"იურმალის" საპატიო სტუმრები საქართველოდან

"იურმალის" საპატიო სტუმრები საქართველოდან

საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი - "ახალი ტალღა 2010" ლატვიაში, საკურორტო ქალაქ იურმალაში ივლისის დამლევს გაიმართა. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კონკურსანტებს შორის საქართველოს წარმომადგენელი არ ყოფილა. სამაგიეროდ, მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყო 16 წლის ანანო ღიბრაძე, რომელიც შარშან საბავშვო მუსიკალური კონკურსის - "ახალი ტალღა 2009" გამარჯვებული გახდა. კონკურსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ორივე ტურში თბილისელ გოგონას ჟიურიმ მხოლოდ უმაღლესი - 11 ქულა მიანიჭა.

მაშინ 15 წლის ანანოს წარმატების შესახებ ჩვენი ჟურნალიც წერდა. ერთ-ერთ საკონკურსო დღეს ანანომ "სულიკო" იმღერა. პუბლიკა ფეხზე წამოუდგა ქართველ გოგონას, მსმენელებს ხელში ანთებული სანთებელები ეჭირათ და საქართველოს დროშას აფრიალებდნენ. გასაგები მიზეზების გამო, რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, საქართველოში ამ კონკურსის არც პირდაპირი ტრანსლირება განხორციელებულა და არც შემდგომ, ჩანაწერი შემოუთავაზებიათ ჩვენთვის, ამიტომ ანანოს წარმატება ბევრისთვის დღემდე უცნობი დარჩა. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ უჭირს ერთმანეთისგან პოლიტიკისა და ხელოვნების გამიჯვნა და იქნებ საკუთარი ემოციების მართვაც, ინტერნეტსაიტებზე ამ საკითხზე მახვილსიტყვაობაში წავარჯიშება გადაწყვიტეს და კონკურსში მონაწილეობის გამო მოზარდი ლამის ერის მოღალატედაც კი გამოაცხადეს!..

მაკო ცერცვაძე, ანანოს დეიდა და პროდიუსერი:

- როცა ანანო საბავშვო "ახალი ტალღა 2009"-ის გამარჯვებული გახდა, ერთ-ერთ ჯილდოდ ერგო მიწვევა უფროსების "ახალ ტალღა 2010"-ზე. ეს იყო საგზური იურმალაში ორ პიროვნებაზე, ყველანაირი დაფინანსებით, გათვალისწინებული იყო აგრეთვე მიწვევა იქ დაგეგმილ ყველა ვახშამსა და ბანკეტზე. იურმალაში კონკურსის დაწყებამდე 4-5 დღით ადრე ჩავედით, რადგან ანანოს უნდა ჩაეწერა სიმღერები ტიმატისთან, ლარა ფაბიანთან. ერთი საკონკურსო დღე მთლიანად მიეძღვნა კომპოზიტორ დავიდ ტუხმანოვის შემოქმედებას და ერთი სიმღერა იქაც უნდა შეესრულებინა ანანოს. გარდა ამისა, უნდა ჩაეწერა კონკურსის საფინალო სიმღერა და "ახალი ტალღის" ჰიმნი.

იურმალაში 17 ივლისს ჩავედით. ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყვეს. კონკურსი ტონი ბრექსტონმა გახსნა. სხვათა შორის, სტუმრებსა და კონკურსანტებს შორის ხშირად ისმოდა კითხვა: რატომ არ მონაწილეობენ ქართველებიო? სანამ თბილისიდან გავემგზავრებოდით, პრესაში წავიკითხეთ, თითქოს ქართველ კონკურსანტებს "ახალ ტალღაში" მონაწილეობაზე მხოლოდ იმიტომ უთხრეს უარი, რომ ჩვენს ტელევიზიებს კონკურსის ტრანსლირების უფლება არ შეუძენიათ. ამ საკითხით იურმალაშიც დავინტერესდი და, როგორც იქ მითხრეს, წლეულს კასტინგზე ვერც ერთმა ქართველმა ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებსაც კონკურსის ფორმატი ითვალისწინებდა. მინდა გითხრათ, რომ არც ანანოს დროს იყო საეთერო დრო ნაყიდი, მაგრამ ჩვენ კონკურსზე მაინც დაგვიშვეს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

- ჟიურის წევრები და კონკურსის ორგანიზატორები როგორ შეგხვდნენ, რაზე ისაუბრეთ?

ანანო ღიბრაძე:

- ყველა ძალიან თბილად შემხვდა, გაოცებას ვერ ფარავდნენ, - როგორ გაზრდილხარო!.. რეპეტიციების დროს ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ალექსანდრ რევზინთან, იგორ კრუტოისთან, ალექსანდრ რუმიანცევთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. გახსნის ცერემონიაზე ვალერი და კონსტანტინ მელაძეებთან ერთად გავიარე წითელ ხალიჩაზე. როგორც მითხრეს, ეს მათი და რევზინის ერთობლივი ჩანაფიქრი იყო. ძმებმა მელაძეებმა იცოდნენ, რომ ქართველი ვარ და ჩემი სიმღერაც მოსმენილი ჰქონდათ. მახსოვს, მოსკოვში ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, ვალერი მელაძემ რევზინს ტელეფონით დაურეკა - საორგანიზაციო საკითხების გარკვევა უნდოდა. სწორედ ამ დროს გავდიოდი რეპეტიციას. საუბრის დასასრულს რევზინმა მელაძეს უთხრა: მოიცადე ერთი წუთი, "შენი" ქართველი მღერის, უნდა მოგასმენინოო და ტელეფონით მოასმენინა ჩემი სიმღერა.

- როგორც ვიცი, კონკურსს სხვა ქართველებიც ესწრებოდნენ, ვინც უცხოეთში განაგრძობს კარიერას...

- ქეთა თოფურიამ იმღერა ჯგუფ "ა სტუდიოსთან" ერთად. ბესიკ შპეტიშვილი, იგივე ბრენდონ სტოუნი იყო ჩამოსული. Bბესოსა და მის ოჯახს კარგად ვიცნობ, გარკვეული დროის განმავლობაში გერმანიაში მათ სახლში ვცხოვრობდი. 2005 წელს გერმანიაში გასამგზავრებლად, საქართველოდან 12 ნიჭიერი ბავშვი შეარჩიეს და მათ შორის მეც ვიყავი. ბახის სკოლაში მქონდა კონცერტები და ორი კვირა ბრენდონთან სახლში ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ადამიანია. ახლაც, კონკურსზე თბილად მომიკითხა, გავიხსენეთ გერმანიის ამბები.

- რამდენად ძლიერი მომღერალია კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული - სონა შახგელდიანი?

მაკო:

- მოგეხსენებათ, როცა საკონკურსო განაცხადში არის საქართველოს წარმომადგენელი, ყველა მონაწილეს ქვეცნობიერად შიში იპყრობს, ვინაიდან ჩვენს ძარღვებში გენეტიკურად დევს მუსიკალური ნიჭი... რაც შეეხება სონას - ის კარგი მომღერალია, ყველა კონკურსანტისაგან გამოირჩეოდა ხმის სპეციფიკური ტემბრით. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ კონკურსზე იმასაც კი ამბობდნენ, - ქართველებს რომ მიეღოთ მონაწილეობა, კონკურენცია გაცილებით დიდი იქნებოდაო.

- ამბობენ, წლევანდელ კონკურსს ალა პუგაჩოვა არ დასწრებია, რატომ?

- სხვათა შორის, კონკურსის მსვლელობისას მე და ანანო ძალიან საპატიო ადგილას, ჟიურის უკანა რიგში ვისხედით - იქ, სადაც ცნობილი ვარსკვლავები სხედან და ალა პუგაჩოვა ზის ხოლმე. პუგაჩოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მუსიკალურ კონკურსს. იურმალაში ის მერე, სამკურნალოდ ჩავიდა... თავდაპირველად ჩვენს მეზობლად მსხდომი ვარსკვლავები და მათი თანმხლებნი გაკვირვებულნი შემოგვყურებდნენ მე და ანანოს. კონკურსის მეორე დღეს უკვე თბილად გვესალმებოდნენ, მომდევნო დღეებში კი მეგობრულად მოგვიკითხავდნენ ხოლმე, - ჩვენებიც აქ ყოფილანო!..

ერთ-ერთი საკონკურსო დღე იგორ კრუტოის დაბადების დღეს დაემთხვა. ბუნებრივია, სცენიდანაც მიულოცეს და როცა ჩვენ წინ ჩაიარა, მე და ანანომაც გამოვხატეთ საუკეთესო სურვილები. მადლობა გადაგვიხადა და დაგვპატიჟა: ხომ იცით, დღეს რესტორანში გელოდებითო. ეს ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს, სასიამოვნო იყო ჩვენთვის, რადგან მასთან წვეულებაზე მხოლოდ ვარსკვლავები და ცნობილი ბიზნესმენები იყვნენ დაპატიჟებული. მაგალითად, რომან აბრამოვიჩი საგანგებოდ მისი დაბადების დღისთვის, იურმალაში საკუთარი იახტით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ძმები მელაძეები და ქეთა თოფურია. კრუტოის დაბადების დღე მდინარის პირას მდებარე ულამაზეს რესტორანში გაიმართა. ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ ცნობილი მომღერლები - ირინა დუბცოვა, ნიუშა და სხვები. დღესასწაულის დასასრულს უზარმაზარი ტორტი გაჭრეს, რომელსაც კარამელისგან დამზადებული, თეთრ როიალთან მჯდარი კრუტოის თოჯინა ამშვენებდა.

- ანანო უკვე იმ ასაკშია, რომ მომავალი წლიდან შეძლებს, ახალგაზრდულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა...

- ჯერჯერობით ამაზე არ ფიქრობს, რადგან ჯერ უნდა, მაქსიმალური დრო სწავლას დაუთმოს და იურისტის პროფესიას დაეუფლოს. სექტემბრიდან ისევ ინტენსიურად ვიწყებთ მომზადებას საესტრადო ვოკალში. თუმცა ანანო იმდენად "სპონტანური" ადამიანია, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ უეცრად 2011 წლის კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტოს. მე მგონი, 16 წლის მომღერლისთვის ეს კონკურსი ცოტა ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ ანანოს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა. ასეთ კონკურსებზე კონტრასტი ახალბედებსა და პროფესიონალებს შორის ყოველთვის თვალში საცემია. მაგალითად, ფინეთიდან ჩამოსული იყო 16 წლის მომღერალი, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა გამოუცდელობით მასზე ასაკით უფროსი კონკურსანტებისგან. შესანიშნავად მღეროდა რეპეტიციებზე, მაგრამ სცენაზე რატომღაც, "იკარგებოდა".

- როგორც ვიცი, "ახალი ტალღიდან" "არტეკში" გაემგზავრეთ...

- ამიერიდან მუსიკალური კონკურსი - "საბავშვო ახალი ტალღა" - "არტეკში" გაიმართება. თანაც, წლეულს "არტეკს" დაარსებიდან 85 წელი შეუსრულდა. თარიღი, უკრაინის პრეზიდენტის პატრონაჟით, საკმაოდ პომპეზურად აღნიშნეს. საბავშვო კონკურსს უკრაინის ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ, კონკურსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა და პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართვა წაიკითხა. 5000-კაციანი სტადიონი ხალხით იყო სავსე. ანანომ იქ ცნობილ ჯგუფ "რანეტკებსა" და "გოროდ 312"-თან ერთად იმღერა. ორივე სიმღერა ანანოს რეპერტუარისგან იმდენად განსხვავებული იყო, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ იგორ კრუტოიმ გაოცება ვერ დამალა და ანანოს უთხრა: ყოჩაღ, ეს რა ცეცხლის დანთება შეგძლებია სცენაზეო!..

ძალიან მძიმე და დატვირთულ რეჟიმში გვიხდებოდა მუშაობა. ცხელოდა და ორგანიზატორები ცდილობდნენ, რეპეტიციები გვიან საღამოსთვის დაეგეგმათ. ზოგჯერ ღამის 12 საათზეც კი იწყებდნენ და დილის 3 საათამდე გრძელდებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სოფია როტარუ, ვალერი ლეონტიევი, ფილიპ კირკოროვი, ლაიმა ვაიკულე, ალსუ და სხვები. წლეულს ბავშვთა შორის "ახალი ტალღა 2010"-ის გამარჯვებულები უკრაინელი დები - ვიკა და ანასტასია პეტრიკები გახდნენ.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მონაწილეობას საბავშვო "ახალ ტალღაში"...

- მართალი გითხრათ, არა ვარ ამ ინტერნეტფორუმის მომხმარებელი, უბრალოდ, იურმალაში წასვლამდე ვეძებდი ინფორმაციას ანანოს შესახებ და შემთხვევით აღმოვაჩინე ეს "ფრთაშესხმული თემა". პირველ რიგში, როცა რაღაც ფაქტზე მსჯელობ, ჩემი აზრით, ან კომპეტენტური უნდა იყო, ანდა სრულ ინფორმაციას მაინც ფლობდე აღნიშნულ თემაზე, - ვგულისხმობ ინტერნეტსაიტს, რომელზეც წერდნენ ანანოს შესახებ და სრულიად სხვა ბავშვის ფოტო ჰქონდათ გამოტანილი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ლანძღავენ ბავშვს, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა და გაიმარჯვა. როცა ანანო კონკურსზე "სულიკოს" მღეროდა, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, მსმენელებს ანთებული სანთებელები ეჭირათ ხელში და მასთან ერთად ღიღინებდნენ. როცა სცენიდან ჩამოვიდა, ყველა - მოხუცი თუ ახალგაზრდა - ჰკოცნიდა ანანოს და ეუბნებოდა: შენ ჩვენში საქართველოსადმი ახალი სიყვარული გააღვიძეო!.. თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე სპორტსა თუ ხელოვნების სფეროში მოპოვებული ყველა ჯილდოს მფლობელი ქვეყნის მოღალატედ უნდა გამოვაცხადოთ?!.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება