"გიჟი დედა" - ასე, 2 სიტყვით შეიძლება, დიზაინერი თეა ლომიძე დავახასიათოთ. მას შეუძლია, შვილების გამო ყველაფერი მიატოვოს - კარიერა, ბიზნესი, საყვარელი ადამიანიც კი. საყვარელი მამაკაცისთვის კი არასდროს დათმობს კარიერას, საქმეს. დიზაინერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ საქმეში დაუშვა ბევრი შეცდომა და ახლა ამის გამო პასუხს აგებს.
თეას ფსიქოპორტრეტის შედგენისას, ის თავისი გულწრფელობით ძალზე დაგვეხმარა.
- დავიწყოთ იმით, თუ რამდენად თვითკრიტიკული ხარ.
- ძალიან კრიტიკული და უკმაყოფილო ვარ ყოველთვის საკუთარი თავით. თვითკმაყოფილების გრძნობა საერთოდ, არ მახასიათებს. ჩემი ნახელავიც კი მხოლოდ ერთი წუთი მომწონს, მერე მინდა, თავიდან შევქმნა, უფრო უკეთესი გავაკეთო. ჩემი შვილების მიმართაც ასეთი ვარ - არასდროს ვარ მათით კმაყოფილი. არ მივეკუთვნები იმ დედების კატეგორიას, რომლებიც შვილებს აქებენ. საქებარი ჩემს შვილებს ჯერჯერობით არც არაფერი აქვთ. კაცებად რომ ჩამოყალიბდებიან და ისე გაივლიან ცხოვრებას, რომ ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ, მერე ვიფიქრებ შექებაზე. უშეცდომო არავინაა, მაგრამ არის შეცდომები, რომლებიც გეპატიება და შეცდომები - რომლებიც არ გეპატიება. მე უამრავი შეცდომა დამიშვია, რომელიც ახლა ძალიან არ მომწონს, მაგრამ სწორედ ამ შეცდომებით ვსწავლობდი ცხოვრებას. ცხვირი რომ არ წამემტვრია, დღეს ბევრ რამეს ვერ ვისწავლიდი.
- როცა სხვები გაკრიტიკებენ, ამას როგორ ხვდები?
- ძალიან კარგად. პირველი კრიტიკოსები ჩემთვის ჩემი შვილები არიან. ჩემი არაფერი მოსწონთ, ყველაფერს მიწუნებენ, თუნდაც - კარიერაში, პირად ცხოვრებაში. სხვათა შორის, მათ ასაკში მე ამდენი ჭკუა არ მქონდა და არც ასე ვაკრიტიკებდი მშობლებს. ასე მეგონა, მშობლები შეცდომებს არ უშვებდნენ. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და ჩემს შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ყოველთვის ვითვალისწინებ მათ შენიშვნებსა და რჩევებს. ბევრ რამეზე უთქვამთ, - არ გააკეთოო, - მაინც გამიკეთებია და წამიგია...
- რამხელა შვილები გყავს?
- 15 წლის - ირაკლი და 14 წლის - გიორგი.
- ჭორაობა არის შენი სისუსტე?
- ადრე უფრო მიზიდავდა ვიღაცის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, ვიღაცებზე ლაპარაკი. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, არავის ცხოვრებით არ დავინტერესდე. თუ ადამიანს ვერ ვშველი, მის პრობლემაში ცხვირს არ ვყოფ. ერთი რაღაც მინდა ვთქვა: რაც სხვისი გამიკვირდა, ის მე დამემართა. ამიტომ ახლა სხვა პრინციპით ვცხოვრობ. არასდროს არ უნდა გააკრიტიკო სხვა და არასდროს არ უნდა გაგიკვირდეს სხვისი საქციელი.
- გულახდილად მითხარი - არ გაინტერესებს, მაგალითად, იმ მეზობლის ან ახლობლის პირადი ცხოვრება, რომელიც ყოველკვირა პარტნიორს იცვლის?..
- არანაირად. თუ ქალი გათხოვილია და ქმარი ჰყავს, მაგრამ მაინც ასე იქცევა, თუ ავად არ არის და ნერვულ სისტემაში გადახრა არა აქვს, ეს - მამაკაცის დანაშაულია.
- იქნებ არ ჰყავს ქმარი?
