დიზაინერი ანზორ თეთრაძე, იგივე ბიჭოლა ინტერვიუზე ისე დამთანხმდა, რა თემაზე უნდა გვესაუბრა, არც უკითხავს. მან მხოლოდ შეხვედრის დროს გაიგო, რომ "ერუდიტის" სტუმარი იყო და მთხოვა, მისთვის ჩამჭრელი კითხვები არ დამესვა. ავუხსენი, რომ კითხვების უმრავლესობა იმ სფეროდან იქნებოდა, რომელშიც თავად საქმიანობს. ბიჭოლამ გულახდილად აღიარა, რომ იმ ლიტერატურას საერთოდ არ კითხულობს, რაც მოდის სფეროს არ ეხება, მაგრამ თავს გაუნათლებელ ადამიანად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ საზოგადოებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც იმაზე ბევრს აკეთებს, ვიდრე ამას ის ადამიანები ახერხებენ, ვინც წიგნებში თავჩარგულები არიან...
- კლასგარეშე ლიტერატურას სკოლაში სწავლისასაც არ კითხულობდი?
- მხოლოდ იმ ჟურნალებს ვკითხულობდი, რომლებშიც მოდის სფეროზე წერდნენ.
- ამა თუ იმ მხატვრული ნაწარმოების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული, მათ თუ უყურებ?
- არა, ფილმებიც არ მიყვარს.
- რა გიყვარს?
- გართობა (იცინის). ექსტრიმის მოყვარული ვარ. ღამის კლუბებშიც დავდივარ. ალკოჰოლურ სასმელებს ვსვამ - უმეტესად კოქტეილებს. ისე, არც ღვინოსა და არაყზე ვამბობ უარს. თრობის პროცესი მაგარია!
- რესპონდენტებს ხშირად ვეკითხები ხოლმე, რომელ ლიტეარატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით-მეთქი? შენთან ალბათ ამ კითხვის დასმას აზრი არა აქვს.
- არც ასეა საქმე (ფიქრობს)... ხევისბერ გოჩასთან ვიმეგობრებდი, ამ წუთში მხოლოდ ეს პერსონაჟი მახსენდება...
- როგორ ფიქრობ, შენთან მეგობრობას ის თუ მოისურვებდა?
- არ ვიცი... ისე კი, მგონია, რომ ლუარსაბ თათქარიძესთან უფრო მაგარ დროს გავატარებდი (იცინის).
- "მაგარი დროის ტარებაში" რას გულისხმობ?
- კარგად გეახლებოდით, მერე მხარ-თეძოზე წამოვკოტრიალდებოდით და დავიძინებდით...
- ვფიქრობ, ლუარსაბიც გაგიგებდა, წიგნები მასაც არ უყვარდა... დარეჯანს კაბას თუ შეუკერავდი?
- დარეჯანს სხეულის მრგვალი ფორმები აქვს და ვფიქრობ, გამიჭირდებოდა...
- ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთა სასამართლო სისტემაც შარიათის ნორმებზეა დაფუძნებული, ქალებს მანქანის მართვის უფლება აქვთ, მაგრამ თუ ისინი ავარიულ სიტუაციაში მოხვდებიან, არც ერთ მამაკაცს არა აქვს უფლება, დასახმარებლად მივიდეს. ამ კანონით ქალებს აქვთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი უპირატესობა. დაასახელე რაზეა ლაპარაკი?
- წარმოდგენა არა მაქვს.
- მძღოლ ქალებს პოლიცია არ აჩერებს... დაასრულე არაბული ანდაზა: "დედამიწაზე ყველაფერს ეშინია დროისა, დროს კი...
- დროს კი არაფრის.
- "...დროს კი პირამიდების"... რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?
- ზაქარია ფალიაშვილის, სწორად ვამბობ?
- როგორც იქნა, სწორი პასუხის გაცემა შეძელი. მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი დიზაინერის ბიოგრაფი - ლორანს ბენაიმი წერდა: "ის ხატავდა ემოციებს, მან თავის ტანსაცმელში ჩააქსოვა სიხარული, სიყვარული, სიგიჟე, შექმნა თავისი კოლექციები, როგორც საიდუმლო წიგნის თავები. ის ხატავდა ანგელოზებსაც და დემონებსაც, ის იყო პირველი კუტიურიე, რომელმაც განადიდა სხეულის სული, დაამკვიდრა რეტროს სიფაქიზე თანამედროვე გემოვნებაში და ვისაც დარჩა ერთადერთი სინანული, რომ მან არ გამოიგონა ჯინსი". დაასახელე ეს დიზაინერი.
- ეს დიზაინერია ივ სენ ლორანი. ეს ძნელი მისახვედრი არ იყო.
- დაასახელე ინდოეთის ძველი სამეფო, რომელიც ცნობილი იყო შალის მსუბუქი ქსოვილის წარმოებით.
- აზრზე არ ვარ.
- ქაშმირი.
- მართლა? არადა, ამ ქსოვილს რა ხშირად ვიყენებ.
- გერმანული ანდაზის მიხედვით, "ოქროს ცეცხლი გამოცდის, ქალს - ოქრო, მამაკაცს ..."
- მამაკაცს ცეცხლი.
- ორიგინალური პასუხია. გერმანელები მიიჩნევენ, რომ მამაკაცს ქალი გამოცდის.
- ააა! უი!..
- რომელი ქვა იცვლის ფერს განათების ან დღე-ღამის მონაკვეთის მიხედვით?
- მარგალიტი.
- ეს ქვა ალექსანდრიტია. რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი ვენა?
- არ ვიცი.
- ვენაში არასდროს ყოფილხარ?
- როგორ არ, ნამყოფი ვარ, ვგიჟდები ისეთი ლამაზია, იმ მდინარეზე გადებულ ხიდზეც გავსულვარ, მაგრამ ვერ გიპასუხებ.
- დუნაი.
- უი, ახლა გამახსენდა, მართალია.
- არც ზღაპრების კითხვა გიყვარდა ბავშვობაში?
- კი, რატომ მეკითხები?
- "ასფურცელა", "სამი გოჭი", "კომბლე", "წითელქუდა" - რომელ ზღაპარში არ ფიგურირებს მგელი?
- ვაიმე! "წითელქუდას" გამოვრიცხავ, მგელი იქ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ის "კომბლეშიც" გვხვდება, არა?
- მინიშნებას ვერ გეტყვი.
- დანარჩენ ორში ფიგურირებს თუ არა, არ ვიცი. ასე რომ, სწორი პასახი არ მაქვს.
- "ასფურცელაში"... სპორტის რომელ სახეობაში მოასპარეზის აქსესუარებია - თეთრი კოსტიუმი, ლითონისბადიანი მუზარადი და ხელთათმანი?
- მოფარიკავის.
- ესპანეთის რომელ ქალაქში ტარდება ყოველწლიურად დალაქთა საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც როსინის ერთ-ერთი ოპერის პოპულარობას მიაწერენ?
- არ ვიცი.
- სევილიაში. ისინი ძმები იყვნენ - ადოლფი და რუდოლფი...
- (მაწყვეტინებს) ვხვდები, რაც უნდა მკითხო. ადოლფ ჰიტლერზე მეკითხები...
- ნუ ჩქარობ, კითხვა დამასრულებინე, ძმებს ერთმანეთი არ უყვარდათ. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი ორი ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები?
- ახლაც ცნობილი ფირმებია?
- დიახ, სპორტული ხაზით დიდ წარმატებას მიაღწიეს.
- (ფიქრობს) ვერ ვხვდები.
- "ადიდასი" და "პუმა"... რა ერქვა წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქონელს მიერეკებოდნენ?
- არ ვიცი.
- სტიმული. როგორ ადამიანს უწოდებენ დილეტანტს?
- ამა თუ იმ საკითხის ზერელედ მცოდნეს.
- ეს ლეგენდარული დიზაინერი 1971 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას XX საუკუნის სტილი #1 შეარქვეს. დიზაინერის გარდერობში მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 3 ხელი გამოსასვლელი სამოსი აღმოჩნდა. იგი ამბობდა: "არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც მდიდრული ტანისამოსი". დაასახელე ეს დიზაინერი.
- კოკო შანელი.
- ამ საბანაო კოსტიუმის პირველი ჩვენება მარჯნის ერთ-ერთ კუნძულზე საცდელი ბირთვული აფეთქების დღეს დაემთხვა. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ამ კუნძულის სახელი.
- ვერ გიპასუხებ.
- ბიკინი. ლექსები თუ იცი ზეპირად?
- რომელი გაინტერესებს.
- დავიწყებ და გააგრძელე "მე პატარა ქართველი ვარ...
- "... კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას,
მირჩევნია აქ სიკვდილი.
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო" (იცინის).
ეს ლექსი ბავშვობის შემდეგ არ მითქვამს.
- ვინ არის ამ ლექსი ავტორი?
- მგონი, აკაკი წრეთელია. არა, შეცდომით ვთქვი.
- დუტუ მეგრელი. რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს იმავე დილის 9 საათსა და 15 წუთისგან.
- ხომ შეიძლება, დავითვალო?
- დრო გაქვს და გამოიანგარიშე.
- 1 საათი და 45 წუთი.
- ცდები. 75 წუთი აშორებს. რა სიტყვები წერია ქართულ გერბზე?
- "ძალა ერთობაშია".
- პრეზიდენტის რეზიდენციაზე?
- ვაიმე! არ მახსოვს, რა წერია?
- "სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა!" ვინ არის ამ აფორიზმის ავტორი?
- შოთა რუსთაველი.
- ვინ არის კომპოზიტორი ი. ჭავჭავაძის ტექსტზე შექმნილი სიმღერისა - "ჩემო კარგო ქვეყანავ"?
- (ღიღინებს) კომპოზიტორი არ მახსოვს.
- სიმღერა "თბილისოს" კომპოზიტორი ვინ არის?
- რეზო ლაღიძე. რატომ მკითხე? ამ სიმღერის კომპოზიტორიც ლაღიძეა?
- დიახ. ვინ არის ის, ვის სახელსაც ატარებს სრუტე, რომელიც მან გაიარა, კუნძული, რომელზეც იგი გარდაიცვალა და ზღვა - წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში?
- არ ვიცი.
- ზღვაოსანი ბერინგი. ფრენსის ბეკონი ამბობდა: - "ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი". რის გამო დაითხოვეს იგი სახელმწიფო სამსახურიდან?
- ვერ გიპასუხებ.
- ქრთამის აღების გამო. შენთვის ფულს რა დატვირთვა აქვს?
- ფულს? (ფიქრობს) ძალიან მაგარია. 15 წლიდან ჩემი საკუთარი ფული მაქვს, რომელსაც ოჯახის წევრებზეც ვანაწილებ. სახლში მე, ჩემი და, მისი შვილი, ჩემი მშობლები და ბებია ვართ.
- შენი და რას საქმიანობს?
- მსახიობია. სასწავლებელი ცოტა ხნის წინ დაამთავრა. მოსკოვში ცხოვრობდა, 2 წელია, რაც თბილისში გადმოვიდა. მალე მას ფილმებშიც ვიხილავთ. ის სერიალ "შუა ქალაქშიც" მონაწილეობდა, ძიძის როლი შეასრულა.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- მნიშვნელოვანი არაფერი. 22 წლის ვარ, ვფიქრობ, რომ ჯერ დაქორწინებაზე ფიქრი ნაადრევია. დაღვინება მაკლია...
- შენს დაღვინებას რამდენი წელი დასჭირდება?
- 10 წელი მაინც... საქართველოში ნაადრევად ქორწინდებიან და მერე ოჯახებსაც ხშირად ანგრევენ. ეს არ მომწონს.
- შენს ყურადღებას როგორი გოგონები იპყრობენ?
- გემოვნებიანი. შეიძლება, მახინჯი იყოს, მაგრამ გემოვნებით იცვამდეს. მსუქანი არ უნდა იყოს, არც ძალიან გამხდარი.
- რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
- პოპს. ქართველებიდან ჯგუფი - "მგზავრები" მიყვარს. ფილარმონიაში მათ კონცერტზეც ვიყავი, ეს იშვიათი გამონაკლისია, საქართველოში კონცერტებზე ნაკლებად დავდივარ. ამისი არც დრო მაქვს და არც - სურვილი. სიამოვნებით მხოლოდ ნანი ბრეგვაძის კონცერტზე წავიდოდი.
- ამ მომღერლებიდან რომელზე ჰქონდათ ეჭვი, რომ ის მაფიასთან იყო დაკავშირებული - ლუი არმსტრონგზე, რეი ჩარლზზე, ელვის პრესლიზე თუ ფრენკ სინატრაზე?
- ფრენკ სინატრაზე.
- დაბოლოს დაასრულე დენი დიდროს ცნობილი გამონათქვამი: "არავისთვის არ ვარგა ის, ვინც მხოლოდ...
- ვერ დავასრულებ.
- "... ვინც მხოლოდ თავისთვის ვარგა".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)