როგორ არიგებდა ქუჩაში გაზრდილი მამა ზურა ვადაჭკორიას

როგორ არიგებდა ქუჩაში გაზრდილი მამა ზურა ვადაჭკორიას

ერთ პატარა ოთახში გაიზარდა, მამის ისე ეშინოდა, სახლში რომ შემოდიოდა, ინსტინქტურად ფეხზე დგებოდა. მამასაც ვერ ეძახდა. სამაგიეროდ, სიტყვა-სიტყვით ახსოვს მისი დარიგებები და დღესაც ზედმიწევნით ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ოთხჯერ იყო ნასამართლევი, ის მაინც სამაგალითო გახლდათ შვილებისთვის. ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ამბობს, რომ მამა დამნაშავე არ იყო, ასე რომ არ ყოფილიყო, კარგ შვილებს ვერ აღზრდიდაო. დღეს ზურას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- მე მაინც მგონია, რომ "მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა" გამართლებული არ არის. თუ სწორად აღზრდი შვილს, მისით აუცილებლად იამაყებ. მამაჩემი უკვე ათი წელია აღარ არის. ის "პრესტუპნიკი" იყო, მაგრამ მე მას ასეთად არასდროს მივიჩნევდი, რადგან სწორად აღგვზარდა, მისი შვილები არც ნარკომანები, არც დამნაშავეები და არც ქურდები არ გამოსულვართ. მე მას არ ვამტყუნებ.

- რატომ?

- ათი წლის იყო, როცა კომუნისტებმა მამამისი დაიჭირეს და გააკულაკეს. მამა ქუჩაში დარჩა, რადგან ბაბუას სახლი ჩამოართვეს. მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს. მაშინ პარტიები არ იყო, მხოლოდ ერთი პარტია იყო - კომუნისტური და ან კომუნისტი უნდა ყოფილიყავი, ან ქუჩის ბიჭი. მამამ ზურგი აქცია კომუნისტებს და ქუჩისკენ წავიდა. არ ჰქონდა საჭმელი, შიოდა, სციოდა, მამა ციხეში ჰყავდა, დედა ამ ამბავმა ლოგინად ჩაუგდო და ისე უჭირდათ, ბიძაჩემი თურმე ოთახის ფანჯრებიდან მინებს ხსნიდა და ყიდდა, რომ პური ჰქონოდათ. ზამთარში ფანჯრებზე გაზეთებს აკრავდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. მამა ქუჩაში "კოჭობანას" თამაშობდა ფულზე, ან პურის ტალონებს იპარავდა, რომ მშიერი არ მომკვდარიყო. მოკლედ, მამა ქუჩაში გაიზარდა.

- დედა სად გაიცნო?

- დედა იქვე ცხოვრობდა თურმე, ფიროსმანზე, მაგრამ ატყუებდა, სტახანოველი მუშა ვარ და ხშირად "კამანდიროვკებში" დავდივარო. მამა ოთხჯერ იყო ნასამართლევი. ბოლოს გადასახლებაშიც იყო რუსეთში, თეთრ დათვებში, სადაც ტროსს მიჰყვებოდნენ, ისეთი ბურუსი იყო თურმე. მე პირველ კლასში ვიყავი, ბოლოს რომ გადაასახლეს. სანამ დედას ცოლად მოიყვანდა, ერთი სასჯელის მოხდამ მოუწია, ამიტომაც ატყუებდა "კამანდიროვკებში" დავდივარო.

- რა ისწავლეთ მისგან?

- მამამ დარიგება დამიტოვა, ისეთი, მერე ვთხოვდი, ჩემ შვილსაც დაარიგე ჭკუა-მეთქი. მეუბნებოდა, ზრდილობიანი იყავი, არავინ დაჩაგრო და თავი არავის დააჩაგვრინო, რაც გეკუთვნის, ის შენია და რაც არ გეკუთვნის, იმაზე არც გაიფიქრო. შენს გზას ემსახურე პატიოსნად და ბოლომდე მიჰყევი, როგორც კი აქეთ-იქით გადაუხვევ და შენს პროფესიას უღალატებ, ისიც გიღალატებსო. ქუჩაში ბევრი ცუდი ბიჭია. ერთხელ რომ გეტყვიან წამო მოვიპაროთ ან რაიმე დანაშაული ჩავიდინოთ, უთხარი - მე თქვენს შეგნებას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი გზა მაქვსო. მეორედაც თუ შემოგთავაზებს, იგივე უპასუხე და თუ მესამედაც შემოგთავაზებს, ის შენი მტერია და თავი შორს დაიჭირე მისგანო. მართალი კაცი ქვაზე მაგარია. თუ მართალი ხარ, ბოლომდე მიჰყევი, ნურაფრის შეგეშინდება, მორფინისტი გვერდით არ დაიყენოო.

- არ უნდოდა მისი გზით გევლო...

- მომკლავდა, რაიმე მსგავსი რომ შეემჩნია, არ მაცოცხლებდა! ძალიან მკაცრი იყო. მის სკამზე დაჯდომას ვერ ვბედავდი, სახლში რომ შემოვიდოდა, ინსტინქტურად ფეხზე ვდგებოდი. ისეთი მკაცრი იყო, მამასაც ვერ ვეძახდი, რომ მელაპარაკებოდა, შიშისა და რიდისგან მაჟრიალებდა.

- ბოლომდე ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა მამა?

- არა, არა, მერე სმისგან ცეროზი დაემართა, შაქარი და გარდაიცვალა. კაცურად მოკვდა. 27 წლისამ ციხეში "რეზბალნიცაში" გაიკეთა კუჭის ოპერაცია. იქ ექიმს უთქვამს, გული არ გივარგაო. ბოლო წლებში სულ იმ ექიმს ლანძღავდა, გული როგორ არ მივარგა, ისეთი მაგარი გული მქონია, არ მიშვებს, არ მკლავს, რომ დავისვენოო.

- დედაზე რას მეტყვი?

- დედა ახლაც ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. დიდი ბიბლიოთეკა აქვს, სულ კითხულობს და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებდა ყოველთვის. მისი მიბაძვით დავიწყე წიგნის კითხვა. დავყავდით კინოში, თეატრში, ხელოვნების მოყვარული დედა მყავს.

- ეზო ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორია, როგორი იყო ეზო, რომელშიც იზრდებოდი?

- ძალიან ვაჟკაცური იყო, ახლა გაფუჭდა... სხვათა შორის, ბიჭებს ემჩნევათ, რომ ეზოში არ არიან გაზრდილები.

- რაზე ემჩნევათ?

- ფულს რომ იშოვიან და თანამდებობას, ხარბდებიან, ბავშვობაში რაც აკლდათ, ფულითა და ძალაუფლებით ინაზღაურებენ. ერთეულები არიან, ვინც ფულმა და თანამდებობამ არ გააფუჭა და სწორედ ისინი არიან ქუჩაში გაზრდილები. ქუჩა ცუდი სიტყვა არ არის. ეს აკადემია მამაკაცმა უნდა გაიაროს და მეც გავიარე. დღეს თუ გინდა ადამიანი დაწყევლო, უნდა უთხრა ბევრი ფული ან დიდი თანამდებობა გეშოვოსო. იმდენი "პადხალიმები" გაუჩნდება გარშემო...

- გქონია როდისმე ბევრი ფული?

- არა. იმდენი მქონია, რამდენიც ჩემს ოჯახს, სამსახურსა და რეკივზიტებს დასჭირვებია. იმდენი ფული არასდროს მქონია, რომ გავეფუჭებინე და ტელეფონის ზარზე არ მეპასუხა. თუმცა მაინც მგონია, ასე არასდროს მოვიქცევი, რამდენი ფულიც უნდა ვიშოვო.

- ეზოსა და ქუჩაზე ვსაუბრობდით...

- ქუჩა კინოა. შენ გინდა კომედიას დაინახავ მასში, გინდა ტრაგედიას და გინდა რომანტიზმს. მთავარია, შენ რომელს აირჩევ, რომელს დაინახავ, როგორ გამოიყენებ ქუჩას.

- თქვენ როგორ გამოიყენეთ?

- მე ვთამაშობდი ქუჩაში, მეგობრობას ვსწავლობდი, კაცობას ვსწავლობდი. ქუჩაში რაიმე რომ შეგეშალოს, არ გაპატიებენ. მამაჩემმა სწორი მითხრა, მთავარია, მართალი კაცი იყო და ნურაფრის შეგეშინდებაო. ეს დარიგება გამომადგა. სიმართლით ვიარე და არაფრის მეშინოდა.

- გამოცდილების შეძენაში გვეხმარებიან მასწავლებლებიც, განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე?

- ერთი მასწავლებელი მიყვარდა ძალიან, მათემატიკას მასწავლიდა და ნამდვილი პედაგოგი იყო. სამებზე კი ვსწავლობდი, მაგრამ მის გაკვეთილზე შესვლა მიხაროდა. არავის აპატიებდა უცოდინრობას, კლასში "ლუბიმჩიკები" არ ჰყავდა. მაგალითად, მე კარგად ვხატავდი, ჩემ ნახატებში ხუთოსნებს ხუთიანებს უწერდნენ, მე სამიანებს. ძალიან მწყინდა.

- მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?

- როგორ არა, მაგრამ ერთხელ უსამართლოდ დავისაჯე. ვიღაცამ ფანჯარა ჩაამტვრია, მასწავლებელი რომ შემოვიდა, მე ვიდექი ფანჯარასთან და მე დამბრალდა. მე კი ვიცოდი ვინც გატეხა, მაგრამ ხომ არ "ჩავუშვებდი". სახლში კი გადავრჩი, დედამ დამიჯერა, რომ მე არ ჩამიმტვრევია, მასწავლებლებმა არ დამიჯერეს. ბიძაჩემი მივიყვანე და ჩავასმევინე ის მინა. სხვათა შორის, სკოლაში ძალიან გულგატეხილი ვიყავი, მასწავლებლები იმის გამო მიყურებდნენ ალმაცერად, რომ მამა ნაციხარი მყავდა.

- მუშაობა მალევე დაიწყეთ?

- სკოლის შემდეგ თვითმფრინავმშენებლობაზე ჩავაბარე, მერე ისე გამიტაცა ფოკუსებმა, 18 წლისამ ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა, უკვე პროფესიონალურ სცენაზე დავდექი და ჩემი ჰონორარი მქონდა - 7 მანეთი. თვეში 17 კონცერტი გვქონდა. თვის ბოლოს 70 მანეთს ვიღებდი და ისევ ფოკუსებს ვახარჯავდი ამ თანხას, რეკვიზიტებს ვყიდულობდი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი რომ გამეხადა ჩემი შოუ. ახლაც შენახული მაქვს ჩემი პირველი სმოკინგი, პირველი ორი ჰონორარით რომ შევიძინე.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

- ყველა ის საქმე, რომელსაც პატიოსნად ვემსახურები, ჩემი წარმატებაა. ჩემი წარმატებაა მეტეხის წყლის ფოკუსი, "აკვარიუმი", "ელექტროკაფსულა". ჩემი წარმატება მამაჩემის სიტყვებში დევს, - ემსახურე შენს საქმეს პატიოსნად და არ გადაუხვიო გზასო, რომ მითხრა. სწორედ ესაა ცხოვრებაში მთავარი და ამასვე ვასწავლი ჩემს შვილსაც.

- რომელიც შეყვარებულია, როგორც გავიგეთ...

- ჰო, მალე ალბათ ნიშნობაც ექნებათ. კარგი სარძლო მყავს, ნანკა კალატოზიშვილს ჰგავს გარეგნულად. ბევრს არ ვილაპარაკებ, ახლა დასასვენებლად არიან ერთად წასულები და რომ დაბრუნდებიან, თავიანთი სიყვარულის ამბავს თავად გიამბობენ.

- თქვენი სასიყვარულო გამოცდილება როგორია?

- ყველა ასაკში შეყვარებული ვიყავი. ახლაც რომ მხვდებიან ჩემი ყოფილი შეყვარებულები, ძველ დროს ვახსენებ, გახსოვს, რომ მიყვარდი-მეთქი, (იცინის), მაგრამ დიდი სიყვარული მაინც პირველი სიყვარულია, ასე მგონია. ადამიანები ამ ქვეყნად სიყვარულისთვის მოვედით.

- სიყვარული გტანჯავთ თუ გაბედნიერებთ?

- მე მგონია სიყვარული ანევროზებს ადამიანებს. ვინც კი მინახავს მაგარი შეყვარებული, ყველას ნევროზი აქვს. ნერვიულობენ, განიცდიან, თუ შეყვარებულები არ ურეკავენ, ეჭვიანობენ, როცა არ იციან სად არიან.

- თქვენ აღარ ნერვიულობ ასეთ რამეებზე?

- მე ცოლქმრობამდე სიყვარულზე ვლაპარაკობ. სულ ერთად ყოფნა რომ უნდათ და თან სულ რომ ჩხუბობენ. ეს დაავადებაა იმ მომენტში. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ალბათ.

- შეცდომებზეც მინდა გკითხოთ, ისეთი შეცდომა თუ დაგიშვიათ ცხოვრებაში, რომელსაც დღეს განსაკუთრებით დარდობთ?

- ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, წარსულში რაიმე კარგი რომ გქონია, დაგიკარგავს და დარდობ, დიდი სისულელეაო. თუ შეცდომა დამიშვია, მხოლოდ არცოდნის გამო, შეგნებულად შეცდომებს არ ვუშვებ. სისულელეა დაშვებულ შეცდომებს მისტიროდე და წინ გასავლელ გზაზე არ იფიქრო. ერთმა კარგმა ფილოსოფოსმა თქვა, თუ არ ვცდები, დალაი ლამამ, - პრობლემაზე, რომელიც გამოსწორდება, არ ინერვიულო და პრობლემაზე, რომელიც არ გამოსწორდება, საერთოდ არ იფიქროო.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება