ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ჩანს, საოცრად ყურადღებიანია და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტაბილურად ცხოვრობს: 58 წლისაა და, ჭაღარის მიუხედავად, შესაშურად ახალგაზრდულად გამოიყურება, არც პროფესია გამოუცვლია და არც ოჯახი.
ბოლო ხანს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალ ტელესერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ერთ-ერთ მთავარ გმირს, არჩილ წილოსანს ასახიერებს. ამბობს, "ბატონმა არჩილმა" კარგი საქმე გამიკეთა, ყველას გაახსენა ჩემი ძველი როლებიო. პირისპირ სასაუბროდ ამჯერად მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მოვიწვიეთ.
- სამშობლო, ოჯახი, საქმე, სიყვარული, მეგობრობა - თანამიმდევრობას შეცვლიდი?
- გურიის სოფელში ვიზრდებოდი და მინახავს, ბაბუა როგორ ამყნობდა მცენარეებს, როგორ დაჰფოფინებდა უგემრიელეს მანდარინსა და ფორთოხალს. მოგვიანებით მივხვდი, ასეთი ზრუნვის მიუხედავად, რატომ ვერ ძლებდა ეს უფესვო მცენარეები დიდხანს. ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რით იყო ძლიერი მუხა და წლების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მივედი: სადაც უნდა წახვიდე, უსამშობლოდ ვერსად გაიდგამ ფესვს.
ამიტომაც კარგად ვიცი, სხვა ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. "სიყვარულის" ფუძე "ყვა" კი ლაზურად იცი, რას ნიშნავს? -"გონს", ესე იგი სიყვარული გონიერება, სიბრძნესთან მიახლოებაა. ჩემი ცხოვრების ყველა იდეალი ჩემივე სიყვარულშია თავმოყრილი, ამიტომაც შენს ჩამონათვალს ვერც ერთი პრინციპით ვერ დაგიწყობ თანამიმდევრულად...
- შეგიძლია თუნდაც ფიქრებით საკუთარი შეცდომების მიგნება და აღიარება?
- მართლა ჩამაფიქრე... თუ რამ შეცდომა დამიშვია, იმ შეცდომამ და უცოდინარობამ ან ცოდვამ მეორედ იგივე აღარ გამამეორებინა. უკვე ისიც ვიცი, რომ ის შეცდომა არც შვილსა და შვილიშვილს უნდა გავამეორებინო. ღვთის წყალობით, იმედია, შვილთაშვილსაც მოვესწრები, რადგან ჩემი უფროსი შვილიშვილი რეზი მეთექვსმეტე წელიწადშია და, ალბათ, მალე დაოჯახდება კიდეც... მისმენენ-არ მისმენენ - არ ვიცი, მაგრამ სადღაც მაინც დარჩებათ ჩემი ნათქვამი სიტყვა, - აქაც ხომ იგივე ფუძეა -"ყვა", შესაბამისად, სიყვარულის მსგავსად, სიტყვაშიც დიდი სიბრძნეა და უკვალოდ არ დაიკარგება.
ისეთი პროფესია მაქვს და ამ ბოლო ხანსაც ახალი ტელესერიალით ისეთი საშუალება მომეცა, უნებურადაც ბევრი მომისმენს და ამას რა ჯობია (იღიმის)... ბევრი ხომ არ ვილაპარაკე გონიერებაზე?
ვმეტიჩრობ, არა (იცინის)? არადა, რომ იცოდე, ხშირად ემოციით, გრძნობით ვწყვეტ ბევრ რამეს. თითქოს ძალიან ემოციური არც ვჩანვარ, მაგრამ... ღირებულის აღქმა ყოველთვის ემოციით ხდება. რუსთაველს ჯერ ემოციით აღიქვამ და მერე უფიქრდები მის სიბრძნეს.
- კი მაგრამ, ყოველდღიური ცხოვრება რუსთაველის პოემა ხომ არ არის?
- არ არის, მაგრამ იმ სიბრძნის ნაწილს ხომ მაინც ვიყენებ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მაინც. რასაკვირველია, ყოველთვის არ გამომდის (ჩაფიქრდა)... ახლა ვერც იმას გეტყვი, რატომ არ გამომდის. ალბათ, სარეცელზე, უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ შეიძლება გამინათდეს გონება და პასუხიც მივიღო.
და არა მარტო ამაზე... დღეს კი მხოლოდ ვცდილობ, თუნდაც სხვისი გაკეთებული სიკეთე დავინახო და დავიმახსოვრო, მეც გავუკეთო ვიღაცას პატარ-პატარა სიკეთეები და... ეს კმაყოფილებას მანიჭებს: ვფიქრობ, ვიღაც გავახარე. კმაყოფილებას მანიჭებს, როდესაც ხელფასს ავიღებ და ვთქვათ, მათხოვარს ფულს მივცემ; ან დედას ჩავურიცხავ 5 ლარს მობილურ ტელეფონზე, არადა, ეს მცირედია და არ უნდა მაკმაყოფილებდეს, ხომ?
- ყველას სიკეთე გახსოვს, რაც გაგიკეთეს?
- მახსოვს (ფიქრობს)... და რამდენჯერმე უმადურადაც მომიხსენიებია. იცი, რატომ? ვერ გამოვიყენე ის სიკეთე სათანადოდ და მავნო. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიკეთის მიღება და კეთილად მოხმარება გაცილებით რთულია. თუმცა ამას მხოლოდ მას შემდეგ ჩავწვდი, როცა 40 წელს გადავაბიჯე (იღიმის).
ისიც რთულია, ხომ, ვინმეს სიკეთე გაუკეთო და მის მადლობას არ დაელოდო! არადა, როგორ მსიამოვნებს ამ მადლობის მოსმენა. რა ვქნა, დაფარული მადლის გაკეთება ჯერჯერობით არ შემიძლია. ნეტავ, ღმერთმა მომცეს ძალა, იქამდე ავმაღლდე, რომ ვინმეს მადლობის თქმა აღარ დამჭირდეს, აღარ მომინდეს.
- ზურა, ვინმესთვის ძალიან ცუდი რამ გაგიკეთებია?
- ჯერჯერობით - არა. თუმცა გამახსენდა (იღიმის)... ოღონდ ნახევრად ხუმრობით გეტყვი: ვიდრე ბათუმიდან ჩამოვიდოდი და თამრიკოს გავიცნობდი, - მოკლედ, არ შემიძლია, ჩემი მეუღლე, მსახიობი თამარ დათუაშვილი რომელიმე ინტერვიუში გამოვტოვო, - დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ჰოდა, ყველას ბოროტება გავუკეთე და თამრიკო თვალსა და ხელს შუა ავაცალე (იცინის).
არავინ მიცემია, თითიც არ გამიტოკებია ფიზიკურად, მაგრამ ისეთი ემოცია და ძალისხმევა გამოვიყენე, რომ თამრიკომ სწორედ მე ამირჩია. ახლა იმავეს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, არადა, ქორწილიდანაც კი ცდილობდნენ მის მოტაცებას - ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა (იცინის).
- იმხანად უკვე პოპულარული იქნებოდი: ცნობილი კინოროლი - მევლუდი გექნებოდა ნათამაშები.
- არც მევლუდი და არც სხვა როლები... რა კარგია, ეს რომ მკითხე. სიმართლე თუ გაინტერესებს, არც სცენაზე და არც კინოში არასდროს მითამაშია - ვცხოვრობდი იმ გმირის ცხოვრებით, ვისაც ვასახიერებდი. ვერ ვთამაშობ. შენთანაც ვერ ვითამაშებ და სიტყვას ვერ გეტყვი, თუ გულიდან არ წამომივიდა. ხანდახან, განსაკუთრებულად გულწრფელი რომ ვარ, რამდენჯერ უთქვამთ, - როგორ გეტყობა, რომ არტისტი ხარო. მითხარი ერთი, რის მერეა გულწრფელობა არტისტობა?
- მაშინ გულწრფელად მითხარი, მავნე ჩვევა არაფერი გაქვს?
- მქონდა... ადრე ფრჩხილებს ვიჭამდი და, როგორც იქნა, გადავეჩვიე (იცინის).
- 1995-99 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრობისას ბევრი პრივილეგია გექნებოდა.
- ჩვენს ქვეყანაში დეპუტატობა გაუბრალოებულია. არადა, რა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა?! მაგალითად, უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ღმერთმა საშუალება მომცა და დეპუტატის ღილაკზე ხელის დაჭერით ხმა მივეცი სიკვდილით დასჯის აკრძალვას. უკეთესს რას გავაკეთებდი! სხვა მხრივ კი... მახსოვს, საჭესთან მჯდომი წესრიგს თუ დავარღვევდი, ინსპექტორი მაჩერებდა და იმის ნაცვლად, რომ დავეჯარიმებინე, დეპუტატის საბუთის ჩვენებისთანავე მიშვებდა.
ისე, დეპუტატებს სულ გვლანძღავდნენ. არადა, თურქეთში სტუმრად რომ მოვხვდი, ერთმა წარმადგინა, - ეს ადამიანი მილეთექი, ანუ დეპუტატი არისო და 200 კაცი წამომიდგა ფეხზე, თან ხელზე მკოცნიდნენ. თურმე ასე ხვდებოდნენ დეპუტატებს (იცინის). როდესაც იქამდე მივა ჩემი საზოგადოება, პარლამენტში ისეთ ღირებულ ხალხს აირჩევს, ხელზე კოცნით შეხვედრას რომ იმსახურებდეს, მაშინ ეშველება პოლიტიკურად ჩემს ქვეყანას!..
- ზურა, გრძნობების ერთგული ჩანხარ...
- 37 წლის წინ ბათუმში, ჩემს ოჯახში 700-კაციანი ქორწილი გადავიხადეთ - თამრიკოსთან ჩემს ქორწინებას 700 მოწმე ჰყავდა, ამიტომ შვიდასივეს წინაშე ვარ ვალდებული, მყარი და მოსიყვარულე ოჯახი შევინარჩუნო. ქორწინების პირველივე დღეს თამრიკოს ბებიამ გვირჩია, ერთდროულად არ გაბრაზდეთო და... ერთდროულად მართლაც არასდროს გავბრაზებულვართ (იღიმის). ათეული წლის განმავლობაში თამრიკო ჩემი ცოლი იყო, შემდეგ - საყვარელი გახდა.
მისთვისაც სამაგალითო ვარ - რაც უნდა მკითხოს, ყველაფერზე მაქვს დამაჯერებელი პასუხი. ერთმანეთზე არასდროს ვეჭვიანობთ და თვითონ თამრიკომ მაპოვნინა ამის მიზეზი: რატომ ვიეჭვიანო, მე ჩემს თავში ეჭვი არასდროს მეპარებაო. ეპიზოდიც არ მახსენდება თამრიკოს გარეშე: თეატრშიც, ქორწილშიც, ბანკეტზეც, რესტორანშიც, შინაც მუდამ ერთად ვიყავით... ბევრ შვილზე ვოცნებობდით, მაგრამ პროფესიის გამო თამრიკოს ბევრი აბორტის გაკეთებამ მოუწია.
ღმერთს მადლობა, რომ ეს გვაპატია და ორი ულამაზესი ქალიშვილი - თეა და ანი გვყავს. ღმერთს მადლობა, რომ მეტეხის თეატრში, უფლის სახლში, ვიდრე ტაძარი ამოქმედდებოდა, უმეცრების გამო სპექტაკლების თამაში გვაპატია... თეა ახალგაზრდობაში შეგვეძინა და მას მამის სითბო და ყურადღება დააკლდა, თუმცა ახლა განსაკუთრებულად ბევრს ვეფერები.
ანი კი მოგვიანებით გაჩნდა და ალერსითაც ძალიან ვანებივრებდი. ოთხი შვილიშვილი გვყავს: რეზი და ლიზი წულეისკირები და ტყუპი - მერაბ და მარიამ კალანდაძეები. რეზი რომ პატარა იყო, საქციელს ხშირად ვუწუნებდი და მე მომბაძე-მეთქი, - ვურჩევდი. დღეს ჩემზე ხალისობენ - ლიზი ეტყვის ხოლმე, - ზურას მივბაძოთო.
ერთ რამეს ძალიან ვნანობ ცხოვრებაში - ვაჟი რომ არ გავაჩინეთ. კარგა ხანია, ბედს დავმორჩილდი, მაგრამ... ნახე, ბედმა რა მიქნა? სერიალში მაპოვნინა ვაჟიშვილი - არაჩვეულებრივი, უკეთილშობილესი და უნიჭიერესი ბიჭის, თორნიკე გოგრიჭიანის გმირი... უფრო სწორად, თვითონ თორნიკე (იღიმის).
ხედავ? - არც ამჯერად დამჭირდა თამაში - ვაჟს ვოცნებობდი და ამისრულდა. წარმოდგენა არ მაქვს, რას ვიზამ, როგორ ვიარტისტებ მისი ავარიის გამო... დანარჩენს სერიალში ნახავთ (იცინის)... ეს ბიჭი კი, რომელსაც დედაც ჰყავს და მამაც, მართლაც ძვირფასი გახდა ჩემთვის და ისიც ვიცი, რომ მის შვილს აუცილებლად ჩემს შვილიშვილად მივიღებ. შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად!
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)