ქართველი "რომი შნაიდერი" პარიზის დასაპყრობად ემზადება

ქართველი "რომი შნაიდერი" პარიზის დასაპყრობად ემზადება

20 წლის ქრისტინე ძიძიგური "ზღაპრის გმირად" იქცა: სრულიად შემთხვევით, ქართველი მოდელით ფრანგული სამოდელო სააგენტოს - "ელის მოდელის" მენეჯერი დაინტერესდა და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ქრისტინე პარიზის "დასაპყრობად" ემზადება. მან ამისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, პარიზული ცხოვრების სტილიც შეიყვარა და შვებულების პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

- ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე სრულიად შემთხვევით, პარიზში აღმოვჩნდებოდი. საოცარი განცდა მაქვს! "ჯორჯიან ფეშენ ვიკზე" მაყურებლის ამპლუაში ვიმყოფებოდი. ჩემს ამჟამინდელ ფრანგ მენეჯერს გამოვეცნაურე და ვკითხე: შოუ როგორ მოგეწონათ-მეთქი? როცა შეიტყო, რომ მოდელი ვარ, დაინტერესდა, თუ რატომ არ გავედი ჩვენებაზე. ავუხსენი, რომ საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი და როცა საქართველოში დავბრუნდი, "ფეშენ ვიკი" უკვე დაწყებული იყო. მოკლედ, "ელის მოდელის" მენეჯერს - ფილიპ ნელოს მოვეწონე და უნდოდა, ჩემთვის "ტესტი" გადაეღო, რათა გაეგო, რამდენად ფოტოგენური ვარ.

- მის წინადადებას მაშინვე დათანხმდი?

- დაუყოვნებლივ! სასტუმროში წავედი, სადაც ძალიან ბევრი ფოტო გადამიღეს და ჩემი ფოტოგენურობა დაადასტურეს. 2-3 დღეში შემატყობინეს, რომ პარიზში უნდა გავმგზავრებულიყავი, თან - რაც შეიძლება მალე. ეს იყო შოკი! ყველაფერი დაუჯერებელ ზღაპარს ჰგავდა! აპრილის ბოლოს პარიზში ჩავედი. ჩემთვის სახლი ეიფელის კოშკის გვერდით იქირავეს, სააგენტო კი - "შანზელიზეზეა" (ელისეს მინდვრები. - ავტ.).

სააგენტომდე ფეხით რომ წავსულიყავი, მონტენის ქუჩა უნდა გამევლო, სადაც ცნობილი ბრენდების სახლებია: "დიორი," "შანელი", "დოლჩე და გაბანა", "პრადო"... მენეჯერმა სააგენტო მიჩვენა, ჩვენი "ბუქერი" გამაცნო და ჩამოვყალიბდით - როგორ გვემუშავა. გადაწყვიტეს, ჩემთვის თმის ფერი გაეღიავებინათ, რადგან ჟურნალების ფურცლებზე ქერა თმა უფრო კარგად "მუშაობს"; დანარჩენი ყველაფერი წესრიგში მქონდა (იცინის).

- მათ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდი? გული ხომ არ დაგწყდა?

- ღია წაბლისფერი თმა მქონდა (იღიმის)... სხვათა შორის, სურათებზე ჩემი თმის ფერი მოეწონათ და დიდხანს ფიქრობდნენ, შეეღებათ თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც შეღებვა გადაწყვიტეს. სააგენტოში ჩემი თმისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებაზე დღესაც ლაპარაკობენ (იცინის).

ბევრი პოპულარული, მოდური ჟურნალის წარმომადგენელი გავიცანი. პარიზში მუშაობის პირველი ეტაპი იმას ითვალისწინებდა, რომ ჟურნალებს გავცნობოდი. ჩემთვის ყველაზე სასიხარულო იყო, როცა "მარი კლერის" ჯგუფის წარმომადგენელმა სააგენტოში დარეკა და თქვა, რომ მოვეწონე; ის შემდეგი პროექტისთვის ჩემს იმიჯს გამოიყენებს. ივლისში საქართველოში გამოვემგზავრე, მანამდე კი პარიზში 4 დიზაინერთან მუშაობა მოვასწარი. ერთ-ერთ სერიოზულ ფოტოგრაფს მოვეწონე, რომელიც ნიუ-იორკში მუშაობდა და პარიზში ახლახან დაბრუნდა. ჩემი გამომგზავრების წინ ფოტოები გადამიღო. სურათებს ახლა ველოდები. ასევე მოვეწონე რომი შნაიდერის ყოფილ ფოტოგრაფს, რომელმაც თავად მითხრა: რომის მაგონებო...

გადაღება დავგეგმეთ. ის მსოფლიო დონის ფოტოგრაფია, ხშირად მოგზაურობს - ძალიან დაკავებულია. როცა პარიზში დაბრუნდება, გეგმებს განვახორციელებთ. პარიზში, ერთ-ერთ წვეულებაზე ფერადკანიანი მოდელი - ნალა (რომელიც ალბათ, ირაკლი ნასიძის მიერ თბილისში გამართული ჩვენებიდან გახსოვთ) გავიცანი. ძალიან პირდაპირი, თავისუფალი, მეგობრული პიროვნებაა. საერთოდ, პარიზში ადამიანები ერთმანეთს იოლად არ უმეგობრდებიან - ამისათვის წლებია საჭირო, მე და ნალა კი მალე დავმეგობრდით.

- ნალა საქართველოში ვიზიტით კმაყოფილია?

- მას საქართველო ძალიან უყვარს. სურს, ჩვენს ქვეყანას ისევ ესტუმროს. ალბათ, აგვისტოში საქართველოში გამოემგზავრება... ნალა რჩევებს მაძლევდა - მასწავლიდა, პარიზში მოდელი როგორი უნდა იყოს.

- მერე, როგორი უნდა იყოს?

- უპირველეს ყოვლისა (განსაკუთრებით მაშინ, როცა Go see-ზე მიდიხარ) - არანაირი მაკიაჟი! გადაწეული თმა უნდა გქონდეს და მოკლე შორტი ან "იუბკა" გეცვას ანუ ისეთი სამოსი, რომელშიც შენს გარეგნობას კარგად დაინახავენ. ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ ენების ცოდნასა და კომუნიკაბელურობას.

- რომელ უცხო ენებს ფლობ?

- რუსულს, ინგლისურს - საკმაოდ კარგად. ადრე ფრანგულის სწავლაზე არც მიფიქრია, მაგრამ ახლა პარიზში ამ ენასაც ვეუფლები, რაღაც-რაღაცები უკვე ვიცი. იმედია, მალე ვისწავლი - პრაქტიკა მაქვს. პარიზში ფრანგულის ცოდნა საჭიროა - ეს მოდელისთვის კიდევ ერთი "პლუსია".

- "ელის მოდელთან" კონტრაქტი შენთვის რამდენად მოსახერხებელია?

- მართლა ძალიან კარგი კონტრაქტია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე და სააგენტომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. მოდელობის გარდა, ნებისმიერი პროფესიის არჩევა და ჩემს ამჟამინდელ საქმიანობასთან შეთავსება შემიძლია. უბრალოდ, ამან სააგენტოს იმიჯზე ცუდად არ უნდა იმოქმედოს. ჩემს იმიჯს რაც შეეხება, მისი შეცვლა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ შემიძლია.

- გათხოვება თუ შეგიძლია?

- კონტრაქტში ეს მითითებული არ არის. მკაცრად განსაზღვრული არაფერი მაქვს, უბრალოდ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სააგენტოსთან უნდა შევათანხმო. ალბათ, რაც უფრო გვიან გავთხოვდები, უკეთესია. მთავარია, ყოველთვის ფორმაში ვიყო. აკრძალვები არც საკვებთან დაკავშირებით მაქვს: შემიძლია, ყველაფერი მივირთვა, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში უნდა ვიყო! იმას, თუ რას შევჭამ, არ მიკონტროლებენ.

- წონაზე განსაკუთრებული ზრუნვა თუ გიხდება?

- პარიზში ყოფნისას ვვარჯიშობდი, აუზზე დავდიოდი, სახლთან - ეიფელის ბაღში დავრბოდი... ფორმის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულ დიეტას არ ვიცავ. უბრალოდ, გამაფრთხილეს: იცოდე, პარიზში ძალიან მსუყე საკვებიაო (იცინის). არ არსებობს საკვები, თავის შეკავება რომ ვერ შევძლო...

- პარიზელებს თუ დაუმეგობრდი?

- მეზობლები გავიცანი: სახლში საცხოვრებლად რომ გადავედი, რემონტი ახალი დასრულებული გახლდათ და ინტერნეტი არ იყო. მეგონა, ამის გასარკვევად მეზობელთან უნდა მივსულიყავი (იცინის)... სააგენტოში ყველას გაუკვირდა: მეზობლები როგორ გაიცანი, რა კომუნიკაბელური ყოფილხარო! პარიზში წლები ისე გადის, რომ მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ, ჩვენ კი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მეზობლებს მადლიერების ნიშნად ვარდები და შოკოლადი მივართვი, რაც ძალიან გაუხარდათ (იცინის)!

- ახლა საქართველოში თავს როგორ გრძნობ?

- როცა საზღვარგარეთ ვიმყოფები, საქართველო ყოველთვის ძალიან მენატრება, მაგრამ ალბათ, რადგანაც საქმეზე ორიენტირებული ვარ, პარიზში ყოფნა არ მიჭირს, პირიქით - ძალიან მინდა, იქ თავი დავიმკვიდრო! აგვისტოში შვებულება მაქვს, მაგრამ საქართველოში შვებულების დაწყებამდე 2 კვირით ადრე ჩამოვედი - "ჯავახიშვილში" გამოცდები მქონდა. წელს უნივერსიტეტში სწავლას ვამთავრებ და დაძაბული გრაფიკი მაქვს. ამასთანავე, სამოდელო საქმეებსაც ვაგვარებ. შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს ტაილანდიდან, იაპონიიდან... რაც უფრო მეტ ქვეყანას ვესტუმრები, ჩემი "ბუქი" მეტად შეივსება და უფრო მოთხოვნადი მოდელი ვიქნები.

- უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე სწავლობდი?

- სოციოლოგიის. პროფესია დამოუკიდებლად შევარჩიე ანუ - თავიდანვე მივხვდი, რომ სოციოლოგია არის ის, რაც მაინტერესებს! ჩემი ოცნებაა, მაგისტრატურაში სწავლა სორბონის უნივერსიტეტში განვაგრძო, მაგრამ ჯერ ფრანგული კარგად უნდა ვისწავლო.

- სორბონის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი საფრანგეთში გამგზავრების შემდეგ გაგიჩნდა?

- დიახ!.. პარიზული ცხოვრების სტილი ძალიან მომწონს! იქ თავს კომფორტულად, თავისუფლად ვგრძნობ.

- პარიზში როგორი ცხოვრების სტილი აქვთ?

- რატომღაც, თბილისურს ვამსგავსებ (სხვათა შორის, ამას ბევრი აღნიშნავს). თბილისშიც და პარიზშიც ჭორაობა ძალიან უყვართ (იცინის).

- თბილისში გამომგზავრებამდე, ყველაზე "ცხელი" პარიზული ჭორი რა გაიგე?

- თითქოს რომელიღაც სერიოზული მუზეუმი გაძარცვეს. მგონი, ეს ჭორი "პიარის" გამო გაავრცელეს.

- აგვისტოში რას აპირებ?

- გამოცდების შემდეგ უნდა განვიტვირთო - თურქეთში გავემგზავრები, ბათუმსაც აუცილებლად ვესტუმრები, მერე კი პარიზში დასაბრუნებლად მზადებას დავიწყებ.

- კონტრაქტით მზეზე გარუჯვა გეკრძალება?

- კონტრაქტით - არა, მაგრამ სააგენტოში მითხრეს, - ძალიანაც ნუ გაირუჯებიო.

- გარუჯვა გიყვარს?

- ძალიან! ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, როცა მითხრეს, - ძალიან არ გაშავდე, ზომიერად - შეიძლებაო (იღიმის)!

- უცხოეთში კონტრაქტი პირველად გაგიფორმეს?

- კი, პირველად, მაგრამ ჩვენებებში ვმონაწილეობდი.

- დიდი ხანია, რაც სამოდელო სფეროში ხარ?

- 12-13 წლის ასაკიდან: ჯერ "ნატალიში" ვიყავი, შემდეგ - "ჯეომოდელში". 2008 წელს "ვიცე-მის საქართველო" გავხდი და "მის ტურიზმის" საერთაშორისო კონკურსზე გავემგზავრე, სადაც "მის პერსონის" ტიტული დავიმსახურე. ვიყავი ბულგარეთში, "ფეშენ შოუზე"...

- ქართველი მოდელები შენს პარიზულ წარმატებას როგორ შეხვდნენ?

- მათი რეაქცია მეც მაინტერესებდა და მთელი გულით გამიხარდა, როცა წარმატება ბევრმა მოდელმა მომილოცა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება