ბებიის თვალით დანახული ვარსკვლავი: "სოფოს ასეთი ნიჭი ღმერთმა აჩუქა"

ბებიის თვალით დანახული ვარსკვლავი: "სოფოს ასეთი ნიჭი ღმერთმა აჩუქა"

უკვე ორმოცდამეათე წელია, რაც ქალბატონი ჯაჯალა აბრამიძე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. კეთილგანწყობის გამოსახატავად, ერთხელ მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელს - არც მეტი, არც ნაკლები - ჩოჩორი აჩუქეს! გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალბატონი ჯაჯალასთვის მიძღვნილი ორიგინალური "საჩუქარი" თბილისში ცხოვრობდა, კედლის სარკეში ინტერესით იყურებოდა - შეიძლება, იპრანჭებოდა კიდეც...

ბუნებრივია, ჩოჩორი თბილისურ ბინაში დიდხანს ვერ იცხოვრებდა. ამიტომ მასწავლებლის მშობლიურ ვანში გაამგზავრეს... ვანელმა სამეზობლომ მოსწავლეების საჩუქარი შვლის ნუკრად მიიჩნია. როცა ყველაფერი გაირკვა, ჩოჩორი "ჯაჯალას ლურჯად" "მონათლეს". ვანში დარჩენილი, მეზობლისთვის ჩაბარებული "ჯაჯალას ლურჯა" თხაში გაცვალეს, თხა კი - დაკლეს და შეჭამეს...

ამჟამად, ქალბატონი ჯაჯალა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება. თავისი მოსწავლეები ძალიან ენატრება. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ გაკვეთილების მსვლელობის დროს, სკოლის დერეფნებში "ბუსუნი" არ ისმის ხოლმე!.. კიდევ იმით ამაყობს, რომ საკუთარი შვილები და შვილიშვილი, ცნობილი მომღერალი - სოფო ნიჟარაძე სკოლაში (სადაც თავად მუშაობს) სანიმუშო მოსწავლეები იყვნენ...

- ჩემი ქალიშვილის (სოფოს დედის) - ქეთის გათხოვების ამბავს კინაღამ ვემსხვერპლე: თეატრში წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა - გათხოვდა! დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე. სასიძოს არ ვიცნობდი. საბედნიეროდ, ჩემი შვილი ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა. არაჩვეულებრივი დედამთილი ჰყავს - ლამარა ნემსიწვერიძე ქუთაისის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ, ძალიან ნიჭიერი ქალბატონია.

- ქალბატონი ლამარა სოფოს ის ბებია გახლავთ, რომელმაც თურქი ნათესავები ახლახან იპოვა?

- კი, დედით თურქი გახლავთ. პატარა იყო, სოფოს ბაბუამ რომ მოიტაცა და ცოლად შეირთო. შემდეგ მისი ოჯახის წევრები თურქეთში წავიდნენ და ერთმანეთი დაკარგეს - მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა იოლი არ იყო. წლების შემდეგ, თურქი ნათესავები სოფომ შემთხვევით აღმოაჩინა. ბებია თურქეთში დეიდაშვილის შვილის ქორწილშიც წაიყვანა. იქიდან კმაყოფილები დაბრუნდნენ... როცა სოფო მოსკოვში ცხოვრობდა, მასთან ხან დედა იმყოფებოდა, ხან - ბებია; გოგონას ერთი დღითაც არ ტოვებდნენ მარტოს.

- სოფოს გარდა, შვილიშვილები კიდევ გყავთ?

- კიდევ 2 შვილიშვილი მყავს: სოფოს ძმა - ირაკლი, ჩემი ვაჟიშვილისგან კი - პატარა იოანე, რომელსაც იოს ვეძახით. სოფოს სიგიჟემდე უყვარს იო! მისთვის საჩუქრები ყუთებით მოაქვს - სად წავიღო, სად დავმალო, აღარ ვიცი (იცინის)!

- საჩუქრებით თქვენც ხშირად განებივრებთ?

- რა თქმა უნდა! ყველას მიმართ ყურადღებიანია. "ევროვიზიის" შემდეგ ბევრ ქვეყანაში მიიწვიეს. შემპირდა, საბერძნეთში წაგიყვანო. ცოტა "კოსმეტიკურად მოვეწყობი" და ალბათ გავყვები.

- სოფოსა და ირაკლის ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- და-ძმას ერთმანეთთანაც და მშობლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ - ერთმანეთის "დაქალები" და "ძმაკაცები" არიან. 24 წელიწადია, ჩემი ქალიშვილი და მისი დედამთილი ერთად, დედაშვილურად ცხოვრობენ. ქეთის დედამთილი მეც ძალიან მიყვარს, დებივით ვართ...

- სიმღერის ნიჭი სოფოს ძმასაც ხომ არა აქვს?

- ირაკლიც ისევე კარგად მღერის, როგორც სოფო. როცა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე იმღერა, ხალხი ლამის ჭკუიდან შეიშალა: მანამდე მისი ამ ნიჭის შესახებ არაფერი იცოდნენ! ბავშვობაში ირაკლის ყურადღების მიპყრობა უყვარდა - საშინლად ტიროდა ხოლმე. ასეთი წყნარი თუ იქნებოდა, როგორიც ახლა, არავის ეგონა. სოფოს სიმღერას არ აცდიდა. სამაგიეროდ, თავად დაიწყებდა ხოლმე: "აქეთ გორასა წიხლსა ვკრავო" (იცინის)... ამჟამად ირაკლი "ფინანსებსა და ეკონომიკაზე" სწავლობს, მეოთხე კურსის სტუდენტია. თან მუშაობს.

- თუ არ ვცდები, სოფოც სწავლობს, არა?

- კი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, პარალელურად - სტუდენტიცაა, ოღონდ რომელ ფაკულტეტზე სწავლობს, ზუსტად არ ვიცი, მგონი - "საერთაშორისო ურთიერთობებზე". გარდა ამისა, მოსკოვში "გიტისი" (თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. - ავტ.) და გნესინების აკადემია დიდებულად დაამთავრა - არტისტია. სკოლის დამთავრებისას ჟურნალისტობა სურდა, მაგრამ უცბად პროდიუსერმა მოსკოვში წაიყვანა. იქ მაღალ წრეში ტრიალებდა. ყველგან თავი გამოიჩინა - მიუზიკლების ვარსკვლავია: "რომეო და ჯულიეტაში" ჯულიეტა იყო, "ჩხიკვთა ქორწილში" - ქეთევანი, "ნოტრ დამში" - ესმერალდა... აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოშიც გამოჩნდა და ხომ ხედავთ, რა ამბავია (იცინის)?! ბათუმში კრის დე ბურგის კონცერტზე რომ გამოვიდა, ნახეთ?

- კი. კონცერტს ესწრებოდით?

- არა, მგზავრობას ვერიდები, რადგან ცოტათი გული მაწუხებს. კონცერტს ტელევიზიით ვუყურებდი - რა ამბავი იყო! სოფო ძალიან თავმდაბალია, მაგრამ მე ვეუბნები, - ჩემი ვარსკვლავი, ჩემი მსოფლიო ხარ-მეთქი (იღიმის)!..

- სიმღერის ნიჭი ვისგან გამოჰყვა?

- მამაჩემი მღეროდა თურმე. ჩემს ქმარსაც ძალიან კარგი მუსიკალური სმენა ჰქონდა - თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა... სოფოს ასეთი ნიჭი ღმერთმა აჩუქა!

- სოფოს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით?

- მის პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი. ფაქტია - ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ბავშვობაში, როცა სიმღერებზე მუშაობდა, ბიჭები მისი სახლის ფანჯრებთან იდგნენ და უსმენდნენ. მთელ სკოლას უყვარდა! ძალიან მკაცრია. ვინ რას გაუბედავს?! ჭკვიანი გოგონაა. მის ყოველ ნაბიჯს პატივს ვცემ. ვიცი, ცუდს არაფერს გააკეთებს.

- ბავშვობაში როგორი იყო?

- პატარაობიდანვე ღიღინებდა. კერძო ბაღში დადიოდა. იმ პერიოდის ფოტოებზე გრძელ, ლამაზ კაბებში გამოწყობილია აღბეჭდილი. 6 წლის იყო, ფილმში - "იავნანამ რა ჰქნა?" - რომ იმღერა, 10 წლის ასაკში კი ლა სკალაში - მსოფლიო ფესტივალზე შეასრულა სიმღერა და საქართველოში დიდი გამარჯვებით დაბრუნდა. ჩემს შვილიშვილზე კარგს რომ ვამბობ, ოჯახის წევრები შავ დღეს მაყრიან, - ტრაბახობო! სიმართლეს ვამბობ, განა ეს ტრაბახია?! არაჩვეულებრივად მღერის. სკოლაში გაკვეთილებს კი ათჯერ უკეთესად სწავლობდა - ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი იყო! დედამისი წიგნებით ყველგან თან დაჰყვებოდა. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში დათო დოიაშვილმა აღნიშნა: ბორჯომში "ბროლის ნაძვის ხე" რომ ტარდებოდა, დავინახე - სოფო რაღაცას კითხულობდა; ვიფიქრე, სიმღერისთვის ლექსს სწავლობს-მეთქი; თურმე ფიზიკას მეცადინეობდაო (იცინის).

ზოგჯერ დილაობით ჩემს ქალიშვილს შინ გავუვლიდი და შვილიშვილები სკოლაში მიმყავდა. დილით ბავშვები ჩაის სვამდნენ, ჩემს შვილს კი ხელში წიგნი ეჭირა და გაკვეთილებს ამეორებინებდა - "დახოცა" ბავშვები (იცინის)! შესაბამისად, ყველა საგანში კარგი განათლება მიიღეს. სოფოს ქართულს გულიკო ბიწაძე ასწავლიდა, ისტორიას კი - ცირა კასრელიშვილი. ჩემმა შვილიშვილმა საქართველოს ისტორია ძალიან მაგრად იცის და საერთოდ, საქართველოზე გიჟდება! სამშობლო რომ უყვარს, რუსეთში კარიერა იმიტომაც მიატოვა. ახლა მოსკოვში მიიწვიეს, მაგრამ წავა თუ არა, არ ვიცი. რაც სათქმელია, თავად მეუბნება, - მის საქმეში ზედმეტად არ ვერევი.

- მოსკოველ მეგობრებს ხშირად ეკონტაქტება?

- კი. მიუზიკლში სოფოს პარტნიორი "რომეო" თბილისშიც ჩამოვიდა...

- ქიმიის მასწავლებელი ბრძანდებით, არა?

- დიახ. ორმოცდამეათე წელი დაიწყო, რაც ერთსა და იმავე სკოლაში ვასწავლი, არ მიშვებენ (იცინის). ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. დღე არ გადის ხოლმე, რომ XI-XII კლასების მოსწავლეები ჩემს კაბინეტში არ შემოვიდნენ და არ მომეფერონ. ჩემი მასწავლებლობის მანძილზე, არ მახსოვს, გაკვეთილზე ვინმეს ხელი შეეშალოს და გული მომსვლოდეს. ორიანიც არავისთვის დამიწერია. ადრე გითხარი კიდეც, რომ ერთ ბავშვს დავემუქრე, - თუ ნიშანი დაგიწერო, ხელი მომტყდეს-მეთქი! წლის ბოლოს ნიშანი მაინც დავუწერე და ხელიც მომტყდა (იცინის)!.. სკოლაში არავისთვის მიწყენინებია, არავისთან მიჩხუბია.

- განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში გატარებული რეფორმები მოგწონთ?

- საერთოდ, ჩვენი მთავრობა მომწონს. ცხოვრება აშკარად წინ მიდის - ბევრი კარგი რაღაც კეთდება. აბა, შევარდნაძის პრეზიდენტობის დრო სჯობდა?! იმ საშინელ პერიოდს რა დამავიწყებს?! განათლების სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებსაც მივესალმები. მომწონს, რომ სკოლებში მანდატურები შევლენ, მაგრამ ისინი შპიონებად კი არ უნდა იქცნენ, არამედ მოსწავლეებთან უნდა იმეგობრონ და საქმე ისე გააკეთონ. ერთადერთი, რაც არ მომწონს, სასკოლო სახელმძღვანელოების ხშირი ცვლაა. იმედია, ამ პრობლემას მოაგვარებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება