღე?
- ჩემი შვილი, ნიკოლოზი მაღვიძებს, დაიყვირებს ხოლმე - "დედა!" და დამახტება თავზე... ადრე არ მიყვარდა ძილი, ახლა ბავშვის გამო ისეთი გამოუძინებელი ვარ, ძილი მენატრება.
- ზარმაცი ხარ?
- ცოტა - კი, მაგრამ საოჯახო და ბავშვთან დაკავშირებული საქმეების კეთება არ მეზარება. ერთადერთი, ჩემი გარდერობი არ არის დალაგებული სახლში, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მეზარება, უბრალოდ, მიყვარს უწესრიგობა, ასე უკეთესად ვპოულობ ტანსაცმელს... ალბათ ეს არ არის კარგი, მაგრამ ასეთი ვარ. ზოგადად ძალიან მომწონს სახლის საქმეები. ბოლო დროს განსაკუთრებით კარგად მოვირგე დიასახლისის ამპლუა. ორი დღის წინ ნაყინის ტორტი გავაკეთე და ირაკლისაც გავასინჯე.
- ირაკლი, კარგი ხელი აქვს მარგოს?
- ძალიან. რასაც აკეთებს, მისი ფანტაზიის ნაყოფია თუ უკვე გამოცდილი რეცეპტი, ყველაფერი კარგად გამოსდის. მისი კარგი ხელი ჩემს წონაზეც აისახება (იცინის).
მარგო:
- ბოლო დროს ჩემი მეგობრებიც ძალიან მაქებენ ამ მხრივ. უკვე სერიოზულად დავფიქრდი, კულინარიულ ბიზნესს ხომ არ მივყო ხელი?..
- ირაკლი, კიდევ რა გამოსდის კარგად მარგოს?
- მზრუნველი დედაა, ყურადღებიანი და მოსიყვარულე ცოლი. იმედია, ზედმეტი შექება არ აწყენს.
მარგო:
- ორი დღის წინ ლექსი დავუწერე ირაკლის და ეს-ემ-ესით გავუგზავნე. როგორ მოგეწონა, ირაკლი?
ირაკლი:
- ლექსი "მარგოს ქართულით" არის დაწერილი, ამიტომ ცოტათი თეთრ ლექსს ჰგავს...
მარგო:
- ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობს ირაკლი და სულ მენატრება.
- სად მუშაობს?
ირაკლი:
- ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კახეთის რეგიონის კოორდინატორი ვარ.
- მარგო, ლექსის წერა როდის დაიწყე?
- 11 წლის ვიყავი. ერთი ბიჭი მიყვარდა და ვერ გავუმხილე. მაშინ დავწერე პირველი ლექსი, ფურცელს გავანდვე ჩემი გრძნობები. დედაჩემს დღესაც შენახული აქვს 3 ასფურცლიანი რვეული ჩემი ლექსებით სავსე. იმედი აქვს, რომ ოდესმე წიგნად გამოსცემს. ახლა ნელ-ნელა ქართული ლექსების წერაზე გადავედი.
- რამდენად გულჩვილი ხარ, ხშირად ტირი?
- ჩემი ეს თვისება მგონი, უკვე ყველამ "ნახა". "ვარსკვლავების აკადემიაში" ძალიან ემოციური ვიყავი, პატარა პრობლემაზეც ვტიროდი. ახლა ბედნიერებისგან მეტირება - ჩემი შვილი რაიმე ახალს რომ ისწავლის ან იტყვის, იმაზე მეტირება.
- ირაკლი, მითხარი, რომ მარგო ძალიან ყურადღებიანი ცოლია. რაში გამოიხატება ეს: შენი გარდერობი მოწესრიგებული აქვს, კერძი ყოველთვის მზად გხვდება?..
- სხვანაირად არც შეიძლება, მაგ საკითხში ძალიან მომთხოვნი ვარ.
მარგო:
- ირაკლიმ თავიდანვე მთხოვა, - შენს გარდერობს რაც გინდა, ის უყავი, მაგრამ ჩემსაში ყველაფერი წესრიგში უნდა იყოსო. მეც დავეთანხმე. მიყვარს, როცა ირაკლი კარგად გამოიყურება და ყველანაირად ვუწყობ ხელს.
- ეჭვიანი ხარ?
- არ შემიძლია ვთქვა, რომ სულ არ ვეჭვიანობ, მაგრამ საამისოდ სერიოზული საბაბი არ მქონია. ასე ვთქვათ, კეკლუცად ვეჭვიანობ, ფორმალურად. უი, აქ არის (იცინის)? არ მინდოდა, გაეგო...
- დავუშვათ, ირაკლიმ გითხრა, რომ ძმაკაცთან ერთად, ფეხბურთის საყურებლად მიდის და სწორედ იმ საღამოს კაფეში გოგოსთან ერთად ნახე. რას იზამ?
- არა! რას ამბობ?! საერთოდ, ძალიან ლოიალური დამოკიდებულება გვაქვს იმ საკითხთან, რომ შეიძლება, ის თავის მეგობრებთან ერთად სადმე წავიდეს და მეც შემიძლია, გოგოებთან ერთად გავერთო. ასეთი რამ არ მოხდება, ძალიან ვენდობი ირაკლის.
- დავუშვათ!
- შორიახლოს დავდგები და დავურეკავ, გამოვიყვან და ვკითხავ - რაშია საქმე. ხომ არ მივუვარდები მაგიდასთან და ყვირილს ხომ არ ავტეხ, - ეს ჩემი ქმარია-მეთქი?! პრინციპში, არ ვიცი, შეიძლება, სწორედ ასე მოვიქცე, გააჩნია, როგორ ისხდებიან, რამდენად ახლოს ერთმანეთთან (იცინის). შეიძლება, გავპუტო ორივე. ირაკლი, გეშინოდეს ჩემი!
ირაკლი:
- არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ სიტუაციაში გატრიალდება და ტირილით დამირეკავს. რომ არ შემოვარდება, ზუსტად ვიცი.
- ცუდად მიცნობ, ირაკლი (იცინიან)! კარგი და თეთრი კი ვარ, მაგრამ ხანდახან სიბრაზისგან ვშავდები და ეშვებიც ამომდის.
- როგორია გაბრაზებული მარგო?
ირაკლი:
- ჩვენს ურთიერთობაში, გაბრაზებული ძალიან სასაცილოა.
მარგო:
- ვიბუტები ხოლმე, შეკრული კოპებით ვზივარ და ხმას არ ვიღებ.
- რამდენი ხნით შეგიძლია გაებუტო ირაკლის?
- 5 წუთი. ირაკლიმ ეს კარგად იცის და მელოდება, როდის მივალ შესარიგებლად. მეც მივდივარ და ვეკითხები, რატომ არ ცდილობ, შემირიგო-მეთქი?.. როცა გაბრაზებული ვარ ვინმეზე, ისეთ სიტყვებს ვეუბნები, რაც ვიცი რომ ყველაზე მეტად სწყინს ამ ადამიანს. მერე ვნანობ.
- ამბიციური ხარ?
- კი. ძალიან ბევრი მინდა ამ ცხოვრებისგან.
- ახლა რა გინდა?
- ამწუთას ძალიან მინდა "კოკა-კოლა" და შოკოლადის ტორტი. უფრო გლობალურ სურვილებს რაც შეეხება, მინდა ვმუშაობდე რომელიმე ტელევიზიაში ან მერიაში. საერთოდ, მინდა, გავხდე საქართველოს ელჩი რომელიმე ქვეყანაში.
- საქართველოს პირველი ლედი არ გინდა, რომ იყო?
- არა. რომ ვუყურებ ჩვენს პრეზიდენტს, სახლში სულ არ არის. მარტო დასაძინებლად მიდის სახლში. ასეთი ქმარი არ მინდა. ჩემი ქმარი მინისტრი იყოს, მირჩევნია.
- ტელევიზია ახსენე, საკუთარ გადაცემაზეც ხომ არ გიფიქრია?
- კარგი იდეა მომაწოდე! თუმცა მეც მქონდა იდეა, სამხედრო თემაზე გადაცემის გაკეთების; კიდეც მივიტანე პროექტი არხზე "საქართველო", მაგრამ არც შემიშვეს ტელევიზიაში. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია - მინდა, სამხედრო სამსახურის შიდა სამზარეულო ვანახვო მაყურებელს. ეს პროექტი სწორედ ამ სამსახურის პოპულარიზაციას ემსახურება.
- მერე, ქართული ენის პრობლემა არ გიდგას? შენ ხომ გამართულად ვერ ლაპარაკობ ქართულად?
- როგორ არ ვლაპარაკობ?! უკვე კარგად გამომდის!
- პოპულარობის გამო რაზე გიწევს უარის თქმა?
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, ოღონდ არა იმიტომ, რომ მეთაკილება, უბრალოდ, მაწუხებენ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ უკვე ყველას დავავიწყდი, ვერავინ მცნობს. მაგრამ გავედი თუ არა გარეთ, ჩემს ზურგს უკან ჩემი სახელი მესმოდა. ყველა ჩემკენ იშვერდა თითს. ეს სასიამოვნოც არის, მაგრამ ცოტა შემაწუხებელიც, თუმცა თავს მაინც არ ვიზღუდავ, ოთახის ჩუსტებითაც ჩავდივარ ეზოში, უმაკიაჟოდაც გამოვდივარ გარეთ და თუ მომინდება, ბაზარშიც წავალ: ვიცი, რომ უფასოდ მომცემენ ყველაფერს (იცინის). დასამალი არაფერი მაქვს, მომწონს ჩემი ცხოვრება. მომავალში უკეთესი ცხოვრება მექნება.
- როდის? მერიაში რომ დაიწყებ მუშაობას?
- ჰო, აბა! უგულავა, დამელოდე! ცნობილი ადამიანების დასაქმება მერიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ხალხს უყვარს ცნობილი სახეები და მათი სჯერა.
- ოცნება გიყვარს?
- ძალიან. რომანტიკული ადამიანი ვარ 100%-ით. როცა საქმეზე მანქანით მივდივარ და მუსიკას ვუსმენ, ყოველთვის რაღაცაზე ვოცნებობ. ოღონდ არ ვოცნებობ იმაზე, რომ მყავდეს მანქანა, მქონდეს 3-სართულიანი სახლი და ა.შ. მირჩევნია, ვიოცნებო რომანტიკულ საღამოებზე ირაკლისთან, ზღვაზე ან სადმე ტყეში ჩადგმულ პატარა სახლში. ანუ რომანტიკული ოცნებები მაქვს და არა ფინანსური. ფინანსებს რაც შეეხება, ძალიან მხარჯველი ვარ. ფულს ჯიბეში არ ვიჩერებ, არც სახლში. როგორც კი გამომიჩნდება, მაშინვე საყიდლებზე მივდივარ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ხასიათის გამოსაკეთებლად. გუშინ ცუდ ხასიათზე ვიყავი...
- ვინ გაგაბრაზა?
- არავინ, შოკოლადი მინდოდა... არ მქონდა. მერე ჩემმა ძმამ მომიტანა შოკოლადი და მთელი საღამო ბედნიერი ვიყავი. ასე რომ, ბევრი არაფერი სჭირდება მარგო ლუჩკოს ბედნიერებისათვის. უბრალოდ, ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს: შოკოლადი, ირაკლი, ნიკუშა, ცოტა ნაყინი, ცოტა საყიდლებზე სიარული, ცოტა დასვენება და ბევრი სიმღერა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)