საქართველოში სამოდელო სფერო მამაკაცი მოდელებით განებივრებული არ არის, თუმცა მათ შორის, ვინც ეს "რისკიანი" პროფესია აირჩია, ერთ-ერთი გიორგი ნაზღაიძეა, მისი მთავარი ტიტულია "მისტერ ვალენტინი 2009", თუმცა ტიტულზე მეტად პოპულარული სკანდალურმა განცხადებებმა გახადა.
-გიორგი, გავიგე ბათუმიდან უკმაყოფილო ჩამოსულხარ...
-დასასვენებლლად ვიყავი, ოღონდ გონიოში და არა ბათუმში. იმიტომ ჩამოვედი უკმაყოფილო, რომ ასეთი ბათუმი ჯერ არ მინახავს.
-პირველი ხარ, ვინც ამას ამბობს...
-შეიძლება პირველი იმიტომ ვარ, რომ ადამიანები საზღვარგარეთ არ დადიან და არ უნახავთ, იქ რა ხდება. ზოგს ფინანსური საშუალება არ აქვს, ზოგს ტვინში აქვს პრობლემა. წელს ბათუმში შევიარე, ბულვარში გავედი და საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. მხოლოდ ერთი რესტორანი იყო, ახალ ბულვარში კი ორი კლუბი. სულ ეს არის განახლებული ბათუმი. მე ყოველთვის გონიოსა და კვარიათში ვისვენებ. იქ რაც არის, არის, არ დაანგრევენ მაინც.
-თუ ხვდები ახლა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ?
-რატომ პოლიტიკურს, მე საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ტელევიზორსაც არ ვუყურებ. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის აზრით, ბათუმი არის "ბანძი".
-ბათუმისკენ რატომ გაგიწია გულმა, კრის დე ბურგის კონცერტს ხომ არ დაესწარი?
-არა, ეგეთ კონცერტებზე არ დავდივარ. ყველაზე ბებრები ჩამოჰყავთ, აი, ისეთები, ლამის რომ კვდებიან. მაინცდამაინც სცენაზე ხომ არ უნდა მოკვდეს ადამიანი (იცინის). თან ჩემი ცუდი პიარიდან გამომდინარე, შეიძლება უფასო კონცერტზე მომკლან კიდეც. "სიმართლის დროში" ჩემი გამოსვლის შემდეგ ხალხს მონსტრი ვგონივარ.
-მონსტრი, რომელსაც ასაკოვანი ქალბატონები ქირაობენ?
-მერე რა? მუქთაზე ცხოვრება ცუდია? შურიან ადამიანებს რა დალევს, ვისაც საშუალება აქვს, გადაიხდის და კარგად იქნება.
-კარგად გადამხდელ ქალბატონებზე მერე გკითხავ. სოციალურ ქსელში საკუთარ თავს ბუბუს რატომ ეძახი?
-ეს სახელი წლების წინ მეგობარმა დამარქვა. ერთხელ შინ მოწყენილები ვიყავით და ამ დროს ეთერში "ბასტი-ბუბუ" გადიოდა, მაშინ მითხრა, ნამდვილი ბუბუ ხარო. მას მერე შემომრჩა და ვიწრო წრეში ასე მეძახიან.
-ყველას არ აქვს შენთვის ბუბუს დაძახების უფლება?
-არა, რა თქმა უნდა. ქუჩაში ორმეტრიან კაცს რომ ბუბუს დამიძახებენ, ცოტა უხერხულია. მხოლოდ ახლობლებისთვის ვარ ბუბუ.
-მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ და ამას შენი სკანდალურობა განაპირობებს...
-მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ სკანდალი საქართველოში მიუღებელია. არადა, მსოფლიო შოუბიზნესი ამაზეა აგებული. აქ კიდევ მაბრალებენ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გავიქაჩო.
-ყველაზე სკანდალური მაინც რა გაგიკეთებია?
-(იცინის) წელს ბათუმში ძალიან მოკლე შორტი მეცვა, არ ვმარიაჟობ და ყველა მეკითხებოდა, სად ვიყიდე. აქ არ მიყიდია, მერე ეს შორტი ტანგად ვაქციე და ისე დავდიოდი ბულვარში. ხალხი გაოგნდა, ყველა მე მიყურებდა.
-ეს ხალხის გაოცების შენეული მეთოდია?
-აი, ახლა ისევ გამოდის, რომ ძალიან ცუდი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ასეთი არ ვარ. იცით, რა არის? მე თვითონ მაოცებს ხალხის კომპლექსები.
-ჰო, მაგრამ საქართველოში დაიბადე და გაიზარდე. ახლა ხომ არ გაიცანი ქართველები?
-კი, აქ გავიზარდე, მაგრამ ჩემი მეგობრების წრე მასისგან განსხვავდება და მეც სხვანაირი ვარ. მასის ნაწილი რომ ვიყო, თავი უნდა მოვიკლა.
-ქართული ბომონდის ნაწილი ხარ თუ მათაც დასცინი?
-არა, არ დავცინი. ბომონდში ვტრიალებ, აბა, სად ვტრიალებ.
-და ეგ არის "კაი ტიპობა"?
-არა, ეგრეც არ ვარ. ვიღაცასთან იმის გამო არ ვდგები, რომ კაი ტიპი გამოვჩნდე. საკუთარი ძალებით გავხდი პოპულარული და არავის ჩავბღაუჭებივარ, რომ ნაპირამდე გამოვეხოხებინე. უბრალოდ, ბომონდში ვარ და არავის ვეკიდები.
-შენ თუ გეკიდებიან ნაპირზე გამოსაყვანად?
-კი, იყო ეგეთი მომენტებიც, თუმცა კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ისინი არიან ბომონდში მოტრიალე ფულიანი ქალბატონები.
-"სიმართლის დროში" აღიარე, რომ ეს ქალბატონები ფულს გიხდიან, ადვილია შენი ყიდვა?
-არა, ადვილად გაყიდვა იაფად გაყიდვას ნიშნავს. მე კი ყველაფერი ხელს მიწყობს, რომ ძვირად გავიყიდო -გარეგნობა, სახელი, პარამეტრები.
-შენი ოჯახი როგორ ხვდება ამ ამბავს?
-ჯერ ერთი, ნამდვილი თბილისური ოჯახი მაქვს. მათ ჩემი ესმით და ისიც იციან, რომ რასაც ვაკეთებ და ვამბობ, იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ასეთი ვარ. ჩემს ძმებს თავზე არასოდეს გადავახტები.
-ია კიწმარიშვილთან სერიოზული კონფლიქტი მოგივიდა...
-ისევ და ისევ ვამბობ, რომ ია კიწმარიშვილის ჩატარებული კონკურსებიდან ერთხელაც არ აირჩა რეალურად კარგი გოგონა. მე არავის არაფერს ვერჩი, მაგრამ რეალობა ასეთია.
-თვითონ არ უნდა ქალბატონ იას, რომ კარგმა გოგონამ გაიმარჯვოს?
-ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავისი სააგენტოს მოდელები გაიყვანოს წინა პლანზე. თქვენ გინახავთ რომელიმე სხვა სააგენტოდან გამარჯვებული გოგონა? არ მინდა ისევ ამ თემას მოვედო, დამღალა ამ ქალმა. ყოველთვის ამბობს, დამწყებ მოდელებს ვირჩევო და მერე აღმოჩნდება, რომ ისინი პროფესიონალი მოდელები არიან.
-შენც თავის დროზე ამის გამო დაგბლოკა?
-ჰო, დამბლოკა... და რა მიიღო? -არაფერი. "მისტერ საქართველოზეც" თავისი მოდელი ბიჭი გაიყვანა. მე ვისზეც ვთქვი, გაიმარჯვებს-მეთქი, ნამდვილად იმან გაიმარჯვა, თუმცა მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
-საკმაოდ დამცინავად საუბრობ ამ თემაზე, არ გეშინია?
-ეს არის შოუბიზნესი, სადაც ყოველთვის ხდება კონფლიქტები. ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ.
-ია კიწმარიშვილი როდის გაიცანი?
-"მისტერ საქართველოზე" მონაწილეობა რომ შემომთავაზა, მაშინ. თუმცა მერე გადაიფიქრა, იცოდა, რომ მე გავიმარჯვებდი (იცინის). სააგენტოშიც მივედი, პასუხი მოვითხოვე, თავიდან დამამშვიდეს, მაგრამ ტელევიზიით სულ სხვა რამ თქვეს. მერე ისევ მივედი და ამას მოჰყვა სკანდალი, რომელიც დღემდე გრძელდება (იცინის).
-ამ ქალბატონს სამოდელო სფეროში დიდი გავლენა აქვს...
-მოკლედ გეტყვით და ია კიწმარიშვილზე დავასრულოთ. მე ყველანაირი მონაცემი მაქვს, რომ კარგი მოდელი ვიყო. რაც უნდა ძლიერი პიროვნება გადამეკიდოს, ვერ დამბლოკავს. როცა ჩვენებას ატარებ, კარგი მოდელი უნდა გაიყვანო, რომ შენი ტანსაცმელი ღირსეულად აჩვენოს. მე ამ განცხადებებს პიარისთვის არ ვაკეთებ, უბრალოდ, თვალს არაფერზე დავხუჭავ. ბევრჯერ ყოფილა მუქარაც, მაგრამ ვერ შემეხებიან. შემეხებიან და უპატრონო არავინ არ არის.
-ტრეფიკინგის მსხვერპლიც იყავი, თუმცა ამ თემაზე დღეს იუმორით ჰყვები...
-ჰო, ყველა მეუბნება გიჟის შთაბეჭდილებას ტოვებო. არ მიყვარს დიდი პრობლემისგან უფრო დიდი პრობლემის შექმნა. ვიყავი ტრეფიკინგის მსხვერპლი, მერე რა?
-არაფერი, კარგია, რომ გადარჩი. ასაკიანი და ფულიანი ქალბატონების გაცნობას როგორ ახერხებ?
-სიტუაციას აღგიწერთ. ალო, გამარჯობა, გიორგი ხართ? -დიახ, თქვენი გაცნობა შეიძლება? ზოგი პირდაპირ მეკითხება, თქვენი მომსახურება რა ღირსო? გაოცებული ვარ, თითქოს მართლა კაცი გამოძახებით ვიყო. ბევრს აგრესიაც გაუჩნდა ჩემ მიმართ, ამბობენ, აი, "კაცი გამოძახებით" მოდის. ასეც არ არის, უბრალოდ, ეს ქალბატონები გარკვეული დროის განმავლობაში მინახავდნენ.
-სექსუალურ უმცირესობას არ შეუწუხებიხარ?
-კი (იცინის), ოღონდ სექსუალური უმცირესობა კი არა, უკვე უმრავლესობაა. გამიგია კიდეც, რომ ვიღაცების ამოჩემება იციან. ისეთი რაღაცები გამიგია ჩემზე, რომ დავფიქრებულვარ, ნეტა მაგ დროს სად ვიყავი-მეთქი.
-ფილმში გადაღება არ შემოუთავაზებიათ?
-უამრავჯერ, მაგრამ ძირითადად როგორც მოდელის რანგში და არა კონკრეტული პერსონაჟის, რომელსაც რაიმე როლი ექნება. ერთხელ გაშიშვლებაც შემომთავაზეს, ოღონდ რეჟისორის სახელი აღარ მახსოვს.
-შოთიკო კალანდაძე იქნებოდა...
-მართალია, კარგი რეჟისორი და კარგი ადამიანია, მაგრამ როცა დამირეკა, არ ვიცნობდი და თან ჩემი ცხოვრება მაშინ იწყებოდა, ამიტომ თავი შევიკავე.
-"სიმართლის დროში" უამრავი სკანდალური განცხადება გააკეთე. ალბათ ბევრი ადამიანი გამოგეხმაურა...
-ჩემმა განცხადებებმა გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ვინც ახლოს მიცნობს, ყველამ თქვა, ასეთი არ ხარ, უბრალოდ, ცუდად გამოჩნდიო. იქ ვთქვი, რომ რესტორანში მუშაობის დროს კლიენტის საჭმელში ჩამიფურთხებია, ძირითადად ამას მოჰყვა დიდი ამბავი.
-იმ რესტორნის მფლობელი არ შეგეხმიანა?
-რატომ უნდა შემხმიანებოდა, მე იმ სამსახურიდან წლების წინ წამოვედი და სხვა ცხოვრება დავიწყე. არაფერს არ ვნანობ, მართლა მინდოდა, ოდესმე იმ ადამიანებისთვის მეთქვა, ვისთვისაც ასე გამიკეთებია. დღეს მიმტანების 90% ასე აკეთებს, როცა კლიენტი ცუდად ექცევა.
-უამრავი სამსახური გამოგიცვლია, ყველაზე უცნაური შეთავაზება გაიხსენე.
-ადრე სტრიპტიზბარში ცეკვა შემომთავაზეს. თავიდან ვერ მივხვდი, რომელი მოცეკვავე მე მნახეთ, არც ქართულს ვცეკვავ და სალსა და ლათინური მე არ ვიცი-მეთქი. არა, ჩვენთან მამაკაცები "სტოლბაზე" ცეკვავენო (იცინის). შინ მისულმა მეგობარს ვუთხარი, "სტოლბა" უნდა ვიყიდო, ჩავარჭო და ზედ ვიტრიალო-მეთქი. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.
-ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ჭორების გამო შეყვარებულს დავშორდიო. ახალი სიყვარული უკვე გეწვია?
-კი (იცინის), თუმცა არ ვიტყვი, ვინ არის. ძველი შეყვარებული ცნობილი სახე არ იყო და დიდი ამბები ატეხეს, ახლა ეს რომ გაიგონ, სულ გადაირევიან. ცნობილი ქალბატონია, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი.
-ახლა რას საქმიანობ?
-უსაქმურად ვარ. ძველი სამსახურიდანაც წამოვედი, გიჟები იყვნენ. ახლახან ჯაბა ქარსელაძემ, რომელიც ჩემი მეგობარია, ახალ, სკანდალურ კლიპში გადამიღო. პრემიერა ოქტომბერში იქნება და დამიჯერეთ, საზოგადოება დიდხანს ილაპარაკებს ამ კლიპზე.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)