კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებმა შექსპირის 3D-პორტრეტი შექმნეს. პორტრეტზე ზუსტად არის გამოსახული შექსპირის სახის ნაკვთები, ნაოჭები და მეჭეჭებიც კი. პორტრეტის შექმნა დიდი დრამატურგის გარდაცვალების შემდეგ მისი სახიდან აღებული ნიღბის წყალობით მოხერხდა, წერს "The Daily Mail"-ი. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, მიღებული გამოსახულება დრამატურგის სხვა ცნობილი პორტრეტებისგან რადიკალურად განსხვავდება.
შექმნილი ფოტო დოკუმენტური სერიალის ნაწილი გახდება, რომლის სახელწოდებაცაა "სიკვდილის შემდგომი ნიღბები" და რომლის ჩვენებაც ტელეარხ "History Channel"-ზე 13 სექტემბრიდან დაიწყება. შექსპირის გარდა კინოსურათის შემქმნელებმა, რეჟისორ სტიუარტ კლარკის ხელმძღვანელობით, სხვა ცნობილი ადამიანების სამგანზომილებიანი გამოსახულებებიც შექმნეს - ნაპოლეონ ბონაპარტის, იულიუს კეისრის, ჯორჯ ვაშინგტონისა და აბრაამ ლინკოლნის.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორის აზრით, მსგავსი ფოტოების შექმნის შესაძლებლობა მაყურებელს საშუალებას მისცემს "ახლებურად შეხედონ ცნობილი ადამიანების წარსულს".
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.