"როცა გიყვარს, ზუსტად იცი, როდის გაჩერდე"

"როცა გიყვარს, ზუსტად იცი, როდის გაჩერდე"

ყოველთვის ნებიერა იყო - შინაც ხელისგულზე ატარებდნენ და თეატრშიც მუდამ ეფერებოდნენ. გამოჩენისთანავე ბავშვური ღიმილითა და მბრწყინავი ნათელი თვალებით მოხიბლა მაყურებელი.

თაობებს ახსოვთ მისი ნინიკო დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილისა და რეჟისორ ცოტნე ნაკაშიძის სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" და ინგა, სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმ "კუკარაჩადან". მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ არც ხიბლი დაუკარგავს და არც მისი სიყვარული განელებიათ. დღეს პირისპირ საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე გვესაუბრება.

- ბავშვობიდან ნებისმიერ წრეში, სამეგობრო იქნება, ოჯახი, თეატრი თუ ქუჩა, ყველგან მანებივრებენ სიყვარულით და ვგრძნობ, სადაც სიყვარული არ მხვდება, იქ ვერც ვცოცხლობ. არც მე ვიშურებ ადამიანებისადმი სიყვარულს და, ალბათ, ამიტომაც შემიყვარეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს შევმცდარვარ.

ბავშვობიდან მაქსიმალისტი ვარ და არ მგონია, ეს ძალიან კარგი თვისება იყოს. მაქსიმალურად მოვითხოვდი ადამიანებისგან ერთგულებას, სიყვარულს, გვერდში დგომას, სიმართლის დაცვას, საქმეში სრულად დახარჯვას, თუმცა იმავეს ვითხოვდი საკუთარი თავისგანაც. ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ბევრი ვნახე, გულიც გამტეხია, ადამიანების ამოცნობაშიც შევმცდარვარ და მაინც, ვფიქრობ ჩემი ახალგაზრდა გმირივით - თამრიკოსავით მერაბ კოკოჩაშვილის ფილმიდან "ცხელი ზაფხულის სამი დღე":

ადამიანის მისია ის არის, რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. სწორედაც რომ უნდა დაიხარჯო სიყვარულში, საქმის კეთებაში, ერთგულებაში. ყოველი დღე ისე უნდა დახარჯო, თითქოს ხვალინდელი არც არსებობს. ასე ცხოვრება რთულია, მაგრამ საინტერესო. აბა, ის რა ცხოვრებაა, თუ არც მწვადის დაწვა გინდა, არც შამფურის?!

- მაქსიმალისტები ხშირად გულგატეხილები რჩებიან.

- გეთანხმებით, მაგრამ ვერასდროს ვეგუები იმას, რაც არ მომწონს. ერთხელ მეგობარმა მითხრა: ნუ მოითხოვ ყველასგან იმას, რასაც საკუთარ თავს სთხოვ, ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ აქვსო. ამან დამაფიქრა და მივხვდი, რომ შეიძლება სისასტიკეცაა, როდესაც ვითხოვ იმას, რისი გაცემაც იმ ადამიანს არ შეუძლია. თუკი ადამიანი გიყვარს, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.

ახალგაზრდობაში გაცილებით ძნელი იყო ამის აღიარება, წლებმა და გამოცდილებამ ესეც მასწავლა, თუმცა ძალიან გამიძნელდა. იოლი არ არის პრინციპების დამსხვრევა. სწორედ ეს გზა გავიარე ჩემს პედაგოგთან - მიხეილ თუმანიშვილთან, რომელიც კერპად მიმაჩნდა. მახსოვს, სტუდენტობისას მე და ნატაშა შენგელაია ინსტიტუტის დერეფნებში შეპყრობილებივით რომ დავდევდით ბატონ მიშას და გასაქანს არ ვაძლევდით. გიჟდებოდა კაცი: საითაც გავიხედავ, ეს გოგონები არიანო (იცინის). განა რა? - ხმისამოუღებლად შევყურებდით და ველოდით, ეგებ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ჩვენთვის.

ვიცი, რომ ამას დიდი პატივისცემა და სიყვარული გვაკეთებინებდა. არადა, არ შეიძლება ადამიანი გააკერპო, მაგრამ იმხანად ხომ ამას ვერ ვხვდებოდით? წარმოგიდგენიათ? - მერეც, კარგა ხანს, ბატონ მიშას შავისთვის რომ თეთრი ეწოდებინა, უყოყმანოდ დავთანხმდებოდი. ყოველთვის ვამბობ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ბატონი მიშა რომ არ შემხვედროდა, სწავლას მივატოვებდი და პროფესიას შევიცვლიდი. სწორედ მან გამიტაცა ამ საქმეში, თორემ არასდროს მიოცნებია მსახიობობაზე. ახლობლებმა გადამაწყვეტინეს და ამის გამო მამამ ლამის მომიკვეთა, რადგან მსახიობის ჯოჯოხეთური შრომისთვის ვენანებოდი...

- ბატონი მიშას ფავორიტს გიწოდებდნენ...

- მას თითოეულ კურსზე ბევრი ფავორიტი ჰყავდა. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ბატონი მიშა ვიღაცის ან რაღაცის ხათრით ან მხოლოდ იმიტომ, რომ ვუყვარდი, როგორც ადამიანი და სტუდენტი, როლზე არ დამაკავებდა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ მათამაშებდა, რომ  ვჭირდებოდი იქ, როგორც მსახიობი, ამიტომაც ვთანამშრომლობდით დიდხანს.

- ალბათ, მისგანაც მაქსიმალურს ითხოვდით. ოდესმე ძალიან უტკენია გული?

- რასაკვირველია, უტკენია ისევე, როგორც მე - მისთვის. თუმცა ამას საგანგებოდ არ ვუკეთებდით ერთმანეთს, რადგან ჩვენი ურთიერთობა შეხვედრიდან დიდ სიყვარულზე იყო დამყარებული. მაგალითად, ერთ სულელურ მიზეზს გეტყვით, რამაც ძალიან გამანაწყენა. რეჟისორების ჯგუფი ჰყავდა აყვანილი და ერთხელ მითხრა, - ძალიან მინდა, ამ ჯგუფთან ჩემს ასისტენტად იმუშაო, მინდა, რეჟისურაც გასწავლოო. შეურაცხყოფილი დავრჩი. ვიეჭვიანე. მეგონა, ბატონ მიშას მსახიობად აღარ ვჭირდებოდი,  ჩემი გულის ტკენა უნდოდა და რეჟისორობაც იმიტომ მოიმიზეზა-მეთქი. მერე დამდევდა: გოგო, რა გითხარი ასეთი, რა გეწყინაო?

ლამის გავებუტე. ძლივს გადამარწმუნეს (იცინის). სწორედ ამ ნაბიჯს მივიჩნევ ჩემს ერთ-ერთ სერიოზულ შეცდომად, რადგან ბატონი მიშას სარეჟისორო "გაკვეთილზე" უარით ძალიან დიდი რამ დავკარგე. ჩემი კერპისადმი დაფარულად კატეგორიული მოთხოვნებიც მქონდა:

ყოფითი ჩვევები, სისუსტე და ასე შემდეგ არ უნდა ჰქონოდა. ეს ჩემი წარმოსახვა იყო და როდესაც "გამოვფხიზლდი", ძალიან მტკივნეულად განვიცადე კერპის მსხვრევა. თეატრიდან წასვლაზე განცხადებაც კი დავწერე. ესეც ჩემი მაქსიმალიზმის ბრალი იყო. მერე კი, ძალიან რთულად, მაგრამ მაინც ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ჩემი უსაყვარლესი ბატონი მიშა კერპად კი არა, უფროს მეგობრად, მასწავლებლად, უძვირფასეს ადამიანად იქცა და ასეთად დარჩა.

- ხანდახან გამორჩეულობა, განებივრება ადამიანს ზნეს უცვლის, ამპარტავნობასა და კიდევ ბევრ მანკიერ თვისებას სძენს?

- ადამიანს გააჩნია. მეც მყავს სტუდენტები და ვგრძნობ: ვიღაცას ფერება სჭირდება ჰაერივით, ვიღაცას ეს აფუჭებს. ჩემთან, მაგალითად, მხოლოდ მოფერებით გააწყობ რაიმეს. თუ რაიმეს ვაკეთებ, მინდა, ძალიან კარგად გამომივიდეს, საშუალო არაფერი მაკმაყოფილებს. თუ არ გამომდის, მირჩევნია, რაღაც სხვა ვაკეთო, ოღონდ - ისიც კარგად. ცოდვაა ადამიანი, ვისაც საქმის საუკეთესოდ კეთების სურვილი არ აქვს. ბავშვობიდან ასეთ სურვილთან ერთად ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა.

ჩემნაირ ბუნებას სხვებისგან ყოველთვის სტიმული და ფერება სჭირდება და ეს საზიანო სულაც არ არის. მე შექებით მეტს და უკეთ გამაკეთებინებ, ვიდრე ჩხუბით. აბა, საქმე წვალებად თუ გექცა და სულ საყვედურები ისმინე, რაღაც არ გამოგდისო, მაშინ რა ჯანდაბა გინდა იმ საქმეში (იცინის). სხვათა შორის, ჩემი 13 წლის შვილიც ძალიან მგავს ამ თვისებებით. სტიმულს კი ჩემს საქმეში სხვაგვარი წინააღმდეგობები მაძლევს - რაღაცას მანამდე რომ არ გამიკეთებია, მოვსინჯავ და კარგად გავაკეთებ. ასეთი "შერკინების" არასდროს მეშინია.

ისე, ჩასაფრებული თვალი მაინც საჭიროა, ერთხელ გაკეთებულის გამეორების საშუალება რომ არ მოგცეს. შემოქმედებაში ასეთად ბატონი მიშა მეგულებოდა და დღეს ძალიანაც დამაკლდა, ცხოვრებაში კი მეუღლე, ზაზა მიქაშავიძე მყავს, რომელიც ასევე მაქსიმალურად მოითხოვს ჩემგან ყველაფერს და ძალიანაც მეხმარება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ თეატრს დავუბრუნდი...

- ორი მსახიობი, თანაც ორივე  მაქსიმალისტი ერთ ოჯახში და ასეთი ჰარმონია? - ჭორიც კი არ მსმენია თქვენი ოჯახის უმნიშვნელო ბზარზეც კი.

- ჯერჯერობით ასეთი ჭორი არც მე მსმენია (იცინის). საერთოდ, მხოლოდ გარიგებაზე ან ვნებაზე დაფუძნებული ოჯახი არ მიმაჩნია მყარად. ოჯახი სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს და დათმენის გარეშეც არაფერი გამოგივა. მახსოვს, შეყვარებულობისას მამაჩემმა სადღეგრძელოში სწორედ ეს გვითხრა: დათმენა უნდა იცოდეთო. იმხანად კარგად ვერ ჩავწვდი ნათქვამს, არადა, სიყვარულთან ერთად უმნიშვნელოვანესი ყოფილა ოჯახში. რასაკვირველია, ვკამათობთ კიდეც და ოჯახურ უსიამოვნებასაც ვერ ვცდებით, არც იოლად უკან დამხევი ვართ რომელიმე, მაგრამ როცა გიყვარს, ზუსტად გრძნობ, როდის გაჩერდე, რომ იმის იქით აღარ შეიძლება გაგრძელება.

რომ იტყვიან, წკიპს ვასწრებთ ხოლმე და ამიტომაც ვართ ამდენ ხანს ერთად (იცინის). კრიტიკული დღეებიც გვაქვს - უმძიმესია ერთდროული პრემიერა. ამ დროს "აფეთქებები" ხშირია, მაგრამ უკვე კარგად გვესმის ერთმანეთის და ამჯერად მონაცვლეობით ორივე ვთმობთ. მით უმეტეს, ახლა ანკა გვყავს, უკვე დიდი გოგოა და ისიც გვეხმარება დუღილისას განმუხტვაში (იღიმის)...

არ მინდა, ანკა მსახიობი გამოვიდეს. კულისებშიც არ "გავზარდე" და, საერთოდაც, საკმაოდ გვიან მოვიყვანე თეატრში - თითქოს ამით ბევრი სტრესისგან ვიცავდი. ძნელი აღსაქმელია ბავშვისთვის, უყუროს, როგორ "კლავენ" დედას ან მამას, როგორ იტანჯებიან ისინი, სტკივათ და ასე შემდეგ. არ სჯობს, ქალისთვის გაცილებით მშვიდი საქმე აირჩიოს? თუმცა არავინ ვიცით, რა იქნება ცხოვრებაში (იღიმის).

- წარმოიდგენდით, ოდესმე პოლიტიკურ განცხადებებს რომ გააკეთებდით?

- ვერასოდეს (იცინის). რა გაეწყობა, ასეთი დრო მოვიდა და ვერ დავიმალები ბუჩქებში. თუმცა ისე მეჯავრება პოლიტიკა, არასოდეს გავხდები პოლიტიკოსი. აქ იმდენი ამბიციაა, მე კი ამბიციური ნამდვილად არ ვარ, არც პოლიტიკური თამაშები მომწონს, ასე რომ, პოლიტიკაში მისვლას ვერავინ მაიძულებს. ეს ჩემი ნებაა, მაგრამ როგორც მოქალაქე, ნინელი ჭანკვეტაძე, ყოველთვის თამამად და უშიშრად ვიტყვი საკუთარ მოსაზრებას და ამას ვერავინ ამიკრძალავს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება