"არ ვარ ის ქალი, დავჯდე და ცრემლები ვაღვარღვარო"

"არ ვარ ის ქალი, დავჯდე და ცრემლები ვაღვარღვარო"

"არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ლაპარაკი, პირადი ამბების საჯაროდ გამოტანა რომ მსურდეს, კითხვების დასმა არ გამიჭირდებოდა, დავჯდებოდი და პასუხებს თვითონ დავწერდი", - გაგვაფრთხილა საუბრის დაწყებისთანავე მოდელმა კრისტი ყიფშიძემ, თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ მაინც მოუხდა ლაპარაკი.

- ამ ზაფხულს ბათუმში დავისვენე. ორი დღით ჩავედი - სილამაზის კონკურს "მის სტუდენტის" ჟიურიში ვიყავი მიწვეული, მაგრამ იქაურობა ისე მომეწონა, ათ დღეს დავრჩი.

- კრისტი, მოდელის პროფესიისთვის არასოდეს გიღალატია. არ გიფიქრია, შენი შესაძლებლობების წარმოჩენა უცხოეთშიც გეცადა?

- ჩემი სამოდელო კარიერის დასაწყისი ცუდ პერიოდს დაემთხვა - იყო არეულობა, ომი... მაგრამ რასაც მივაღწიე, იმითაც კმაყოფილი ვარ და დღემდე მიკვირს, იმ საშინელ პერიოდს როგორ დავუძვერი, აქამდე როგორ მოვედი. დღეს უფრო ადვილია სამოდელო სფეროში ფეხის მოკიდება. 32 წლის ვარ, 15 წელია სამოდელო სფეროში ვმუშაობ და ყველაფერში ვერკვევი, ამიტომ ამიერიდან უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავ.

- მაინც რას?

- არ ვამბობ, რომ რომელიმე ქვეყნის სამოდელო სივრცეს დავიპყრობ, თუმცა არ არის გამორიცხული, როგორც გამოცდილი მოდელი, სადმე, პრესტიჟულ ჩვენებაზე მიმიწვიონ. ვნახოთ... მთავარია, რომ არ ვჩერდები და რაც მე დამაკლდა კარიერის თვალსაზრისით, ყველაფერს ჩემს შვილს გავუკეთებ. ვეცდები, რომ ჩემმა პატარა ნატაშკამ კარიერა საზღვარგარეთ განაგრძოს.

- ანუ, ნატაშკა მომავალი მოდელია?

- ჯერ კიდევ მუცელში მეჯდა, როდესაც ფოტოებს უღებდნენ (იცინის). რაც დაიბადა, ჟურნალების გარეკანიდან არ ჩამოსულა, წამოიზარდა და პოდიუმზე გავიდა. 5 წლისა იყო ფილმ "სტალინი ლაივ"-ში ეპიზოდურ როლში ათამაშეს, ახლახან კი ჰოლივუდელმა რეჟისორმა რენი ჰარლინმა ფილმ "ჯორჯიაში" გადაიღო, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებზეა აგებული. ამ ფილმში ნატაშკამ ლტოლვილი ბავშვი განასახიერა. გადაღებების შემდეგ კი გამომიცხადა, მსახიობობა მსურსო.

- მამის გზა აურჩევია...

- ძალიან ნიჭიერი ბავშვია, თუმცა ჯერ ვერც ჩვენ გაგვიგია, საით წავა. ახლა ახალი ჰობი აქვს - მთელი დღე ქარგავს და კერავს. მერე უცებ ფოტოაპარატს ამოიჩემებს და ფოტოგრაფობს. პატარა ხელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ შვილი მყავს. დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! მინდა, კიდევ მყავდეს შვილი, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებაა.

- რამდენი წლისა გახდი დედა?

- 23 წლის ვიყავი, ნატაშკა რომ მეყოლა.

- ამჟამად მარტო ხარ?

- დიახ, ამჟამად არ ვარ შეყვარებული და მიმაჩნია, რომ კარგი პერიოდი მიდგას, ჩემთვის, წყნარად ვცხოვრობ. დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ასე ყოფნაც საჭიროა. არც იმის მოთხოვნა მაქვს, რომ მამაკაცი მყავდეს გვერდით. ბევრი დარდობს, როცა მარტოა, მე კი შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, შენი გული რომ მოიგოს?

- იდეალური არც ქალი არსებობს და არც მამაკაცი. ასე რომ, იდეალს არ ვეძებ. ჩემთვის მთავარია, მაფასებდეს და პატივს მცემდეს.

არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც მამაკაცის ავკარგიანობას მისი ჯიბის სისქით ზომავენ. ბევრი კარგი, ახალგაზრდა და ლამაზი გოგო მინახავს, რომელიც ცოლად მდიდარ, შეუხედავ, ასაკოვან მამაკაცს გაჰყოლია. ასეთ გოგოზე შთაბეჭდილება მეკარგება და მისი არც პატიოსნება მაინტერესებს და არც არაფერი, რადგან მან ყველაფერი ფულზე გაცვალა.

- პლასტიკური ოპერაცია არ გაქვს გაკეთებული?

- არა და არც ვაპირებ. არ გეგონოთ, თავი იდეალური სილამაზის პატრონად მიმაჩნდეს, მაგრამ რომ გავიკეთო და არ მომიხდეს, მერე სად წავიდე? თმასაც კი იშვიათად ვიჭრი, რადგან გარეგნობაში რამის შეცვლა არ მიყვარს. 32 წლის ვარ. სულ რაღაც, 51 კილოგრამს ვიწონი და ასაკი საერთოდ არ მეტყობა.

- ყოფილ მეუღლესთან, გიორგი ყიფშიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ისეთი, როგორიც ყველა ცივილიზებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

- კრისტი, გიორგისთან განშორების შემდეგ კიდევ ერთხელ დაქორწინდი, მაგრამ დღემდე გიორგის გვარს ატარებ.

- როდესაც გიორგი ყიფშიძეს გავყევი ცოლად, ლაპარაკი ჩამოვარდა იმაზე, გადავიდოდი თუ არა ქმრის გვარზე და გიორგიმ ჩემ ნაცვლად განაცხადა, გადმოვაო. ასე გავხდი ყიფშიძე. ორი წლის შემდეგ კი საქართველოს სახელით ბაქოში, სილამაზის კონკურსზე მომიწია გამგზავრებამ. წავედი გიორგის გვარით და აი, ასე შემრჩა გვარი ყიფშიძე.

- არასდროს მოგსურვებია საკუთარი გვარის დაბრუნება?

- რატომ? ოფიციალურად დღემდე გიორგი ყიფშიძის ცოლი ვარ. თან ჩემს შვილს სურს, მის გვარს ვატარებდე.

- ჯერ კიდევ გიორგის ფაქტობრივი მეუღლე იყავი, როდესაც მსახიობ ია სუხიტაშვილსა და შენს მეუღლეს რომანი ჰქონდათ...

- (მაწყვეტინებს) იცი, რას გეტყვით? არ მაინტერესებს, ია სუხიტაშვილს ვისთან ჰქონდა რომანი. საერთოდ, არ მაინტერესებს ეგ ადამიანი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე და გიორგის იას გამო არ დაგვინგრევია ოჯახი.

- ცხოვრებაში რამეს თუ ნანობ?

- არაფერს. არ ვარ ის ქალი, დავჯდე და ცრემლები ვაღვარღვარო, ესა თუ ის რატომ გავაკეთე-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო. წარსულში ქექვა არ მჩვევია.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება