როგორ ერთობიან ცნობილები ცხელ ზაფხულში

როგორ ერთობიან ცნობილები ცხელ ზაფხულში

საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით დავუკავშირდი და გავარკვიე - ცხელ ზაფხულს ვინ, სად და როგორ ატარებს. დასასვენებლად გამგზავრებული ცნობილი სახეები დედაქალაქში დაბრუნებას არ ჩქარობენ (ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც მე დავეკონტაქტე), მაგრამ არც თბილისში დარჩენილები გრძნობენ თავს ცუდად...

ნინო ჩხეიძე:

- ამჟამად ბათუმში ვარ. ოდესიდან გუშინ გამოვემგზავრე. იქ კონცერტი მქონდა. თან, დასვენებაც მოვახერხე, რადგან იქ 4 დღე ვიმყოფებოდი. ოდესა ძალიან მიყვარს. იქ პირველად 3 წლის წინ ვიყავი - სოლო კონცერტი მქონდა. ოდესაში არაჩვეულებრივი ქართული დიასპორაა - ძალიან თბილი ადამიანები არიან!.. მალე ისრაელში გავემგზავრები - კონცერტი მექნება. შემდეგ დასასვენებლად, თურქეთში წავალ, თურქეთიდან - პარიზში.

- ბათუმში დროს როგორ ატარებ?

- ბათუმი ძალიან გალამაზებულია. ბევრი ახალი კლუბი, კაფეა. მგონია, რომ მთელი თბილისი აქ არის.

- ეს, ცოტა არ იყოს, დამღლელი ხომ არ არის?

- არა, რატომ?! ჩემი მეგობრები არიან... კარგად ვერთობი.

- გვითხარი - როგორ ერთობი?

- ალბათ - ისე, როგორც ყველა: დილით პლაჟზე გავდივართ, შუადღისას ცოტას ვისვენებთ, საღამოს ისევ ვიკრიბებით.

- წყლის ისევ გეშინია?

- კი, ზღვაში არ შევდივარ. დილა ჩემთვის ტანჯვაა: ხშირად, როცა ყველა ზღვაზე მიდის, მე შინ ვრჩები და აღარ ვიცი, რა ვაკეთო. ამ შემთხვევაში, ვცდილობ, ინტერნეტში შევიდე და ამით გავერთო.

- ბათუმში მეუღლესთან ერთად იმყოფები?

- კი, ჩემს "გრაფიკში" ყველგან, მასთან ერთად ვარ. სადმე მარტო რომ წავიდე, ეს ჩემს მეუღლეს არ უყვარს. დასასვენებლად მარტო არც არასდროს ვყოფილვარ. პრინციპში, ამის საწინააღმდეგო მეც არაფერი მაქვს - მეუღლე ხელს არ მიშლის (იცინის)...

- შენი გოგონა, მარიკო სად ისვენებს?

- რამდენიმე დღეში ჩემს მშობლებთან ერთად ქობულეთში გაემგზავრება...

კაბუ:

- დედაქალაქში ვისვენებ, რომელიც ძალიან მიყვარს, ვგიჟდები მასზე: მშვიდი, წყნარია, ქუჩებში ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობს... სახლში ვარ. გარეთ ხშირად არ გავდივარ, რადგან ძალიან ცხელა.

- დასასვენებლად გამგზავრებას არ აპირებ?

- ცოტა ხანში აჭარაში წავალ. ჯერჯერობით სპექტაკლის პრემიერისთვის ვემზადებით.

- საერთოდ, დასასვენებლად სად მიდიხარ ხოლმე?

- ამას ზაფხულში ვგეგმავ. წელს ზღვაზე წასვლა დავგეგმე. იქიდან რომ დავბრუნდები, ალბათ, მთაში წავალ...

ნანიკო ხაზარაძე:

- დედაქალაქში ვიმყოფები, სამსახურში დავდივარ... ჯერჯერობით სიცხეს არ შევუწუხებივარ, რადგან სამსახურში ძალიან გრილა.

- დასასვენებლად სადმე წასვლას ცოტა ხნით მაინც არ აპირებ?

- არა, შვებულება არ მაქვს.

- საერთოდ, დასვენება სად უფრო მეტად გიყვარს?

- იქ, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ, - სულერთია!

- მაინც?..

- მართლა სულერთია... შარშანაც ვერ დავისვენე, ვერც წელს ვისვენებ. ფაქტობრივად, დასვენება აღარ მახსოვს, რა არის (იცინის).

ზუზუ (ზაზა ბეჟაშვილი):

- გონიოში ვისვენებ - ძალიან ლამაზ სახლში და ძალიან კარგად! ზღვის ნაპირი, მეგობრები... ყველაფერი მაქვს, რაც დასვენებისთვის მჭირდება. დაღლილი ვიყავი და დავმშვიდდი. თბილისში დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, კარგად ვარ!

- გონიოდან გადაადგილებასაც არ აპირებ?

- მეგობრებთან ერთად, ბათუმში ხშირად მივდივარ. სექტემბერში ბაქოში პრემიერა მაქვს და საზღვარგარეთ გამგზავრება მომიწევს. ასე რომ, კიდევ თითქმის ერთი თვის განმავლობაში აქ დავრჩები.

- გონიოში როგორ ერთობი?

- დილით ზღვაზე ვერ მივდივარ, რადგან ძალიან მიყვარს ძილი. გვიან ვიღვიძებ, ყავას ვსვამ (იცინის)... შემდეგ ზღვაზე გავდივარ. ჩემი ზოგი მეგობარი ბათუმშია, ზოგი - კვარიათში. გართობას წინასწარ არ ვგეგმავთ, ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგალითად, ახლა მე, თეა გობეჯიშვილი და ნიკა ლომიძე ბუკნარში "ბარბექიუს" მოწყობას ვაპირებთ.

ნიკა არაბიძე:

- ამჟამად გურიაში ვიმყოფები და ძალიან კარგად ვისვენებ, რაც მთავარია - წყნარად ჯერჯერობით, მაგრამ ცოტა ხანში ზღვაზე წავალ. დღეს ქუთაისში მივდივარ, რადგან "ტორპედოს" თამაშია და უნდა ვუგულშემატკივრო!

- გურიაში დროს როგორ ატარებ?

- უპირველეს ყოვლისა, მოწყენის საშუალებას ჩემი შვილი არ მაძლევს. აქ ჩემი ახლობლებიც არიან და კარგად ვერთობი: მდინარეზე დავდივარ, ვთევზაობ... საინტერესოდ ვისვენებ.

- როგორც აღნიშნე, ზღვაზე წასვლასაც აპირებ. მზეზე გარუჯვა გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ მზე მაინცდამაინც კარგად არ მეკიდება (იცინის).

- აქტიური დასვენება გიყვარს?

- აქტიურიც და პასიურიც მღლის. ამიტომ ვცდილობ, ორივენაირად დასვენება მოვასწრო.

ნინო ბაშარული:

- ისე მოხდა, რომ წელს ბავშვებისთვის ვარ "გადადებული": შვილთან და დისშვილებთან ერთად, ქობულეთში, ფიჭვნარში ვიმყოფები. ეს ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, მაგრამ თავად მაინცდამაინც ვერ ვისვენებ (იცინის).

- რატომ? ძალიან ცელქი ბავშვები არიან?

- უცელქესი (იცინის)!

- თავად სად ისვენებ ხოლმე?

- სარფში.

- წელს სარფს ვერ ესტუმრები?

- არა მგონია. მთლიანად ბავშვებზე "გადავერთე". ალბათ, 10 დღით რაჭაში წავალ.

- ნინო, მეგობრები როგორ ერთობით?

- ზღვაზე ერთად მივდივართ, წყალში ნავებით შევდივართ, მოლუსკებს ვიჭერთ, ვთევზაობთ. რაჭაში სოკოებს ვკრეფთ ხოლმე... ერთი პერიოდი "ვსერფინგობდით" კიდეც.

- ექსტრემალური სპორტი გიტაცებს?

- ძალიან! ბოლოს და ბოლოს, ყოფილი სპორტსმენი ვარ!

- სპორტის რომელ სახეობას ფლობ?

- 7 წლის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი.

- მზეზე გარუჯვა თუ გიყვარს?

- კი, ძალიან! ერთადერთი, რაც ბავშვებმა მაცადეს, ისაა, რომ "გარუჯვის" საშუალება მომცეს და "მულატკასავით" ვზივარ.

- მზისგან კანის დამცავ საშუალებეებს იყენებ?

- წელს - არა: "ზაგარი" ნელ-ნელა მივიღე. აღარ დავიწვი. ერთადერთი, "ბრონზის" შემცველ კრემს ვისვამ.

- დასვენებასა და სიმღერას ერთმანეთს თუ უთავსებ?

- ფიქრით მანდ ვარ... 2 სერიოზული პროექტის განხორციელებას ვაპირებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება