"ვის" აჩუქა მთელი ცხოვრება რომა რცხილაძემ

"ვის" აჩუქა მთელი ცხოვრება რომა რცხილაძემ

რომა რცხილაძეს ერთ-ერთ კლუბში შევხვდით. ის T. Blues Mob-ის მუსიკოსებთან ერთად რეპეტიციებს გადიოდა და სანამ დაკვრას დაასრულებდნენ, 20-25 წუთის განმავლობაში მათ მუსიკას ვეცნობოდი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ბენდი ევროპაში მოღვაწეობს, სკანდინავიის ბლუზფესტივალების ხშირი სტუმრები არიან და სამი ალბომი აქვთ გამოშვებული. რაც შეეხება ბენდ "სპილოს", უახლოეს მომავალში იგეგმება დიდი ტურნე: საბერძნეთში, ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში. "წელს სიმღერას "ნატვრის ხე" 35 წელი შეუსრულდა და ამ ეგიდით მცირე ხნის წინ ბენდის გარეშე ვიმყოფებოდი ამსტერდამში, ფრანკფურტსა და ათენში, იქ კონცერტები მქონდა. ამჟამად კი ბენდი "სპილო" ტურნესთვის ვემზადებით..."

- პრაქტიკულად ბავშვობა არ მქონია და ამას ინტერვიუებში ხშირად ვამბობ. ექვსი წლის ასაკიდან დღეში 7-8 საათი ვმეცადინეობდი და ეს არა მხოლოდ მშობლების მოთხოვნით ხდებოდა, ამის სურვილი და მოთხოვნილება თავადაც მქონდა. ერთი წელი ვიოლინოზე დაკვრას ვსწავლობდი, მაგრამ მერე არჩევანი შევცვალე და ისე მოხდა, რომ მთელი ცხოვრება ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, როიალს ვაჩუქე. მგონი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ზაფხულობით, როცა ბანაკებში მივდიოდით, ბავშვები თამაშობდნენ, მე მაშინაც ვმეცადინეობდი და ასე ვატარებდი არდადეგებს. დღემდე არ ვღალატობ ჩემს არჩეულ საქმეს.

- დამჯერი ბავშვი იყავით, თუ ცელქი და მოუსვენარი?

- ალბათ ცოტ-ცოტა ორივე (იღიმის), მაგრამ ვფიქრობ, მუსიკამ და მისმა სამყარომ უფრო დაფიქრებული გამხადა. თავიდანვე ტანად დიდი ვიყავი და ეს სიდინჯეს მმატებდა.

- ფიზიკურად დიდი ადამიანები უკონფლიქტო და მშვიდები არიანო, ამბობენ, და თქვენს შემთხვევაში ასეა?

- კი, მეტწილად ასეა. ვცდილობ, ჩემი წყენა არ გამოვხატო. მეორე მხრივ, ეს კარგი არ არის, შენი უარყოფითი ენერგია უნდა გამოუშვა, დახარჯო. მე კი დღემდე ძალიან ბევრს ვითმენ რაღაც მომენტამდე და მერე (იღიმის)...

- მერე აფეთქება გახასიათებთ?

- კი, კი... თან დახმარებას ყველა მე მთხოვს და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ მათ გვერდით დავუდგე. საერთოდ, ჩემი ხასიათი, როგორც ცხოვრებაში, ისე ჩემს მუსიკაშიც დევს. ძალიან ბევრი ადამიანი შვილს მანათვლინებს და ეს ძალიან მიხარია.

- რამდენი ნათლული გყავთ?

- ოცდაათს გადავაცილე (იღიმის).

- ყოფილა შემთხვევები, როცა ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილხართ?

- კი, მარტოობა მიყვარს, ის ჩემი მკურნალია. მიყვარს განმარტოება და სიჩუმე, არ მიყვარს ხმაური.

- ამაში ინსტრუმენტისგან დასვენების სურვილიც შედის?

- არა, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ცხოვრება გვაქვს, უამრავი ისეთი რამის კეთება მიწევს, რაშიც, წესით, დროს არ უნდა ვკარგავდე. ვგულისხმობ ცხოვრებისეულ, ყოფით საკითხებს. საკუთარ თავზე აღმატებულად არ ვლაპარაკობ, მაგრამ დაახლოებით ჩემი დონის მუსიკოსები მხოლოდ საქმეზე ფიქრობენ და ყოფითი საკითხების მოგვარებაში სხვები ეხმარებიან, ისინი უგვარებენ. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ "ზეყანაში", ჩვენ ქვეყანა არ ვართ და სახელმწიფომდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.

- ისე, რამდენად გეხერხებათ ყოფითი საკითხების მოგვარება, თუნდაც ლურსმნის მიჭედება? ხელოვანები შორს ხართ პრაქტიკულობისგან...

- მეხერხება და ამას თავისი ახსნა აქვს. ბავშვობიდან გასტროლებზე ყოფნა მიწევდა და ჟარგონზე რომ გითხრათ, გინდა თუ არა, "პაესტკებში" დამოუკიდებლობას სწავლობ. იძულებული ხარ საკუთარ თავს თავად მიხედო. რაც მარტო ცხოვრებისას გჭირდება, ყველაფერს ბუნებრივად აკეთებ. ვფიქრობ, თუ ერთ საქმეში ნიჭიერი ხარ და თანაც პროფესიონალი, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ სხვა დანარჩენშიც ასეთი იყო. ეს ეხება საქმეს, ურთიერთობებს და საერთოდ, ყველაფერს. თითოეული გასტროლისას ჩემთვის ყველაზე ფასეული ისა, რომ ბევრ ადამიანს ვეცნობი და სიახლეებს ვპოულობ, ეს დღემდე გრძელდება.

- სკოლისა და სტუდენტობის წლები უმეტესობას კარგად ახსენდება, თქვენ?

- მეც კარგად მახსენდება. თუმცა ვთამაშობდი კალათბურთსაც, დიდი მიღწევები მქონდა და მაღალი შანსი იმისა, რომ ცენტრალურ გუნდში მეთამაშა, მაგრამ არჩევანი მუსიკაზე შევაჩერე. მოგეხსენებათ, კონსერვატორიასთან ახლოსაა სამხატვრო აკადემია და თეატრალური ინსტიტუტი, ჩვენ ყველანი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კი ვსწავლობდით, მაგრამ უმეტესად დროს ერთად ვატარებდით და ამავე უმაღლესის სტუდენტობა ერთად ვცხოვრობდით.

- საუბარის დასაწყისში სიმღერა "ნატვრის ხე" ვახსენეთ და მინდა მასზე გვესაუბროთ...

- ეს სიმღერა 1975 წლის ბოლოს, 1976 წლის დასაწყისში დაიბადა. ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გეტყვით, ფილმი "ნატვრის ხე" ეკრანებზე 1977 წელს გამოვიდა. უფლის წყალობით, ჯერ სიმღერა იყო და მერე ფილმი გადაიღეს. პირიქით რომ ყოფილიყო, მთელი საზოგადოება იფიქრებდა და იტყოდა, რომ ფილმმა იმოქმედა მუსიკოსსა და კომპოზიტორზე. მაშინ ანსამბლ "75"-ში ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან ვიყავი და ეს ისტორიული ნაწარმოებიც სწორედ მაშინ გაჩნდა. სიზმარში ვნახე ხე, რომლის წინა მხარე გამხმარი იყო, ხოლო უკანა ხასხასა მწვანე. დილას რომ გამეღვიძა, მექანიკურად როიალთან დავჯექი და დაკვრა დავიწყე, მელოდია "მეცნო". სხვათა შორის, "ნატვრის ხის" ტექსტი ნუგზარ ერგემლიძის პირველი ლექსია. მას თემა და იდეა ვუკარნახე და ტექსტი ერთად დავწერეთ. დილის 10 საათზე დავიწყეთ და სიმღერა საღამოს 6 საათზე უკვე მზად იყო. ეს ნაწარმოები პირველად მსმენელის წინაშე ეგნატე ფიფიას ოჯახში შევასრულე და მეორე-მესამე დღიდან ოჯახებში უკვე სხვადასხვა ინტერპრეტაციით მღეროდნენ. "ნატვრის ხე" იმდენად უნიღბო და მართალია, რომ ყველა თაობამ მიიღო.

- ეს სიმღერა თქვენს დანარჩენ შემოქმედებასთან შედარებით, ყველასთვის ცნობილია. ამაზე გული არ გწყდებათ?

- არა, პირიქით. კომპოზიტორები ხშირად ამბობენ, მე დავწერე 100-300 სიმღერაო, აქედან ერთი მაინც დაასახელონ, რომელიც ხალხმა იცის. სწორედ იმ ერთ სიმღერას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჯგუფები თუ ცალკეული მუსიკოსები ერთი ნაწარმოებით ხდებიან პოპულარულები. მირჩევნია იყოს ერთი და ასპროცენტიანი, ვიდრე სამასი და ხალხს არც ერთი არ ახსოვდეს. თუმცა, ღვთის წყალობით, "ნატვრის ხის" გარდა კიდევ უამრავი სიმღერები მაქვს, რაც ჰიტებად იქცა, ესენია: "ვარსკვლავები", "ჭადრაკის დაფა", "ნოსტალგია", "ვედრება" და ბევრი სხვა. როცა გასაღებს იპოვი და ვფიქრობ, მე ეს გასაღები "ნატვრის ხის" წყალობით 1975 წელს ვიპოვე, მერე იცი, როგორ შექმნა ის მელოდია, რომელიც არ დაბერდება და ყოველთვის იცოცხლებს.

- სიზმარი ვახსენეთ და ამბობენ, ყველაზე ხშირად სიზმრები ემოციურ ადამიანებს ესიზმრებათო...

- კი, მე მჯერა სიზმრების. მოდი, ნუ მივაწერთ ამას ცრურწმენას.

- ამას არც ვამბობ, შეიძლება რაღაც დაგესიზმროს, მაგრამ როგორ ახდება, ამაზე არ იფიქრო..

- მე ასე გეტყვით, მჯერა ჰოროსკოპის, რაღაც ნივთების, ჩვევების. მერწმუნეთ, ჩემს ასაკში ბევრ ფაქტს ვაკავშირებ ერთმანეთთან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მორწმუნე ვარ და მჯერა, რომ ყველაფერს უფალი წყვეტს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დიდ ეპოქას დაემთხვა. მე მისი სულიერი შვილი ვარ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. არა აქვს მნიშვნელობა რა ხელობა გაქვს, ცხოვრებაში მთავარი უფლის რწმენაა.

- და მაინც მინდა გკითხოთ, მშვილდოსნის რა თვისებებია თქვენში თავმოყრილი?

- ჩემში მშვილდოსანი და მორიელი 50/50-ზეა, მაგრამ მაინც პირველისკენ ვიხრები. მშვილდოსნის თვისებებიდან მახასიათებს: წინათგრძნობა, პუნქტუალობა, შეუნიღბაობა. ყველაზე კომფორტულად თავს ბავშვებთან ვგრძნობ. ქალის მიმართ უდიდეს პატივისცემას და ღრმა სიყვარულს გამოვხატავ. მეგობრების ერთგულება მახასიათებს. პატიების უნარი მაქვს და ყველაზე მთავარი ალბათ ის, რომ საკუთარი თავის კრიტიკა შემიძლია. სანამ ქართველი ერი თვითკრიტიკას ვერ ვისწავლით, არაფერი გვეშველება.

- ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა...

- კი, მაგრამ როდემდე უნდა ვაკრიტიკოთ სხვები?! პასუხი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ საქციელზე უნდა ვაგოთ და თვითკრიტიკა ვისწავლოთ.

- მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ნივთებთან, როიალის გარდა, რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?

- ჩემი მეგობრები სულ მეუბნებიან, გამოფენა მოვაწყოთო. რამეს ვყიდულობ, თუ მჩუქნიან, სულ განსხვავებული, უცნაური ნივთებია. ალბათ მე თვითონ ვარ უცნაური და ასე იმიტომ ხდება. მიყვარს ანტიკვარები, გასული საუკუნის 30-იანი წლების ჩაცმულობა, საუკუნის დასაწყისის მანქანები.

- და ასეთი გყავთ კიდეც, ხომ?

- კი, ეს არის "ხოჭო", "აუდი", "ფოლცვაგენი". კიდევ მყავს 1937 წელს გამოშვებული "ბმვ". ასევე 1936 წლით დათარიღებული მოტოციკლი. გარდა ამისა, მაქვს უამრავი ძველებური ნივთი - "ტროსტები", კეისები, ცილინდრები. ყველაფერი ძველებური მიყვარს, დაწყებული ასანთის კოლოფისხელა ნივთებიდან, მაგიდის ზომებით დამთავრებული. ყველა ნივთს თავისი ენერგეტიკა აქვს და ვიცი, როდის რა მჭირდება. ამას თავად ნივთები მკარნახობენ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ (იღიმის).

- არის თუ არა ისეთი ნივთი, რომელიც სცენაზე მუდამ თქვენთანაა?

- კი, მაგალითად ეს რცხილა, ხელის მძივი (სამაჯურზე მიმითითებს, - ავტ). მოსკოვში, არბატზე ბერებმა მაჩუქეს.

- ინტერვიუს მსვლელობისას ტელფონით ქალიშვილს ესაუბრეთ. რას საქმიანობს?

- ჩემი შვილები თითქმის ოცი წელია საბერძნეთში ცხოვრობენ. ნანა 27 წლისაა, ხოლო ნიკო 22-ის. გოგონა ყოფილი ჩოგბურთელია, მაგრამ ახლა საბერძნეთში, ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში მეუღლესთან ერთად პარფიუმერიის მაღაზია და ბარი აქვს. მე არ მესმის იმ მშობლების, რომლებიც ფიქრობენ, მე თუ მუსიკოსი ვარ, ჩემი შვილებიც ამ სფეროში უნდა იყვნენო, არანაირად, თუმცა ჩემს ბიჭს თავისი ჯგუფი ჰყავს, ბერძნულ რეპს მღერიან და უკრავენ. ბიჭს კარგად ეხერხება კერძების მომზადება და სამზარეულოში ფუსფუსი, ალბათ ეს შთამომავლობით გადაეცა ბაბუისგან, დედის მამისგან.

- თქვენ რამდენად გეხერხებათ სამზარეულოში ფუსფუსი?

- მე უფრო კარგად სხვისი მომზადებულის გასინჯვა მეხერხება (იცინის). თუმცა მეც ვამზადებ რაღაც-რაღაცებს. ეს გამოცდილებაც გასტროლებიდან მივიღე, როცა ამ საკითხზე ზრუნვა ასე თუ ისე თავად გიწევს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები კარგი და საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანები არიან.

- შვილებთან ხშირად ჩადიხართ?

- ხშირად ვერა, მაგრამ მაინც ვახერხებ.

- ბაბუაც ხართ?

- ჯერ ერთი თვეა, რაც ჩემი გოგონა გათხოვდა, ქორწილი იქ გადავიხადეთ და მეც საბერძნეთში ვიყავი. სხვათა შორის, ჩემს სიძეს დიდი მიღწევები აქვს, კლასიკური ბარიტონია.

- ისე, საინტერესოა, თუ გიფიქრიათ, თქვენი ცხოვრება რომელი ნოტია?

- ამაზე ხშირად ვფიქრობ, თუმცა გააჩნია დროსა და ხასიათს. შვიდი რელიგიური ციფრია და გამაში შვიდი ბგერაა, თითოეულ ნოტს თავისი ხასიათი აქვს. მაგალითად ვიცი, რომ "ლა" ქალია. საერთოდ, ეს ძალიან ფილოსოფიური და ვრცელი საუბრის თემაა. მე უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მუსიკა ისეთი "სამყაროა", სადაც კარგად შეგიძლია გამოხატო შენი ხასიათი, ემოცია, სიხარული თუ ცრემლი. მუსიკა გესმის და მისი ყურებაც შეგიძლია. ვფიქრობ, ბედნიერი კაცი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს მუსიკოსობით გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოებისა თუ მსოფლიოს მიმართ. ბედნიერი ვარ, რომ მუსიკით ვსაუბრობ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება