ქართული მოდა, ისევე, როგორც სხვა ბევრი დანარჩენი სფერო, დიდი მომგებიანობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა კონკურენცია რამდენიმე სააგენტოს შორის მაინც არის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი მეორის მოდელს გადაიბირებს და ეს არცთუ სასიამოვნო ფაქტია. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო წამყვანი სამოდელო სააგენტოების შეფებმა გაერთიანება გადაწყვიტეს.
ამ გაერთიანების შესახებ მის ინიციატორებს, სამოდელო სააგენტო "სლაიდის" ხელმძღვანელ თეა აგლაძესა და "ნატალის" ხელმძღვანელს ნატა სამადალაშვილს ვესაუბრეთ.
თეა:
- დიდი ხანია ჩემი სააგენტო მაქვს. მაქვს ურთიერთობა სხვა სააგენტოების მფლობელებთან, როცა შევკრებილვართ, სულ ვწუწუნებთ, რომ ეს არ არის მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ მაინც გვაქვს და ყოველდღე ახალ-ახალი სააგენტოები ჩნდება. ჩნდება კითხვა, თუკი არ არის შემოსავლიანი ბიზნესი, რისთვის გაქვს? შემოსავალი ძირითადად სამოდელო სკოლისგან არის, სადაც ნებისმიერ მსურველს შევასწავლით ყველაფერს, რაც მოდელს სჭირდება. თავად სააგენტო კი არარენტაბელურია. ჩვენებები იშვიათად ტარდება.
ჩვენს შეხვედრაზე, რომელიც ამას წინათ გაიმართა, ია კიწმარიშვილმა მკითხა, ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორი ხარ და როდესაც მოდელი მიგყავს გადაღებაზე, ფულს რატომ არ იხდიო. საზღვარგარეთ ჟურნალები ყოველთვის იხდიან ფულს ამაში, თუმცა ეს არ არის დიდი თანხა. თუმცა მეც მქონდა სათქმელი, რატომ არავის ეკითხება ის აზრს საკუთარ სილამაზის კონკურსებზე. იამ მიპასუხა, რომ ეს მისი კონკურსებია და შეუძლია ისე დაგეგმოს, როგორც თავად უნდა.
მოკლედ, ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, მივედით დასკვნამდე, რომ თუკი მსხვილი სააგენტოები არ გაერთიანდა, ამ ბაზარს არაფერი ეშველება. იდეა ნატას ეკუთვნის, მე ჩამოვაყალიბე არგუმენტები და საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწიეთ. შეხვედრაზე, რომელიც სამოდელო სააგენტოების მფლობელებს შორის გაიმართა, თაკო ჩხეიძე არ ყოფილა, მას მოგვიანებით შევხვდი და ისიც თანახმაა. თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს ჩვენ მოვიგონეთ და საზღვარგარეთ სამოდელო სააგენტოების გაერთიანება არ არსებობს, ვერ დავეთანხმებით, რადგან ბევრ ქვეყანაშია ასეთი გაერთიანება.
- საბოლოო შეთანხმება როგორ გამოიყურება?
- სიტყვიერად ყველა თანახმაა. 5 სექტემბერს წესდების განსახილველად შევხვდებით. თავიდან საკმაოდ რთული იყო ამ შეხვედრის ორგანიზება. რადგან ყველა სააგენტოს აქვს თავისი პროექტი, ვთქვათ, ფეშენ-ვიკი, სადაც მონოპოლია აქვს და პრიორიტეტული იქ თავისი სააგენტოს მოდელების დასაქმება იქნება. ვიღაცას კონკურსი აქვს, სადაც წასულა ჩემი მოდელი და იმის გამო, რომ მასთან კონტრაქტი არ მქონდა, კონკურენტ სააგენტოში გადასულა. ეს ჩემი ბრალი იყო. მე მივიჩნევდი, რომ ის ჯერ არ იყო კონტრაქტისთვის მზად და ამიტომ არ მქონდა, მაგრამ მომავალში ამ სფეროში ყველაფერი სამართალს უნდა დაექვემდებაროს.
- კონკურენცია ხომ არის სამოდელო სააგენტოებს შორის?
- კონკურენცია, რასაკვირველია, არის, მაგრამ ყველა პროექტისთვის მაინც საერთო კასტინგი ტარდება. ყველა ცალ-ცალკე იქაჩება და საქმე არ გამოდის. მე, მაგალითად, შემიძლია, ჩემს კონკურენტ სააგენტოს დავეხმარო ფოტოებით, რადგან საკუთარი ფოტოსტუდია მაქვს, ისიც დამეხმარება, რითაც შეუძლია და ეს საერთო საქმეს წაადგება.
- თეა, როცა კონკურსი ტარდება, არ არსებობს, პოლემიკა არ გაიმართოს გამარჯვებულთან დაკავშირებით. შენი აზრით, რატომ ხდება ასე?
- არ ვარ სილამაზის კონკურსების მომხრე. ამ კონკურსში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც კარგი მოდელი იქნები. აბა, დავასახელოთ რომელიმე გამარჯვებული, რომელმაც მოდელის კარიერა გაიკეთა. სულ რამდენიმეს ჩამოთვლა შეიძლება.
- შენთან როგორი ტიპის გოგონები მოდიან? რამდენად ჯანსაღი ამბიციები აქვთ?
- ამბიცია ყველას აქვს. მოდელის პროფესიის პოპულარობა განსაკუთრებით გახშირებულმა მოდის კვირეულებმა მოიტანა. ყველას აქვს სურვილი იყოს მოდელი და არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურება. ზოგიერთი საკმაოდ დიდი წონის გოგონა მოსულა ჩემთან სააგენტოში და მოდელობის სურვილი გამოუთქვამს. ზოგჯერ ძალიან მკაცრადაც მითქვამს, ეს თქვენი საქმე არ არის-მეთქი. წელს ველოდები კარგ ნაკადს.
- ამბობენ, რომ ქართული სილამაზე არ არის საინტერესო მსოფლიო მოდისთვის.
- გვინდა, რომ ამ გაერთიანებით ხელი შევუწყოთ ქართული სახის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, გავხსნათ პატარა წარმომადგენლობა საფრანგეთში. ქართული სახე ძალიან დამახასიათებელი და თავისებურია. ახლა საზღვარგარეთ ნატას ერთი გოგონა მოეწონათ, რომელსაც ქართული სახე აქვს. მეც მყავს ასეთი გოგონა, ძალიან ჰგავს მონიკა ბელუჩის და მასზე ვამყარებ იმედს. ძალიან ეშხიანი და სხვანაირია.
- არის ინტრიგები მოდის სფეროში?
- ძალიან დიდი ინტრიგებია. ისეთი, მართლა გაოცდები, მაგრამ არა გოგონებს, არამედ კონკრეტულად სააგენტოებს შორის. თუმცა ახალი აქ არაფერია. საზღვარგარეთაც არის ინტრიგები და ეს კონკრეტულ ადამიანებზე არის დამოკიდებული.
ნატა სამადალაშვილი:
- ვერთიანდებით იმისთვის, რომ წესრიგში მოვიყვანოთ ეს სფერო. სამართლებრივად უნდა გაიმართოს. ვისაც უნდა, ყველა სააგენტოს ხსნის, არ აქვთ შესაბამისი განათლება და გოგონებს ამახინჯებენ, მერე კი ბედის ანაბარა ტოვებენ. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. რასაკვირველია, ყველას ექნება სააგენტოს გახსნის უფლება და ამას ვერავინ დაუშლის, მაგრამ არ მესმის იმ მშობლების, რომლებიც საკუთარ შვილებს ასეთ გაურკვეველ სააგენტოებს ანდობენ. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მოდელობა უნდა გახდეს პრესტიჟული პროფესია და რაც მთავარია, ყველამ ისწავლოს მოდელების დაფასება. დღეს ასე არ არის, არადა, მოდელობა საკმაოდ რთული პროფესიაა და უდიდეს შრომას მოითხოვს.
არავის არაფერს ვართმევთ და არ ვეჩხუბებით, მაგრამ ყველა სახელმწიფოში არის ამ სფეროს კონტროლი და საქართველოშიც ასე უნდა იყოს.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)