გია ცინაძე, იგივე მყუდრო, სერიალის - "ჩვენი ოფისი" - ყველაზე მხიარული და დადებითი პერსონაჟი, თურმე ფეხბურთის დიდი მოყვარული ყოფილა და თავადაც დადიოდა სპორტის ამ სახეობაზე. გია ინგლისის გულშემატკივარია და როცა ფეხბურთის სამშობლოს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საფინალო ტურნირს გამოეთიშა, მსახიობი კარგა ხანს სამძიმრის ტექსტებს იღებდა...
- ბავშვობიდან ფეხბურთელობა და მსახიობობა - ეს 2 პროფესია მომწონდა, მაგრამ ფეხბურთელობის სურვილი ჭარბობდა ჩემში. ამიტომაც მივედი 35-ე საფეხბურთო სკოლაში. რამდენიმე წლის შემდეგ კი პედაგოგთან კამათის გამო, იქიდან წამოვედი. სიზარმაცემაც თავისი ქნა და ფეხბურთელობაზე ოცნებას შევეშვი. მაშინ ფეხბურთელობა პერსპექტიულად არ მიმაჩნდა და ამიტომაც დამეზარა ვარჯიში.
ზუსტად იმ პერიოდში მეორე საოცნებო პროფესია გამახსენდა და ინტენსიურად დავიწყე მსახიობობაზე ფიქრი. 16 წლის ასაკში თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ბავშვობაში ხშირად ვესწრებოდი ფილმების გადაღებას. ყაზბეგში ვისვენებდი, სადაც ბატონი გოდერძი ჩოხელი ფილმს იღებდა. ერთ-ერთ სცენაში პატარები სჭირდებოდა და მეც მივიღე მონაწილეობა ფილმში (იღიმის). მაშინ დავინტერესდი მსახიობის პროფესიით, ძალიან მინდოდა, ამ სფეროში გამომეცადა თავი. მსურდა, ამდენ ოპერატორს ჩემზე ემუშავა...
სხვათა შორის, ფეხბურთელობასა და მსახიობობას ბევრი საერთო აქვს: იქაც თამაშობ და აქაც; იქაც მაყურებლის წინაშე გამოდიხარ და აქაც. ორივე პროფესიისგან დიდ ადრენალინს იღებ; ერთგან ვარჯიშები გაქვს, მეორეგან - რეპეტიციები. და, ბოლოს - ფეხბურთსაც მოაქვს პოპულარობა და მსახიობობასაც (იღიმის)... მახსოვს, პირველი როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში შევასრულე, სადაც სპექტაკლში - "იავნანამ რა ჰქმნა" - ვითამაშე.
- მოულოდნელი ხომ არ ყოფილა შენი ოჯახის წევრებისთვის შენი პროფესიული არჩევანი?
- ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა. მართალია, ბავშვობაში ჩემი თეატრალური მონაცემების გამომზეურებით თავი არ შემიწუხებია - სულ ბურთს დავდევდი, - მაგრამ მშობლებს დიდად არ გაჰკვირვებიათ ჩემი პროფესიული არჩევანი. ცოტა ადრეულ ასაკში კი მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარებამ და სწავლამ: 20 წლის ვიყავი, როცა თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ის პერიოდი არაჩვეულებრივად მახსოვს. არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, 4 წლის განმავლობაში ერთი ლექციაც კი არ გამიცდენია (იცინის).
ძალიან მობილიზებული და მონდომებული სტუდენტი ვიყავი. სიმართლე რომ ვთქვა, უნივერსიტეტში ბევრს ვერაფერს ისწავლი, თუ მოწოდებით მსახიობი არა ხარ. რაც დრო გადის, მით მეტ რამეს ვსწავლობ და გამოცდილებასაც ვიძენ. ჩემი პროფესიის მეშვეობით, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. როცა გარეთ გავდივარ და ქუჩაში ღიმილით მხვდებიან, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა...
- როგორც შევიტყვე, მას შემდეგ, რაც თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრე, სხვა პროფესიაშიც მოსინჯე ძალები...
- კი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი-ორი წელი სხვადასხვა თეატრში ვთამაშობდი, ზოგან მასობრივ სცენებში გამოვდიოდი, ზოგან - პატარა როლი მქონდა, ვთამაშობდი სადიპლომო ფილმებში... ამ ყველაფერს გასამრჯელოს გარეშე ვაკეთებდი. მერე მივხვდი, რომ ჩემი საქციელი "მტვრის უაზრო ყლაპვა" იყო. დავანებე თავი თეატრში სიარულს და უამრავ პროფესიაში მოვსინჯე ძალა: ვმუშაობდი ჩემს მეგობრებთან, ფარმაცევტულ კომპანიაში, ჩემს დეიდაშვილთან ერთად, პატარა საქმეს ვაკეთებდი ბოლნისში; მქონდა კერძო ბიზნესიც, იმდენად წარმატებული, რომ ერთ თვეში სხვებიც მიხვდნენ ამას და "დამბლოკეს" (იცინის).
მერე, გიორგი ლიფონავას ხელშეწყობით, ისევ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. გავიცანი ადამიანები, რომლებიც დღეს "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებლები არიან... ბედნიერი ვარ, რომ დღეს ასეთ ადამიანებთან მუშაობა მიწევს. ისინი არა მხოლოდ ნიჭიერები არიან, არამედ - პროგრესულად მოაზროვნეებიც. ისე აზროვნებენ, როგორც საქართველოს "მოუხდება".
- გია, როგორც ვიცი, მყუდრო ძალიან უყვართ ბავშვებს...
- კი, მეც მასე გავიგე (იღიმის)... იგი სერიალში ერთ-ერთი ყველაზე ბავშვური გმირია და ალბათ ამიტომაც... სხვათა შორის, მყუდრო არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულ და განათლებულ ადამიანებსაც უყვართ. ბავშვებს იმიტომ, რომ საყვარელი, უშუალო და გულწრფელია, დიდ ადამიანებს კი იმიტომ, რომ მისი საუბარი ხშირად ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვან თემებს ეხება. ტელევიზიით ხშირად არ ითქმის ის, რასაც მყუდრო ამბობს (იღიმის). მე ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი და რამდენი წელიც უნდა გავიდეს, იგი ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ადამიანად დარჩება.
- ალბათ ხშირად გაიგივებენ შენს გმირთან, არა?
- კი, უცხო ადამიანები ხშირად მაიგივებენ მყუდროსთან. ქუჩაში რომ შემომხედავენ, მაშინვე თვალებს ხრიან და ჩემს ჩაცმულობას აკვირდებიან (იცინის): ალბათ ჰგონიათ, რომ ქუჩაშიც "ტრუსიკით" ვივლი. ერთხელ, ერთ გამვლელს გავესაუბრე და როცა მყუდროსავით არ დაველაპარაკე, ძალიან გაუკვირდა: - ვაა, ეს რა სხვანაირი ყოფილხარო!.. პატარები ხშირად მაჩერებენ, ფოტოებს იღებენ ჩემთან, ავტოგრაფებს მართმევენ; შენი ძმა როგორ არისო? - მეკითხებიან და მოკითხვას მაბარებენ ნიკასთან (იცინის)... ხვითოს კითხულობენ ხშირად. მეც პასუხი მზად მაქვს: - ახლა სახლშია და სძინავს-მეთქი, - ვპასუხობ.
ბავშვებს არასოდეს ვეუბნები, რომ გარეთ მყუდრო კი არა, გია ცინაძე ვარ. ქუჩაში რომ მხედავენ, ის სამყარო გადმოდის მათთან, რომელსაც ტელევიზიით უყურებენ და იცი, რა ბედნიერები არიან, როცა მელაპარაკებიან?! მათი ანთებული თვალები კი პატარებზე ორმაგად ბედნიერს მხდის (იცინის). ერთხელ, მოხუცი ბებია შემხვდა, მომეფერა, მაგრამ თან მისაყვედურა კიდეც: - ეს რა არის, ამხელა კაცი ხარ, შორტით დადიხარ და ღლაბუცობო!.. მისი შენიშვნა არ მწყენია, იმ ქალბატონს გავუგე კიდეც... ხალხის სიყვარულს რომ ვგრძნობ, მაშინ ვფიქრობ, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გავაკეთე.
- ეჭვი მაქვს, საზოგადოება არა მხოლოდ იმიტომ გაქცევს ყურადღებას, რომ ცნობილი ხარ, არამედ შენი არასტანდარტული იმიჯის გამოც...
- ჩემს იმიჯზე ზრუნვა ახლა არ დამიწყია, 80-იან წლებშიც უცნაურად გამოვიყურებოდი, არ მიყვარდა სტანდარტულობა (იღიმის). გრძელი თმა და წვერი მქონდა, დახეული შარვლით დავდიოდი... ახლა სულ სახედახატულმა რომ ვიარო, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას მძაფრი რეაქცია აღარ ექნება. XXI საუკუნეში უცხოდ ჩაცმული ადამიანები აღარავის უკვირს და თითოეული ადამიანის ფანტაზიასაც მეტი გასაქანი აქვს. ცოტა ექსტრავაგანტური ვარცხნილობა მაქვს და ბენდენით იმიტომ დავდივარ (იცინის).
- როგორ გაიხსენებ ფილმის - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" - გადაღებების პერიოდს?
- ეს ფილმი ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. გადაღებების შემდეგ ვიგრძენი, რომ სრულყოფილი მსახიობი ვიყავი. იმდენად მომწონდა გადაღებების პროცესი, არ მინდოდა, დამთავრებულიყო... ხომ იცი, დღეს სიტყვა "პირველი" საქართველოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" საქართველოში გადაღებული პირველი ფილმია, რომელიც ნარკომანიასა და ძველ ბიჭებზე არ არის. ბოლო დროს წამოვიდა დადებითი და "ლაითი" "კინოების" გადაღების ტენდენცია, რაც ძალიან მახარებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ღამით მიწევდა გადაღება.
პირველი ფილმის შექმნისას ბრმა ნაწლავი გამისკდა, მეორე ფილმის დროს მიწაზე ვიწექი ყინვაში, გადაღებების შემდეგ კი გრძელვადიანი მკურნალობა დამჭირდა, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნება განვიცადე! უკვე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმი კინოეკრანებიდან მოიხსნა, გამოხმაურება და კომპლიმენტები კი დღემდე არ წყდება. ჩვენი ფილმები საქართველოს იმიჯზე მუშაობს!..
- ე.ი. თითქმის ყველა გადაღების პროცესმა ერთგვარად დაგაზარალა, არა?
- მხოლოდ ფიზიკურად (იღიმის). მეორე ნაწილში ასეთი სცენა იყო: პოლიციის დანახვაზე გავრბოდი, მოაჯირზე ვხტებოდი და ავტოფარეხისკენ მივრბოდი. მკერდზე ხმის "პეტლიჩკა" მეკეთა. მოაჯირზე გადახტომის შემდეგ, გადამღები ჯგუფის მხედველობის არიდან ვიკარგებოდი. რომ გადავხტი, მიწა მოყინული იყო, ფეხი ვერ დავდგი მყარად და მაგრად "ავილეწე", არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი... "პეტლიჩკიდან" შხრიალისა და ბათქის ხმა რომ გაისმა, მიხვდნენ, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და სასწრაფოდ მომცვივდნენ. დავხვდი დასისხლიანებული, დაგლეჯილი ტანსაცმლით (იცინის)...
- როგორია ყოველდღიურ ცხოვრებაში გია ცინაძე? ჰგავს რამით მყუდროს?
- ისე, "კურიოზულობა" მახასიათებს, მაგრამ ისეთი მხიარული და ყველას მოსიყვარულე ვერა ვარ, როგორიც მყუდროა. როცა ვფიქრობ, ისეთი სიფათი მაააქვს... 24 საათი დაღვრემილი დავდივარ (იღიმის). მიუხედავად "გაბუსხული" გარეგნობისა, კარგი ბიჭი ვარ, კეთილი (იცინის)...
- ბოლო პერიოდში ბევრმა მსახიობმა შოუმენის ამპლუაშიც მოსინჯა ძალები. როგორც ვიცი, შენც გთავაზობდნენ ერთ-ერთი ტელეგადაცემის წამყვანობას...
- საუბარი იყო პროექტ "ინტუიციის" წამყვანობაზე. ბევრ კანდიდატურას შორის, ჩემიც განიხილებოდა, მაგრამ ერთი ტელევიზიის სახე არ შეიძლება, მეორე ტელევიზიაშიც მუშაობდეს... ამიტომაც უარი ვთქვი გადაცემის წამყვანობაზე. სხვათა შორის, ძალიან კარგ კანდიდატურას მიაგნეს - ნიკა ქავთარაძის სახით. დღეს ყველაზე დიდ ენერგიას ჩემი სამუშაო და ადამიანების ყურადღება მაძლევს. ისევე, როგორც ყველა მსახიობს, მეც ძალიან მინდა, საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო და სხვადასხვა როლი შევასრულო.
ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)