- ასეთ შემთხვევაში, თავად არის ფსიქიკურად დაავადებული; ეს "ხორციელ" სისუსტეს ჰგავს. ერთი მამაკაცის ყოლის უფლება ყველა ქალს აქვს, მაგრამ არც ღალატის შემთხვევაში ვაკრიტიკებ ქალს: როცა ის ასეთ ნაბიჯს დგამს, აუცილებლად აქვს ამის მიზეზი; კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თუ "ხორციელი" ავადმყოფობა არ სჭირს...
- ერთ მეგობართან მეორეზე გიჭორავია?
- მიჭორავია, მაგრამ ამისთვის ქვა იმან მესროლოს, ვინც ამ მხრივ უცოდველია. ბევრჯერ მიჭორავია, გამიკრიტიკებია და ჩემი გულისტკენა მითქვამს ერთ მეგობართან მეორეზე. ვფიქრობ, რომ ეს ჭორაობა არ არის, - ჩემს გულისტკივილს გამოვხატავდი ერთთან - მეორეზე.
- ბრაზობ, როცა შენს წონას, პირდაპირ ან ირიბად, საჯაროდ ეხებიან?
- არა, იმიტომ, რომ ჩემს წონას ვერსად გავექცევი. ეს ის ნაკლია, რომელსაც ვერ დავმალავ. მიმაჩნია - დიდი წონა ნაკლია და თუ შეგიძლია, ისე წარმოაჩინო, რომ ღირსებადაც კი გაასაღო, ეს შენი პლუსია. მე ამას ვახერხებ. ამიტომ არასდროს ვბრაზდები ასეთ რამეებზე, პირიქით - თავადაც ვხალისობ საკუთარ წონაზე.
- როცა მძიმე წუთები გიდგას, იოლად ჩაიქნევ ხელს ცხოვრებაზე თუ იბრძვი იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ძალიან ბევრი ტრავმა გადამიტანია ცხოვრებაში. ბევრი ქალი ამას ვერ გაუძლებდა, დეპრესიაში ჩავარდებოდა. ყველა სირთულისა და დაბრკოლების შემდეგ, ღმერთი ყოველთვის მაძლევს შანსს, მდგომარეობა გამოვასწორო და ამ შანსს ვებღაუჭები. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარე, ბევრჯერ მიფიქრია, - ახლა რაღა უნდა ვქნა-მეთქი?!. - ბევრი ღამე გამითენებია თეთრად ტირილში, მაგრამ ფეხზე წამოვმდგარვარ და ცხოვრება გამიგრძელებია. ძალას ჩემი შვილები მაძლევენ. ჩემს მძინარე შვილებს ღამით რომ დავხედავ, საკუთარ თავს შევუძახებ ხოლმე, - არ გაქვს უფლება, დაეცე და დეპრესიაში ჩავარდე-მეთქი. ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ და პასუხისმგებელი. მათ წაქცეული დედა არ სჭირდებათ; გალაღებული, წარმატებული და ფულიანი დედა უნდათ შვილებს.
- 18-წლიანი ოჯახი დაანგრიე და თუ გახდა ეს დეპრესიის საფუძველი?
- არა. დეპრესიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავვარდე, როცა ჩემი შვილებისთვის რაღაცას ვერ ვაკეთებ, როცა უძლური ვარ გავუმკლავდე ცხოვრებას, დანარჩენი - პრობლემები, პირადი ცხოვრება, თუნდაც განქორწინება - მეორეხარისხოვანია ჩემთვის.
- თუ მიგაჩნია, რომ ძლიერი ქალი ხარ?
- ერთი მეგობარი მყავს - ეკა ნიკოლეიშვილი, რომელიც მღვდლის ცოლია. ძალიან წარმატებული ქალია, ბიზნესლედი, მეოჯახე... ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი და ასეთი რამ მითხრა, - თეა, ღმერთს ძალიან ჰყვარებიხარ: ასეთ განსაცდელს ღმერთი თავის რჩეულებს უგზავნისო. ალბათ ასეა და ალბათ ძლიერი ვარ, ამდენ განსაცდელს რომ გავუძელი.
- იმდენჯერ ახსენე განსაცდელი, შეუძლებელია, არ გკითხო - რა გადაიტანე ასეთი?
- 21 წლის ასაკში პირველი შვილი დავკარგე - ბიჭი, რომელიც ახლა 18 წლის იქნებოდა. ძალიან დიდი სტრესია, სამშობიაროდან ცარიელი ხელით რომ გამოდიხარ. მეგონა, ცხოვრებაში ვეღარ გავიცინებდი. მას მერე, ღმერთმა ორი ვაჟკაცი მაჩუქა. შემდეგ იყო ახალგაზრდა მამის გარდაცვალება, მერე - დედის. ძალიან ბევრი ახლობელი დავკარგე... ამ ყველაფერს ბოლოს, ეკონომიკურმა კრიზისმა დაუსვა წერტილი. მისგან დიზაინერები და მშენებლები განსაკუთრებით დავზარალდით. როგორ, რა რესურსებით ვაცოცხლებ ამ ბიზნესს, დღემდე არ ვიცი.
- განსაცდელზე საუბრისას ოჯახის დანგრევა არ გიხსენებია, რატომ?
- იმიტომ, რომ უკან არასდროს ვიხედები, რასაც არ ეშველება, იმას არ მივტირი.
- რთული არ არის მამაკაცის გარეშე ცხოვრება?
- რთულია, მაგრამ მე ისეთი შვილები მიდგანან გვერდით, რომ ამას ვერ ვგრძნობ. ძალიან მეხმარებიან, ერთი წუთით არ მტოვებენ მარტოს.
- ვინმესთვის სამაგიერო გადაგიხდია?
- შურისძიება ჩემი სტილი არ არის. ბევრისგან ისეთი წყენა მიმიღია, ისეთი ტრავმირებული ვყოფილვარ, თუნდაც მეგობრისგან... მაგრამ შურისძიებაზე არასდროს მიფიქრია. მე არავის განსჯის უფლება არ მაქვს. ღმერთი ყველას თავისას მიუზღავს.
- როგორი დიასახლისი ხარ?
- ახლა - ძალიან ცუდი. ადრე საოცრად მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. შემეძლო, 1 საათში 4-5 სახეობის კერძი მომემზადებინა, მეხალისებოდა ეს ყველაფერი. ახლა ალბათ დავბერდი, არ ვიცი... "გადამწვარი" ვარ, ცუდი დიასახლისი ვარ. ბიჭები მეხმარებიან. თუ სახლში არა ვარ ან დაღლილი ვბრუნდები, თავისუფლად შეუძლიათ, საჭმელი მოიმზადონ. საცივს ვერ გააკეთებენ, მაგრამ კარტოფილს, კვერცხს შეიწვავენ, მაკარონს მოიხარშავენ.
- შენი სახლის ფანჯრებთან ღამით ბიჭები რომ ჩხუბოდნენ და არ გაძინებდნენ, პატრულს გამოიძახებ?
- ვაიმე, არა!.. ვაკეში სულ ჩხუბია. ჩემი ფანჯრების ქვეშ სულ გაწევ-გამოწევაა: დალევენ და მერე ერთმანეთს ლანძღავენ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ ამის გამო პატრულს ხომ არ გამოვიძახებ?! იმდენი პრობლემა მაქვს ცხოვრებაში, სხვისი ჩხუბის გამო თავს ნამდვილად არ ავიტკივებ.
- ზოგადად, რამდენად კანონმორჩილი ხარ?
- ალბათ ნაკლებად, მაგრამ ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ სხვები არ გავაღიზიანო, ხელი არაფერში შევუშალო.
- მეზობელთან საყოფაცხოვრებო პრობლემის გამო გიჩხუბია?
- რას ლაპარაკობ?! რამდენჯერ "ჩავურეცხივარ" მეზობელს, მეც ჩამიშვია წყალი, მაგრამ სადაც მიცხოვრია, ყველგან კარგი მეზობლები მყავდნენ და არავისთან დიდი კონფლიქტი არ მომსვლია. საერთოდ, ძალიან ძნელია ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ გამოვედი, ვეღარ "შევდივარ" იმ წონასწორობაში (იცინის)... ერთი მეგობარი მეუბნება, - კოსმოსური სიმშვიდის ადამიანი ხარო: ძალიან ცუდად რომ ვიყო, შეიძლება სახეზე ვერც შემატყო.
- და მაინც, როგორია გაბრაზებული თეა?
- ვკივი, ვწივი, ისტერიკაში ვარ, მაკანკალებს, საშინელი შესახედავი ვხდები. მერე, რა თქმა უნდა, ვნანობ ამგვარ საქციელს - ეს ხომ საშინელი ცოდვაა, მაგრამ გვიანაა უკვე.
- როცა შენს ზურგს უკან ჩურჩულებენ, ცდილობ მოისმინო, რაზე ლაპარაკობენ, თუ გაერიდები?
- შეიძლება, ერთ სიტყვას მოვკრა ყური, მივხვდე, რაზე ლაპარაკობენ და "გავატარო". ასეთი რაღაცები არ მაინტერესებს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი მიზანი, გეგმა, ამ გეგმას მივყვები და სულ არ მაინტერესებს, რას იტყვიან ჩემზე. ილაპარაკებენ, მოიქავებენ ენებს, დაიღლებიან და გაჩერდებიან.
- მთვრალი თეა როგორია?
- მთვრალი სულ სამჯერ ვიყავი. საერთოდ, არ მიყვარს დალევა, ალკოჰოლი ცუდ ხასიათზე მაყენებს. ფხიზელი ისეთი მხიარული ვარ სუფრასთან, ყველას მთვრალი ვგონივარ. ერთხელ შემიჩნდნენ გოგონები, დალიეო. თქვენი ყოფაც ვატირე-მეთქი! - ვიფიქრე, დავიდგი კონიაკი "ენისელი"... სტუდენტი ვიყავი მაშინ. ბოთლ-ნახევარი დავლიე. რომ ვიჯექი, მეგონა, არ ვთვრებოდი... გამოვედი ქუჩაში და დატრიალდა ცა, მომეკვეთა ფეხები... გავაჩერეთ ტაქსი მე და ჩემმა მეგობარმა. ის წინ იჯდა, მე - უკან. მეორე დღეს მიყვებოდა, - ფანჯარა გქონდა ჩამოწეული და მთელი ხმით "შავლეგოს" მღეროდიო. ეროვნული მოძრაობის აღზევების პერიოდი იყო და, როგორც ჩანს, ჩემშიც გაიღვიძა რაღაც პატრიოტულმა... სახლთან მისული, მანქანიდან რომ გადავდიოდი, მძღოლს ფულს ვაძლევდი და, ხურდა არ გინდა-მეთქი, - ვეუბნებოდი თურმე. მძღოლს უთქვამს, - ოღონდ შენ მანქანიდან გადადი და იქით მოგცემ ფულს, რამდენი გინდაო?..
- მაგიდაზე ან ბარის "სტოიკაზე" თუ გიცეკვია ოდესმე?
- რას ლაპარაკობ, მაგიდაზე კი არა, მიწაზე ვერ დავდივარ (იცინის)! რომელი ბარის "სტოიკა" გამიძლებს?!. სკამზე ვიცეკვე ერთხელ ქორწილში. ჩემი მეგობრის ქორწილი იყო და გამაშაყირეს, სიმღერა მომიძღვნეს - "პატარა ხარ, პატარა ხარ"; მაშინ ვიცეკვე სკამზე.
- ინტერვიუს დასაწყისში ცხოვრებისეულ შეცდომებზე ვსაუბრობდით. ყველაზე დიდი რა შეცდომა დაგიშვია ცხოვრებაში და შანსი რომ გქონოდა, რას გამოასწორებდი?
- არასწორად წარვმართე ჩემი საქმიანობა და ჩემი ბიზნესი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ყურადღება მოვადუნე, ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან და ეს ყველაფერი მერე მწარედ ვიწვნიე. ჩემი დაშვებული შეცდომები წინ დამხვდა და ამ ყველაფერზე პასუხს დღეს ვაგებ.
- დამდგარხარ არჩევანის წინაშე - კარიერა თუ პირადი ცხოვრება?
- არასდროს. და არც არასდროს ვიფიქრებ იმაზე - კარიერა თუ პირადი ცხოვრება? პასუხი მარტივია: ჯერ კარიერა, ბიზნესი, საქმე და მერე - პირადი ცხოვრება. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთმობ ჩემს საქმეს და საერთოდ ყველაფერს, თუ ეს ჩემს შვილებს დასჭირდებათ.
- მათ შორის, საყვარელ ადამიანსაც?
- მათ შორის, საყვარელ ადამიანსაც!..
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)