რამდენიმე დღის წინ იუნესკოს (გაეროს ორგანიზაცია, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებზე მუშაობს) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე საქართველოში ბაგრატის ტაძრის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები განიხილეს და მისი სასწრაფო შეჩერება მოითხოვეს.
კომიტეტის საგანგებო მიმართვაში ნათქვამია: "შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ შეუქცევადი პროცესების, ჩარევის გამო, რაც ბაგრატის ტაძრის მიმართ ხორციელდება. მივიჩნევთ, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების სასწრაფო შეწყვეტას მოვითხოვთ".
კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბაგრატის ტაძარს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მეოთხე კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, და რადგან მიმდინარე რესტავრაცია მის სტატუსს ეწინააღმდეგება, იგი უნდა შევიდეს იმ ძეგლთა ნუსხაში, რომელთაც საფრთხე ემუქრება. ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთმა ქართველმა სპეციალისტმაც გააპროტესტა.
2009 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: კრიტიკის მიუხედავად, ტაძრის რესტავრაცია არ შეჩერდებაო... აღსანიშნავია, რომ როდესაც ერთი წლის წინ ბაგრატის ტაძარში დიდგვაროვანი ქალბატონის სამარხი აღმოაჩინეს, ზოგიერთმა ხელოვნებათმცოდნემ არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, თამარ მეფის საფლავი ყოფილიყო...
"სამუშაოები გრძელდება. იუნესკოს მისი შეჩერების არავითარი უფლება არა აქვს. მას მხოლოდ ამა თუ იმ ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღება შეუძლია", - ასეთია ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების კურატორის, ზურაბ ქაჯაიას პოზიცია.
ამ საკითხზე კომენტარისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილს დავუკავშირდით, მან გვითხრა, მოგვიანებით დაგვერეკა, შემდეგ კი ჩვენს ზარს აღარ უპასუხა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)