მედვედევმა გიორგი დანელია სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა

მედვედევმა გიორგი დანელია სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კინორეჟისორი გიორგი დანელია, რომელსაც დღეს 80 წელი უსრულდება, მეორე ხარისხის ორდენით "სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის" დააჯილდოვა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

განცხადების თანახმად, რეჟისორმა ორდენი "სამამულო კინემატროგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის" მიიღო.

დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. რეჟისორის მამა მოსკოვისა და სსრკ-ის მეტრომშენის მთავარი ინჟინერი იყო. დედა "მოსფილმში" დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. დანელიამ ბავშვობა მოსკოვში გაატარა, სადაც მისი ოჯახი საცხოვრებლად 1931 წელს გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ დანელიამ მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1954 წელს დაამთავრა. 1956-59 წლებში მან კინოსტუდია "მოსფილმის" უმაღლესი სარეჟისორო კურსები გაიარა, რის შემდეგაც კინოსტუდიაში დაიწყო მოღვაწეობა.

დანელიას სადებიუტო ფილმმა "სერიოჟა" (1960) საერთაშორისო გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კომედიურმა მელოდრამამ "მე მოსკოვში დავაბიჯებ" (1963) დიდება და წარმატება მოუტანა, ფილმი კი მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკას მიაკუთვნეს. მას შემდეგ რეჟისორმა მრავალი სურათი შექმნა, რომელთა შორისაა: "აფონია", "ქინ-ძა-ძა", "მიმინო", "საშემოდგომო მარათონი", "პასპორტი" და ა.შ. როგორც მსახიობი, ის მონაწილეობდა ფილმებში: "გიორგი სააკაძე", "დაუვიწყარი 1919", "მე მოსკოვში დავაბიჯებ", "მიმინო", "პასპორტი" და სხვა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება