ნინა ზაფხულში სამოსისგანაც ისვენებს

ნინა ზაფხულში სამოსისგანაც ისვენებს

მომღერალი და კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ნინა წკრიალაშვილი იტალიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ყველასა და ყველაფრისგან დასასვენებლად და განსატვირთავად წავიდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ნინა იქიდან ძალიან გახარებული და ბედნიერი დაბრუნდა და ახლა უკვე ახლობლებთან ერთად აპირებს ზაფხულის ბოლო დღეების გატარებას.

- ბავშვობიდან ძალიან აქტიურად ვცხოვრობ, საქმე საერთოდ რომ არ მქონდეს, მაინც რაღაცას ვიგონებ. წლევანდელი წელიც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემი შვილია, რაც, მერწმუნეთ, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, დილის 10-დან საღამოს 7-მდე სამსახურში ვარ, შემდეგ საქველმოქმედო ფონდში "ხელოვანები თანადგომისთვის" მივდივარ, სადაც დევნილი ბავშვების კულტურულ განვითარებაზე ვზრუნავთ, გარდა ამისა, მაქვს კონცერტები, დავდივარ სტუდიებში და ა.შ.

დამეთანხმები, ასეთი დაძაბული გრაფიკის შემდეგ წელიწადში ორჯერ კარგი დასვენება აუცილებელია. წელს ორ-ორი დღით რამდენჯერმე აჭარაში გახლდით და რამდენიმე დღეა ჩამოვედი იტალიიდან, სადაც კარგად განვიტვირთე ერთფეროვანი ყოველდღიურობისგან, ახალი ენერგიით ავივსე.

საერთოდ, წყნარი დასვენება მიყვარს - ბევრი ძილი, კითხვა და სიწყნარე. ალბათ გამოვედი იმ ასაკიდან, როცა ძალიან მომწონდა ხმაური და ბევრი ხალხი. დასასვენებლად ძირითადად ჩემს შვილთან, დასა და დისშვილთან ერთად დავდივარ. წელსაც ამ შემადგენლობით ვესტუმრებით აჭარას ან თურქეთს. ვფიქრობ, წელიწადში ერთხელ სრულად განტვირთვისთვის აუცილებელია შვილისა და ყველას გარეშე დასვენება, ვინაიდან მარტო უკვე ვიყავი იტალიაში, ახლა ჩემს შვილთან ერთად წავალ.

- ზაფხულის ადამიანი ხარ, თუ პირიქით ზამთრის?

- მე ზამთრის ადამიანი ვარ. ვგიჟდები სიცივეზე, თოვლსა და წვიმაზე. მთელი ზაფხული ზამთარს ვნატრობ, სიცხე მაგიჟებს. არაფერი არ მიყვარს ზაფხულში 10-დღიანი ზღვის კურორტის გარდა. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც კარავში ურჩევნია ღამის გათევა ქვეწარმავლებთან ერთად, ვიდრე კომფორტში (იღიმება). ერთხელ ბაბუამ წამიყვანა ბლის მოსაკრეფად და სტრესი მივიღე (იღიმება), მაშინვე მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყო. ამ დროს თვითონ ისეთი კმაყოფილი აკეთებდა ამ საქმეს, გაოცებული ვუყურებდი და შევაწუხე, სახლში წამიყვანე-მეთქი, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ არ მიყვარს მთა და ტყე, შეიძლება ითქვას, რომ მთა მთრგუნავს.

- დარწმუნებული ვარ, როგორც ყველა ქალი, ზღვაზე წასვლამდე შენც განსაკუთრებულად ემზადები, რა პროცედურებს მიმართავ ხოლმე?

- არა მარტო ზაფხულის, ნებისმიერი სეზონის დადგომისთვის წინასწარ ვემზადები. გარდერობსაც ვაახლებ, თუ მაქვს ამის საშუალება და თუ არ მაქვს, მაინც (იღიმება). ძალიან მიყვარს თავის მოვლა და ყველაფერი ის, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს.

- რაც შეეხება საცურაო კოსტიუმს, როგორს არჩევ?

- ამ მხრივ არ მიყვარს სიჭრელე. ამ სეზონზე მაქვს შავი, თეთრი და ჟანგისფერი კოსტიუმები. საერთოდ, მე დასვენებას იმას ვეძახი, რომ სამოსმაც არ უნდა შემაწუხოს და რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ის უნდა მეცვას. ამიტომ ძირითადად შორტითა და საცურაო კოსტიუმით შემოვიფარგლები.

- დასასვენებლად ან სამოგზაუროდ წასვლისას ბევრი ბარგის წაღება გჩვევია?

- კი, ყოველთვის ბევრი ბარგი მიმაქვს და ძირითადად, ორი მაისური და ორი ჯინსი მაცვია, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე (იღიმება).

- საქართველოს კურორტებზე გირჩევნია დასვენება თუ საზღვრებს გარეთ? რომელია შენი საოცნებო ქვეყანა, სადაც გემრიელად დაისვენებდი?

- მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა ძალიან მიყვარს, სამოგზაუროდ სადაც უნდა წავიდე, ყოველ წელს საქართველოს კურორტებს მაინც ვსტუმრობ. რაც შეეხება საოცნებო ქვეყანას, მართალია, ამას საოცნებოს ვერ დავარქმევ, მაგრამ ისე მომეწონა მონტე-კარლო, დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ უფრო დიდი ხნით და მივაყოლებდი ნიცასა და კაპრის.

- როგორია შენი დღის რეჟიმი ზღვაზე ყოფნისას? ადვილად ირუჯები თუ რამე განსაკუთრებულ საშუალებებს იყენებ?

- ზღვაზე გავდივარ 12 საათამდე და საღამოს 5-ის მერე. რაც შეეხება გარუჯვას, ვირუჯები ადვილად, არც ვიწვები, იმიტომ, რომ ზღვაზე წასვლის წინ ყოველთვის შევდივარ სოლარიუმში და კანს ვამზადებ მზისთვის.

- როგორ ცურავ? რამდენად ექსტრემალი ხარ, წყლის გასართობები თუ გიზიდავს?

- ვცურავ ნორმალურად, მაგრამ ზღვას კარგი აუზი მირჩევნია. იქ უფრო მშვიდად ვარ. რაც შეეხება ექსტრემს, არ ვგიჟდები. ძალიან მიყვარს ზღვის სკუტერი და მთაში თუ ვარ, ძირითადად დროს კვადროციკლზე ან თოვლის დროს ბურანზე ვატარებ.

- პლაჟზე ალბათ ყურადღებას იქცევ... მოდიან ხოლმე შენ გასაცნობად?

- ალბათ მიყურებენ, მაგრამ ისეთი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, ზოგჯერ ჩემი მეგობრებიც რომ მეძახიან, იმათაც არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემი აზრით, ვინც პლაჟზე გასაცნობად დადის, ის დასაცინია...

- ბანალური კითხვა უნდა დაგისვა საკუროროტო რომანთან დაკავშირებით..

- საკურორტო რომანზე რა გითხრათ, რომანი რომანია, ზოგი კურორტზე იწყება, ზოგი ქუჩაში, ზოგი ინტერნეტში და ზოგიც ავარიის დროს. მე მიყვარს სიყვარული და თუ ფლირტი დიდ გრძნობაში გადადის, რა მნიშვნელობა აქვს სად დაიწყება?! ყველაფერი საიდანღაც იწყება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება