ადამ სანდლერი:"სელმა ჰაიეკის ქმრობა შესანიშნავია"

ადამ სანდლერი:"სელმა ჰაიეკის ქმრობა შესანიშნავია"

ადამ სანდლერს მართლაც მოეწონა სელმა ჰაიეკის ქმრის სტატუსი, ოღონდაც - ეკრანზე. რეალურ ცხოვრებაში კი რა ხანია ცოლი და შვილები ჰყავს და სამაგალითო მეოჯახედ მიიჩნევა. რაც შეეხება სელმას, წყვილი ერთმანეთს ახალი კომედიური ფილმის "თანაკლასელების" გადაღებებზე შეხვდა. ცნობილი ამერიკელი კომედიური მსახიობისა და სელმას დუეტი შესანიშნავი გამოვიდა, თუმცა ამას მაყურებელიც მალე იხილავს დიდ ეკრანებზე.

დოსიე

ადამ სანდლერი 1966 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ნიუ-იორკში, მასწავლებლისა და ინჟინერ-ელექტრიკოსის ოჯახში.

ებრაული რელიგიური განათლება მიიღო.

სახელი გაითქვა ტელეშოუთი "შაბათს საღამოს ღია ეთერში".

სულ 40 როლი აქვს შესრულებული და ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ მსახიობად მიიჩნევა.

შვიდი წელია დაქორწინებულია მსახიობ ჯეკი ტიტოუნზე. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს: 2 წლის სანი მედელინი და 4 წლის სედი მედისონი.

"იმ ფულით, რაც მე მაქვს, ძალიან ძნელია ბავშვები სპარტანულად აღზარდო"

- ამ ფილმზე მუშაობისას ალბათ აუცილებლად დაფიქრდებოდით იმ თემაზე, რომ თქვენი შვილები ბევერლი-ჰილზის ელიტურ გარემოში იზრდებიან და ეს შეიძლება არც ისე კარგად აისახოს მათ ზრდასრულ ცხოვრებაზე...

- სიმართლე თუ გინდათ გითხრათ, ისედაც გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილები შეიძლება განებივრებულები და გათამამებულები გაიზარდონ. ამ ფიქრით ვიძინებ და ეს პირველია, რაც თავში მომდის ახალგაღვიძებულს. იცით, იმ ფულით, რაც მე მაქვს, ძალიან ძნელია ბავშვები სპარტანულად აღზარდო. მიჭირს საკუთარი ბავშვობის შედარება მათ ბავშვობასთან, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვო.

- თავად თუ გრძნობთ თავს ზრდასრულად, თუ ისევ ბავშვად მიგაჩნიათ თავი?

- როდესაც ბავშვებთან ვარ, თავს დიდად ვგრძნობ - ალბათ, იმიტომ, რომ მესმის: მე მათი მამა ვარ და ვალდებული ვარ, ისინი აღვზარდო. როცა მამა გავხდი, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რატომ იყო ხოლმე მამაჩემი ხშირად ცუდ ხასიათზე.

- "თანაკლასელების" სცენარის ავტორი თქვენ ხართ. როდესაც სცენარს წერდით, ფიქრობდით, რომ ყველა კომედიურ მსახიობს ერთად შეკრებდით, ისინი კი უბრალოდ იმპროვიზაციას მიმართავდნენ?

- დიახ, სწორედ ასე ვფიქრობდი. მე და ფრედ ვულფმა ეს სცენარი ერთად დავწერეთ. მთელი იდეა ის იყო, რომ ძველი მეგობრები შეგვეკრიბა, რომლებიც უქმეებზე ერთად შეძლებდნენ დროის გატარებას. ისინი ჩემი ძველი მეგობრები არიან, ასე რომ, ამას აზრი ჰქონდა. მიხარია, რომ დამთანხმდნენ.

"მე და სელმა დიდი ხანია ვლაპარაკობდით იმაზე,რომ ერთად გადაგვეღო ფილმი"

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც კალათბურთი თქვენი გმირების ცხოვრებაში მთავარი მოვლენის სახით?

- მთელი ბავშვობა საეკლესიო ლიგის საკალათბურთო გუნდში ვთამაშობდი და კალათბურთის მატჩები ჩემი ქალაქის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. ვიფიქრე, რომ ჩემი გმირები არა უბრალოდ უფროსკლასელები იქნებოდნენ, არამედ ბიჭები, რომლებიც საეკლესიო ლიგაში თამაშობენ კალათბურთს. მიმაჩნია, რომ მეექვსე კლასი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო: ის იყო სავსე კალათბურთით, მეგობრობითა და სხვადასხვა სასაცილო ამბით, რომლებიც თავს გადაგვხდებოდა ხოლმე. ფილმში ძნელი არ არის იმ კონტრასტის დანახვა, რომელიც არსებობს თანამედროვე ბავშვობასა და იმას შორის, რომელიც ჩვენი ბავშვობის დროს იყო.

- სელმა ჰაიეკი თვითონ აირჩიეთ მთავარი გმირის ცოლის როლისთვის?

- მე და სელმა დიდი ხანია ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ერთად გადაგვეღო ფილმი. ადრეც აპირებდა მონაწილეობას ჩემს ფილმში "არ იხუმროთ ზოჰანთან" და კიდევ რამდენიმე პროექტში, მაგრამ ჩვენი დროები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს, სელმა თავისუფალი აღმოჩნდა. მართლაც შესანიშნავი იყო სელმას ქმრობა... ფილმში! ის მშვენიერი ქალია.

- როდესაც იღებთ ფილმს, რომელშიც ბავშვები თამაშობენ, იძულებული ხართ თავი შეიკავოთ უხამსობისა და ბილწსიტყვაობისგან?

- ფილმში არც ისე ბევრი ბილწსიტყვაობაა. დიახ, როდესაც ბავშვების გვერდით იგინები, მერე თავს დამნაშავედ გრძნობ. ჩემს უკანასკნელ სურათში ორი ბავშვი იყო და მათ თქვეს, რომ 20 დოლარს შეგვაწერდნენ თითოეული ბილწი სიტყვისთვის. მგონი, უკვე სადღაც 1400 დოლარამდე გვაქვს მათი ვალი.

"ჩემს ახალ ფილმზე ბევრი ვიცინე"

- თქვენს კოლეგებს შორის ფილმიდან "თანაკლასელები", რომელია ყველაზე სასაცილო რეალურ ცხოვრებაში?

- როდესაც უბრალოდ ვხვდებით ერთმანეთს? ყველას თავისი სიგიჟეები აქვს. კევინ ჯეიმსი არაჩვეულებრივად სასაცილოა. როცა მისგან მესიჯს ვიღებ, ხუთი წუთი გონს ვერ მოვდივარ სიცილისგან. მეც უბრალოდ სმაილს არ ვუგზავნი, მე ხომ კომიკოსი ვარ და ეს ბანალური იქნება. ამიტომ უფრო ბანალურად ვპასუხობ: "მაგარია!" რაც შეეხება კრის როკს, ის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ჩემს ცხოვრებაში შევხვედრივარ. მას ძალიან იქედნური იუმორი აქვს.

- ჩანს, მწერლობასაც მოაქვს თქვენთვის შემოქმედებითი კმაყოფილება. ეს თქვენთვის მეორე გატაცებაა კინოს შემდეგ?

- ალბათ ასეა. მე მომწონს ჩემს მეგობრებთან ერთად ჯდომა და წერა. ეს ფილმიც იმიტომ გამოვიდა კარგი, რომ ალენ კოვერტსა და ნიკ სვარდსონთან ერთად ვწერდი. ფილმის გადაღებებთან არავითარი შეხება არ მქონია, უბრალოდ, ვთამაშობდი ჩემს როლს. მერე კი, უკვე დასრულებული ძალიან მომეწონა: ბევრი ვიცინე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება