"The Beatles"-ის ყოფილ წევრს, სერ პოლ მაკარტნის ამერიკული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯორჯ კენედის სახელობის პრემია მიანიჭეს, წერს გაზეთი "The Daily Telegraph"-ი. პრემიის გადაცემის 33-ე ცერემონია, რომელსაც სხვებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრება, 2010 წლის დეკემბერში ვაშინგტონში გაიმართება.
პრემიის მინიჭების დროს კენედის ცენტრის წარმომადგენელმა 68 წლის ბრიტანელი მუსიკოსი დაახასიათა, როგორც "ყველა დროის ყველაზე წარმატებული სიმღერების ავტორი". თავად მაკარტნიმ კი საპასუხოდ განაცხადა: "70-იან წლებში ჯონ კენედი ჩვენი ხატი იყო, მისი მმართველობის პერიოდი კი მრავალი ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება".
აღსანიშნავია, რომ სერ პოლ მაკარტნი ამ ჯილდოზე 7 წლის წინაც იყო ნომინირებული, თუმცა ვაშინგტონში ჩასვლა მაშინ ბიძაშვილის ქორწილის გამო ვერ შეძლო. "ამიტომაც პირველ ყოვლისა ჩვენ მას ვკითხეთ, დეკემბრის პირველ კვირას მისი რომელიმე ნათესავი ხომ არ ქორწინდება", - იხუმრა ცერემონიის ორგანიზატორმა ჯორჯ სტივენსმა.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.