სად გარბის რუსკა მაყაშვილი ხელფასის აღებისთანავე

სად გარბის რუსკა მაყაშვილი ხელფასის აღებისთანავე

მსახიობ რუსკა მაყაშვილს დღის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, მთელ დღეს რეპეტიციაზე ან გადაღებაზე ატარებს, თუმცა დღის ბოლოს, რა დროც უნდა იყოს, შეყვარებულისთვის მაინც იცლის, მისი დღე კი ტელევიზორის ფონზე დაძინებით მთავრდება. ამჯერად გადავწყვიტეთ რუსკა მაყაშვილის ერთი დღისთვის გადაგვეხედა და თქვენთვის მისი რეჟიმისა და საქმიანობის შესახებ გვეამბო.

- თუ რეპეტიცია მაქვს, დილით ერთი საათით ადრე ვდგები და გავრბივარ. 24 საათის განმავლობაში თუ რვა საათი არ დავიძინე, დაღუპული ვარ. კარგად გამოძინების შემთხვევაში დილით შხაპს ვიღებ, ვიცვამ და ყოველგვარი საუზმის, ყავა-ჩაის გარეშე გავრბივარ რეპეტიციაზე, თეატრში, რომელიც სამის ნახევრამდე გრძელდება, ამის შემდეგ პირდაპირ სერიალის გადაღებაზე მივდივარ, მერე ისევ თეატრში ვბრუნდები და ვარ მთელი დღე გადარბენებზე.

- დილით თავის მოწესრიგებისთვის რა დრო გჭირდება?

- არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები, მთავარია, რეპეტიციაზე დროულად მივიდე. უმთავრესია, მივიღო შხაპი და უკვე თავს მოწესრიგებულად ვთვლი. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მაკიაჟს, დროც რომ მაქვს, მაშინაც არ ვიღებები, მხოლოდ მაშინ ვიკეთებ მაკიაჟს, თუ განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ. ამ პროცედურისთვის ადრე ადგომას მირჩევნია დავიძინო. ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას და გარშემო მყოფი ადამიანებიც ჩემს ასეთ მდგომარეობაში ყურებას არიან მიჩვეული (იღიმება).

- თუ დრო გაქვს, საშინაო საქმეებს აკეთებ, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება თუ გეხერხება?

- უდროობის გამო უკვე დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია, ისე, ყველაფერი მეხერხება. საჭიროების შემთხვევაში თავს მოვაბამ ყველაფერს, დალაგებასაც და კერძის მომზადებასაც.

- პროდუქტის საყიდლად თუ "გაიშვები"?

- არა, არ გავიშვები, იმიტომ, რომ იქვე ვტოვებ ან ხურდას, ან კიდევ იმ პროდუქტს, რომელშიც ფული უკვე გადახდილი მაქვს. პრინციპში, ეს ადრე ხდებოდა, ახლა უფრო დავიხვეწე და მგონი, ასეთ რაღაცებს აღარ გავაკეთებ.

- ეს რაც შეეხებოდა პროდუქტს, მაგრამ შოპინგზეც ასე ხარ?

- არა, რას ამბობ, უკვე ამის სპეციალისტი ვარ. ჩემმა დამ არასდროს იცის რა უნდა, მე კი პირიქით ვარ, ყოველთვის ვიცი რა მინდა და რა მომწონს, მაშინვე ჩემს ზომას ვითხოვ და თუ აქვთ, დაუყოვნებლივ ვყიდულობ. ამ მხრივ ცოტა ავადმყოფი ვარ, როგორც კი ხელფასს ვიღებ, მაშინვე მაღაზიებში გავრბივარ. შეიძლება ვიყიდო რაღაც და მერე არც კი ჩავიცვა, დავდო ან გავაჩუქო, ეს პროცესი ძალიან მიყვარს.

- როგორც მივხვდი, დღის განმავლობაში ბევრს მოძრაობ, რით გადაადგილდები?

- კი, ძალიან ბევრს დავდივარ და ჩემი გადაადგილების საშუალება ტაქსია, სამწუხაროდ, მანქანა ჯერ არ მყავს, ისე, ავტომატიკის მართვა ვიცი, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს, არ მცალია ამისთვის.

- რუსკა, მოდი თეატრზე გვიამბე უფრო დაწვრილებით... რა სიახლეებს გეგმავთ?

- ჯერჯერობით ვისვენებთ, მაგრამ ცოტა ხანში სეზონი გაიხსნება. გარდა ამისა, იწყება თეატრალური ფესტივალიც, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

- სცენაზე გამოსვლის წინ რას აკეთებ ხოლმე?

- განსაკუთრებულს არაფერს, პირჯვარს ვიწერ.

- შენ მიერ განსახიერებული როლებიდან ყველაზე მეტად რომელი გმირი გიყვარს?

- ჩემი საყვარელი როლი გახლავთ მაკა ნაცვლიშვილის სპექტაკლ "საპნის ოპუსში" განსახიერებული გმირი, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩემი ტიპაჟისგან და იმისგან, რასაც მათამაშებენ ხოლმე.

- აქვე მინდა, სასცენო პარტნიორებზე გკითხო, ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც დიდი სიამოვნებით ითამაშებდი...

- (ფიქრობს) მართალია, ზაზა პაპუაშვილთან ერთად სპექტაკლში ვთამაშობ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან უშუალო შეხება არ გვაქვს, არადა, როგორც ვიცი, ის არაჩვეულებრივი პარტნიორია და მინდა, მასთან ერთად მეც ვითამაშო. სხვათა შორის, ახლა ირაკლი ჩხიკვაძე იღებს ფილმს "გულს პლუს", სადაც მე, ზაზა, ჩემი შეყვარებული და დედაჩემი ვითამაშებთ.

- ე.ი. ოჯახური ფილმი გამოგივათ?

- (იცინის) ჰო, დაახლოებით ასეა.

- და რაზე იქნება ეს ფილმი?

- ოო, ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ სიყვარულზეა.

- სახელწოდებიდან გამომდინარე ეს ისედაც ჩანს, რაც შეეხება სერიალს "გოგონა გარეუბნიდან", რომლის გადაღებებიც უკვე დაწყებულია, როდიდან ვიხილავთ ეთერში?

- 15 სექტემბრიდან განმეორებით გავა ძველი სერიები, ოქტომბრის პირველი კვირიდან კი ახალი სერიებით გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ ამ სერიალის გადაღებები ძალიან კარგი და საინტერესოა, რაც უნდა დაღლილი მივიდე, იმდენად კარგი სიტუაცია და გარემოა, რომ ხალისიანად ვმუშაობთ, გაცნობისთანავე დავმეგობრდით ყველა და ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგი და ხარისხიანი გამოვიდეს სერიალი.

- რუსკა, ისე გამოდის, რომ ცხოვრების უმეტეს ნაწილს თამაშში ატარებ, არ გიჭირს როლიდან გამოსვლა უსასრულო რეპეტიციებისა თუ გადაღებების შემდეგ?

- ხანდახან ვრჩები ხოლმე როლში (იცინის). არა, რასაკვირველია, იმდენად გამჯდარი მაქვს, ეს უკვე ბუნებრივად ხდება.

- მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, ალბათ შეყვარებულისთვის მაინც პოულობ დროს...

- კი, რა თქმა უნდა. თუ დღის განმავლობაში რეპეტიციებს შორის შუალედში ვერ მოვასწარი მისი ნახვა, მაშინ საქმეს რომ მოვრჩები, შუაღამეც რომ იყოს, მის სანახავად მივდივარ, ან მელოდება და ერთად მივდივართ სადმე.

- როგორ აფასებს შენს შემოქმედებას? და საერთოდ, შენს მსახიობობას?

- ჩემი არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია და მეუბნება მომწონსო, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს, რომ მეტყვის. რაც შეეხება მსახიობობას, მოსწონს ჩემი პროფესია, მაგრამ მაინც მეუბნება რაღაცებზე, არ გააკეთოო.

- მაინც რაზე?

- მაგალითად, კოცნაზე, ვეუბნები არ ვაკეთებ, მაგრამ გამორიცხული არაფერია – შეიძლება მომიწიოს-მეთქი, მაგრამ არ ესმის. ამიტომ ვეცდები ის, რაც არ მოსწონს, მართლა არ გავაკეთო.

- ანუ, შეიძლება ამის გამო უარი თქვა როლზე?

- კი, უნდა მიღირდეს ის კონკრეტული როლი საყვარელი ადამიანის წყენად, მე კი არ მიღირს.

- ოჯახის შექმნას როდის აპირებთ?

- ჯერ არა, იმიტომ, რომ გიორგი უნდა წავიდეს სასწავლებლად ესპანეთში ექვსი თვით ან ერთი წლით და უკან რომ დაბრუნდება, მერე ვიფიქრებთ ამ საკითხზე. მართალია, გამიჭირდება მის გარეშე, მაგრამ შიგადაშიგ ჩავალ ხოლმე.

- რუსკა, გასართობად როდის იცლი ასეთი დატვირთული გრაფიკის მქონე?

- 3-4 თვეში ერთხელ, როცა მაქვს თავისუფალი დრო, მივდივარ გასართობად, ძალიან მიყვარს ცეკვა, მაგრამ არ მიზიდავს ღამის კლუბები და სატანისტური მუსიკა. ამას მირჩევნია ისეთი მუსიკა, რომელსაც აჰყვები და თან იცეკვებ.

- დასასრულ, გვითხარი როგორ მთავრდება დღე? ძილის წინ კითხვა თუ გჩვევია?

- დღე მთავრდება გიორგისთან ყოფნით, მერე სახლში დაბრუნებით და ტელევიზორის ფონზე დაძინებით. ისეთი დაღლილი ვარ, რომ ასეთი რეჟიმის შემდეგ წიგნისთვის ვერ ვიცლი, სამაგიეროდ, ძალიან ბევრს ვკითხულობ ზაფხულში, შეიძლება ითქვას, ამ პერიოდში მთელი წლის მარაგს ვიღებ, რადგან აქტიური მუშაობის დროს კითხვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ჩემთვის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება