ჟან-ლუკ გოდარი საპატიო ”ოსკარზე” წარადგინეს

ჟან-ლუკ გოდარი საპატიო ”ოსკარზე” წარადგინეს

2010 წელს ”ოსკარის” საპატიო პრემიას ფრანგი კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი, კინოს ისტორიკოსი კევინ ბრაუნლოუ და მსახიობი ელაი უოლაკი მიიღებენ. ამის შესახებ ცნობა ამერიკის კინოაკადემიამ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გოდარი ფრანგული ”ახალი ტალღის” გამორჩეული ფიგურაა. მისმა პირველივე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა ”ბოლო ამოსუნთქვამდე” მოხიბლა როგორც მაყურებელი, ისე კინემატოგრაფისტები. რეჟისორმა 50-წლიან კარიერაში 70-ზე მეტი სურათი შექმნა, რომლებმაც მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოდერნისტის რეპუტაცია შესძინა. გოდარმა არაერთ თანამედროვე რეჟისორზე გავლენა იქონია, მათ შორის ბერნარდო ბერტოლუჩიზე, მარტინ სკორსეზეზე, სტივენ სოდებერგსა და კვენტინ ტარანტინოზე.

კევინ ბრაუნლოუ ცნობილია არა მარტო მუნჯური კინოს ისტორიიდან, არამედ როგორც ძველი ფირების რესტავრატორი. ”ნაპოლეონის” (აბელ ჰანსი, 1927 წელი), ”აპოკალიპსის ოთხი მხედარისა” (რექს ინგრემი, 1921 წელი) და ”ბაღდადელი ქურდის” (1924 წელი) აღდგენა სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა. ბრაუნლოუს ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.

ელაი უოლაკი ბრუკლინში 1915 წელს დაიბადა. მსახიობის რანგში ის პირველად 1956 წელს, ფილმ ”თოჯინაში” გამოჩნდა. მას შემდეგ მან რამდენიმე ათეულ მხატვრულ ფილმში ითამაშა, რომელთა შორისაა ”შესანიშნავი შვიდეული”, ”როგორ მოვიპაროთ მილიონი”, ”კარგი, ცუდი, ბოროტი” და ”ნათლიმამა 3”. მსახიობი გადაღებებში დღემდე მონაწილეობს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ირვინგ ტალბერგის სახელობის პრემია რეჟისორსა და პროდიუსერს ფრენსის ფორდ კოპოლას გადაეცემა, რომელმაც სცენარის, რეჟისურისა და საუკეთესო ფილმისთვის ”ოსკარები” უკვე დაიმსახურა.

დაჯილდოვება 2010 წლის 13 ნოემბერს შედგება. მთავარი ცერემონიალიდან საპატიო ”ოსკარების” დაჯილდოვების განცალკევების გადაწყვეტილება 2009 წელს მიიღეს, რისი მიზეზიც ტელეტრანსლიაციის დროის ეკონომია იყო.

მომზადებულია oscars.org-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება