ბრედლი კუპერი - რენე ზელვეგერის ახალი სიყვარული

ბრედლი კუპერი - რენე ზელვეგერის ახალი სიყვარული

ბოლო დროს გამოსულ ჰოლივუდურ ფილმებში ეს მსახიობი საკმაოდ ხშირად ჩნდება, თუმცა ყველაზე მეტად თავი დაამახსოვრა მაყურებელს კინოსურათით "მე შენ მიყვარხარ" და კიდევ იმით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის რენე ზელვეგერის შეყვარებულია.

ბირჟის მაკლერიდან მსახიობამდე

ბრედლი კუპერი 1975 წლის 5 იანვარს დაიბადა ვაშინგტონში. დედამისი იტალიელი ამერიკელია, მამა კი - ირლანდიელი ამერიკელი. სკოლისა და სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ მცირე ხანს ბანკში ბირჟის მაკლერად მუშაობდა, თუმცა მერე სამსახიობო კურსები დაამთავრა.

ბრედლის სერიოზული კარიერა სერიალებიდან დაიწყო, ეპიზოდური როლებით, თუმცა ამ სერიალებს შორის გახლდათ ყველასათვის ცნობილი "სექსი დიდ ქალაქში" - კერის მრავალრიცხოვან მამაკაცებს შორის ერთ-ერთი განასახიერა. 2001 წლიდან აღმოჩნდა დიდ ეკრანზე, თუმცა მაშინ უფრო პოპულარული ტელევიზიაში იყო - ტელეარხ "დისქავერიზე" ერთ-ერთი გადაცემის თანაავტორად მუშაობდა, რის წყალობითაც მთელი მსოფლიო შემოიარა.

ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ჯაშუში ქალი", რომელმაც "ოქროს გლობუსი" და სხვა მრავალი პრიზი მიიღი. მერე იყო რამდენიმე მცირებიუჯეტიანი ფილმი, დიდი პოპულარობა კი მხოლოდ 2009 წელს ეწვია, როცა ერთდროულად რამდენიმე კინოსურათში გამოჩნდა: "პირობა არ ნიშნავს ქორწინებას", "ყველაფერი სტივის შესახებ", "საქმე #39", "ნიუ-იორკ, მიყვარხარ", "ბიჭების თავყრილობა ვეგასში", "მე შენ მიყვარხარ" და სულ ახლახან გამოსული "გუნდი "ა".

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მისი კარიერისთვის ის ფაქტი, რომ ცნობილ ვარსკვლავ რენე ზელვეგერს ხვდება და მის საქმროდაც მოიხსენიებდნენ. სხვათა შორის, მანამდე ჯენიფერ ესპოზიტოზე იყო დაქორწინებული.

"დიეტა ყველაზე საშინელი რამ არის, რაც თავს გადამხდენია"

ტრილერში "გუნდი "ა" კუპერმა ლეიტენანტი ტემპლტონ პეკი განასახიერა, ერაყის ომის ვეტერანი.

- რა იფიქრეთ, როდესაც ტემპლტონის როლი შემოგთავაზეს?

- არავის არ შემოუთავაზებია ეს როლი, თვითონ მივედი და საკუთარი თავი შევთავაზე. ძალიან მიყვარს ეს ჟანრი და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუ მაქვს რაიმეს მიღწევის შანსი, მხოლოდ ექშენში. გარდა ამისა, ბავშვობიდან მიყვარს სპორტი, რის წყალობითაც ტრიუკებს თავად ვასრულებდი.

- რამ გაიძულათ, რომ ამ ფილმში როლის მისაღებად გებრძოლათ?

- ჯერ ერთი, მომწონს ამ ჟანრის ფილმები. ყოველთვის ვიცოდი, თუ "ბოევიკში" მონაწილეობის საშუალება მომეცემოდა, აუცილებლად დავთანხმდებოდი. საკმაოდ სპორტული ადამიანი ვარ და მგონია, რომ ღირსეულად ვაჩვენებდი თავს ექშენ-სცენებში. როდესაც ჩემმა აგენტმა გაიგო, რომ ფილმის გადაღებისთვის მზადება იწყებოდა, რეჟისორ ჯო კარნახანთან შეხვედრა დამინიშნა. მისი სხვა სურათები მომწონდა და სიხარულით წავედი მასთან შესახვედრად. ახლოს რომ გავიცანი, მაშინვე შემიყვარდა. ალბათ იმასაც მოვეწონე, რაკი იმ დღესვე სცენარი მომცა. ყველაზე მეტად ლამაზი ბიჭის როლი მომეწონა და ჯოს მაშინვე გავუგზავნე მესიჯი შეკითხვით: "რა უნდა გავაკეთო, რომ ეს როლი მივიღო?"

- და რის გაკეთება მოგიხდათ?

- ჟიმაობა.

- ვისთან?

- ყველასთან, ვისთანაც შევძელი (იცინის).

- ცნობილია, რომ ყველა ილეთს თქვენ ასრულებდით, მაინც რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული?

- მატარებლის ქვეშ რომ აღმოვჩნდი. ვანკუვერში ვიღებდით და მუშაობის მერე ერთმა კასკადიორმა მითხრა: "ვერ ვიჯერებ, რომ ამის გაკეთების ნება დაგრთეს". სინამდვილეში, მე ავიხირე. მართლა მატარებლის ქვეშ ვიყავი, რომელიც საათში 72 კილომეტრის სიჩქარით მიქროდა.

- როდესაც ფილმში პერანგს იხდით, დარწმუნებული ვარ, ქალი მაყურებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. როგორ მიაღწიეთ ასეთ შედეგებს?

- (იცინის) ეს იოლი არ იყო. გადაღებების დაწყებამდე ორი თვით ადრე სპეციალურ დიეტაზე დავჯექი - დღეში მხოლოდ 2000 კალორია. ვერც შაქარს ვჭამდი, ვერც მარილს, ვერც ფქვილს და საერთოდ ვერაფერ გემრიელს, თან ამ დროს დღეში ხუთჯერ უნდა მეჭამა. ეს ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც კი თავს გადამხდენია. გარდა ამისა, დღეში ორ საათს ვვარჯიშობდი, არც ისე ბევრს, თუმცა ინტენსიურად. ჰო, დამავიწყდა, კიდევ აუცილებელი იყო დღეში რვა საათი ძილი. კუნთების დიდი ნაწილი ძილში იზრდება, წარმოგიდგენიათ?

- ეს ფილმი ომის შესახებაა, თუმცა კი გასართობი სურათია. ეს რამდენად შეთავსებადია?

- თუ ფილმი სათავგადასავლოა, თუ რეჟისორი მომწონს და ვგრძნობ, რომ მასში რაღაც საკუთარის ჩადება შემიძლია, ყველაფერზე მზად ვარ, ოღონდ კი მასში მივიღო მონაწილეობა. როგორ აღიქვამენ ამ ყოველივეს და რამდენად შეთავსებადია? გამიხარდება, თუ ყველას მოეწონება.

- ეს სურათი 1983-1987 წლების ამავე სახელწოდების პოპულარული სერიალის მიხედვით არის გადაღებული. თუ გინახავთ?

- რასაკვირველია. მისი ფანიც ვიყავი.

- ჰოლივუდში შედარებით ახალბედა ხართ, ამიტომ თქვენ შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. როდის მიხვდით, რომ მსახიობობა გინდოდათ?

- ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ სულ პატარა. ვუყურებდი ფილმს "ადამიანი-სპილო". მასში ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, რის მერეც მივხვდი, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გავმხდარიყავი.

"დე ნირომ მე და დედაჩემი შეგვაქო"

- როგორც ვიცი, რობერტ დე ნირო ბავშვობაში თქვენი კერპი იყო. ამას წინათ კი მასთან ერთად დაასრულეთ მუშაობა ფილმში "სიბნელის უბნები". გეუხერხულებოდათ მასთან ერთად ყოფნა?

- ვცდილობდი, ეს არ მეჩვენებინა, თორემ იტყოდა: "მოაშორეთ აქედან ეს ლაწირაკი". სინამდვილეში კი, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ გახლდათ. ერთი წლის წინ სინჯებზე ვიყავი, სადაც დე ნიროს შვილის როლი უნდა მეთამაშა. საბოლოოდ ის როლი სემ როკველს ერგო. ვიდეოზე ჩავწერე საკუთარი თავი, სადაც დედას ვთხოვე, ჩემთან ერთად ეთამაშა: დე ნიროს გმირის სიტყვები წაეკითხა. ეს ჩანაწერი რაღაცნაირად დე ნიროსთან მოხვდა. დამირეკა და შეხვედრაზე მიმიწვია. ეს საოცრება იყო, ოცი წუთი ვლაპარაკობდით. მითხრა, რომ ამ როლს ალბათ ვერ მივიღებდი, მაგრამ შემაქო.

- დედათქვენი?

- პირველი, რაც მკითხა: "მეორე ვინ იყო?" ვუთხარი, რომ დედაჩემი იყო. მანაც მიპასუხა: "ასეც ვიცოდი, რომ აქ რაღაც ნათესაური კავშირი იყო". სახალისო ამბავი გამოდგა.

- ისე, დედათქვენი როგორი რობერტ დე ნირო გამოდგა?

- საშინელი! მაგრამ მას შესანიშნავი ფილადელფიური გამოთქმა აქვს.

- ახლოს ხართ დედასთან?

- დიახ, დედასთანაც და მამასთანაც.

- თქვენს კარიერაზე რას ფიქრობენ?

- მოსწონთ. არ დამიჯერებთ, მაგრამ დედამ ყველაფერი იცის, რაც ჩემს თავს ხდება, ხანდახან იმაზე ადრეც კი, ვიდრე მოხდება. არ ვხუმრობ. ის სულ ინტერნეტშია. სულ იცის, რა პროექტები მზადდება, რას ვაკეთებ, რას აკეთებენ ჩემი მეგობრები. მეკითხება, მართალია, რომ ვიღაცასთან ნიშნობა გამოვაცხადე წინა კვირას? ან, რომ სახლი ვიყიდე და ა.შ. მაგიჟებს.

- რაც შეეხება ვინმესთან შეხვედრას. რომანტიკულ ურთიერთობებს როგორ უყურებთ?

- მსახიობი სულაც არ არის ვალდებული, ცხოვრებაში ისე იქცეოდეს, როგორც ეკრანზე. რომანტიკულ ურთიერთობებში ადამიანს ისე უნდა მოექცე, როგორც გსურს, რომ შენ მოგექცნენ. ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად მივა ამ დასკვნამდე მას მერე, რაც თვითონ დაასკვნის საკუთარი თავისთვის, რა არის სიყვარული.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება